ჯაბა ბოჯგუამ მარჩენალი ბებიის გარდაცვალება იგრძნო

ჯაბა ბოჯგუამ მარჩენალი ბებიის გარდაცვალება იგრძნომე-11 წელია, მომღერალი ჯაბა ბოჯგუა უგონო მდგომარეობაშია. მას ტვინის ჰიპოქსიური დაზიანება აქვს და ლოგინს არის მიჯაჭვული. აქამდე დედა და ბებია უვლიდნენ. ოჯახის მარჩენალი ფაქტობრივად 83 წლის ბებია იყო. 8 ივლისს კი მისი სიცოცხლე შეწყდა – ფენია ზარქუას თბილისში, მუხიანში, ავტომანქანა დაეჯახა.

მას შემდეგ, რაც მომღერალი საწოლს მიეჯაჭვა, ფენია ზარქუა ქუჩაში მოწყალებას ითხოვდა. ჯაბა ბოჯგუას ოჯახი გლდანში, ერთოთახიან ბინაში, ქირით ცხოვრობს. დეიდა ფენიას მთელი გლდანი და მისი შემოგარენი იცნობდა. კეთილი ადამიანებისთვის თხოვნაც აღარ სჭირდებოდა – ყველამ იცოდა, რომ შვილიშვილის საარსებოდ ფული სჭირდებოდა და ეხმარებოდნენ.

ოჯახი, რომელმაც ყველაფერი გაყიდა, უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. მთავრობამ 2 წლის წინ სოციალურად დაუცველის სტატუსიც მოუხსნა. მიზეზად კი ის დაასახელა, რომ ეს ოჯახი ბევრ დენს და გაზს ხარჯავდა.

ჯაბა ბოჯგუა მანანა გვასალიას ერთადერთი ვაჟია.

– ჯაბაზე სამი თვის ორსული ვიყავი, ჩემმა ქმარმა სხვა რომ შეირთო ცოლად. ამის მიუხედავად, ჯაბა არ მოვიცილე და გავაჩინე. ჩემები მთხოვდნენ, აბორტი გამეკეთებინა. 17 წლის ვიყავი, რომ დავორსულდი. დედა არ მეწინააღმდეგებოდა, მაგრამ დეიდაჩემი მთხოვდა, აბორტი გამეკეთებინა და მესწავლა. ბავშვისთვის არ გეცლებაო, მეუბნებოდა. მე კი ყველაფერი გავაკეთე, რომ ჯაბა შემენარჩუნებინა. ალბათ ახლაც არ მიღალატებს უფალი და ჯაბას შემინარჩუნებს…

ჯაბას სულ უკან დავდევდი. თვითონაც დაატარებდა წამლებს ჯიბით და რომ დამირეკავდა, მაშინვე ექიმი მიმყავდა. ციხეში კი ვერ გაუგეს, რა სჭირდებოდა, – უყვებოდა მანანა გვასალია “სარკეს” 2 წლის წინ.

მომღერალი 2008 წლის 5 ოქტომბერს დიდი ოდენობით ფულის თაღლითური გზით დაუფლების ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცავების ინფორმაციით, ბოჯგუამ 17.700 ლარი და 5.500 აშშ დოლარი გამოსძალა მოქალაქეს, რის სანაცვლოდაც მას პატიმრობიდან გათავისუფლებას დაჰპირდა. დაკავებიდან დაახლოებით 4 თვის შემდეგ მომღერალი ცუდად გახდა და მას შემდეგ უგონო მდგომარეობაშია. საავადმყოფოში მხოლოდ 3 თვე გაატარა. 8 წელზე მეტია სახლში წევს.

მანანა გვასალია: დედაჩემი 8 ივლისს, დილით გავიდა სახლიდან. 11 საათისთვის დამირეკეს, მანქანამ დაარტყა მუხიანში და სასწრაფოს არ მიჰყვება საავადმყოფოშიო. მაშინვე წავედი. რომ მივედი, სასწრაფოს მანქანაში იჯდა, ძალიან ცუდად იყო და გაიძახოდა, არსად წამოვალ, ჯაბას ვჭირდები, მასთან წამიყვანეთ, ჩემ მეტი პატრონი არ ჰყავსო. არაფრით გაჰყვა სასწრაფოს.

