ნუკრი რევიშვილი და თიკო ჩხეიძე გარდაცვლილი შვილის, ტატას, სახელზე ტაძარს საკუთარი ხელით აგებენ

ნუკრი რევიშვილი და  თიკო ჩხეიძე გარდაცვლილი შვილის, ტატას, სახელზე ტაძარს საკუთარი ხელით აგებენრუსუდან ადვაძე, სარკე

ერთი წლის წინ თბილისში, რევიშვილების ოჯახში, საშინელი ტრაგედია დატრიალდა – 9 წლის გოგონა, ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილისა და მოდელ თიკო ჩხეიძის უფროსი შვილი, ტატა, ტატიანა, დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

“ის ნუკრი რევიშვილის და თიკო ჩხეიძის შვილი კი არა, ის იყო ტატა რევიშვილი. ის თვითონ ქმნიდა ამინდს, მას იცნობდნენ ყველგან და ყოველთვის რჩებოდა განსაკუთრებულ ბავშვად. ყველას უხაროდა მასთან ურთიერთობა. ალბათ იმიტომ, რომ მასთან ვერასდროს მოიწყენდი… ის იყო მზე, რომელიც მუდამ გვათბობდა და გვილამაზებდა ცხოვრებას…” – წერდა შვილმკვდარი დედა სოციალურ ქსელში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ.

ნუკრი რევიშვილი და თიკო ჩხეიძე დიდი ხანია ეკლესიურად ცხოვრობენ და ქარელში, ძამის ხეობაში, სარკინეთის შიო მღვიმელის სახელობის მამათა მონასტრის მრევლი არიან. წყვილი თავს დატეხილ უბედურებამდე ხშირად დადიოდა სარკინეთში. ბოლო ერთი წელი კი ფაქტობრივად სულ იქ არიან და შვილის სახელზე ახალ ტაძარს, არც მეტი და არც ნაკლები, საკუთარი ხელით აგებენ.

“ჩვენმა ბერმა გადაწყვიტა ტაძრის აშენება ტატიანას სახელზე. ჩვენთვის არაფერი უთხოვია, ბუნებრივია, ჩვენც გამოვთქვით დახმარების სურვილი. ყოველთვის მეშინოდა ტაძრის აშენების (ნუკრის ბევრჯერ გამოუთქვამს სურვილი), ახლა ამ შიშმა სადღაც მიიძინა. ერთი მიზანი დაგვესახა, რომ დავეხმაროთ მამა ანუბის და ერთად ავაშენოთ კიდევ ერთი ლამაზი ტაძარი საქართველოში”, – დაწერა თიკო ჩხეიძემ სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ.

ტაძარი, რომელიც ძამის ხეობაში ტატიანა რევიშვილის სახელზე შენდება, წმინდა ნიკოლოზის სახელობის იქნება. ის კახეთში მდებარე ტაძრის, კვეტერას, ანალოგი გახლავთ. ბერი კი, რომელსაც თიკო ახსენებს, მამა ანუბი მენაღარიშვილია – რევიშვილების უმცროსი შვილის ნათლია.

მამა ანუბი “სარკეს” მოუყვა, რა ძალა აქვს შვილის სახელზე აგებულ ტაძარს და როგორ აგრძელებს ცხოვრებას ცოლ-ქმარი 9 წლის სიცოცხლით სავსე გოგონას დაკარგვის შემდეგ.

მამა ანუბი: ტაძარი სარკინეთის მამათა მონასტერში შენდება. ქრისტიანული სწავლებით, ბავშვი უცოდველია. ტატა კი ისედაც ძალიან გამორჩეული ბავშვი იყო. მას არ სჭირდებოდა ჩვენგან ამ ტაძრის აშენება. ეს უფრო მეტად ჩვენ, ადამიანებს, გვჭირდება და, მით უმეტეს, ტატას ოჯახის წევრებს, რომლებსაც მის გარეშე მოუწიათ ცხოვრების გაგრძელება.

ამ ტაძრის აშენება უდიდესი მადლია ტატას მშობლებისთვის, რადგან ისინი ახლა ზრუნავენ თავიანთი შვილის და სხვათა სულისთვის. ეკლესიის კედლებს შეუძლიათ ძალიან დიდი სულიერი სარგებელი მოუტანონ ადამიანებს. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ამ კედლებში გაცოცხლდა ამ ბავშვის სახელი და ამ კედლებთან ერთად იარსებებს ბოლომდე, სანამ ეს ტაძარი იქნება. ამაზე დიდ სიკეთეს და მადლს ვერავინ გააკეთებს.

