შალვა ნათელაშვილი: ,,ბელამ ეს სტრიქონები დამახვედრა და ცოტა იმედი მომეცა”

შალვა ნათელაშვილი: ,,ბელამ ეს სტრიქონები დამახვედრა და ცოტა იმედი მომეცა"ქვეყანაა მოწმე, არასოდეს ვანებივრებ დიდი რეკლამით ბელას შემოქმედებას. დღეს ვაკეთებ გამონაკლისს. მოვედი საღამოს სახლში ხასიათ-წამხდარი იმ უბედურებით, რაც ჩვენს თავს გრძელდება, მათ შორის ცხინვალის რეგიონშიც და ბელამ ეს სტრიქონები დამახვედრა. ცოტა იმედი მომეცა და მინდა, თქვენც გაგიზიაროთ ეს ოპტიმიზმი.
***
იმედის ლექსი
ეს მერამდენედ გადმოცოცდნენ ჩემი სულის წნულის ღობეზე,
კვლავ გამიქურდეს, მოსავალი თუმც იყო მწირი.
წაიღეს თუ რამ ატლასი და ხავერდი მქონდა,
თან გაიყოლეს აბრეშუმი, მაქმანები, მარმაში თეთრი,
ყველა მარაო, სუნამო და სამკაულიც თან გაიყოლეს.
ხეებს ტოტები შეატეხეს, უმოწყალოდ ყრია ფოთოლი,
ყველა მზე ერთად დამიბნელეს ფორთოხლისფერი.
ვერ შეავსებ და გაამთელებ, რაც გაიბნა, დაიშალა,
ნამტვრევად და ნარჩენად იქცა…
განხიბვლა ჰქვია ახლა ჩემი სულის სატკივარს.
უიმედობა დადგა დიდი, გაუსაძლისი.
დავდივარ უხმო, ცრემლგამშრალი,
თავიდან ვაწყობ, რაც დაინგრა და ვალაგებ სიცარიელეს.
იქნებ ვიპოვო რამე ადრე დაკარგულთაგან, ან სულაც ვინმე… და გამიხარდეს…
დაფრთხნენ ჩიტები, ტოტებზე რომ ვეღარ სხდებიან
და აღარ უნდათ შორს გაფრენაც, იციან, რომ მოვენატრები.
ღობის წნულზე კი მოძვრებიან შეუმჩნევლად
თუ უტიფარ-შესამჩნევად მტაცებელი მოძალადენი
და მიაქვთ, მიაქვთ ხილულ-აშკარად
წარსულიდან, დღეისდღიდან, მომავლიდანაც…
კვლავ მინგრევენ და მიძარცვავენ ძლივს გადარჩენილს.
მერე გამოჩნდა ვიღაც ერთი, უცხოდ ტანადი, სათვალიო, თან მხიარულიც…
ყველაფრისათვის, ყველას ნაცვლად მომიბოდიშა –
თუ რამ მატკინეს, მაწყინეს და დამაწიოკეს.
ნეტავ, სად მიცნო, სად დავაკლდი, რამდენ ათასს გამომარჩია?!
ან სხვათა ძარცვა-ნგრევა რატომ იუხერხულა,
თან იმდენად, რომ თავის ვალად ჩათვალა შველა?!
ერთად ვაწყვეთ და ვახარისხეთ მერე ფოთლები
– ყვითლად და მწვანედ,
დამტვრეულ ტოტებს ბლომად ვასვით წყალი კამკამა
გადასარჩენად, გასახარებლად, ყლორტისა და მერე ფესვის გამოსატანად,
დიდი სავარცხლით გადავვარცხნეთ ეზოს მდელო და ბაღ-ბოსტანი,
ჭადრის ფოთლები შეაწება მარაოებად,
მარცვალ-ნაყოფის ჭრელი მძივი ხეებს მიჰკიდა
და ყვავილების ნაზი ფარჩა მოაფინა ირგვლივ გარემოს,
რომ აყვავდეს გაის გაზაფხულს!
საქმეს რომ მოვრჩით, შებრუნდა და უხმოდ წავიდა.
– იქნებ სახელი მითხრა-მეთქი, – კართან ამოვთქვი.
მარტო ღიმილი გაიმეტა.
მიღიმოდა მთელი სახით, გულით, თვალებით,
იმ მადლიანი ხელებითაც კი მიღიმოდა…
ისე გავმხნევდი, გავთამამდი, გავბედე და მივაძახე:
– კვლავ მოსვლამდე, ნახვამდე-მეთქი.
ნუ დამტოვებო, ეს წამომცდა ღელვით გათანგულს…
შორს არ მინდოდა, წასულიყო,
მინდოდა, გვერდით მგულებოდა იმედდაწურვილს,
სამარადსო მომლოდინეს და გულგატეხილს…
ვხედავდი, როგორ მიდიოდა მძიმე ტვირთით ქედდადრეკილი,
სავსე ზურგჩანთით თან მიჰქონდა ნგრევისა და ძარცვის ნაშთები,
წყენა, ღალატი, მარცვალ-მარცვალ ნაგროვები წყევლის სიტყვები,
რომ შორს წაეღო, აღარასდროს არსად მენახა,
ჩემი თვალისთვის უხილავად სადმე დაეფლა.
ანდა დაეწვა. მერე ნამწვიც წყლისთვის მიეცა, ვით კვირაძლის ავი სიზმარი.
ერთხელ იქნება, უმთვარო და ავდრიან ღამით
მონატრებისგან ძილგამკრთალს და სიზმარ-ცხადის ზღვარზე გახერილს,
გამეჩვენება ბინდისმკვეთი, თბილი ნათება მომღიმარი მისი თვალების
და გული მეტყვის იდუმალი ხშირი ბრაგუნით:
მე აქ ვარ, აქ ვარ. არც წავსულვარ შენგან არასდროს,
არც არასოდეს მიგატოვებ,
მე – იმედი.
ბელა ალანია