მეგობრის შვილი მოკლა და თავი მოაჭრა – გორელი ვაშლის გამყიდველი მანიაკი აღმოჩნდა

მეგობრის შვილი მოკლა და თავი მოაჭრა - გორელი ვაშლის გამყიდველი მანიაკი აღმოჩნდა,,ვასიკომ”იაზვურად დაიწყო ლაპარაკი. ვთხოვდი, გაჩერებულიყო, მაგრამ ნერვებს მიშლიდა, თავში მირტყამდა და ჩემს ნათესავებს ლანძღავდა. ვეღარ მოვითმინე და კისერში წავუჭირე ხელი, რა დროსაც გონება დაკარგა. მაგიდიდან დიდი დანა ავიღე, ყელში გამოვუსვი, შემდეგ თავი და ხელი მოვაჭერი. სისხლი იატაკზე რომ არ დაღვრილიყო, ცელოფანი დავაფინე, გავამზადე ორი ბოთლი სალიარკა, სხეულის ნაწილები ეზოში ჩავიტანე და ურნაში ჩავყარე. შინ ამობრუნებულმა გვამი მაგიდის გადასაფარებელში გავახვიე, ბაღთან მივათრიე და ცეცხლი წავუკიდე.  დაწვას აღარ დავლოდებივარ, ბინაში შევბრუნდი, სახლი მოვწმინდე და დასაძინებლად დავწექი”, – ეს არის ამონარიდი სამუდამო პატიმრობამისჯილი მ. ა.-ს ჩვენებიდან.

თავის დროზე “კვირის პალიტრა” წე­რდა­ სერიულ მკვლელზე, რომელსაც სა­ქარ­­თველოში ორი სასტიკი მკვლელობა უკავშირდება. 43 წლის მამაკაცს სასამართლომ შესაბამისი ვერდ­იქტი – სამუდამო პატიმრობა გამოუტანა.

გორელ ვაშლის გამყიდველს  სასტიკი მკვლელობები ფიზიკური ნაკლის გამო ვერ უმტკიცდებოდა – ხელებზე თითები არ ჰქონდა და ვერავის წარმოედგინა, რომ მას მკვლელობა, მით უფრო გვამის დანაწევრება შეეძლო – ის გვამებს თავს ჰკვეთდა, სხეულს კი წვავდა.

სერიული მკვლელის დანაშაულებრივი­ საქმის დეტალებზე ძალოვანი სტრუქტურის­ ყოფილი მაღალჩინოსანი ყვება. როგ­ორც ამბობს, მკვლელი აბსოლუტურად შერაცხადი იყო და აუხსნელია, რატომ ხოცავდა ადამიანებს ასე სადისტურად.

,,მეზობლებმა დარეკეს, ეზოში თავმოჭრილი გვამი გდიაო” 

– იმხანად შსს-ს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ვმუშაობდი. 2008 წლის 25 მარტს პოლიციაში ოპერატიული­ შეტყობინება შემოვიდა, თბილისის გარეუბნიდან დარეკეს, ეზოში თავმოჭრილი გვამი გდიაო.

კორპუსიდან 100 მეტრში, ხის ძირას, ახალგაზრდა მამაკაცის, ვ.მ.-ს უთავო და დამწვარი გვამი ვიპოვეთ­. გვამი ნათრევი იყო, რაზეც სისხლის კვალი მიანიშნებდა. კვალს მივყევით და სისხლი ერთ კართან წყდებოდა. ბინის პატრონი შინ არ დაგვხვდა. მოვძებნეთ, მაგრამ რად გინდა, მარჯვენა ხელზე მხოლოდ ნახევარი­ შუა თითი ჰქონდა, მარცხენაზე კი – ნეკი.

დადგინდა, რომ ახალგაზრდა მის ბინაში იყო მოკლული, თუმცა დაკავებული ამბობდა, რომ ვიღაც 4 პირი შეუვარდა, დააბეს და სცემეს, სტუმარი კი მოკლეს და გაათრიეს, მე კი გამოვიქეციო. თავდამსხმელებს სახელებითა და მეტსახელებით მოიხსენიებდა, მათ გარეგნობასაც აღწერდა…

მოკლედ, დაკავებული დამნაშავე კი არა, დაზარალებული გამოდიოდა.­ ასობით მკვლელობის საქმეზე მიმუშავია და ვგრძნობდი, მატყუებდა. იმ გამოგონილ ხალხსაც ვეძებდით და, ბუნებრივია, ვერ ვპოულობდით.

