ლალა მიქელაძე: ,,მამა ტუჩებში მკოცნიდა, მოვიგერიე და გავაგდე”

ლალა მიქელაძე: ,,მამა ტუჩებში მკოცნიდა, მოვიგერიე და გავაგდე"ფეისბუქგვერდზე „ქალები საქართველოდან“ 24 წლის ლალა მიქელაძის ამბავი ვრცელდება, სადაც ის კოშმარულ ისტორიებზე წერს, რომლებიც საკუთარ ოჯახში, მშობლებთან ურთიერთობისას გადახდა თავს.

ეპიზოდი #1

„იმ დღეს სახლში მორიგი ჩხუბი ატყდა, ისევ არაფრის გამო. ნასვამი იყო. სიფხიზლეში კიდევ იკავებდა ხოლმე თავს, მაგრამ როგორც კი დალევდა, ვეღარ მალავდა აგრესიას. ყველას გვაგინებდა. შევეცადე, თავი შემეკავებინა, არ ჩავრეულიყავი და გარეთ გამოვედი, მაგრამ დედას ცემა რომ დაუწყო, შევბრუნდი და ჩავერიე. სკამი გამომიქანა და ძლიერად მომხვდა. ეგონა, გავჩერდებოდი, მაგრამ დედას ყოველთვის ვიცავდი და ახლა რა გამაჩერებდა?! რომ დამინახა, მაგრად ვიდექი, გავიდა მეორე ოთახში, თოფი გამოიტანა, გადატენა და მომიშვირა. ტვინს გაგასხმევინებ, შე ლაწირაკოო, დამიღრიალა. ყველა გაიქცა ოთახიდან, დედაც, მეზობლებიც, ჩემი ძმაც. მე და ჩემი და დავრჩით მარტო თოფთან. ჩახმახის გადაწევის ხმა რომ გავიგე, თვალები დავხუჭე. ვიცოდი, უეჭველი მესროდა. არსად არ მივრბივარ, მესროლე-მეთქი, ვუთხარი. ამ დროს ეზოდან დედაჩემმა დაიკივლა, პატრული მოვიდაო. ტყუილად დაიკივლა. მაშინ პოლიცია არ გამოგვიძახებია. მამაჩემს შეეშინდა და გაიქცა.

ბავშვობიდან ბებიასა და ბაბუასთან ვიზრდებოდი. მათ არ მოსწონდათ მამაჩემი, ცალკე ცხოვრობდნენ და რაკი დედას ქმრის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოედგინა და არ მოდიოდა მისგან, მე წამომიყვანეს და თავისთან მზრდიდნენ.

ბებია რომ გარდაიცვალა, მერე გადმოსახლდნენ ჩვენს სახლში და აქედან დაიწყო ყოველდღიური ძალადობა დედაზე, შვილებზე, ბაბუაზე. წარმოდგენა არ მქონდა, თავი როგორ უნდა დამეცვა. მოკვლის მუქარის მერე დედასა და ჩემს უმცროს და-ძმასთან ერთად სოფლიდან ქუთაისში გამოვიქეცი და ნათესავებს შევაფარე თავი. დედამ სამსახური იშოვა, მეც დავიწყე სამუშაოს ძებნა. ქირით გადავედით სხვა ბინაში, მაგრამ ერთ თვეში დედამ გადაწყვიტა ქმართან დაბრუნება იმ მოტივით, რომ გიორგის, ჩემს ძმას მამა სჭირდებოდა.

მე აღარ დავბრუნებულვარ და ეს ჩემი პროტესტი გახდა იმის მიზიზი, რომ წლების განმავლობაში მამა მითვლიდა, სადაც დამიჭერდა, იქ მომკლავდა და ვცხოვრობდი გამუდმებულ შიშში. მამა ვერ შეეგუა, რომ მის წინააღმდეგ წავედი და აღარ ვემორჩილებოდი. ამ პერიოდში დედა რამდენჯერმე მოვიდა ჩემთან ნაცემი, მაგრამ ყოველ ჯერზე უკან ბრუნდებოდა. რამდენჯერ ვთხოვე, აღარ დაბრუნებულიყო. შევპირდი, რომ თავიდან დავიწყებდით ცხოვრებას, უფრო მშვიდად. მაგრამ არიან ქალები, ვისაც იმდენად გამჯდარი აქვთ მოთმენა და ქმრის ყოლის აუცილებლობა, ვერ აღწევენ ძალადობას თავს, არც ეკონომიკური მდგომარეობა აძლევთ საშუალებას, დამოუკიდებლად იცხოვრონ, საკუთარი სახლიც არ გააჩნია ბევრს. არაა ადვილი, წინააღმდეგობა გაუწიო ამ ყველაფერს და ხალხს, იმასაც თუ „ხალხი რას იტყვის“, მაგრამ შენი თავისუფლების და სიმშვიდის გამო შეიძლება ეს ძალა იპოვო საკუთარ თავში და ბრძოლაც მოიგო”.

