,,მათი ხმა გვესმოდა, დახმარებას ითხოვდნენ… 10 წუთი დაგვაგვიანდა” – 13 ივნისის ტრაგედიიდან 4 წელი გავიდა

,,მათი ხმა გვესმოდა, დახმარებას ითხოვდნენ... 10 წუთი დაგვაგვიანდა" - 13 ივნისის ტრაგედიიდან 4 წელი გავიდა2015 წლის 13 ივნისი – ტრაგიკული დღე, რომელიც შეუძლებელია, დაგავიწყდეს, ადიდებულმა მდინარე ვერემ 24 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სტიქიური უბედურება 13 ივნისს გვიან ღამით დაიწყო და 14 ივნისის დილამდე გაგრძელდა. 24 ადამიანის უკან 24 ოჯახის უზარმაზარი ტრაგედია დგას. ერთ-ერთი ოჯახი ახალი შექმნილი იყო – ივლიტა ჯიბუტის და დავით სიხარულიძის.

13 ივნისის ღამეს დავითს ივლიტა მორევა გასტაცა მის მეგობარ მარიამ ქუთელიასთან ერთად…

მაშველი ლევან კასრაძე იმ შემზარავ ღამეს ასე იხსენებს:

– იმ ღამეს უამრავი გამოძახება გვქონდა, სტიქიის ზონაში მყოფები დახმარებას ითხოვდნენ. რუსეთის ყოფილი საელჩოს ტერიტორიაზე მივედით. ადგილზე იყო ივლიტას მამა _ მამა გიორგი (ჯიბუტი), რომელმაც გვითხრა, რომ სამი ახალგაზრდა სვანეთის ქუჩის მოპირდაპირე მხარეს, სახურავზე იმყოფებოდა და მათ შველა სჭირდებოდათ.

მამა გიორგის არ დაუკონკრეტებია, რომ მათ შორის მისი შვილი და სიძე იყვნენ. ჩვენ მათი ხმებიც გვესმოდა, თუ როგორ ითხოვდნენ დახმარებას. ვინაიდან გზა იყო ჩახერგილი, შევეცადეთ, შემოვლითი გზით წავსულიყავით, მამა გიორგიც წამოგვყვა.

საბურთალოს სასაფლაოს ტერიტორიიდან მოგვიხდა გადასვლა, მანქანა ადგილზე დავტოვეთ და სირბილით განვაგრძეთ გზა. მამა გიორგიმ ფიზიკურად ვეღარ შეძლო და ჩამოგვრჩა. ჩვენ დაახლოებით რვაასი მეტრი ვირბინეთ, ვიდრე იქ მივიდოდით, საიდანაც დახმარებას ითხოვდნენ.

სახლი, რომლის სახურავზეც ახალგაზრდები იდგნენ და შველას ითხოვდნენ, ფაქტობრივად, აღარ არსებობდა, წყლის დონე კი ელვის სისწრაფით მატულობდა. ადიდებულ მდინარეში მამაკაცი მკლავის სიმსხო ხეს იყო ჩაჭიდებული, რომელიც ცოტა ხანში, შეიძლებოდა, წყლით დაფარულიყო ან დინებას მოეგლიჯა.

დავუძახეთ, რომ გადმომხტარიყო, ის კი გვეუბნებოდა, რომ ჯერ გოგონები მოგვეძებნა, კიდევ მოვუწოდეთ, გადმომხტარიყო, რადგან საფრთხე უფრო იზრდებოდა… გადმოხტა და თანამეწყვილეებმა ნაპირზე გაიყვანეს, ჩვენ ორმა კი განვაგრძეთ გოგონების ძებნა, სახლშიც შევცურეთ, რომელიც წყლით იყო დაფარული, შემდეგ დაახლოებით 500 მეტრის მანძილზე მდინარის ნაპირებზეც ვეძებეთ, თუმცა, სამწუხაროდ, მათი პოვნა ვერ მოხერხდა. საბედნიეროდ, მამაკაცი გადარჩა

-ივლიტას მეუღლემ რა მოგიყვათ?

-მან თქვა, რომ როდესაც სახლი წყლით დაიფარა, სამივე სახურავზე ავიდა, თუმცა, წყლის ნაკადმა სახლის სახურავი მოწყვიტა და მდინარეში ჩაცვივდნენ. მან ცურვა იცოდა და გოგონების ნაპირისკენ გამოყვანას ცდილობდა, მაგრამ მდინარის მიერ წამოღებული ხის მორი დაეჯახა და გოგონებისთვის ჩაჭიდებული ხელი გააშვებინა, ისინი კი დინებამ გაიტაცა.

როგორც მისგან შევიტყეთ, მარიამს და ივლიტას ცურვა არ სცოდნიათ, თუმცა ასეც რომ ყოფილიყო, სტიქია იმდენად მასშტაბური იყო, შექმნილ ვითარებაში მდინარიდან გამოსვლას ვერ მოახერხებდნენ, – იხსენებს მაშველი.

მამა გიორგი, ივლიტას მამა:

-10 წუთით ადრე მისვლა რომ მოგვესწრო, მაშველები სამივეს აიყვანდნენ სახლის სახურავიდან. დრო არ გვეყო…

პირველსავე დღეს დაგვიბარა პატრიარქმა. რომ მივედით ნუგეში გვცა, მოგვეფერა… პატრიარქთან ძლივს მივდიოდით, აქეთ რომ წამოვედით, მოვფრინავდით… არ უთქვამს პატრიარქს, რომ ივლიტას ცოცხალს იპოვითო, არც ის უთქვამს, მკვდარს ნახავთო.

ყველას არ ეღირსება, პატრიარქი მის დასაფლავებაზე მივიდეს, არც მე მეღირსება. ივლიტას ეს პატივი ერგო. ღირს ასეთი სიკვდილი, მე მგონი!

მასალა მომზადდა ,,გურია ნიუსისა” და ,,კვირის” მიხედვით