ორი მკვლელობა და ორივე 25 მარტს 

– დაკავებულ მ.ა.-ს ტაიგაში ხის დამამუშავებელ საამქროში უმუშავია, დაზგაში ჩაჰყოლია ხელები და თითები დაუკარგავს.­ ექსპერტებმა გამორიცხეს, რომ მას ვინმეს მოკვლა, გათრევა და მით უფრო, თავის მოკვეთა შეეძლო.

ერთი სიტყვით, არავის­ სჯეროდა მისი დანაშაულის. მკვლელი მოწმედ­ დაიკითხა და პროკურორმა დაიჟინა, გავუშვათო, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ეს კაცი მკვლელი იყო.

გავარკვიე, რომ რუსეთში სამჯერ მჯდარა ციხეში და ოფიციალურად­ მოვითხოვე ამოეღოთ ცნობები, რისთვის იხდიდა სასჯელს. გაკვრით ვიცოდით, მის საქმეებში რაღაც მისტიკურ ამბებზე იყო საუბარი, გაუფრთხილებლობით მკვლელობაზე, დანაშაულის დაფარვაზე და სხვა. სამწუხაროდ, ამ საქმეების გაცნობა ვერ მოვახერხეთ.

2004 წელს ამ კაცის სახლში ანალოგიუ­რად მოკლეს სოცმუშაკი, მ.ა.-ს დანაშაული­ ვერ დაუმტკიცეს და მხოლოდ დანაშაულის დაფარვისთვის მოიხადა სასჯელი. როგ­ორც კი ციხიდან გამოვიდა (2008 წლის მარტის დასაწყისში), ორ კვირაში ზუსტად იმავე რიცხვში და იმავე ხელწერით ჩაიდ­ინა დანაშაული (ორივე მკვლელობა 25 მარტს მოხდა).

ამოვიღე ის სისხლის სამართლის საქმე და იქაც იგივე ჩვენებაა – იქაც 4 არარსებული პირის თავდასხმაზე ლაპარ­აკობს: სახლში ვიღაც ტიპები შემოგვიცვივდნენ, დალევა უნდოდათ, გვცემეს, ჩემი სტუმარი მოკლეს და მე გავიქეციო. იმ შემთხვევაშიც მოკლულს თავი ჰქონდა მოკვეთილი, ოღონდ მაშინ თავი ვერ იპოვეს.

,,თავად დაგვარწმუნა, რომ მკვლელობები მისი ჩადენილი იყო”

– პოლიციელებს 27 წლის ვ.მ.-ს ცხედრის თავის ძებნა დავაწყებინე – მთელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე 200-მდე პოლიციელი ეძებდა, მაგრამ ამაოდ. შემდეგ ნახევარი გარნიზონი გადავრთეთ ნაგვის მანქანებზე, რომლებსაც იმ კორპუსიდან და მიმდებარე ტერიტორიებიდან ნაგავი გაჰქონდათ. აღმოვაჩინეთ მანქანა, რომელსაც ნაგავი ჯერ არ დაეცალა და სწორედ იქ აღმოვაჩინეთ პარკში გახვეული მოკვეთილი თავი და ხელი.
როგორ არ მივუდექით ამ კაცს, მაგრამ­ დანაშაულს არ აღიარებდა. ანაბეჭდებიან-ნაწილაკებიან-სისხლისკვალიან და ყველაფრიანად მტკიცდებოდა, რომ დანაშაული მის მიერ და მისივე ბინაში იყო ჩადენილი, მაგრამ არ ტყდებოდა, ცდილობდა, დანაშაული სხვისთვის გადაებრალებინა. არადა­ ეს საქმე იმ ძველ დანაშაულსა და საქმესთან ერთი-ერთში ჯდებოდა.

ყველაზე დიდი უბედურება ის იყო, რომ პროკურატურა ამბობდა, რომც თქვას, მე მოვკალიო, ვერ დავიჭერთ, იმიტომ, რომ თითები არა აქვს და მკვლელობას ვერ ჩაიდენდაო.