ეპიზოდი #2
„ავად გავხდი და ლოგინში ვიწექი სიცხიანი, მეძინა. დედა მეზობელთან გავიდა. მამა ისევ ნასვამი დაბრუნდა და ჩემს ოთახში შემოვიდა. ძილში ვიგრძენი, რომ ტუჩებთან მკოცნიდა და ეს არ იყო მამის კოცნა! მოვიგერიე ხელებით და გავაგდე. ისევ მე დამიწყო გინება. ჩხუბზე დედა შემოვიდა, მაგრამ არაფერი ვუთხარი. ეს ამბავი საერთოდ არავისთვის მითქვამს, ისე შორს გადავმალე ჩემს ფსიქიკაში. მაგრამ სულ მახსოვდა და მეშინოდა განმეორების.

ჩემმა დამ ძალადობას იმით დააღწია თავი, რომ 15 წლის ასაკში გათხოვდა და გაეცალა იქაურობას. გიორგი 10 წლისაა და კარგად სწავლობს, მაგრამ ძალიან ვნერვიულობ მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე. კი არის სოციალური მუშაკის დაკვირვების ქვეშ, მაგრამ ხომ იცით, ჩვენთან როგორი კანონებია?! თუ უშუალოდ ძალადობის ფაქტზე არ დაგინახეს, ან კვალი არ გეტყობა, ვერავინ დაადასტურებს, რომ გცემდნენ ან გკლავდნენ. თუ არ მოგკლეს, ვერ ამტკიცებ, რომ გკლავდნენ!

მახსოვს, ერთ ახალ წელს გიორგის მიერ თოვლის ბაბუასთვის დაწერილი წერილი წავიკითხე. თოვლის ბაბუა ხომ ყოვლისშემძლეა ბავშვებისთვის და შეუძლიათ ყველაფერი თხოვონ?! იცით, გიო რას თხოვდა? ფერად ფურცლებს და ფანქრებს! გული მომიკვდა და ჩემით გავუგზავნე გიორგის სახატავი მასალები. ოჯახიდან პასუხად მივიღე, ლალასი არაფერი გვჭირდებაო. ხანდახან ვფიქრობ, ეგებ უკეთესი იყოს ჩემი ძმისთვის თავშესაფარში გადასვლა. ვიცი, ახლა გამიბრაზდება, მაგრამ როცა გაიზრდება, მიხვდება, მისი მომავლისთვის ასე ჯობდა.

ჩვენი პრობლემა იმაშია, რომ ინფორმაცია არ გვაქვს, როგორ შეიძლება დავიცვათ ჩვენი უფლებები და მოვითხოვოთ სამართალი. წლების მანძილზე ქუჩაში მარტო ვერ გამოვდიოდი, ყოველი მანქანის გავლაზე დანიანი მამაჩემი მელანდებოდა.

ერთხელ მეზობლებმა მიუტანეს ხმა (აი, იმ მეზობლებმა, მამაჩემის მიერ მოშვერილი თოფის თვითმხილვევლები რომ არიან), ლალა ბიჭებს ჩაუჯდა მანქანაშიო. ერთხელ ჩემმა მეგობრებმა წამომიყვანეს სოფლიდან ქუთაისში. მამაჩემი დანით ჩამომადგა ქუთაისში მოსაკლავად. ვიმალებოდი. გამიმართლა, რომ ქალაქში „იდენტობის“ ოფისში მოვხდი. ის, რაც სკოლაში ყველამ უნდა ვისწავლოთ, თუ რა არის ჩვენი უფლება, როგორ დავიცვათ თავი და როგორ გავუმკლავდეთ ძალადობას, აქ ვისწავლე. აქვე გავიარე ფსიქოლოგიური თერაპიაც.

დიდი ხანი დამჭირდა, სანამ ამ ყველაფერზე ხმამაღლა დავიწყებდი საუბარს და მარტო საუბარს კი არა, ბრძოლასაც. იდენტობის ოფისშიც მომადგა ჩხუბით. მაშინ პირველად ვუჩივლე. თოფის დამიზნების ინციდენტიც მოვყევი პროკურატურაში, მაგრამ მტკიცებულებების არარსებობის გამო საქმე დაიხურა. ყველა თვითმხილვევლი მეზობელი რუსლანის მხარეს დადგა. დედამაც ჩემ წინააღმდეგ მისცა ჩვენება. ხომ გითხარით, სანამ არ მოგკლავენ, ვერ დაამტკიცებ, რომ გკლავენ”.

ეპიზოდი #3

„დედამ დამირეკა, ავად ვარ და მინახულეო. მეგობართან ერთად ჩავედი სოფელში. სინამდვილეში გეგმა ჰქონდათ, რომ იქიდან აღარ გამოვეშვით. მამამ იცოდა, რომ თითქოს მე შესარიგებლად და დასარჩენად ჩავედი. რომ გაიგო, უკან ვბრუნდებოდი, ისევ გახდა აგრესიული, გამიხსენა ჩივილის ამბები და გინება დამიწყო. ხელიც მომიქნია და მეგობარს მოხვდა. გამოვერიდე და წამოვედით.