ექიმმა მითხრა, რადგან ასეთ დღეშია, წაიყვანე სახლში და, ცუდად თუ გახდა, ისევ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება და საავადმყოფოში გადაიყვანეთო. დამეხმარნენ იქვე მდებარე ბანკის თანამშრომელი ბიჭები და სახლამდე მომაყვანინეს მანქანით.

დავაწვინე საწოლზე და ნახევარ საათში შევატყვე, რომ ცუდად იყო. ავარია აღარ ახსოვდა. რატომ მტკივაო, მეკითხებოდა. ვუთხარი, მანქანა დაგეჯახა-მეთქი და არა, არ დამჯახებიაო, გაიძახოდა. სასწრაფო გამოვიძახე და გადავიყვანეთ საავადმყოფოში. ისეთ დღეში იყო, საწოლზე მიაბეს. გაიძახოდა, ჯაბას ვჭირდები, ჯაბას ვჭირდებიო და არ უნდოდა საავადმყოფოში ყოფნა. მე კი მავალებდა, ძაღლებს საჭმელი მიეციო. ჯაბა და ძაღლები ახსოვდა მხოლოდ, სხვა აღარაფერი. გაიძახოდა, ჯაბას უჩემოდ რა ეშველებაო.

– ცნობილია, რომ ქუჩის ძაღლებს უვლიდა.

– დიახ, 10 ძაღლს მაინც უვლიდა ეზოში. ახლა ის ძაღლები ჩვენი სადარბაზოს კიბეებზე წვანან. ერთი ძაღლი არ მოშორებია – მიცვალებულს გვერდით ეწვა. ახლა ამ ძაღლებსაც მე უნდა მოვუარო, როგორც შევძლებ. აფთიაქში წავედი და 5 ძაღლი ერთად გამომყვა. არადა მანამდე იშვიათად გამოვდიოდი გარეთ და მეგონა, არც იცოდნენ, მე ვინ ვიყავი. ყველა ძაღლი, რომლებსაც დედაჩემი უვლიდა, ახლა მე შემომცქერის და ისევ ბებოს ელოდება. დედაჩემი ჯერ ძაღლებს დააპურებდა და თვითონ მერე ჭამდა.

– ოპერაცია გაუკეთეს ქალბატონ ფენიას?

– დიახ. საოპერაციოდ რომ შეჰყავდათ, გაიძახოდა, ჯაბას ვჭირდებიო და მაშინ დააბეს და ისე შეიყვანეს. ღვიძლი ჰქონდა გამსკდარი და ოპერაცია გაუკეთეს. გამოვიდა მდგომარეობიდან, კონტაქტური იყო, მაგრამ ნახევარ საათში დაიღუპა.

– ბარძაყი ჰქონდა მოტეხილიო, ასე ითქვა.

– დიახ, ბარძაყიც მოტეხილი ჰქონდა და მხოლოდ ეს პრობლემა გვეგონა. მეორე დღეს უნდა გაეკეთებინათ ოპერაცია, მაგრამ წნევა დაუვარდა, ცუდად გახდა. გასინჯეს და ღვიძლიც აღმოჩნდა. თქვეს, მაინც კვდება და იქნებ ოპერაციით გადავარჩინოთო.

ხელი მოვაწერე, ოპერაცია გაუკეთეს, ნარკოზიდანაც გამოვიდა, მაგრამ გულმა უმტყუნა… მე და ჯაბა დაგვღუპა. ექიმები ამბობდნენ, თუ ამ ოპერაციას დაუძვრებოდა, რამდენიმე დღეში ბარძაყის ოპერაციასაც გაუკეთებდნენ. ლოგინად ჩავარდებოდა და მე უნდა მომევლო, მაგრამ ოღონდ ეცოცხლა…

– სახლიდან ყოველდღე გადიოდა?

