ნაზიბროლა ფერცულიანის გაუყუჩებელი ტკივილი – ირაკლი სანაია და ლია სართანია – პირველი ბავშვები, რომლებიც აფხაზეთის ომს შეეწირნენ

ნაზიბროლა ფერცულიანის გაუყუჩებელი ტკივილი - ირაკლი სანაია და ლია სართანია - პირველი ბავშვები, რომლებიც აფხაზეთის ომს შეეწირნენ11 წლის ირაკლი სანაია და 10 წლის ლია სართანია – ამ ბაშვების ფოტოები თბილისში, რუსთაველის გამზირზე იყო გამოფენილი. მათ წინ სანთლებს ანთებდა და ქედს იხრიდა საქართველოს მოსახლეობა. ისინი პირველი ბავშვები იყვნენ, რომლებიც აფხაზეთის ომმა შეიწირა.

არიან ადამიანები, რომელთა ცხოვრებისეული ტრაგედია ქვეყნის ბედ-იღბალთან არის გადაჯაჭვული. ერთ-ერთი ასეთი ქალბატონი გახლავთ ირაკლი სანაიას დედა, ნაზიბროლა ფერცულიანი, რომელიც თავის მოუშუშებელ ჭრილობაზე, ენით გამოუთქმელ ტკივილზე მოგვიყვა.

ნაზიბროლა ფერცულიანი:

– 23 წლის ასაკში მეუღლე გარდამეცვალა, 27 წლის იყო. მის სიყვარულს დღემდე გულით ვატარებ. 27 წელი – რა უნდა მოასწრო ადამიანმა ამ დროის განმავლობაში, მაგრამ მისი გაკეთებული კარგი საქმეები დღემდე წინ მხვდება. ორი ობოლი დამრჩა გასაზრდელად. მაშინ მეგონა, ამაზე უარესი ჩემს ცხოვრებაში აღარაფერი იქნებოდა, მაგრამ… ზუსტად 10 წლის შემდეგ, 1989 წელს, ოჩამჩირეში პირველი შეტაკება მოხდა და ეს იყო დიდი უბედურების დასაწყისი.

ნაზიბროლა ფერცულიანის გაუყუჩებელი ტკივილი - ირაკლი სანაია და ლია სართანია - პირველი ბავშვები, რომლებიც აფხაზეთის ომს შეეწირნენ– პირველი ბავშვები, რომლებიც აფხაზეთის ომს შეეწირნენ, თქვენი შვილი და მისი მეგობარი გოგონა იყვნენ. ისინი მთელმა საქართველომ დაიტირა. მაპატიეთ, იმ ყველაფრის გახსენებას რომ გთხოვთ, მაგრამ როგორი სიტუაცია იყო ამ ტრაგედიამდე, რა ხდებოდა აფხაზეთში?

– 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ სიტუაცია ძალიან დაიძაბა. აფხაზების უმეტესობამ სოხუმიდან ბავშვები გაიყვანა. ქალაქში უამრავი შეიარაღებული ადამიანი დადიოდა. 7 აგვისტოს ბავშვები ქუჩაში თამაშობდნენ – ჩემი ორი შვილი, ირაკლი და ლევანი და მეზობლის ორი პატარა გოგონა, ისინიც დედმამიშვილები იყვნენ. იქვე, ახლოს, ბავშვებმა ლამაზად შეფუთული, სანთლის ფორმის ნივთი იპოვეს. მაშინ წითელ-ყვითელი ლენტებით გაფორმებულ სანთლებს ამზადებდნენ, რომ მიმზიდველი ყოფილიყო და ადვილად გაყიდულიყო. ვინ იფიქრებდა, რომ შიგ ასაფეთქებელი ნივთიერება ეყარა?!

ნაპოვნი ნივთი ოთახში შემოიტანეს. ჩემი უფროსი ბიჭი, ლევანი, მეზობლის გოგონასთან ერთად ტელევიზორის საყურებლად დაჯდა. ირაკლი და ლია კი შორიახლოს გაჩერდნენ. ბავშვებმა “სანთლის” ანთება სცადეს და… ისეთი ხმა იყო, თითქოს ქვეყანა დაინგრაო. როცა ოთახში შევვარდი, ბავშვები უგონოდ იყვნენ. საავადმყოფოში გადავიყვანეთ, მაგრამ გაირკვა, რომ ორივე ადგილზე გარდაიცვალა.11 წლის იყო ჩემი ბიჭი და 10 წლის ლია სართანია…

აფხაზი მეზობლები სამძიმარზე ვერ შემოდიოდნენ. ისეთი ხმები დადიოდა, აფეთქებას აფხაზებს აბრალებენო. ჩემს სახლში მოხდა აფეთქება და ვისთვის დამებრალებინა?