გზაში დაგვეწია მანქანით და თოფი გადმოიღო – დაგხოცავთ და ამ თხრილში ჩაგყრითო, არხზე მიგვითითა. გავიქეცით და მეზობელ საცხოვრებელ კორპუსში გარეთ მჯდომ ქალებს შევეხვეწეთ, დაგვმალეთ-თქო. იუარეს და საერთოდაც რომ დაინახეს, რუსლანი იყო, იქით დამიწყეს ჩხუბი, მამა რა დღეში ჩააგდეო. პატრულში დავრეკეთ. დედაჩემი ისე იყო შეშინებული თოფის დანახვაზე, რომ მისამართი თქვითონვე გვიკარნახა, რაც 112-ს გადავეცით.

ერთმა მეზობელმა შეგვიფარა ზედა სართულზე. პოლიცია როცა მოვიდა, მამაჩემი უკვე დამალული იყო, თუმცა გასროლის ხმა ყველამ გაიგო. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ეს ძალადობის სცენა საკუთარი თვალით ნახეს, მეზობლები პოლიციას ჩემ წინააღმდეგ აქეზებდნენ, ლალას გარეგნობის გამოა ეს კაცი გაგიჟებულიო. მე მარცხვენდნენ, როგორ ვიკადრე და მამის წინააღმდეგ პოლიციას როგორ დავურეკე. თვითონ პოლიციაც მეუბნებოდა, არ წახვიდე პროკურატურაში, ჩვენ მოგიგვარებთ შინაურულად, როგორც ამას ვაგვარებთ სხვაგანო. ამ პერიოდში უკვე ინფორმირებული ვიყავი და ვიცოდი, სამართლებრივად რა ენაზე უნდა მესაუბრა პოლიციასთან. დავემუქრე, თუ ახლავე არ მიხედავთ თქვენს საქმეს, გენ. ინსპექციას შევატყობინებ–თქო. ამის მერე ყველა პროცედურა ისე შეასრულეს, როგორც საჭირო იყო. მამა დააკავეს. თოფი ვერ იპოვეს. დედა ისევ უარზე იყო, თოფი არ ჰქონიაო…

მამაჩემი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს და სასამართლო დავა ახლაც მიმდინარეობს. საქმე აღძრულია ოჯახში ძალადობის მუხლით და დამამძიმებელ გარემოებად ჰომოფობიური მოტივია მიჩნეული. ყველა ნათესავი დავკარგე, არავინ გაამართლა ჩემი საქციელი, მამას რომ ვუჩივლე. ზოგი იმასაც მეუბნება, კარგი გოგო რომ გახდე, იმიტომ გცემსო. არ ვდარდობ ნათესავების დაკარგვას. ერთადერთი, ბიძაჩემთან მაქვს კარგი ურთიერთობა, არასდროს მამტყუნებს ჩემს საქციელში.
ვცდილობ, ჩემი ცხოვრება თავიდან ავაწყო. ერთადერთი სიკეთე, რაც მამაჩემისგან დამრჩა, მანქანების მექანიკის ცოდნაა. წელს ჩავაბარე პროფესიულ სასწავლებელში შენობებისა და ავტომობილების ელექტროობის მიმართულებით. ერთადერთი გოგო ვარ ამ სპეციალობაზე. საბოლოო ჯამში, მინდა. პროფესიონალი ავტოშემკეთებელი გავხდე. სხვანაირად გამიჭირდება კაცებით დასაქმებულ სფეროში თავის დამკვიდრება. ალბათ ორმაგი შრომა მომიწევს ამისთვის, მაგრამ არ მეშინია.

ძალადობის წინააღმდეგ 18 წლის ასაკიდან ვიბრძვი. შეიძლება შორიდან ჰგონია ხალხს, რომ ძალადობა სადღა ხდება, მაგრამ მე ვიცი, რა ხდება რეგიონებში, სოფლებში, სადაც გოგოების ხმა არავის ესმის და ამ გოგოებმაც არ იციან, როგორ დაიცვან თავი ან რცხვენიათ ამაზე საჯაროდ საუბრის. ამ თემაზე ხმამაღლა იმიტომ ვსაუბრობ, რომ თუ ვინმეს ჩემი ისტორია მისწვდება, დაინახონ, რომ ძალადობა არაა საბოლოო განაჩენი. სასამართლოში ადვოკატად ვერ გამოვდგები, მაგრამ იმით მაინც დავეხმარები, ინფორმაცია მივაწოდო, სად უნდა მივიდნენ, ვის მიმართონ და როგორ დაიხსნან თავი ტერორისგან.

დატოვეთ თქვენი კომენტარი