700 თუ 800 მკვლელობაზე მიმუშავია, მაგრამ ამ კაცმა ფსიქოლოგიურად დაგვცა.­ როცა იმედი გადაგვეწურა, უცებ ამბობს, სიმართლეს გეტყვითო. ამდენი დაკითხვის შემდეგ, ეტყობა, ფსიქოლოგიურად გატყდა. მოკლედ, გვითხრა, ეს მკვლელობაც მე ჩავიდინე და წინაცო.

ახლა ჩვენ ვეუბნებით, შენ ამას ვერ გააკეთებდი, იბრალებ, თითები არა გაქვს, მაშინ დაგვარწმუნე, რომ გამკეთებელი ხარ-მეთქი. გვითხრა, მომიტანეთ რამეო. მივეცით­ დანა და რას ვხედავთ, საშინელებათა ფილმის სიუჟეტი განვითარდა – იმ ადგილებიდან, სადაც თითები ძირში ჰქონდა გადაჭრილი, კაცს ხორციდან ხრტილები თითებად ამოუვიდა და მთელი ძალით მოჰკიდა დანის ტარს ხელი. გავოგნდით. ამის დანახვაზე პროკურორ გოგოს გული წაუვიდა.

გასაგები იყო, რომ დანის დაჭერა შეეძლო, მაგრამ თავის მოკვეთას ხომ ძალა სჭირდება, ჯანმრთელ ადამიანსაც გაუჭირდება. მეორე ექსპერიმენტისას იმ სიძლიერის ნივთის გაჭრის საშუალება მისცეს, რაც თავის მოკვეთის შესაძლებლობას დაამტკიცებდა და მანაც თავისუფლად გაჭრა. თავად დაგვარწმუნა, რომ მკვლელობები მისი ჩადენილი იყო.

“კარტი მაინც არ გახსნა”

– ამოუხსნელ ამოცანად დარჩა, რატომ სჩადიოდა ეს კაცი დანაშაულს ერთი და იმავე ხელწერით, ერთი და იმავე თვის ერთსა და იმავე რიცხვში. ვკითხეთ, რა მიზეზით კლავდა ასე დაუნდობლად და რატომ წვავდა გვამებს, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ. კარტი მაინც არ გახსნა, მითხრა, დანარჩენი თქვენთვის საინტერესო აღარ არისო. ვფიქრობ, არა ერთი და ორი დანაშაული ჰქონდა ჩადენილი. ვინ იცის, რომ არ გაგვეტეხა და გარეთ დარჩენილიყო, კიდევ რამდენ ადამიანს შეიწირავდა.

მეზობლები მასზე ბევრს ვერაფერს გვეუბნებოდნენ, კარგად არც იცნობდნენ, ჩვეულებრივი ადამიანის შთაბეჭდილებას კი ტოვებდა, მაგრამ კარგად რომ დავაკვირდი­ და თვალებში ჩავხედე, დაუნდობელი მკვლელის ტიპაჟი ამოვიცანი. 27 წლის ვ.მ., რომელსაც თავი მოაჭრა, მისი მეგობრის შვილი ყოფილა, მისი გაზრდილი, და ამანაც გაგვაგიჟა…

43 წლის ინვალიდი მამაკაცი სასამართლომ 109-ე მუხლით გაასამართლა და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

“ჩვენი მანიაკის ამბავი ფილმის სცენარისთვის პოლონეთში წაიღეს”

– იმხანად საქართველოში პოლონეთიდან დელეგაცია იყო ჩამოსული. მათ მედიის საშუალებით შეუტყვიათ გორელი მანიაკის ამბავი. ერთ დღეს მირეკავენ პოლონელი სტუმრები, ჩემთან შეხვედრა უნდათ­. ვიფიქრე, ალბათ, გაძარცვეს ან გაქურდეს-მეთქი და დავიბარე.

სტუმრებს შორის ერთ-ერთი კინოდოკუმენტალისტი და ცნობილი პოლონელი რეჟისორის ანჯეი ვაიდას მოწაფე აღმოჩნდა. ის სერიული მკვლელის ამბით ძალიან დაინტერესდა, მთხოვა, ფილმს გადავიღებ, სიუჟეტი სცენარისთვის მინდა და ამბავი დეტალურად მომიყევითო. მკვლელს უკვე სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და ნებართვის აღების შემდეგ ყველაფერი ვუამბე. ლამის გადაირია კაცი… სცენარი აქედან კი წაიღო, მაგრამ ფილმი გადაიღო თუ არა, აღარ ვიცი.

კვირის პალიტრა