ბიძინა მახარაძე: “შვილები ისევ არ მელაპარაკებიან”

ბიძინა მახარაძე: "შვილები ისევ არ მელაპარაკებიან"რუსუდან ადვაძე, სარკე

გავრცელდა ინფორმაცია, რომ იუმორისტ ბიძინა მახარაძეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მის დასახმარებლად მეგობრები საქველმოქმედო კონცერტს მართავდნენ. საღამო რუსთავში, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრში მართლაც ჩატარდა და ქართული იუმორისტული სკოლის ერთ-ერთი ბოლო წარმომადგენელი თავის მაყურებელს შეხვდა.

მიუხედავად იმისა, რომ კონცერტების ჩატარების საშუალება იშვიათად ეძლევა, ბიძინა მახარაძე მაინც არ ჩერდება და რეპერტუარზე მუშაობს. იუმორისტი “სარკეს” მოუყვა, როგორ ცხოვრობს, ჯანრთელობასთან დაკავშირებით რა პრობლემა აქვს და რატომ ვერ აღადგინა ურთიერთობა საკუთარ შვილებთან, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ.

– ბატონო ბიძინა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ. რას უჩივით?

– ეს ინფორმაცია ცოტა გაამუქეს. მინდა, პატარა ოპერაცია გავიკეთო და ფული ხომ მჭირდება?! ამიტომაც ჩავატარე საქველმოქმედო საღამო, თორემ ჩემს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. საკუთარ თავს ვეხმარები – სულ ესაა. ეს იყო ჩემი სოლო კონცერტი, რომელიც სულ ორჯერ მქონდა ჩატარებული კომუნისტების დროს. დიდი დრო დასჭირდა იმას, რომ მასალები შემეგროვებინა. ახლა კი გავბედე და ამ იდეას მივუბრუნდი.

– ახლახან ისრაელიდან დაბრუნდით. იქ სამკურნალოდ იყავით?

– არანაირი მკურნალობა, ქსოვრელებთან ერთად გასტროლებზე გახლდით. იქ ორ ქალაქში ჩავატარეთ კონცერტი ქართველებისთვის. ის ოპერაცია, რომელზე საუბარიც არ ღირს, საქართველოში უნდა გავიკეთო.

ძალიან დიდ თანხაზე არც არის საუბარი, მაგრამ ხომ უნდა მქონდეს ჯიბეში რაღაც?! მოგეხსენებათ, ქართველი მსახიობები კონცერტებით განებივრებულები არ ვართ და ამიტომაც გადავწყვიტე საქველმოქმედო კონცერტის ჩატარება. ნათესავი დამემდურა, ოპერაცია თუ გჭირდება, აგერ არ ვარო. ვუთხარი, დიდი თანხა არ არის საჭირო, კონცერტს ჩავატარებ, საკუთარ თავს დავეხმარები, მერე რა მოხდა-მეთქი.

ჩვენი სფერო მთლიანად ჩამკვდარია. ვინმეს რომ სთხოვ, იქნებ კონცერტი ჩამატარებინოთო, იცით, რა ხდება? ისეთი შიში ეხატებათ სახეზე, გეგონება, ტერორიზმში ბრალდებული აღმოაჩინეს. ისეთი შეგრძნება მაქვს ხოლმე, რომ კონცერტის ჩატარება კი არა, ტერორისტული აქტის ჩატარებას ვთავაზობ. ფული არ გვაქვს, არაო, გპასუხობენ. კარგი, დაწყნარდით, არც თქვენი ფული მინდა და არც არაფერი-მეთქი, იქით ვაწყნარებ. მერე აღმოჩნდება, რომ ფული აქვთ, მაგრამ სხვებისთვის. ქართულ ფსიქიკას რას გამოვასწორებ, ამ მენტალიტეტის ხალხია.

– კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებს აშინებთ ასე?

– თბილისის მერიის. კულტურის სამინისტრო გინდ ყოფილა, გინდ არა. ამ ზაფხულს კი დაუფინანსეს “იუმორინას” 6 კონცერტი და საოცრად გაკვირვებული ვიყავი, ეს როგორ მოუვიდათ-მეთქი. კულტურის სამინისტრო ხომ აუღებელი ციხესიმაგრეა. მათთვის სულერთია, ცნობილი ხარ თუ არა, ფული მხოლოდ ნათესავ-ახლობლებისთვის აქვთ.

მერიაში, გამგეობაში აქვთ კულტურისთვის გამოყოფილი თანხები, მაგრამ მიდის ჭიდაობა და მთელი ამბავი. ეს ხალხის ბრალიცაა. ლანგარზე დადებულ ბილეთს თუ არ მიუტან, არ არსებობს, მივიდეს და იყიდოს. უნდა ეძახო, იცი, რა კონცერტია და რამდენი ცნობილი ადამიანი გამოდისო. მერე ქართველი დაფიქრდება, წავიდეს თუ არა.