– დიახ და იმიტომ გადიოდა, რომ რაღაც ეშოვა და ჯაბასთვის მოეტანა. მე მუშაობა არ შემიძლია, რადგან ჯაბას ვერ ვტოვებ. 24 საათიანი მეთვალყურეობა სჭირდება – ყოველ 4 საათში უნდა გადააბრუნო, აჭამო აპარატით… ყველაფერს დედაჩემი აკეთებდა, ფულსაც შოულობდა და ჯაბასთვის მარჯვენა ხელი იყო. ღამეები არ ეძინა, მის გადაბრუნება-გადმობრუნებაში მეხმარებოდა.

წამალი მქონდა მოსატანი თუ სხვა რამ, ერთს არ დაიჩივლებდა, დავიღალე ან რამე მტკივაო, მოსატანად გარბოდა. ისეთი საყვარელი ბებო იყო და დედა ჩემთვის…

– მოწყალებას ითხოვდაო…

– რომც არ ეთხოვა, ვინც იცნობდა, ყველა ეხმარებოდა. მანქანებსაც კი აჩერებდა ხალხი, შენ ხომ ჯაბას ბებო ხარო და, რაც შეეძლოთ, ეხმარებოდნენ – ჩვენს სახელზე ჯაბას მიუტანეო. ამით ვარსებობდით და ესეც გამოგვეცალა.

ვერავინ წარმოიდგენს, როგორი საცოდაობით ვახერხებ ჯაბას მოვლას, საკვების მოპოვებას. საცოდაობაა ჩვენი ცხოვრება, ენით არ გადმოიცემა. არ მიყვარს წუწუნი, მაგრამ ცალი თვალით რომ შემოახედა ვინმეს, რა დღეში ვარ… სულ მარტო დავრჩი და მეზობლები მეხმარებიან. თუ რომელიმე ისვენებს, მოდის და ჯაბას გადაბრუნებაში მეხმარება. მორიგეობენ ხან ვინ და ხან – ვინ.

ჯაბას ყოველდღე საკვები, ათასნაირი წამალი, ჰიგიენური საშუალებები სჭირდება. მინდა, მთელი საქართველოს მოსახლეობას და განსაკუთრებით ემიგრანტებს გადავუხადო დიდი მადლობა. მათგან საოცარი ყურადღება ვიგრძენი, ძალიან დამეხმარნენ.

დედა ყველასთვის საყვარელია, მაგრამ დედაჩემი საოცარი ქალი იყო. მანქანა რომ დაეჯახა, სამართალდამცავები მივიდნენ… მძღოლმა და გამომძიებელმა მითხრეს, გაიძახოდა, ჩემი ბრალია, მძღოლი გაუშვითო. გაოცებულები იყვნენ, სხვა ალბათ მძღოლს დასდებდა ბრალსო. ისეთი იყო, ზედმეტად არავის შეაწუხებდა. თავის დროზე ჩონგურზე უკრავდა არაჩვეულებრივად, კარგი ხელოვანი იყო. მთელმა დასავლეთ საქართველომ იცოდა, როგორ უკრავდა.

– თქვენ მისი ერთადერთი შვილი ხართ?

– დიახ და ჯაბაც დედისერთაა. მხოლოდ ხალხის იმედზე ვარ. და არ მყავს, ძმა არ მყავს, ასე ჰაერში ვარ გამოკიდებული. ბინის ქირას მთავრობა მიხდის, მაგრამ კომუნალური გადასახადები, უამრავი ხარჯი… 2 წელია სოციალური დახმარება აღარ გვაქვს. სექტემბრის შემდეგ ისევ უნდა გავასაჩივრო. ჯაბა დენით ცოცხლობს – დენის ლეიბზე წევს, აპარატზეა მიერთებული, რომელიც ასევე დენზე მუშაობს, ჭამისთვისაც დენი სჭირდება – ბლენდერია აუცილებელი. ზონდი უდევს კუჭში, რომ საკვები ჩავასხა, ყელში – მილი. რომელი გამოვრთო და რისი ეკონომია გავაკეთო?! კანონია ასეთიო, მეუბნებიან. როგორი კანონია ეს, დედამ შეიძლება შვილს ასეთ მდგომარეობაში უყუროს 11 წელი და ასე გაჭირვებულმა?!

