გუჯა თათარაშვილი – მკვლელი, რომელმაც ადამიანების გადასარჩენად სიცოცხლე გაწირა

გუჯა თათარაშვილი - მკვლელი, რომელმაც ადამიანების გადასარჩენად სიცოცხლე გაწირაგუჯა თათარაშვილი გასული საუკუნის 80-90-იანი წლების კრიმინალური სამყაროს ცნობილი ფიგურა იყო. მას იცნობდნენ, როგორც სასტიკ დამნაშავეს, მკვლელი და მოძალადე იყო, მაგრამ აღესრულა, როგორც გმირი…

მის საქმეზე საარქივო მასალებში რამდენიმე ტომია შენახული, თუმცა სასამართლო პროცესების ჩანაწერები ნაწილობრივაც ვერ ასახავს იმ გზას, რაც მან დაბადებიდან გარდაცვალებამდე გაიარა. მისი ცხოვრებაც სულიერი დაცემისა და ამაღლების მუდმივი მონაცვლეობა იყო.

“დედა მოკვდა!”

ბავშვთა სახლის ეზოში, მწვანედ შეღებილ ხის სკამზე, ახალგაზრდა ქალი იჯდა. ხუთიოდე წლის ბიჭუნა კალთაში ჩაესვა და თავზე ხელს უსვამდა. ბავშვი ცრემლიანი თვალებით მისჩერებოდა ქალს, პატარა თითებით კაბის გულისპირზე ჩაფრენოდა.

– აქ არ მინდა, სახლში წამიყვანე, – ტიროდა ბავშვი.

– წაგიყვან, ახლა დაიძინე, – უღიმოდა დედა.

ბავშვი ჭირვეულობდა, გულში ეკვროდა ქალს. ტირილით დაღლილი ძლივსღა სუნთქავდა, ქუთუთოები დამძიმებოდა, მაგრამ მაინც ახელდა თვალებს, რომ დედა დაენახა. ცოტა ხანიც და, დაღლილობამ თავისი გაიტანა, ჩაეძინა.

მეორე დღე გუჯას დიდ, მზიან ოთახში გაეღვიძა. კედლები ნახატებით და სათამაშოებით იყო აჭრელებული, მაგრამ დედა აღარსად ჩანდა. ინტერნატში დატოვებული 5 წლის ბავშვი გულამოსკვნით ატირდა.

– დედა მალე მოვა, – ბავშვის დამშვიდება სცადა მომვლელმა.

გუჯამ არ იცოდა, რამდენი დრო უნდა გასულიყო, სანამ “მალე” მოვიდოდა და გაუთავებლად ტიროდა. მისი ჭირვეულობა ერთხანს ითმინეს მომვლელებმა, შემდეგ ერთ-ერთი ყურში სწვდა და დაუყვირა.

– თუ არ გაჩუმდები, გცემ!

– დედა ხომ მალე მოვა? – შეხედა ბავშვმა და ცრემლები ყელში გაეჩხირა.

– პატარა ისარი რომ ასჯერ დატრიალდება, დედაშენიც მოვა.

გუჯამ არ იცოდა, რამდენი იყო ასი, მაგრამ იმ დღიდან მიხვდა, რომ დედის მისვლა საათზე იყო დამოკიდებული და ცდილობდა, მისთვის თვალი არ მოეშორებინა. ძირითად დროს საძინებელში ატარებდა. ტრიალებდნენ ისრები, გადიოდა დღეები, იცვლებოდნენ მომვლელები, დედა კი არ ჩანდა.

მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მიხვდა, რომ დედამ სამუდამოდ მიატოვა. იმის დადგენაც შეძლო, რომ დედამისი ბავშვის ინტერნატში ჩაბარებისთანავე გათხოვდა. მისი ახალი რჩეული მდიდარი და გავლენიანი მამაკაცი იყო, რომელმაც გერის არსებობა არც კი იცოდა. მას შემდეგ, როცა გუჯას დედის შესახებ ეკითხებოდნენ, ყოველთვის ერთსა და იმავეს პასუხობდა: “დედა მოკვდა!”.