ლაგოდეხში თეატრი გავაკეთე და საღამო იქ ჩავატარეთ. რასაც გიყვებით, ეს ძალიან კარგად გამოხატა ერთმა კახელმა – 5 ლარი ღირდა ბილეთი და თქვა, წავალ და ამ 5 ლარად მწვადს შავჭამ, რად მინდა ამათი კონცერტიო. ქართველს მწვადი ურჩევნია კონცერტს და რა ვქნათ, ჩვენც ასე უნდა ვიცხოვროთ. იმის ქადაგება, რომ ქართველები ხელოვნებაზე გიჟდებიან, ზღაპრად მიმაჩნია.

– შესაბამისად, უნდა წახვიდე სხვა ქვეყანაში, რომ საარსებო ფული გქონდეს?

– დიახ, ასეა და სულ ამაზე ვწუწუნებ.  აწი ამ ამბავს არაფერი ეშველება. ისრაელში უკვე მეოთხედ ვიყავი.

– ვინ დაგეხმარათ რუსთავში საქველმოქმედო კონცერტის ჩატარებაში?

– ლია ანთიძე, რომელიც რუსთავში ცხოვრობს. რაღაც ღონისძიებებზე დამიძახა, მივედი და მონაწილეობა მივიღე. ჩემი კონცერტის ჩატარება მანვე შემომთავაზა და, რა თქმა უნდა, სიხარულით დავთანხმდი. ზესტაფონიდანაც რომ დამირეკონ და იგივე შემომთავაზონ, სიხარულით წავალ.

არასოდეს ვჩერდები – კონცერტი მაქვს თუ არა, რეპერტუარზე მაინც ვმუშაობ. ყოველდღე თუ არა, ყოველ მეორე დღეს რაღაცას ვჩხაპნი, ვეძებ. მასალები დამიგროვდა და… სოლო კონცერტი ძალიან რთულია. მაყურებელსაც ეშინია – საათნახევარი ამას მტერმა მოუსმინოსო.

იცით, ჩვენთან რა მოსწონთ? 45 მსახიობი თუ გამოდის, კარგი კონცერტი ის არის. 45-დან რომ 42-მა თავისი საქმე არ იცის, არა უშავს.

სოლო კონცერტების ჩატარება გადაშენდა, ახლა თავიდან იწყება და კუს ნაბიჯებით მიდის, ისე, როგორც ჩვენი ეკონომიკა. იუმორისტული სოლო კონცერტი კარგა ხანია საქართველოში არც ჩატარებულა.

– თავად წერთ იმ ხუმრობებს, რომლებსაც მერე სცენაზე ახმოვანებთ?

– არა, ძირითადად ვთარგმნი და თანაავტორი ვარ. ამ სფეროში დრამატურგი მთელ ქვეყანაში, მგონი, მხოლოდ ერთი გვყავს – ჯემალ ბაღაშვილი. მე რუსული ქართულივით ვიცი და რუსულიდან ვთარგმნი.

– უამრავი იუმორისტული შოუა ქვეყანაში – არ გთავაზობენ იქ სამსახურს თუ თავად არ გინდათ?

– საქმე ის არის, რომ მე სცენური იუმორის წარმომადგენელი, მსახიობი ვარ. შეიძლება ადამიანი არტისტიზმით იყოს დაჯილდოებული, მაგრამ არტისტი არ იყოს. აღარ არსებობს სკოლა, რომელიც ამ პროფესიას შეასწავლის. არავის ვამცირებ, უბრალოდ ვხსნი, რა არის. როცა ამბობენ, რა არის ეს შოუებიო, ვეუბნები, მერე ნუ უყურებთ-მეთქი. ეს არის გასართობი პროგრამა, დაჯექი და იცინე. ეს სხვა რამაა და ვერ დავკავდები ამით და არც იკლავენ თავს – არიქა, მოდიო. ხელოვნება კი სხვა რამეა.

რასაც კულტურა და ხელოვნება ჰქვია, ნელ-ნელა წარსულში რჩება ასეთი ზემსუბუქი ჟანრის გამო და ამასაც აქვს არსებობის უფლება, ხალხსაც მოსწონს, მაგრამ ასე თუ გაგრძელდა, სცენური იუმორი სულ გაქრება.

ადრე საესტრადო სასწავლებელი არსებობდა. ახლა ესტრადის მსახიობებს არავინ ზრდის და ამზადებს. მერე რა, არის ქვეყნები, სადაც ასეთი სასწავლებლები ასევე არ არის. მაგალითად, ამერიკაში სტენდ აფებია, სადაც გამოვლენ და უკანასკნელი სიტყვებით იგინებიან. დაბალი დონეა, მაგრამ ეს სტენდ აფები მსოფლიოშია მოდებული. არც საესტრადო მსახიობობა არსებობს და არც სხვა რამ. ეს იყო სსრკ-ის შემადგენელი ნაწილი. საბჭოთა კავშირი აღარაა და ესეც გაქრება.

