ნიკოლო ღვინიაშვილი: ,,მე ვარ ქართველი ტრანსგენდერი მამაკაცი, მყავს შვილები და შვილიშვლები” – ვიდეო

ნიკოლო ღვინიაშვილი: ,,მე ვარ ქართველი ტრანსგენდერი მამაკაცი, მყავს შვილები და შვილიშვლები" - ვიდეოტრანგენდერი კაცისთვის, ნიკოლო ღვინიაშვილისთვის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სასურველი გენდერის ასახვაზე უარი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გასაჩივრდება.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს საჩივრით „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ცენტრი“ მიმართავენ.

მომჩივანი ნიკოლო ღვინიაშვილი არის ტრანსგენდერი მამაკაცი, რომელიც ადრეული ასაკიდან თავს მამაკაცად მიიჩნევს.

2014 წელს გაცემული სამედიცინო ცნობით, მისი სამედიცინო დიაგნოზია “ტრანსსექსუალიზმი”. ამჟამად ნიკოლო ღვინიაშვილის მეორეადი ბიოლოგიური ნიშან-თვისებები, მათ შორის გარეგნობა, სრულ შესაბამისობაშია მამაკაცის მახასიათებლებთან.

ნიკოლო ღვინიაშვილი საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სქესის ჩანაწერის მდედრობითიდან მამრობითით შეცვლას 2015 წლიდან ითხოვს. შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოების უარი მან ეროვნულ სასამართლოებში გაასაჩივრა, თუმცა მისი მოთხოვნა არც სასამართლოს გზით დაკმაყოფილდა.

როგორც “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” განმარტავენ, ევროპულ სასამართლოში გაგზავნილ საჩივარში ნიკოლო ღვინიაშვილი დაობს, რომ საქართველოს კანონმდებლობა სათანადოდ არ არეგულირებს გენდერის აღიარებისთვის საჭირო, ეფექტიან და ხელმისაწვდომ პროცედურებს.

ამასთან ადმინისტრაციული ორგანოები და ეროვნული სასამართლოები სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინაპირობად ქირურგიული ოპერაციის ჩატარებას მიიჩნევენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ოპერაცია სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ პროცედურადაა მიჩნეული.

,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” აღნიშნავენ, რომ სქესის აღიარების წინაპირობად ქირურგიული ოპერაციის მოთხოვნა სახელმწიფოს მიერ პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების დარღვევად მიიჩნია ევროპულმა სასამართლომაც, 2017 წელს, საფრანგეთის წინააღმდეგ მიღებულ საქმეზე.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წარდგენილ საჩივარში ნიკოლო ღვინიაშვილი ევროპული კონვენციის მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება), მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევას ასაბუთებს (რადიოთავისუფლება).

ნიკოლო ღვინიაშვილი (ბარტი):

-მე ვარ ბარტი, 44 წლის ქართველი ტრანსგენდერი მამაკაცი. მყავს შვილები და უკვე შვილიშვილებიც. საყვარელი ქალი, რომელთანაც ჩემი ცხოვრების ნახევარზე მეტი მაქვს გატარებული.

შემიძლია გავიხსენო შარშანდელი შემთხვევა, როდესაც მე მოვხდვი რეანიმაციაში, საავადმყოფოში და სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მყოფს საერთოდ არავინ და აღარაფერი მინდოდა, არავის დანახვა მინდოდა გარდა მისი თვალებისა და მისი თბილი თითების შეხებისა, რის საშუალებაც, სამწუხაროდ, არ მომეცა, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ სახელმწიფო მიწყვიტავს, რომ ის არ არის ჩემი ოჯახის წევრი და შესაბამისად არ შემოუშვეს ჩემს სანახავად.

არ მიმაჩნია სწორად ეს მომენტი, იმიტომ, რომ ზოგი ადამიანი არ ცხოვრობს იმდენი ხანი, რამდენიც ჩვენ ერთად გვაქვს გატარებული და მე ვთვლი, რომ ის არის ჩემი ოჯახის სრულუფასოვანი წევრი და უნდა ჰქონდეს საშუალება იმისა, რომ ჩემს მაგივრადაც მიიღოს ჩემს სიცოცხლეზე გადაწყვეტილება, როდესაც საქმე ჯანმრთელობას ეხება და მე არ მაქვს საშუალება იმისა, რომ თავად გავცე თუნდაც ექიმს პასუხი ამის შესახებ.

,,ჩემს მშობელსაც ისევე უნდა ჰქონდეს სიყარულის უფლება, როგორც მე მაქვს”

თიკო, ნიკოლო ღვინიაშვილის (ბარტის) შვილი:

-ბარტი არის ჩვენი ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, ძალიან მზრუნველი, ჩემთვის და ჩემი შვილებისთვისაც და მისი ასეთი სიყვარულის გამო ვცდილობ, აქტიურად ჩავერთო ყველა აქციაში თუ აქტივობაში, მაგრამ ორი მცირეწლოვანი შვილის გამო როგორც ვახერხებ, ისე ვერთვები.

მინდა, რომ ჩემმა შვილებმა არ იცხოვრონ ისეთ ქვეყანაში, სადაც არის ჰომოფობიური გარემო, სადაც ჩემი ოჯახის წევრს აყენებენ შეურაცხყოფას, ან ძალადობის ფაქტები თუ არის მისი მეგობრების მიმართ, ჩაგვრა, დამცირება, ეს ყველაფერი ჩემთვის მიუღებელია და მინდა, რომ რაღაც შეიცვალოს ამ ქვეყანაში. ჩემს მშობელსაც ისევე უნდა ჰქონდეს სიყარულის უფლება, როგორც მე მაქვს.