განსასჯელის სკამზე

19 წლის გუჯა თათარაშვილი მილიციის განყოფილებაში ხელბორკილებით მიიყვანეს. ამონაწერი საბრალდებო დასკვნიდან:

“ბრალდებული თათარაშვილი უკანონოდ შეიჭრა ნანობაშვილების კუთვნილ სახლში. ოჯახის უფროსი ძალის გამოყენებით ჩაკეტა აბაზანაში. სახლიდან მოიპარა ოთხი ოქროს ზოდი, ორი ბაჯაღლოს გრეხილი და 14 ათასი მანეთი”.

გუჯა თავდახრილი იჯდა განსასჯელის სკამზე და სახელმწიფო ბრალმდემბლის მონოლოგს ისმენდა. როცა ჯერი მოსამართლეზე მიდგა, ხანშიშესულმა მანტიამოსხმულმა მამაკაცმა სათვალეები მოიხსნა, ბრალდებულს გადახედა და ჰკითხა:

– ნანობთ ჩადენილ დანაშაულს?

გუჯა თითქოს ახლა გამოფხიზლდა და ფეხზე წამოდგა. მაღალი იყო, თეთრი პირისახის, კუპრივით შავი ხვეული თმა შუბლზე ჰქონდა ჩამოშლილი და მოცისფრო-მომწვანო ფერის თვალებამდე სწვდებოდა. ბრალდებულმა მიუგო:

– სინანულს ვერ ვგრძნობ. მის სახლში ისეთი სიმდიდრე დამხვდა, ერთ ბავშვთა სახლს მთელი წელი ეყოფოდა. რაში უნდა გამოიყენოს ნანობაშვილმა ეს ფული? რესტორნებში? მეძავებთან? ვფიქრობ, რომ ეს ფული მე უფრო მჭირდებოდა.

პირველი პატიმრობა 7 წლის ვადით განესაზღვრა. 19 წლის გუჯა თათარაშვილი ქსნის ციხეში გადაიყვანეს.

ციხის კართან

26 წლის ასაკში გამოვიდა საპატიმროდან. ქვეყნად არავინ ეგულებოდა ისეთი, ვინც საპატიმროს კართან დახვდებოდა, ვინც მისი გათავისუფლებით გაიხარებდა. ყოფილი პატიმარი მაინც ბედნიერი იყო. ქურთუკი მოიგდო მხარზე, ღრმად ჩაისუნთქა გვიანი გაზაფხულის ატმის ყვავილების სურნელით გაჟღენთილი ჰაერი და ცენტრალურ ტრასამდე ვიწრო ბილიკს გაუყვა.

სწორედ ამ დროს გუჯას მანქანა წამოეწია და მძღოლის სავარძელზე მოკალათებულმა ლამაზმა ქალმა გაუცინა.

– მერი? – ხანმოკლე დაკვირვებისა და დუმილის შემდეგ ყოფილმა პატიმარმა თავისი ადვოკატი იცნო – მერი კვიციანი.

– შემატყობინეს, რომ დღეს უნდა გამოსულიყავი და მოგაკითხე.

7 წლის წინ მერი ახალსკოლადამთავრებულ გოგონას ჰგავდა, ახლა კი მანქანიდან თავდაჯერებული, ლამაზი ქალი იმზირებოდა.

თბილისამდე ისე იმგზავრეს, გუჯას ხმა არ ამოუღია. მერი ცდილობდა, უხერხული სიჩუმე დაერღვია, მაგრამ საუბარი ვერა და ვერ აეწყო.

– მთელი ამ წლების განმავლობაში თავს დანმაშავედ ვგრძნობდი შენ წინაშე. შენი პროცესი წავაგე. პროფესიული თავმოყვარეობა შემელახა-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი… – ქალმა მამაკაცს შეხედა და ღაწვები შეეფაკლა.

