“თანახმა ვარ, აქედან ჯორზე შესმული გამომიშვან, ოღონდ ბავშვი დამიბრუნონ” – ქართველი წყვილი შვედეთში შვილისთვის იბრძვის

"თანახმა ვარ, აქედან ჯორზე შესმული გამომიშვან, ოღონდ ბავშვი დამიბრუნონ" - ქართველი წყვილი შვედეთში შვილისთვის იბრძვისქართველების წყვილი, ცოლ-ქმარი კონსტანტინე კირვალიძე და ლიკა სხილაძე 2 წლის წინ შვედეთში წავიდნენ და თავშესაფარი ითხოვეს. სახელმწიფომ მათ ადგილი საერთო ბანაკში მიუჩინა. ლიკა შვედეთში დაფეხმძიმდა და პატარა ერიკი გააჩინა. 9 თვის შემდეგ სოციალურმა სამსახურმა გადაწყვიტა, რომ ერიკს მშობლების გარეშე უნდა გაეგრძელებინა ცხოვრება, რადგან, მათი აზრით, ისინი ბიჭუნას საფრთხეს უქმნიდნენ.

კონსტანტინე კირვალიძე სამშობლოში რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული, მიზეზი ნარკოტიკების მოხმარება გახლდათ. იგი ციხეში იჯდა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროსაც, საკუთარ თავზე იწვნია იქ დატრიალებული ჯოჯოხეთი და ამ ყველაფერზე წიგნიც დაწერა – “შავი ლაქა”. მასში ცალკეული მოთხრობებია შეტანილი – “ბუტა რობაქიძე”, “აფრასიძეების საქმე”, “რეალობა გისოსების მიღმა”, “დედიკო, დედიკო, რატომ დაიწყო ომი?”, “ნარკომანიის უფსკრულში”, “დაკარგული თაობა”, “წერილი პრეზიდენტს”, “ცა, რომელიც ჩვენი სახლის ფანჯრიდან ჩანს…”.

წიგნი წერილების სახითაა დაწერილი. ავტორი თავის მეგობრებთან ერთად ყვება იმ შემზარავი რეალობის შესახებ, რაც საკუთარ თავზე გამოსცადა ციხეში. ის პროტესტია ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგ და ეძღვნება ციხეში დაღუპულ ადამიანებს.

კონსტანტინე კირვალიძე, რომელსაც ათწლიანი სასჯელი ჰქონდა შეფარდებული, “ოცნების” ხელისუფლებამ 2013 წელს ამნისტიით გაათავისუფლა, მაგრამ მოგვიანებით ისევ დააპატიმრეს, რადგან კვლავ მარიხუანა მოიხმარა. ამბობს, რომ საქართველოში ან სულ ციხეში უნდა მჯდარიყო, ან ქვეყნიდან უნდა გაქცეულიყო. ამიტომ, როგორც კი ევროპის საზღვრები გაიხსნა, შვედეთში წავიდა.

უკვე სამი თვეა კონსტანტინე კირვალიძე სოციალურ ქსელში თითქმის ყოველდღიურად ითხოვს დახმარებას – ბავშვი წამართვეს და მიშველეთო. ის “სარკეს” მოუყვა, რა გადახდა თავს საქართველოში, რატომ ჩამოართვეს ბავშვი შვედეთში და რა გზას დაადგა, რომ როგორმე პატარა ერიკი დაიბრუნოს.

კონსტანტინე კირვალიძე: 2008 წლიდან 2013 წლის ამნისტიამდე ციხეში ვიჯექი. ჩემს წიგნში შემსუბუქებულია ის ამბები, რაც იქ ტრიალებდა. სულ 11 წელი მქონდა მისჯილი და 6 წელი კიდევ უნდა ვმჯდარიყავი.

– რის გამო დაგაპატიმრეს?

