11 წლის ბავშვი მამის მკვლელად დედის ყოფილმა საყვარელმა აქცია

11 წლის ბავშვი მამის მკვლელად დედის ყოფილმა საყვარელმა აქციახათუნა მაღრაძე, სარკე

2004 წელს თბილისში მამის მკვლელობის ბრალდებით 11 წლის მოზარდი დააპატიმრეს. ბავშვის დაკითხვა დედისა და ადვოკატის თანხლებით მიმდინარეობდა. საქმეში მთავარი ფიგურა რამდენჯერმე ნასამართლევი დათა ზარიძე იყო, რომელიც სასტიკი დანაშაულისთვის ვერ გაასამართლეს.

“ჩემი შვილი ხარ”

სკოლიდან გამოსულ კახა საბაშვილს ჭიშკართან მამის მძღოლი მანქანაში ჩაძინებული დახვდა. ბავშვი შენობაში დაბრუნდა, უკანა კარისკენ გაიქცა და ქუჩის მეორე მხარეს ამოჰყო თავი. კახა გარბოდა, თან უკან-უკან იხედებოდა, მოულოდნელად კი მას წინ მამაკაცი გადაუდგა. მან ინტერესით შეათვალიერა ყმაწვილი და უთხრა:

– კახა!

– დიახ, – მორცხვად დააქნია თავი ბიჭმა და ცნობისმოყვარე მზერით მიაშტერდა თანამოსაუბრეს.

– კარგი ბიჭი ხარ, მძღოლს შეუმჩნევლად დაუსხლტი ხელიდან, ახლა რამდენიმე წუთი მშვიდად შეგვიძლია ლაპარაკი.

– მალე უნდა წავიდე, მამა გამიბრაზდება, – უპასუხა ყმაწვილმა, თითქოს თავის საქციელს ნანობსო.

– მამა, – გაიმეორა მამაკაცმა და პატარა სკვერისკენ გადაუხვია. სკამზე ჩამოჯდა და ბიჭის ხელი ხელში დაიჭირა.

– კახა, შენთან იმდენი რამ მაქვს სათქმელი, არც კი ვიცი, საიდან დავიწყო.

ბავშვი გაოცებით მიაჩერდა უცნობ მამაკაცს.

– მე დედაშენი მიყვარდა, ძალიან მიყვარდა, – თავი დახარა კაცმა და ხელი უფრო ძლიერად მოუჭირა ყმაწვილს, – მაგრამ ბედნიერებისთვის მხოლოდ გრძნობები არ კმარა.

– სხვა რა? – მისი ასაკის ბავშვისთვის დამახასიათებელი გულუბრყვილობით იკითხა კახამ.

– ფული, ჩემო პატარავ, – თავი დახარა კაცმა, – ქალებს კეთილდღეობა სჭირდებათ. ნინოსთვის კომფორტული ცხოვრების შექმნა არ შემეძლო და ამის გამო მიმატოვა, მაგრამ მისი მაინც მადლობელი ვარ, რადგან… – მამაკაცი ერთ წამს ჩაფიქრდა.

– რა? – იკითხა მოზარდმა.

– მან შენი თავი მაჩუქა. კახა, შენ ჩემი შვილი ხარ!

პაუზა რამდენიმე წამს გაგრძელდა, კახას ჯერ თვალები გაუფართოვდა, შემდეგ ცრემლი მოადგა. სკამზე მიგდებულ ჩანთას წამოავლო ხელი და უკანმოუხედავად გაიქცა.

კაცი ფეხზე წამოდგა და უკან დაედევნა, მაგრამ ამ დროს ბავშვს გზა მძღოლმა გადაუჭრა. ასაკოვანი კაცი ბავშვს მკლავში ჩააფრინდა და შეაჩერა.

– სეირნობის უფლება ვინ მოგცა?! ახლავე მანქანაში ჩაჯექი, თორემ შენს მშობლებს ვეტყვი, რომ ცუდად მოიქეცი!

ბავშვი მორჩილად მიაჩერდა მძღოლს, შემდეგ ნელი, მოკლე ნაბიჯებით მანქანისკენ გაემართა. უცნობი მამაკაცი კი მოშორებით იდგა და უყურებდა.

საბედისწერო ზარი

ბავშვს იმ დღეს არ უსადილია, დედასთან დალაპარაკება ვერ გაბედა. თავის ოთახში ჩაიკეტა და გარინდებული დაღამებამდე ფანჯარაში იცქირებოდა.