– ვისი სახელობის იქნება ეს ტაძარი?

– წმინდა ნიკოლოზის. ნუკრის ეს წმინდანი გამორჩეულად უყვარს და ერთად გადავწყვიტეთ, რომ მის სახელზე აგვეშენებინა ტაძარი.

– ნუკრის და თიკოს რამდენი ხანია იცნობთ?

– ნუკრი და თიკო ჩვენი მონასტრის მრევლი არიან უკვე დიდი ხანია. მე მათი პატარა შვილის ნათლია ვარ. მათი საახლობლო ჩვენი მრევლი იყო. თავიდან მათთან ერთად ჩამოვიდნენ, მერე ჩვენც დავახლოვდით. ჩვენთან ძალიან ბევრი ფეხბურთელი დადის, მაგრამ გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ნუკრი გამორჩეულია თავისი თავმდაბლობით, მოკრძალებით, ბუნებით… ძალიან კეთილი და უბოროტო ადამიანია და ამანაც განაპირობა ჩვენი დაახლოება. მალევე გავიცანი მთელი ოჯახიც. ბავშვებთან ერთად ჩამოდიოდნენ.

ტატა რამდენჯერმე არის ჩვენს მონასტერში ნამყოფი. გამორჩეულად სიცოცხლით სავსე იყო, ძალიან ცოტა მინახავს ასეთი ბავშვი. თავისი პატარა ასაკის მიუხედავად, მოასწრო, რომ ბევრი რამ ჩაეტია ამ 9 წელში. უზომოდ საყვარელი ბავშვი იყო, შეუძლებელი იყო, გენახა და არ დაგმახსოვრებოდა. საოცრად მოუსვენარი იყო და მისი თვალებიდან სიცოცხლე ანათებდა. მშობლებისთვის ხომ მამოძრავებელი ძარღვი იყო, მთელი ოჯახის სული და გული.

– ტაძარი მთლიანად ტატას ოჯახის შემოწირული თანხით შენდება?

– ტაძარს აშენებს ეს ოჯახი, მაგრამ შარშან, როცა თიკომ სოციალურ ქსელში დაწერა, ტატას სახელზე ტაძრის აშენება გადავწყვიტეთო, ძალიან ბევრი დაუდგა მათ გვერდით და დაგვეხმარნენ. ხელი მოგვემართა, რომ დაგვეწყო ტაძრის მშენებლობა და აქამდე მოგვეყვანა. თავიდან, ცხელ გულზე, ყველამ გულთან მიიტანა ეს ამბავი და მაშინ დაგვეხმარნენ. მას მერე ყველა ხარჯს ეს ოჯახი სწევს.

– რამხელა ტაძარია და რა ეტაპზეა მშენებლობა?

– კახეთში მდებარე კვეტერას ტაძრის ანალოგია. 14 მეტრია ტაძრის სიმაღლე და 10/10-ზე სიგანე. კარკასი დასრულებულია და ახლა მოპირკეთების სამუშაოებია დაწყებული, რომელიც რაღაც ეტაპამდეა მიყვანილი, მაგრამ ჯერ კიდევ დიდი შრომაა საჭირო და ბევრი სამუშაო ჩასატარებელი. გარკვეული ფინანსებია საჭირო, რომ მთლიანად დასრულდეს.

– ვინ და როგორ წყვეტს ტაძრის აშენების ადგილს, იმას, ვინ იქნება მისი აღმშენებელი? ძამის ხეობაში ისედაც უამრავი ტაძარია…

– ასეთ საკითხებს ვათანხმებთ ადგილობრივ მღვდელმთავართან. მეუფე იობია ჩვენი ეპისკოპოსი. მეუფის, მონასტრის წინამძღვრის და თვითონ იმ ადამიანების, აღმშენებლების ერთობლივი შეთანხმებით შენდება ტაძარი.

– როცა თავს დატეხილი ტრაგედიის შემდეგ ცხოვრების გაგრძელება გიჭირს, რამდენად მოაქვს შვება ეკლესიასთან სიახლოვეს?

– რა თქმა უნდა, რთულია ცხოვრება, მაგრამ ეკლესია არის ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია, ადამიანის გულში ის სიცარიელე ამოავსოს, რაც ტრაგედიამ დატოვა. ტაძრის მშენებლობით ახალი ეტაპი დაიწყო მათ ცხოვრებაში. ამან განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აგრძნობინა. ღმერთი ყველასგან არ შეიწირავს სიკეთეს. თუ ადამიანის ცხოვრება შესაბამისი არ არის და რეალურად არ ცხოვრობს სწორი ქრისტიანული პრინციპებით, იმის ხელით არ ააშენებს ტაძარს.