ეს ყველაფერი სანამ შევისწავლე, მთელი ცხოვრება გავიდა. მერე კი ფიქრობ, რას იკლავდი თავსო. ცხოვრების ბოლოს ალბათ ყველა ხელოვანი ფიქრობს, რა იყო, ეს რა ვაკეთეო. ბეთჰოვენი რომ ბეთჰოვენია, თავის ცხოვრებას კომედია დაარქვა და სხვამ რაღა უნდა თქვას?! მსახიობი რაიკინი ამბობდა ბოლოს, რაზე დავხარჯე და რას შევალიე ცხოვრებაო. რაიკინი რომ ამას იტყვის, ეს ყველა დროის უდიდესი მსახიობი საესტრადო ჟანრში!..

– თქვენც ნანობთ რამეს?

– სოკრატეს უთქვამს, ცოლს მოიყვან, ინანებ, არ მოიყვან, მაინც ინანებო. ბოლოს მაინც სინანულის გრძნობა გრჩება. ისე, რაღაცებს ჯერ კიდევ ვაპირებ და სინანული ნაადრევია. სოლო კონცერტები კიდევ უნდა ჩავატარო.

– წლების წინ შვილებთან, ორ ვაჟთან, ურთიერთობა გქონდათ გაწყვეტილი. ხომ არ აღადგინეთ მათთან კონტაქტი?

– არა, ისევ არ მელაპარაკებიან. მოსკოვში ცხოვრობენ. ცოლ-ქმარი რომ შორდება, ორივეს თავისი სიმართლე აქვს, მაგრამ ჩემი ყოფილი ცოლი მბლოკავდა, რომ ბავშვებს სხვა პოზიცია არ გაეგოთ. თვითონ ციდან ჩამოფრენილი ქალის ნიმუშად თვლიდა თავს და არ გაუმართლა ქმარში – თავიდანვე ასე ასწავლიდა და ჩემთან კონტაქტს უკრძალავდა. ამ ურთიერთობებს დღემდე ბლოკავს.

– უკვე ზრდასრული მამაკაცები არიან, რომლებსაც შეუძლიათ, მამას გაუგონ, მაგალითად, რატომ ღალატობდა დედას და ა.შ.

– არა, იქ სხვა კულტურაა. იქ დედა ყველაფერია და მამა – ისე რა. საქართველოშიც დედაა წინა პლანზე, მაგრამ მამასაც აქვს დაფასება. რუსეთში ასე არ არის. მამაშენი არ ვარგა – იქ ეს მიღებული პოზიციაა.

– ქართველი კაცისთვის ალბათ რთულია შვილებთან ურთიერთობის არქონა.

– რასაც ვერ შევცვლი, რა ვქნა…

– რა აწყენინეთ ასეთი თქვენს რუს ცოლს, რომ აქამდე მივიდა სიტუაცია?

– არაფერი მიწყენინებია, უბრალოდ, ადამიანი ცოლად რომ არ გინდა და მერე მაინც ცოლი ხდება…

– ეგ როგორ ხდება, როცა არ გინდა, მაგრამ ცოლი ხდება?

– შვილი გამიჩნდა და ბავშვის ხათრით დავრჩი მასთან. ვთქვი, კარგი, ცოლ-ქმარი ვიყოთ-მეთქი. შეცდომაა, როცა არ გინდა ადამიანთან ერთად ოჯახი შექმნა და ბავშვის გამო ჩერდები.

– მეორე შვილიც ასე გაჩნდა?

– ვშორდებოდი და ამის შესახებ რომ გაიგო, მეორე გააჩინა. ორი კი არა, 18 შვილი რომ გყავდეს… აგერ, ტოლსტოის 13 შვილი ჰყავდა თავის ცოლთან და ბოლოს სახლიდან გაიქცა. რომ კვდებოდა, ცოლს არ ელაპარაკებოდა. ასე რომ, ქალებმა უნდა იცოდნენ, შვილების რაოდენობა არ წყვეტს ერთად ყოფნის ამბავს.

– მეორედ დაოჯახდით, ქართველი ქალი მოიყვანეთ, მგონი, 10 წლის წინ. ამ ქორწინებამ გაამართლა?

– არც მახსოვს, რამდენი წლის წინ დავქორწინდით, ჩემს მეუღლეს ემახსოვრება. კი, გაამართლა. ასეა დაკანონებული – ქალი და კაცი უნდა იყვნენ ერთად. როცა ბავშვებია, ურთიერთობა სხვაგვარია. ორნი რომ ხართ, ყველაფერზე თანხმდებით. როცა ბავშვია, იქ გაცილებით მეტი პრობლემაა, ხარ იმ პრობლემების გადაჭრაში და არის მთელი ამბები.

მეორედ რომ დავქორწინდი, 58 წლის ვიყავი და ბავშვი… ჩემს მეუღლეს კი უნდოდა, ქალი იმისთვის იბადება, რომ მერე სხვა დაბადოს, მაგრამ…