– თუმცა ასეთი შეფუთვით ასაფეთქებლების ქუჩაში დაყრა ალბათ პროვოკაციის ნაწილი იყო.

– ცხადია. მანამდეც მოხდა რამდენიმე მსგავსი შემთხვევა, მაგრამ არავინ დაღუპულა. მაშინ ეროვნული მოძრაობა პიკს აღწევდა და მომხდარს ისეთი შეფასება მიეცა, რომ ეს ბავშვები ეროვნულ მოძრაობას შეეწირნენ.

თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ჩვენს სახლში რა ხდებოდა. ადამიანები მთელი ნაზიბროლა ფერცულიანის გაუყუჩებელი ტკივილი - ირაკლი სანაია და ლია სართანია - პირველი ბავშვები, რომლებიც აფხაზეთის ომს შეეწირნენსაქართველოდან ჩამოდიოდნენ, რომ ამ ტრაგედიის თანამოზიარეები გამხდარიყვნენ. მას შემდეგ იმდენი რამ მოხდა, თითქოს შევეგუეთ ყოველდღიურ უბედურებებს. მაშინ კი სხვა დრო იყო.

ჩემი უფროსი ბიჭი მაშინ 12 წლის იყო. ისედაც რთული ასაკი ჰქონდა, ამ ტრაგედიამ კი, რაც მის თვალწინ დატრიალდა, მოზარდის ფსიქიკაზე იმოქმედა. ლევანი თვალებს დახუჭავდა თუ არა, ის ყველაფერი ელანდებოდა. წამოვარდებოდა ფეხზე და ამ დროს შეიძლებოდა ფანჯრიდან გადამხტარიყო.

ირაკლის ორმოცი რომ გადავიხადეთ, ლევანი თბილისში წამოვიყვანე სამკურნალოდ. ციციშვილის სახელობის კლინიკაში დავაწვინე. მაშინაც ყველა მხარში დაგვიდგა. იყო ერთი პრეპარატი, რომელიც აფთიაქებში არ იშოვებოდა. ბულგარეთიდან უნდა ჩამოეტანა ვინმეს. გვეუბნებოდნენ, მხოლოდ მოსკოვში, კრემლის აფთიაქშია რამდენიმე ცალიო.

სომხეთის საზღვართან სააფთიაქო სამმართველო იყო და თურმე ერთი შეკვრა იქაც ინახებოდა. წამლის ჩამოსატანად თავად მერაბ კოსტავა წავიდა და ლევანს პრეპარატი დილის 6 საათზე მოუტანეს.

მაშინ ვნახე პირველად, რომ თბილისში, რუსთაველზე, სადაც დღეს ნახატები აქვთ გამოტანილი, ჩემი ირაკლის და ლიას სურათები გამოეფინათ. სამი თვის განმავლობაში იქ მიდიოდნენ ადამიანები და მათი სულების მოსახსენებლად სანთლებს ანთებდნენ. ეს საოცარი ერთსულოვნების მაგალითი იყო. ამხელა ტრაგედიის შემდეგ ჩემთვის სასიამოვნო იყო ამის ნახვა.

მინდა, კიდევ ერთი ამბავი გავიხსენო. როცა უფალი ადამიანს განსაცდელს მოუვლენს, მერე თავადვე ეხმარება მის გადატანაში. ამას მოგვიანებით მივხვდი, მანამდე უფალს ვსაყვედურობდი, რომ ქმარ-შვილი წამართვა.

მოკლედ, ერთ დღეს საავადმყოფოს პალატის კარი გაიღო და ქალი შემოვიდა. ხელში ეჭირა კვერცხის ფორმის ხატი და მოდიოდა თვალდახუჭული. პალატაში ათი ადამიანი იწვა. რომ დავინახე, ჩვენკენ აიღო გეზი, ლევანს წინ დავუდექი, არ მინდოდა, მიჰკარებოდა.

ქალი მაინც მოგვიახლოვდა და ისე შემახო ხელი, რომ ჩემი ნებით გავიწიე. ბავშვს ეძინა. მან ლევანს დახედა და ლოცვა დაიწყო. ბავშვს გაეღვიძა, საწოლზე წამოჯდა და მშვიდად მიაჩერდა. შეშინებული ვუყურებდი, ვერ ვიგებდი, რა ხდებოდა. უკვე ყველაფრის მეშინოდა, ყველა მოგზავნილი მეგონა, მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი, რადგან ბავშვი ბედნიერი ჩანდა.