ეს ადამიანები გრძნობენ ამ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას და ლოცულობენ. ფიზიკურადაც ძალიან ბევრს გვეხმარებიან. კარკასის მშენებლობაში ნუკრიმ თავად მიიღო მონაწილეობა და მისმა ბევრმა მეგობარმაც.

ეკლესია მართლა ერთადერთი ძალაა, რომელიც ეხმარება და ნუგეშს აძლევს ადამიანებს ასეთ მძიმე წუთებში. განსაცდელის დროს ღმერთთან გრძნობ ადამიანი თავს ყველაზე ახლოს და ასეც არის.

თიკაც გვეხმარებოდა, ტრაპეზს ამზადებდა. ტკივილის მიუხედავად, ახერხებდა, თავისი წვლილი შეეტანა ტაძრის მშენებლობაში, საჭმელი გაემზადებინა, გაერეცხა და ა.შ. მართლა თავად ამ ოჯახის აშენებულია ეს ტაძარი.

ტაძარი ღვთის სახლია, განსაკუთრებული მადლით დაჯილდოებული ადგილია და განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. შეიძლება ხეობაში ბევრი ტაძარია, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა.

– თავს როგორ გრძნობენ ახლა?

– დრო ტკივილს არ კურნავს, ტკივილთან ერთად ცხოვრობ. ეს ადამიანები განსაკუთრებულად ზრუნავენ ერთმანეთზე და ცდილობენ, ეს ტკივილი მათში დარჩეს, გარეთ არ გამოვიდეს და სხვები არ დაამძიმონ თავიანთი ტრაგედიით. ეს ყველაფერი მათ სულიერ სამყაროზე მეტყველებს და იმაზე, რამდენად კარგი პიროვნებები არიან ერთიც და მეორეც. ცდილობენ, გაუმკლავდნენ ამ ტკივილს და ცხოვრება გაგრძელდეს ისე, როგორც ტატას გაუხარდებოდა და მოეწონებოდა.

ორივეს თავ-თავისი საქმე აქვს, მუშაობენ… შეძლებისდაგვარად ხშირად მოდიან მონასტერში და ცდილობენ, ეზიარონ.

– შეუძლებელია არ იფიქრო, რატომ უშვებს ღმერთი ასეთ ტრაგედიებს, რისთვის მოდის ასეთი განსაცდელი…

– ძალიან რთულ დროში ვცხოვრობთ, ბევრი რამ არეულია. რთულია, ადამიანს ასწავლო, როგორ იცხოვროს ამ გარემოში ისე, რომ ფასეულობები შეინარჩუნოს. რთულია იმის თქმაც, რატომ დაუშვა და გამოგზავნა ღმერთმა ეს განსაცდელი და რატომ წაიყვანა ტატა.

მამა პაისი მთაწმინდელი ამბობს, ღმერთი, რომელიც ხედავს ადამიანის ცხოვრებას, იმისთვის, რომ მომავალი განსაცდელებისგან, შეცდომებისგან დაიცვას, გაჰყავს და მოჰყავს ვიღაცო. არავინ იცის, ღვთის განგება ვის რას და რატომ უმზადებს. ადამიანის განსაცდელი, როგორი მძიმეც უნდა ჩანდეს ის, არასოდეს აღემატება მის შესაძლებლობებს. ღმერთი ადამიანს რომ უგზავნის ტკივილს, იცის მისი შესაძლებლობები და ის, რომ მას შეუძლია ამ განსაცდელს თავი დააღწიოს.

– გარდაცვლილი, ვის სახელზეც ტაძარი იგება, მუდმივად მოიხსენიება ლოცვებში?

– ტაძრის აღმშენებელი, ანუ ვინც აშენებს, სანამ ის ტაძარი იარსებებს, მუდმივად იქნება ლოცვებში მოხსენებული და ამიტომაც აქვს ტაძრის აშენებას განსაკუთრებული დატვირთვა. ითვლება, რომ ადამიანი ტაძარს საკუთარ თავს უშენებს იმქვეყნად ამქვეყნიურ ცხოვრებაში და განსაკუთრებული მადლია. ამ შემთხვევაში ამ ტაძრის ქტიტორები არიან ეს ცოლ-ქმარი. გარდაცვლილი ბავშვის სახელიც, ვის სახელზეც ტაძარი აიგო, მუდმივად იქნება მოხსენიებული ყველა საღვთო მსახურებაში, რომლებიც აქ ჩატარდება.

დატოვეთ თქვენი კომენტარი