თაკო ჩარკვიანი: ,,ისეთი ცხელი იყო, ვერც მივხვდი, რომ აღარ მყავდა”

თაკო ჩარკვიანი: ,,ისეთი ცხელი იყო, ვერც მივხვდი, რომ აღარ მყავდა"თაკო ჩარკვიანი თავისი ცხოვრების უმძიმეს წუთებს იხსენებს, როცა მამას, პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანს უკანასკნელად დაემშვიდობა. სოციალურ ქსელში წერს:

,,5 ნოემბერს ვნახე. პალატაში რომ შევედი, დავუძახე, მა, თაკო ვარ, მოვედი (ასე შევდიოდი  პალატაშიც და სახლშიც. სახლში დიდხანს ვაჭერდი ხოლმე ღილაკს, ხელს არ ვუშვებდი და იქიდან გამომძახებდა ჰოუუ, ჰოუუუ და უხაროდა საშინლად, თითქოს ჩვენი პაროლი იყო, იმისა , რომ სიცოცხლე ,,პერპეტუმობილეა – მუდმივი მოძრაობა და მე კიდევ ვანიშნებდი ხოლმე ამ აქტიური,  გაბმული ზარით, რომ შენ არ დაბერდი და შენს გამოძახილს ველოდები-მეთქი. ისიც არ აყოვნებდა- ჰოუუ, ჰოუუუ).

პალატაში შევედი, თითქოს მელოდა, იმ წამსვე გააღო თვალები ძლივს, ძალას ატანდა. არ მომეწონა, დილით ბევრად უკეთ იყო, თითქოს უცბად დამძიმდა, სიცხე ჰქონდა, ხელით მოძებნა ჩემი ხელი, მე მივეხმარე (ვერ მივხვდი, რა უნდოდა), პირთან მიიტანა ჩემი ხელი, ნახევრად გახელილი ფხიზელი თვალებით მიყურებდა, მე იმავე წამს შევაშველე – მა.. ხომ იცი, უკეთ ვართ – რასაც ყოველდღე ვეუბნებოდი, ყოველდღე და ამ ფრაზით გავძელით და იბრძოლა 3 თვენახევარი.

იმ დღეს აღარ გამივიდა. ეს ფრაზა რომ ვუთხარი, აი, მაშინ მომანიშნა და ჩემი ხელი პირთან მიიტანა, ხელზე მაკოცა, როგორც შეძლო, ისე გამიღიმა. მე ავფორიაქდი და ექიმს დავუძახე, სიცხე რატომ არ იკლებს-მეთქი. დამამშვიდა, ანტიბიოტიკი გავაკეთეთ და დაიკლებსო… არ დაიკლო, იმატა და იმატა, 38- 40.  დილის 5 საათზე, როგორც იტყვიან,  ჩვენს ენაზე რომ ვთქვა, დაიწვა ფილტვი.

რომ შევედი ბლოკში, ისეთი ცხელი იყო, ვერც კი მივხვდი, რომ აღარ მყავდა. ცხელი იყო, მხურვალე, ნაზი სპილოსძვილსფერი კანით – აი, ზუსტად ისეთი, როგორიც საერთოდ ბუნებით იყო –  მხურვალე, ძლიერი ენერგეტიკით, კეთილი და თბილი. თავი ოდნავ გვერდით ჰქონდა, თითქოს ეძინა უბრალოდ, ცხელი ხელები ჰქონდა.

ჩავეხუტე, ჩახუტებული მის ენერგეტიკას ვგრძნობდი – ჩემო ძვირფასო, ჩემო ღირსეულო, ჩემო ვაჟკაცო. როგორ მიყვარხარ-მეთქი, ვუთხარი. ცოტათი, სულ ოდნავ ხმამაღლა ვუთხარი. რა ვქნა, ძალიან რომ მიყვარხარ-თქო, რადგან მარტო ვიყავი ბლოკში, ვიფიქრე, ესმოდეს, რომ აქ ვარ, რომ მარტო არ არის-მეთქი. ისეთი საწყალი, ბითური, პირველყოფილი და არაადეკვატურად ფხიზელი გონებით ვიყავი, ახლა რომ მახსენდება…

,,მე რომ პატარა  ბილიკს შევნატრი, ჩარიგებულან თეთრი ბჟოლები, რა ახლო გზაა, კარგო, შენამდი, და მაინც ასე რად გეშორები”… და კიდევ: ,,მომნატრებია შენი მკლავები ჩემი პატარა თავსასთუმალი”. ეს სტრიქონები დედას მიუძღვნა ახალგაზრდობაში, იმ წამს კი მე მახსენდებოდა. გარეთ ვიდექი უკვე ბლოკთან, პალატის კართან და ისეთი სიჩუმე იყო, აი, როგორსაც თვითონ ჯანსუღი გრძნობდა ხოლმე თავის სტრიქონებში:  ,,ყური მიუგდე, მეგობარო, იმ დიდ სიჩუმეს, იგი სავსეა ტალღის ხმაურით, იგი სავსეა ტალღის ხმაურით და სინანულით”.

ჰო, სავსე იყო ის გარიჟრაჟი სინანულით. მარტო ვიდექი პალატის კართან, ვწკმუტუნებდი ჩემთვის… დიდი და დაუმსახურებელი ტკივილი გააყოლა ზოგიერთმა მსტოვარმა, მხოლოდ იმიტომ, რომ მოხუცმა პოეტმა თქვა, საქართველოს ომი არ დაუწყიაო, მხოლოდ ეს სიტყვები გახდა იმ ბინძური შეკვეთილი ,,წერილის და ტალახის ” მიზეზი, მაგრამ ახლა სხვაგვარად ვფიქრობ: ,,რა კარგია, რომ ჯანსუღის ეს ინტერვიუ და ,,მავანთა” ის შეკვეთილი წერილი არსებობს 1972 წელს დაწერილი”…

პოეტის უწყვეტი ჯაჭვი აჩვენა ამ სიტყვებმა: საქართველოს ომი არ დაუწყია, ომს ყოველთვის რუსეთი იწყებდაო’. ტკივილი და ლანძღვა კი არა, ხალხის სიყვარული და ჩემი ცრემლები გაჰყვა. სამების  ტაძრიდან დაღმართით გადაკეტილი ქუჩა და გასვენებაში მოსული  მართლა ოკეანე ხალხისა, სვანების ‘ზარი და ანზორ ერქომაიშვილის ანსამბლ ,,რუსთავის” ცრემლებით ნამღერი საგალობელი ახლაც ყურში მესმის ხმა… 6 ნოემბერს გარიჟრაჟზე წავიდა ისე ,როგორც თქვა: ,,მერე მოვკვდები ისე ლამაზად, ვით დაიბადა ეს ყველაფერი”.