– მარიხუანის მოხმარებისთვის. პირველად რომ დამაპატიმრეს, მაშინ სახლი გავყიდე, ფული გადავიხადე და მხოლოდ 2 თვე ვიყავი საპყრობილეში. 3 წელი მქონდა პირობითად მისჯილი. რომ აეწონათ, ორივე შემთხვევაში 2-3 გრამიც არ გამოვიდოდა მარიხუანა, რომელიც მინახეს, მაგრამ ორჯერვე დიდ რაოდენობად გააფორმეს. ეს იყო ველური მარიხუანა, თავისით რომ ამოდის. ბოლოს “ოცნების” ხელისუფლებამაც ამის გამო დამიჭირა. დავიღალე, მთელ ცხოვრებას ციხეში ხომ არ გავატარებდი?! როგორც კი მომეცა საშუალება, საქართველოს გავეცალე. სისტემა მდევნიდა.

ნაციონალებმა 5-ჯერ დამაკავეს, ერთხელ – “ოცნებამაც”, რადგან ჩემი და ჩემნაირი ადამიანებისთვის სისტემა უცვლელი დარჩა. საზოგადოებრივად მუდამ აქტიური ვიყავი, დავდიოდი აქციებზე, რომლებსაც იღებდნენ, მასალას ამუშავებდნენ და მერე ვინც პრობლემას ქმნიდა, მას თავად უქმნიდნენ პრობლემას.

ვვარაუდობდი, რომ წიგნის გამო მდევნიდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, ჩემი შეხედულებებიც აწუხებდათ ნარკოპოლიტიკასა და სხვა საკითხებზე. ჩემი აზროვნების გამო ვიდევნები. ნაციონალებს ვაბრალებდი ყველა ჩემს უბედურებას, მაგრამ ეს მთლიანად სისტემაა, სადაც ხან ნაციონალები შედიან და ხან “ოცნების” წარმომადგენლები, მხოლოდ სახელები და გვარები იცვლება.

– მარიხუანის მოხმარების გამო რომ აპატიმრებდნენ, ხომ იცოდით?

– და რა მერე! აღარ უნდა მომეწია?! ეს იგივეა, წაქცეულ ადამიანს რომ უთხრა, რატომ წაიქეციო. სუნთქვა რომ კანონით დასჯადი გახდეს, რა, აღარ ისუნთქებთ?! ჩემთვის ეს ერთი და იგივეა. მოწევით არასოდეს შემიქმნია საფრთხე სხვისთვის. ადამიანებმა ჩვენი კანონებით უნდა ვიცხოვროთ და არა კონკრეტული ხელისუფლების წარმომადგენელთა ნების მიხედვით. ადამიანთა დამონების წინააღმდეგი ვარ და მოწევაც ერთგვარი პროტესტია. თუ არაფერს დაგიშავებ და ტრანსპორტში სუნი არ ამივა, არ გაქვს უფლება, სახლში შემომივარდე და სულში მიფათურო ხელები.

– საქართველოდან როდის წახვედით?

– 2 წლის წინ, როგორც კი სავიზო რეჟიმი გაიხსნა. მანამდე ფიზიკურად ვერ ვახერხებდი ქვეყნის დატოვებას. ქართულმა სისტემამ აქაც მარტივად მოახერხა ჩემთვის პრობლემების შექმნა და ჩემი ცოლ-შვილიც გარია ამაში. ჩემ გამო მათ სჯიან…

მე და ჩემი მეუღლე როცა საქართველოდან წავედით, შვილი არ გვყავდა. ექიმებთან დავდიოდით, ვმკურნალობდით, მაგრამ არ გვიჩნდებოდა. არ ვიცი, მანდ რა ხდება, მაგრამ გავიგე, რომ უშვილო წყვილები გადიან საქართველოდან და შვილიც უჩნდებათ. აქ ჩამოვედით თუ არა, სასწაული მოხდა და პირველივე დღეს დაფეხმძიმდა.

– სად ცხოვრობდით?

– ბანაკში და პირველი 6 თვე პრობლემა არ გვქონდა, რადგან იქ არ იყვნენ ქართველები და არავისთან გვქონდა შეხება. ეს ბანაკი კუნძულ სკოტლანდზე იყო, გადასარევ გარემოში. მერე სტოკჰოლმში ჩამოვედით და პრობლემები დაიწყო.