კახა ბავშვობიდან ემოციური იყო. მართალია, მზრუნველობა არ აკლდა, მაგრამ მშობლებს ყოველთვის ეჭვის თვალით უყრებდა. ამას თავისი მიზეზი ჰქონდა. ჯერ კიდევ 6 წლის ასაკში დედისა და ბებიის საუბარს უნებურად მოჰკრა ყური. შინაარსი ზუსტად ვერ გაარკვია, მაგრამ რამდენიმე წინადადება გონებაში ჩარჩა: “ციხიდან დათა დამიკავშირდა, სულ კახას ახსენებს, მოკვლით მემუქრება…”. კახას დედის ხმა და სიტყვები დიდხანს უტრიალებდა გონებაში, მაგრამ ამ თემაზე დალაპარაკებას ვერ ბედავდა.

ფანჯრის რაფაზე ჩამომჯდარმა ბიჭმა ცრემლიანი თვალები ხელისგულით შეიმშრალა. ფიქრიდან ტელეფონის ზარმა გამოარკვია, ბავშვმა მობილურის ეკრანს დახედა და ნომერი ეცნო. ვერ გადაეწყვიტა, უნდა ეპასუხა თუ არა იმ კაცისთვის, რომლის ინფორმაციამ მოზარდი შოკში ჩააგდო. ბავშვმა მაინც დააჭირა ღილაკს და გაუბედავი ხმით წარმოთქვა

– გისმენთ!

– კახა, კარგად ხარ? არ იცი, შენ გამო როგორ ვინერვიულე. მაპატიე, შვილო, ასე პირდაპირ სიმართლე არ უნდა მეთქვა.

– შვილოს ნუ მეძახი,- გაუბედავად ჩაილაპარაკა კახამ.

– კარგი, როგორც გინდა, მაგრამ მინდა, იცოდე, რომ ამ სიტყვის თქმას წლების განმავლობაში ველოდი. ნინოს და მისი ქმრის გამო ყველაფერი დავკარგე, შენ გარდა.

– შენ ციხეში იყავი? – უკმეხად მიახალა ბავშვმა.

სიჩუმე ჩამოვარდა.

– კი, ციხეში, – უპასუხა მამაკაცმა, – თუ გინდა, ამ საკითხზეც ვილაპარაკოთ, ოღონდ უნდა შევხვდეთ.

კახას უარი არ უთქვამს და მისმა დუმილმა მოსაუბრეს სიმხნევე შემატა.

– ხვალ შაბათია. დედა გააფრთხილე, რომ მეგობართან მიდიხარ, დანარჩენზე მე ვიზრუნებ.

კახას მანამდე დედა არასოდეს მოუტყუებია, მაგრამ ცნობისმოყვარეობისა და სიმართლის გაგების სურვილი ისეთი ძლიერი იყო, მოურიდებლად იცრუა. მძღოლმა ბავშვი კლასელის სადარბაზომდე მიიყვანა. კახა მის დასანახად თვალს მიეფარა, რამდენიმე წუთში კი სადარბაზოდან გამოვიდა და შესასვლელთან ახლოს გაჩერებულ მანქანაში ჩახტა.

– ორი დღეა, რაც გნახე და ვერ წარმოიდგენ, ჩვენ შორის რამდენი საერთო აღმოვაჩინე, – ამაყად წამოიძახა კაცმა და ბავშვისკენ საკოცნელად გადაიხარა.

– რა საერთო? – საკოცნელად გაწვდილ ტუჩებს სახე აარიდა კახამ.

– ჩემსავით გამბედავი ხარ. 14 წლის ვიყავი, სახლიდან რომ გავიქეცი და ორი ღამე წყნეთში, შეყვარებული გოგონას ფანჯრებთან გავათენე. მის მშობლებს არ მოვწონდი. წარმოგიდგენია? – გადაიხარხარა მამაკაცმა, – დედამისს მოთმინების ფიალა რომ აევსო, ეზოს ცოცხს წამოავლო ხელი და ბეჭებზე გადამიშხუილა. იცოცხლე, შეყვარებულმა რომეომ უხეირო ცხენივით შევიკუნტრუშე და ისე გამოვჭენდი, თბილისამდე არ დამისვენია.

კახას გაეღიმა. მამაკაცმა სახიდან მზის სათვალე მოიხსნა და ხელი გაუწოდა.

– ჩემი სახელი არ მითქვამს. დათა მქვია, მეგობრები გოლიათას მეძახიან.

– ასეთი გამხდარი გოლიათი ზღაპრებშიც არ მინახავს, – კახა მოსაუბრეს შეუთამამდა.

დათამ ტანზე დაიხედა. პიჯაკი გალეულ სხეულზე სასაცილოდ ეკიდა.

