,,კოტეს მივვარდი, მის გადარჩენას ვცდილობდი… ის არ უნდა მომკვდარიყო, უპატიოსნესი კაცი იყო” – რას ყვება თუშეთში მომხდარ ავარიაში გადარჩენილი მძღოლი

,,კოტეს მივვარდი, მის გადარჩენას ვცდილობდი... ის არ უნდა მომკვდარიყო, უპატიოსნესი კაცი იყო" - რას ყვება თუშეთში მომხდარ ავარიაში გადარჩენილი მძღოლი14 ივნისს თუშეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 34 წლის კონსტანტინე ღუზარაულის სიცოცხლე შეეწირა. მძღოლი, 40 წლის ალექსანდრე ბიძინაშვილი კი მძიმედ დაშავდა. ის მკურნალობის კურსს თელავის კლინიკაში გადის.

შემთხვევა თუშეთის ყველაზე სახიფათო მონაკვეთზე – ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 25-ე კილომეტრზე მოხდა – გზის სავალი ნაწილიდან მოცურებული ,,პიკაპი” დაახლოებით 50 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა.

გავრცელდა ვერსია, რომ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რაც ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გახდა. ადგილობრივების თქმით, გზის ამ მონაკვეთს არაერთი ტრაგიკული შემთხვევა ახსოვს, გზა ხშირად იმეწყრება, არ იწმინდება და კატასტროფის მიზეზიც ეს ხდება.

ალექსანდრე ბიძინაშვილი ავტომოტოსპორტის ვეტერანი და ფედერაციის წევრია, ასევე კარტინგსა და მოტოკროსში საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი.

ალექსანდრე ბიძინაშვილი:

– ტურისტულ კომპანიაში ვმუშაობ და სამსახურის მანქანით თუშეთში ვიყავი საქმეზე წასული. ომალოდან რომ მოვდიოდი, გზად კოტე დამემგზავრა და მთხოვა, თელავამდე გამოგყვებიო. მას თუშეთში საქონელი ჰყოლია აყვანილი და უკან ბრუნდებოდა. ეს ადამიანი, წლების წინ გავიცანი თუშეთში…

იმ დღეს დიდი წვიმა იყო, მივდიოდით და იმ საბედისწერო მონაკვეთზე უცებ ქვა-ღორღი ჩამოიყარა. მეწყერი ზედ რომ არ ჩამოგვწოლოდა, ვფრთხილობდი, ნაშალს მომენტალურად მანქანა ავარიდე თუ არა, ახლა გზის ნაპირთან ჩაიშალა მიწა და გადავეშვით, სადღაც 50-60 მეტრის სიმაღლიდან ხევში ჩავცვივდით.. მანამდე მაგ გზაზე სამჯერ მანქანით და ერთხელ მოტოციკლითაც ვარ ნამყოფი.

– ზოგიერთების თქმით, თითქოს მძღოლი სიჩქარის გადაჭარბებით მოძრაობდა და ეს გახდა ავტომანქანის დაცურების მიზეზი…
– ეს გზა სავსეა წვეტიანი ქვებით, იქ ისეთი მონაკვეთია, მთლად სულელი და არაადეკვატური უნდა იყო, მაღალი სიჩქარით იარო. მაქსიმალურად ვცდილობდი, ფრთხილად გამევლო, მაგრამ ახლაც ვერ ვაანალიზებ რა მოხდა..

– ამობრუნებული მანქანიდან და წყლიდან როგორ გამოაღწიეთ?
–   მანქანა სახურავით დაეცა, სალონში წყალი შემოვარდა, თანდათან ივსებოდა. იქ საკმაოდ სწრაფი დინებაა და ყინულივით ცივია წყალი. მარცხენა ფეხი ცუდად გამეჭედა სალონში, ვერაფრით ვითავისუფლებდი. უკვე შეგუებული ვიყავი იმ აზრს, რომ დავიხრჩობოდი, სიკვდილს ჩავხედე თვალებში და რაღაც მომენტში  მოვეშვი კიდეც…
არ ვიცი, როგორღაც, წყლის ძალამ თუ რამ გამითავისუფლა ფეხი და როგორღაც გამოვაღწიე. როცა სამშვიდობოს გამოვედი, ეგრევე ჩემს მგზავრს მივვარდი. სულ დასისხლიანებული ვიყავი, მაგრამ მაინც ვცდილობდი მის გადარჩენას. მერე მეცხვარეები ჩამოვიდნენ და მათაც რაღაც დრო დასჭირდათ, თოკები რომ ჩამოეშვათ… მანქანა ოდნავ გვერდზე გადავაბრუნეთ, გარდაცვლილი გამოვიყვანეთ, თოკები მოვაბით და ისე ამოვიყვანეთ. მწყემსებმა მეც თოკებით ამომიყვანეს…

– მძიმედ დაშავებული და ნეკნებდამტვრეული როგორ ახერხებდით ამას?
– მაგაზე სად ვფიქრობდი, ყველა მხრიდან სისხლი მომდიოდა, მაგრამ არც მიმიქცევია ყურადღება, ადამიანი კვდებოდა და სად მეცალა ამისთვის. იმ მომენტში ჩემი ერთადერთი საფიქრალი მისი გადარჩენა იყო. თავიდან გაყინულ წყალში მარტო ვცდილობდი მანქანის გადმობრუნებას, ბევრი ვეწვალე, დავიღალე, თან ძალა აღარ მქონდა და გონებას ვკარგავდი. კოტე არ უნდა მომკვდარიყო, უწესიერესი და უპატიოსნესი ადამიანი იყო, ძალიან განვიცდი, ძალიან…

კვირის პალიტრა