ციხიდან გამოსული გუჯა იმაზე მომხიბვლელი იყო, ვიდრე დაპატიმრებისას. ნავარჯიშევი სხეული მის მამაკაცურობას უსვამდა ხაზს. ვარცხნილობა შეეცვალა. უკან გადაწეული შავი თმა და მოცისფრო-მომწვანო თვალები, რომელშიც ბავშვობიდან შემორჩენილი სევდის კვალი არ გამქრალიყო, განსაკუთრებულ მომხიბვლელობას მატებდა.

გუჯამ მერის შეხედა, მის ხელს შეეხო და ტუჩებთან მიიტანა საკოცნელად. მერი კვიციანმა მანქანა გააჩერა და თვითონაც საკოცნელად გადაიწია.

დაგვიანებული შეხვედრა

გუჯა ვერასოდეს იფიქრებდა, რომ მისი ცხოვრება ასე შეტრიალდებოდა. მერის სახლში დაბინავდა. მისთვის არასოდეს უთქვამს, მიყვარხარო, მაგრამ ქალის მიმართ პატივისცემა ჰქონდა.

გადაწყვიტა, ქურდობაზე აღარასოდეს ეფიქრა და სამუშაოც მოძებნა. თითქოს ყველაფერი კალაპოტში ჩადგა. გუჯასაც შეეძლო, ოჯახი ჰქონოდა და მოსიყვარულე ცოლი ჰყოლოდა, თუმცა განგება სხვა გზას უმზადებდა.

ზუსტად იმ დღეს, როცა ყოფილმა პატიმარმა პირველი ხელფასი აიღო, გზად მაღაზიაში შეიარა. უნდოდა, მერი გაეხარებინა და პატარა სუვენირი უყიდა. გარეთ რომ გამოვიდა, თქეში მოდიოდა ციდან და გუჯა სირბილით გაუყვა გზას გაჩერებისკენ. მოულოდნელად ნაწვიმარზე ფეხი აუსრიალდა, იქვე მდგომ ქალს დაეჯახა, რომელიც მანქანაში ჯდებოდა. ქალი ძირს დაანარცხა. ტალახის გუბეში ჩავარდნილი, ძვირფას სამოსში გამოწყობილი უცნობი ისე აკივლდა, თითქოს მოკვლას უპირებდა ვინმე.

– ვინ ხარ, შე უპატრონო, მათხოვარო! თვალებში კარგად ვერ იყურები? ახლავე მილიციას გამოვიძახებ.

გუჯამ წყენა არ შეიმჩნია, გადაიხარა და ხელი გაუწოდა ქალს, რომ წამოდგომაში დახმარებოდა, მაგრამ მის სახეს რომ დააკვირდა, გაქვავდა. მის წინ ტალახში ამოსვრილი დედა იყო.

– ყველაფერი დამესვარა, იცი, რა ღირს ეს პიჯაკი? – ქალი წამოდგომას ცდილობდა.

– ვიცი, ეგ შენი ძონძები უფრო ძვირი ღირს, ვიდრე შვილის სიცოცხლე და სიყვარული. მეგონა, იმ საღამოს შენს კალთაში რომ არ ჩამძინებოდა, არ დაგკარგავდი. ჩემს თავს ვსჯიდი იმის გამო, რომ იმ საღამოს ძილმა წამართვა თავი. იმის შემდეგ დილაობით თვალების გახელის მეშინოდა, არ მინდოდა იმ სამყაროს დანახვა, სადაც შენ არ იყავი…

ქალი უცნაურად უყურებდა. აშკარა იყო, რაღაცას განიცდიდა, მაგრამ არავინ იცის, შვილზე დარდობდა თუ პიჯაკზე.

– ფულზე გამცვალე,- ხმა გაებზარა ყოფილ კრიმინალს, – ესეც აიღე, შენი იყოს! – ჯიბიდან იმ დღეს აღებული ხელფასი ამოიფხიკა და თავზე დააყარა ტალახში ამოსვრილ ქალს. შემდეგ შეტრიალდა, ჯერ ნელი ნაბიჯით გაუყვა გზას, მერე გაიქცა, რომ თვალზე მომდგარი ცრემლები არავის შეემჩნია.