ქალმა კარგა ხანს ილოცა. ლოცვა რომ დაამთავრა, გვერდით მიუჯდა და სახელი ჰკითხა. მერე მე შემომხედა და მითხრა, ლევანი კარგად იქნებაო. ვისაუბრეთ და ამ უცნაურმა ქალმა თავისი ამბავი მომიყვა:

,,მამაჩემი საბჭოს თავმჯდომარე იყო და ეკლესია დაანგრია. მაშინ 11 თვის ვიყავი. მას შემდეგ 18 წლამდე ტანად ვიზრდებოდი, მაგრამ ვერც ხელ-ფეხს ვამოძრავებდი და ვერც ვლაპარაკობდი. ერთ დღესაც გამომეცხადა დედოფალივით ქალი, ულამაზესი, გასხივოსნებული და მითხრა, გაივლი და ილაპარაკებ კიდეც, მაგრამ რასაც მე გეტყვი, იმას გააკეთებო”.

18 წლის რომ გახდა, ფეხზე გაუვლია. დედოფლის პირობა ასეთი იყო, რომ სადაც ეტყოდა, იქ უნდა უნდა წასულიყო.

მითხრა, სავადმყოფოში ნათესავის მოსანახულებლად მოვედი, მაგრამ კიბეებზე ფეხი შემოვდგი თუ არა, დედოფლის ხმა ჩამესმა, რომ ჯერ თქვენი შვილისთვის მელოცაო. სასწაული მოხდა, იმ დღის შემდეგ ბავშვის მდგომარეობა მართლაც გაუმჯობესდა.

– სოხუმში დაბრუნდით?

– ჩემი შვილი რომ გავიყვანე საავადმყოფოდან, ექიმებმა თქვეს, რომ უნდა გავსულიყავით იმ სახლიდან, სადაც ეს უბედურება მოხდა. ლევანს იმ ოთახის დანახვაც აღარ შეეძლო.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ ცალკე ბინა არ გამომიყო. მარტში ჩამოვედი თბილისში. მაზლმა მითხრა, ზვიად გამსახურდიას შევხვდეთ, იქნებ დაგეხმაროსო. ზვიადს როცა დაცვის წევრმა უთხრა, ვინც ვიყავი, კართან შემეგება, დაიხარა და ფეხზე შემახო ხელი. აფხაზებმა იცოდნენ ასე, დიდი მოწიწებისა და პატივისცემის ნიშნად. მერე გულისყურით მომისმინა და ჩემი გასაჭირი რომ გაიგო, ვაჟა ადამიას უთხრა, სასწრაფოდ თანხა გამოვუყოთ ,,კოსტავას საზოგადოების ფონდიდან” და ბინა ვუყიდოთო.

ზვიად გამსახურდიამ მითხრა, მოძებნეთ, სადაც მოგინდებათ და რამდენიც უნდა ღირდეს, ისეთი, როგორიც თქვენს სულს დაამშვიდებსო. რასაკვირველია, დანაპირები შეასრულა. გარდა ამისა, ახალი წლის წინა ღამეს საჩუქრებით დატვირთული მანქანა გამომიგზავნა მეც და სხვა გარდაცვლილების ოჯახებსაც, თან მისი ხელით დაწერილი წერილიც გადმოგვცეს უთბილესი სიტყვებით. 31 იანვარს კი პირადად დაგვირეკა და დღესასწაული მოგვილოცა.

არის ტკივილი, რომელსაც მთელი ცხოვრება ვერაფერი მოაშუშებს, მაგრამ ამ ადამიანებს შეეძლოთ სიყვარული და თანადგომა.

– თქვენი შვილის მდგომარეობა გაუმჯობესდა ახალ გარემოში?

– შევეცადეთ, ახალი ცხოვრება დაგვეწყო. ეკლესიისკენ მაინც არ მიმიწევდა გული, ლევანი კი ხშირად დადიოდა და მეც მივყვებოდი. ჩემს შვილს არაჩვეულებრივი მოძღვარი ჰყავდა. ლევანს გვერდით დაისვამდა და ესაუბრებოდა. მერე და მერე მივხვდი, რომ ბევრ რაიმეს ჩემ გასაგონადაც ეუბნებოდა.

ეუბნებოდა, შენს ძმაზე მკვდარი არასოდეს თქვა, ის გარდაიცვალა და რა წუთსაც გაიხსენებ, შენ გვერდით იქნება, მას მხოლოდ ჩვენი ცოდვების გამო ვერ ვხედავთო. ბავშვი ამ საუბრებით უფრო და უფრო მშვიდდებოდა, ჩემთვის კი შვება ირაკლის საფლავზე სიარული იყო.