საპენსიო ასაკისაც არ ვარ და მთლიანად უცხო ადამიანების კეთილ ნებაზე ვარ დამოკიდებული. სოციალური დახმარება რომ მომიხსნეს, კომუნალური გადასახადების სიდიდე დასახელდა მიზეზად. ზამთარში გამათბობელსაც ვრთავ, რადგან ჯაბას ვერაფერს ვაცმევ. ცივ ოთახში რომ გამიცივდეს და ფილტვების ანთება დაემართოს, ჩათვალეთ, რომ მომიკვდება. 4 თვე ვრთავ ხოლმე გამათბობელს და ჩათვალეს, რომ ამხელა თანხას რადგან ვხარჯავდით კომუნალურ გადასახადებში, სოციალური დახმარება უნდა მოეხსნათ.

– ჯაბამ იგრძნო ბებიის გარდაცვალება?

– დიახ, იგრძნო… ერთოთახიანში ვცხოვრობთ. ჯაბას საწოლი ცოტა ქვემოთ ჩავწიეთ და დედა ისე დავასვენეთ იმ ოთახში. ჯაბა ფორიაქობდა. ის დღეები საერთოდ არ უძინია, სულ დამამშვიდებლები ვუკეთე. 11 წელია წევს და მისთვის დამამშვიდებელი არ მიმიცია, არ შეიძლებოდა. ის ოთხი დღე არ ეძინა.

როგორც კი ჯაბა გონზე მოვა, სასწრაფოდ უნდა გაუკეთდეს ოპერაცია გულზე. დროის დაკარგვა არ შეიძლება, თორემ შეიძლება გული უცებ გაუჩერდეს. დამამშვიდებელი არ შეიძლება, რადგან ტვინზე მოქმედებს, მაგრამ ეს 4 დღე, რაც დედაჩემი სახლში ესვენა, ისეთ დღეში იყო, არ შეიძლებოდა, არ გაგვეკეთებინა. წამალი ექიმის რეკომენდაციით მივეცით, მაგრამ მაინც ვერ იძინებდა. თან ოფლიანობდა… სასწაულ დღეში ვიყავი.

სანამ ჯაბა კარგად იყო, სახლში რომ მოვიდოდა, ისე არ დაწვებოდა, ბებიას თუ არ ჩაეხუტებოდა და დაკოცნიდა. დღის ასაკიდან ბებიის გაზრდილია. ბებო თუ სადმე წავიდოდა, ჯაბა მის ლოგინში წვებოდა, ვერაფრით გამოვიყვანდი ხოლმე. ახლა დედაჩემი უთენებდა ღამეებს, პირს წყლით უსველებდა, რაღაცებს უყვებოდა, ხან წაუმღერებდა ხოლმე, ეფერებოდა…

იმედი მაქვს, ჯაბას მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება და ამ იმედმა მაცოცხლა აქამდე. სანამ ციხეში მოხვდებოდა, ოთხჯერ გაუჩერდა გული, საპატიმროში კი დროულად არ მიხედეს. როგორც კი ცუდად გახდა, საავადმყოფოში უნდა გადაეყვანათ. ბავშვობიდან მოციმციმე არითმია ჰქონდა და შესაბამისი წამლები მაშინვე სჭირდებოდა. თან ნერვიულობამ და შიშმა გამოიწვია ეს დაავადება, რომელიც ახლა სჭირს.

– დააპატიმრეს მძღოლი, რომელიც დედათქვენს დაეჯახა?

– ახლა სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. მე არ ვჩივი, არ ვარ ისეთი პიროვნება, რომელიც ადამიანს “გააფუჭებს” და ციხეში გაუშვებს. ახალგაზრდა, 50 წლის კაცია. მძღოლი ამბობს, რომ დედაჩემს ფეხი გადაუბრუნდა და ამ დროს დაეჯახა. არ ვიცი, რამდენად მართალია. კამერების ჩანაწერებს ამოიღებენ და ნახავენ. სასამართლოზე მეც დამიბარეს.

 რუსუდან ადვაძე, სარკე