გუჯა თათარაშვილი მერისთან აღარ დაბრუნებულა. მიხვდა, რომ მას ნორმალური ცხოვრების უფლება 5 წლის ასაკში წაართვეს და ეს სამუდამო განაჩენი იყო.

ისევ ციხეში

32 წლის თათარაშვილი ერთხელ კიდევ წარდგა სამსჯავროს წინაშე. ამჯერად ბრალდება გაცილებით მძიმე იყო – ორი ადამიანის განზრახ მკვლელობა. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, დაპირისპირება ორ კრიმინალს შორის ერთი “საქმოსნის” ამბავზე დაიწყო. გუჯა ყოველთვის მარტო მუშაობდა, ქურდავდა ბინებს, იპარავდა მანქანებს და ყიდდა, აყაჩაღებდა ადამიანებს.

ერთ დღესაც მისი გზა კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტთან, მეტსახელად ობობასთან, გადაიკვეთა. იმ სახლის მეპატრონე, რომელიც გუჯამ “გაიტანა”, ობობას მფარველობის ქვეშ იყო. მდიდარი საქმოსანი მას ფულს უხდიდა. თათარაშვილმა ეს ან არ იცოდა, ან სრულებით არ ანაღვლებდა.

– მოპარული ფული უნდა დააბრუნო, – ხანმოკლე კვლევა-ძიების შემდეგ ობობას ხალხი გუჯას მიადგა. თათარაშვილი ამ დროს უკვე ქალაქის ცენტრში, კეთილმოწყობილ ბინაში ცხოვრობდა და ახალი იმიჯიც ჰქონდა – ჰალსტუხისა და პიჯაკის გარეშე სახლიდან არ გადიოდა, ყველას თავს ისე აცნობდა, თითქოს რუსეთიდან ახალჩამოსული სწავლული იყო, მაგრამ კრიმინალებს რას გამოაპარებდა?

– რაღაც გეშლებათ, ბატონებო, წარმოდგენაც არ მაქვს, რა ფულზე ლაპარაკობთ.

– ჩვენთან თამაში არ გაგივა, – ერთ-ერთმა იარაღი ამოიღო და პირდაპირ შუბლზე მიაბჯინა.

– 48 საათი გაქვს დრო, – უთხრეს და წავიდნენ.

მეორე დღეს, საღამოს, როცა ფულის თაობაზე დაურეკეს, შეხვედრა დაუთქვა. რამდენიმე საათში კი მეგობარი მილიციელი ობობას დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ მისი თანამზრახველები ცეცხლსასროლი იარაღით დახოცილები იპოვეს.

გუჯა თათარაშვილი 4 თვის შემდეგ, მიმალვაში ყოფნის დროს დააპატიმრეს. მას ობობას თანამზრახველების მკვლელობა დაუმტკიცდა და 15 წლით პატიმრობა მიესაჯა.

უკანასკნელი წამები

როგორც გუჯა თათარაშვილის მეგობრები იხსენებენ, ის “მუშაობის” პროცესში დაუნდობელი იყო. შეეძლო თვალის დაუხამხამებლად გაენადგურებინა ყველა, ვინც გზაზე გადაეღობებოდა, მაგრამ ცრემლმორეული უყურებდა ავადმყოფ ბავშვს ან დავრდომილ მოხუცს. ერთი-ერთი რესტორნის წინ ხელგაწვდილი, ასაკოვანი ქალისთვის 3 ათასი მანეთი უჩუქებია და ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა.

მეორედ როცა დააპატიმრეს, სასამართლო პროცესზე მერი კვიციანი არ გამოჩენილა. მის ხელახალ პატიმრობას საქართველოში სამოქალაქო ომისა და ქაოსის წლები დაემთხვა. თათარაშვილმა ამჯერად მხოლოდ 12 წელი მოიხადა. მერი არც ციხის კართან ელოდა უკვე ჭაღარაშერეულ პატიმარს.