ლევანი როცა სკოლაში მიდიოდა, მე სასაფლაოზე მივდიოდი, საღამოს კიდევ ერთხელ უნდა მომენახულებინა. თითქოს თავს ვინუგეშებდი ამით, მის ქვას ვწმენდდი, ბალახს ვაცლიდი. მერე ესეც წამართვეს… როცა ომი დაიწყო, ჩვენი ახალი სახლიდან არ წამოვსულვარ, ვიფიქრე, იქნებ ეს მაინც შევუნარჩუნოთ შვილს-მეთქი.

ერთ დილას კი ბომბი დაეცა ჩემს სახლს და შიგნით მოვყევი. იბომბებოდა ქალაქი. გარეთ ვერავინ გადიოდა. ჩემმა ნათესავმა დიდი რისკის ფასად საავადმყოფოში გადამიყვანა. გასიებული მკლავი ისე გამიჭრეს, გამაყუჩებელიც კი არ ჰქონდათ, რომ გაეკეთებინათ. სოხუმიდან თბილისში გადმომიყვანეს სამკურნალოდ.

ორი კვირის შემდეგ კვლავ სოხუმში დაბრუნება გადავწყვიტე. თვითმფრინავამდე არ მიშვებდნენ. ვუთხარი, თბილისში არავინ მყავს და აეროპორტში ხომ ვერ დავრჩები-მეთქი. სამხედრო ვერტმფრენით გორის ბატალიონის ბიჭები მიჰყავდათ. ასაფეთქებელი ნივთიერებები მიჰქონდათ და როგორღაც ამ ვერტმფრენში შევაღწიე. სოხუმში რომ ჩავედით, ბორბლები არ გაიხსნა, უკან მოგვიწია თბილისში დაბრუნება.

სხვა გზა არ იყო, თბილისში ავარიული დაჯდომისთვის ემზადებოდა პილოტი. ვფიქრობდი, მკვდარსაც ვერავინ მიპოვის-მეთქი. დიდი ალბათობით, ავფეთქდებოდით, მაგრამ ბოლო მომენტში ბორბლები გაიხსნა.

სოხუმის დაცემის ბოლო დღემდე იქ ვიყავი. შემდეგ კი იყო გზა ჭუბერიდან ქუთაისამდე, შიშით და ტკივილით სავსე დღეები.

– სოხუმში დარჩენილებთან თუ გაქვთ ურთიერთობა?

– სოხუმში ქართველი აღარავინ დარჩა. იმ აფხაზებთან კონტაქტიც დავკარგეთ, რომლებთან ერთადაც გავიზარდეთ და წლები ვცხოვრობდით. ყველაფერი დავკარგეთ, ყველაზე ძვირფასი კი ჩემთვის ირაკლის საფლავი იყო. ლეჩქობის სასაფლაოსთან ახლოს სააფთიაქო სამმართველოს აშენებდნენ. ქართველმა სამხედროებმა იქ დაიდეს ბინა. ის შენობა რომ გაენადგურებინათ, ტერიტორია დაბომბეს. ყველაფერი ჰაერში მიდიოდა ქვებიანად და მკვდრიანადო, ამბობდნენ თვითმხილველები. წარმოიდგინეთ, როგორი მოსასმენი იყო ეს ამბავი ჩემთვის.

გავიდა კიდევ 15 წელი და იმ გოგონას კლასელმა, რომელიც ირაკლისთან ერთად დაიღუპა, ინტერნეტით მოგვძებნა და სასაფლაოს სურათები გადმოგვიგზავნა. ამ გოგონას დედა აფხაზი ჰყავს, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. ტერორისტ აფხაზებს არ ვგულისხმობ, ჩვეულებრივ მშვიდობისმოყვარე ხალხში ისევ ერთად ყოფნის სურვილია, ერთმანეთის მონატრებაა. სწორედ ამ გოგონას, ნინო ჟვანიას, დახმარებით გავიგეთ, რომ სასაფლაო გადარჩენილია.

ნინო იმასაც მოგვიყვა, რომ აღდგომის დღეებში თავისი მეგობრები შეუკრებია და ირაკლის საფლავის გასასუფთავებლად წასულან. ჩემს გარდაცვილ შვილს პატრონობენ, სანამ დავბრუნდებით.

– აქ დიდი ოჯახი გყავთ – შვილიშვილები, შვილთაშვილი. ესაუბრებით მათ აფხაზეთზე, იქ დაბრუნებაზე?

– ერთი დღე ვერ ვიცოცხლებ ამ იმედის გარეშე. დღეს იქ დაბრუნება ოცნებაა, ხვალ დავიძვრებით და ჩავალთ და ეს იციან ჩვენმა შვილებმაც და შვილიშვილებმაც. ქვეყნისთვის უდიდესი განსაცდელები აფაზეთის დაცემით დაიწყო და იმედი მაქვს, იქ დაბრუნებით დამთავრდება.

ხათუნა მაღრაძე, ჟურნალი ,,სარკე”