,,უკანასკნელად ჩემს დაბადების დღეზე ვნახე, 20 წითელი ვარდით მოვიდა” – დავით ბოლქვაძის მეგობრების მოგონებები

,,უკანასკნელად ჩემს დაბადების დღეზე ვნახე, 20 წითელი ვარდით მოვიდა" - დავით ბოლქვაძის მეგობრების მოგონებებიდიანა სუბელიანი მძიმე მოგონებას აქვეყნებს დავით ბოლქვაძეზე, რომელიც 1993 წლის 28 ოქტომბერს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დახვრიტეს ხობში.

,,უკანასკნელად ჩემს დაბადების დღეზე ვნახე. 20 წითელი ვარდით მოვიდა. ძალიან მინდა, ამ ვარდებმა დიდხანს გაძლონო. ვარდებმა მეორე დღესვე მოიწყინეს, თვითონ კი ოთხ დღეში, შუადღისას, საჩვენებლად დაცხრილეს შვიდი ტყვიით ხობის მოედანზე.

სამარცხვინო ქართველებმა ესროლეს უიარაღო, კამერიან ჟურნალისტს. თვალგახელილი და სამოსგაძარცვული, მკვლელის შიშით, მხოლოდ შუაღამეს მიაბარეს ცივ მიწას კეთილმა ადამიანებმა…
მიწასაც არ მიეღოს მისი მკვლელის ლეში! ნეტა, რად უღირს სიცოცხლე?!
26 წელი გავიდა. ის ისევ 24 წლის მარადიული ბიჭია და ჩემი მარადიული მეგობარი…
ბოლა”.

ჟურნალისტი ნატო ონიანი დავით ბოლქვაძეზე წერს:

,,ჩემი დიდი ტკივილია ეს ბიჭი, სულ მახსოვს და მენატრება. პირველად მშვიდობით დაბრუნდა აფხაზეთიდან, საოცარი კადრები ჩამოიტანა. მეორედ… ჩემი პირველი ოპერატორი, მემონტაჟე და რეჟისორი, მართლა უნიჭიერესი ბიჭი, რომელიც კადრის გადაღებისას აზროვნებდა.

კარგად მახსოვს ყველაფერი, ის უმძიმესი დღეები, ოჯახთან ერთად ჩვენც, მთელმა „მეორე არხმა“ რომ გადავიტანეთ… სერგო ბიწაძეს და მის ბიჭებს დიდი მადლობა – ჩვენები მიხვდებით, რატომაც… ბოლოს გადაღებებზე თავის პატარა დისშილთან, თამრიკოს ბიჭთან ერთად დადიოდა, საქმეს ასწავლიდა. არც გვიკვირდა – ლია დეიდა, თამრიკო, დათო ტელევიზიაში მუშაობდნენ…

ნათელი ბიჭი იყო, მზის სხივი ჰქონდა გამოხედვაშიც და ხასიათშიც. ბუნება უყვარდა და ფილმების გადაღებას აპირებდა, სანაცვლოდ – აფხაზეთის სოფლების მიტოვებულ სახლებში უკან მობრუნებულ, ჭიშკართან აბღავლებულ პირუტყვს და ეზოში მყეფარ ძაღლებს იღებდა…

ოცნებობდა გადაეღო პარიზი. მისი გარდაცვალებიდან სამ თვეში წავედი, მისი თვალებით ვუყურებდი და ვფიქრობდი – რას დაინახავდა, რას გადაიღებდა, რას იტყოდა… დრო მოგონებებსაც აქრობს, მაგრამ განცდას – ვერ”.