რუსთავის სასჯელაღსულებითი დაწესებულებიდან გამოსულს ორი ძველი მეგობარი დახვდა. მათ ჩაიყვანეს თბილისამდე და სასტუმროში დააბინავეს. გუჯას ქონებას, სასამართლო გადაწყვეტილებით, კონფისკაცია შეეხო, ამიტომ 44 წლის ასაკში თავიდან უნდა დაეწყო ცხოვრება.

გუჯამ თვითონაც არ იცოდა რატომ, მაგრამ ბოლო პერიოდში მერიზე ფიქრი აეკვიატა. მის მკლავებში უამრავმა ლამაზმა ქალმა გაიარა, რამდენჯერმე ისიც იფიქრა, შეყვარებული ვარო, მაგრამ ციხეში ყველას სახე გაფერმკრთალდა, მერი კვიციანის გარდა.

გათავისუფლებიდან რამდენიმე დღის შემდეგ გუჯა სასტუმროდან გავიდა, ტაქსი გააჩერა და მძღოლს მისამართი უთხრა. როცა მერის კორპუსთან გაჩერდნენ, გადავიდა და მის ფანჯრებს ახედა. სინათლე გამორთული იყო. უეცრად ყურში ნაცნობი ხმა ჩაესმა და მიტრიალდა. მისგან ოდნავ მოშორებით მდგარი მანქანის საბარგულიდან ქალი ჩანთას იღებდა, გვერდით თოთხმეტიოდე წლის ბიჭი ედგა – მაღალი, მრგვალი პირისახის. შავი, ხუჭუჭი თმა შუბლზე ჰქონდა ჩამოყრილი. ბიჭი ისე ჰგავდა, გუჯა თათარაშვილს სუნთქვა შეეკრა.

უნდოდა, გაქცეულიყო და შემოხვეოდა დედა-შვილს, მაგრამ ვერ გაბედა. თვალით გააცილა სადარბაზომდე და დიდხანს გაუნძრევლად იდგა.

“გამოვასწორებ, ყველაფერს გამოვასწორებ, შვილი მყავს, ნამდვილად ჩემი შვილია”, – იმეორებდა გულში. გუჯას ისეთი განცდა დაეუფლა, თითქოს წონა დაკარგა და ნაბიჯებს კი არ ადგამდა, ჰაერში მიცურავდა.

თვითონაც ვერ მიხვდა, როგორ გავიდა ეზოდან ტრასაზე. უცებ შემზარავმა კივილმა გამოაფხიზლა. გარშემო მიმოიხედა, პატარა, ყვითელი ავტობუსი, რომელიც 90-იან წლებში გაზით იმართებოდა, ცეცხლმოკიდებული ცალ მხარეს გადაყირავებულიყო და გასავლელი კარი ჩაეკეტა. შიგნით დარჩენილი მგზავრები ფანჯრებს იყვნენ მიკრული და შველას ითხოვდნენ.

გუჯა გარშემო შემოკრებილ მამაკაცებს შეუერთდა, რომლებიც ავტომობილის გასწორებას ცდილობდნენ, რომ მგზავრები გამოეყვანათ. მცდელობა წარმატებით დამთავრდა, კარიც გააღეს, მაგრამ დაშავებული, ბოლით თვალებდაბინდული მგაზვრები გამოსვლას ვერ ახერხებდნენ, ავტობუსი კი წუთი წუთზე აფეთქდებოდა.

გუჯა ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც ცეცხლმოკიდებულ ავტობუსში შესვლა გაბედა და ორი ჩვილი გამოიყვანა, შემდეგ კიდევ ერთი ქალი მცირეწლოვან გოგონასთან ერთად. ავტობუსში დაბრუნება უკვე სიკვდილის ტოლფასი იყო, გუჯა ერთ წამს შეყოვნდა, მაგრამ ვიღაც მომაკვდავის ხმა ჩაესმა, ისევ ცეცხლმოკიდებულ ავტობუსში შევარდა. ეს მის ცხოვრებაში ბოლო წამები იყო. იქაურობა საშინელი აფეთქების ხმამ გააყრუა…

 ხათუნა მაღრაძე, სარკე