– ხუმრობენ, – გაიღიმა და კახას შეხედა. ბიჭს დაძაბულობა აღარ ემჩნეოდა.

– აბა, დავლიოთ? – იკითხა დათამ, – შენ – ორმაგი გამაგრილებელი სასმელი, მე კი… ჯერ არ ვიცი, რამეს შევუკვეთავ.

დედა-შვილის დაპირისპირება

საქმის მასალებში როგორც არის მითითებული, იმ დღეს მოზარდმა შინ დააგვიანა.  ნინომ შვილის მეგობართან დარეკა და გაარკვია, რომ კახა მასთან მისვლას არც აპირებდა. გვიან დაბრუნებულ ბიჭს ქალი დაემუქრა:

– გაფრთხილებ, მსგავსი რამ თუ განმეორდა, მამაშენს დაველაპარაკები!

კახა საწოლზე პირქვე იყო მიგდებული, როცა ნინომ მამამისი ახსენა. ბავშვი წამოიწია და დედას თვალი გაუსწორა:

– ვის? დათას?

ნინომ იფიქრა, ყური მატყუებსო და შვილისკენ გადაიხარა.

– რა თქვი?! მამაშენს ვასო რომ ჰქვია, დაგავიწყდა?!

კახა საწოლიდან წამოდგა, თითქოს შიში გამქრალიყო, ის დედასთან პირველად იყო ასე თამამი.

– დედა, სიმართლე ვიცი. ის კაცი, ვის სახლშიც ვცხოვრობთ, მამაჩემი არ არის. მითხარი, რატომ მატყუებ, რატომ მიატოვე ის ადამიანი, რომელსაც ორივე ვუყვარდით?

– სუუ, ხმა გაიკმინდე! – სახე კიბორჩხალასავით გაუწითლდა ქალს, – დათას არავის ვიცნობ, შენ ვასოს შვილი ხარ. მაგ თემაზე ხმის ამოღება აღარ გაბედო! მანამდე კი ერთ შეკითხვაზე მიპასუხე: ვინ ჩაგაწვეთა ის სისულელე, რაც წეღან წამოროშე?

კახას უნდოდა, ეთქვა, მამაჩემი პირისპირ ვნახეო, მაგრამ დედის გამძვინვარებული სახის ცქერა თანდათან სიმხნევეს აკარგვინებდა. როცა ნინომ პერანგის საყელოზე მოქაჩა და დაუყვირა, ახლავე სიმართლე მითხარიო, კარი გაიღო და ოთახში ნინოს მეუღლემ, ვასომ, შემოაბიჯა.

– რა ხდება, რამე დააშავა? – წარბები შეჰყარა მამაკაცმა და სათვალის ზემოდან გადახედა ბიჭს.

ნინო ადგილზე გაშეშდა და დამნაშავესავით გაიღიმა.

– არა, საყვარელო, სკოლაში უმნიშვნელო პრობლემებია და მინდა, დაველაპარაკო.

– აჰა, – ჩაილაპარაკა მამაკაცმა და კარი გაიკეტა.

ნინომ ქმარს გააყოლა თვალი და ძალაგამოცლილი სავარძელში ჩაეშვა.

ამონაწერი საბრალდებო დასკვიდან:

“წინასწარი მოკვლევის მასალების მიხედვით დადგინდა, რომ 1992 წელს ნინო ცირეკიძემ გაიცნო მანამდე ნასამართლევი დათა ზარიძე. რამდენიმეთვიანი სასიყვარულო ურთიერთობის შემდეგ ზარიძე ყაჩაღობის ბრალდებით დააპატიმრეს. როგორც ნინო ცირეკიძემ წინასწარი გამოძიების დროს მიცემული ჩვენებით დაადასტურა, ის ამ დროს ორი თვის ორსული იყო.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ყაჩაღობის გამო, ზარიძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. როგორც მოწმის დაკითხვებით დასტურდება, მსჯავრდებული ზარიძე ციხეში მუდმივად ცდილობდა ყოფილ საყვარელთან დაკავშირებას, მაგრამ ნინო ცირეკიძე მასთან კონტაქტს თავს არიდებდა. წინასწარი მოკვლევით ასევე დადგინდა, რომ დათა ქალს მუდმივად მოკვლით ემუქრებოდა”.

მამის მკვლელი

იმ ღამით ახალგაზრდა ქალს არ სძინებია.

– ალბათ დათა ციხიდან გამოვიდა. თუ კახას დაელაპარაკა, ათას სისულელეში დაარწმუნებდა. უნდა ვნახო და დაველაპარაკო, – დაასკვნა ბოლოს, მაგრამ დათასთან დაკავშირება არც ისე იოლი აღმოჩნდა. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ყოფილ საყვარელს ნინოსთან პირისპირ შეხვედრა არ სურდა. კახა კი თვალსა და ხელშუა შეიცვალა.

ერთ დღესაც ვასო უგუნებოდ იყო და სამსახურში არ წავიდა, მთელი დღე ტელევიზორის წინ კოტრიალობდა. გარეთ არეული ამინდი იყო, ქარი ფანჯრის რაფაზე დამაგრებულ ანტენას აწვალებდა და ტელევიზორში გამოსახულება გაქრა. ვასო ფანჯრის რაფაზე შედგა, გარეთ გადაიხარა და ანტენა ცალი ხელით დაატრიალა. კახა ამას შორიდან უყურებდა. მოულოდნელად ბავშვი ადგილიდან მოწყდა, ფანჯარასთან მიირბინა და ისე, რომ თვალიც არ დაუხამხამებია, მამას ხელი ჰკრა…

ვასო საბაშვილის სიკვდილი უბედურ შემთხვევას დაბრალდებოდა, მეზობელს მოპირდაპირე ფანჯრიდან მკვლელი რომ არ დაენახა. შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციასა და სასწრაფო დახმარების ბრიგადას სწორედ ის შეეგება პირველი და დაწვრილებით უამბო, რაც ნახა.

– ეს რა გააკეთე, შვილო, – კანკალებდა ნინო, – მამა მოკალი?!

კახამ ცივი თვალებით შეხედა დედას.

– მამაჩემი დათაა, შენ და ვასოს რომ გექორწინათ, ის ციხეში გამოამწყვდიეთ. მამა ფულის სიყვარულის გამო მიატოვე და მეც არ მაძლევდი მასთან შეხვედრის უფლებას.

– სისულელეა! – ლუღლუღებდა ქალი, – დათა კრიმინალია და ამიტომ დაიჭირეს.

– არა, ვასოსაც ატყუებდი, რომ მისი შვილი ვიყავი. შენ ცუდი დედა ხარ, მაგრამ დათა თუ გაპატიებს, წყენას მეც დავივიწყებ.

– შენ ადამიანი მოკალი და ეს დათას ბრალია, – ხმას დაუწია ქალმა და ცრემლებით დასველებულ სახეზე ხელები აიფარა.

სანამ გარდაცვლილის ცხედარს პროზექტურაში გადაასვენებდნენ, ბინაში ტელეფონმა დარეკა. ნინოს თითქოს გულმა უგრძნოო, თავად აიღო ყურმილი და დარწმუნდა, რომ დათა რეკავდა.

– შენ 11 წლის ბავშვი მკვლელად აქციე, არაკაცი ხარ! – ყურმილში ჩასძახა ქალმა.

– შენს შვილზე დარდობ? მე რომ წამართვი, იმ ბავშვზე რას იტყვი?! როგორ გთხოვე, ჩემი სიყვარულის ნაყოფი არ მოგეშორებინა, მე იმ ბავშვის გამო უნდა მეცოცხლა, მაგრამ ფულის სიყვარულმა დაგღუპა!

– შენ ყოველთვის იცოდი, რომ კახა შენი შვილი არ იყო, მაგრამ მაშანტაჟებდი, ვითომ არ გჯეროდა და მასთან შეხვედრას მთხოვდი. ნაძირალა ხარ, პოლიციაში ყველაფერს ვიტყვი.

– არც იმის თქმა დაგავიწყდეს, ვინ არის მკვლელი, – ჩაიქირქილა კაცმა და ტელეფონი გათიშა.

ნინო გაჩუმდა და ქვევით დაიხედა, კახა დედას გვერდით ამოსდგომოდა და შეშინებული თვალებით უყურებდა.

– მამა ხომ მოვა? – ტიროდა ბავშვი.

ნინო მისკენ დაიხარა, ხელი მოხვია და ხმამაღლა ატირდა.

უდანაშაულო დამნაშავე

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ კახა ვასო საბაშვილის ბიოლოგიური შვილი იყო. როცა ამის შესახებ 11 წლის მოზარდს აცნობეს, ბავშვი დამუნჯდა. თითქმის 2 წლის განმავლობაში დედა და ფსიქიატრი ცდილობდნენ კახა საბაშვილის მდგომარეობიდან გამოყვანას, მაგრამ უშედეგოდ. 11 წლის მკვლელს რეალურ სამყაროში დაბრუნება აღარ სურდა.

რაც შეეხება დათა ზარიძეს, ხანგრძლივი დაკითხვების შემდეგ ის გაათავისუფლეს, რადგან მის წინააღმდეგ სამხილები არ არსებობდა.