– რატომღა წახვედით სკოტლანდიდან?

– ჩავთვალე, რომ საბუთების მოგვარების შანსი დედაქალაქში უფრო იყო. ამ დროს დახმარების თანხაც გემატება, მაგრამ ბინის დაქირავება იმდენად ძვირია, ის ფული ნახევარსაც არ ჰყოფნის. ნათესავები და მეგობრები მეხმარებოდნენ, რომ ქირა ბოლომდე დამეფარა. არც მე ვთაკილობდი შრომას, სიმძიმეებს ვათრევდი. ისეთ სამუშაოზე ვიმუშავე, ყველას რომ უკვირდა, როგორ ვძლებდი. ერთი მეუბნებოდა, ამ მშენებლობაზე ისე გტვირთავენ, მეორე დღეს ვეღარ დგები და გეუბნებიან, რა ვქნა, ძმაო, ვერ უძლებო. მე კი გავუძელი და იქ სამი კვირა ვიმუშავე.

– მოგვიყევით, რატომ ჩამოგართვეს ბავშვი.

– მარიხუანის მოხმარებისა და ჩემი ხმის ტემბრის გამო – ბოხი ხმა მაქვს. ახლა ქუჩიდან გესაუბრებით და ხალხი ისე მიყურებს, ჰგონიათ, გეჩხუბებით. მეზობლებმა მისცეს ჩვენებები, ცოლს მთელი დღე ეჩხუბებაო, არადა მსგავსი არაფერი ხდება. ალბათ ნახავდით, ერთად გადაღებულ ლაივებს ვდებთ “ფეისბუქში” და არანაირი უთანხმოება არ გვქონია. აქ ქართველები ქმნიან პრობლემებს. ისინი აძლევენ ცრუ ჩვენებებს და მემუქრებიან, ეს ქვეყანა დატოვე, თორემ ცუდი რაღაცები დაგემართებაო.

ცოლი ერთი დღე ვერ ძლებს ჩემ გარეშე და წერენ, ცუდად ექცევაო. ბავშვი რომ წაგვართვეს, ჩემი ცოლი საავადმყოფოში მოხვდა. ამ ყველაფრის გამო ფსიქიკურად დაავადდა. ჩემზე ისიც კი თქვეს, ბავშვს სხეულზე სიგარეტს აწვავდაო. უკვე კარგა ხანია შველას ვითხოვ – ცილს მწამებენ და დამეხმარეთ-მეთქი.

ბავშვი 9 თვის იყო, რომ ჩამოგვართვეს და უკვე ერთი წლის გახდა. როგორც წესი, ერთ წლამდე ბავშვს მშობლებს არ აშორებენ, რეალურად თუ არ ემუქრება საფრთხე. ბავშვს ჩვენთან დაშორებით მიაყენეს ტრავმა. ვიდეოები მიდევს, სადაც ჩანს, როგორ ეთამაშება ბურთს. 3 თვე გავიდა და ბავშვი ფეხებს ვეღარ ამოძრავებს. აქ სრული განუკითხაობაა.

– რეალობისგან ცოტა შორს ჩანს ის, რომ შვედეთში განუკითხაობაა…

– შვედეთში ნამყოფი ხართ? გერმანიამ დაიწყო მსოფლიო ომი. საკონცენტრაციო ბანაკი წარმოსადგენია?! ხომ გიყვებით, რაც ხდება შვედეთში?! მე ვეწეოდი, მაგრამ ჩემი ცოლი და ბავშვი რა შუაში იყვნენ? შვედეთს აქვს მკაცრი კანონები და ნებისმიერი ცრუ ჩვენების გამო ადამიანებს პასუხს აგებინებენ. მეზობელმა რომ თქვას, ხმაურობდაო, სჯერათ. რამდენჯერაც ხმას ამოვიღებ, ყველა მიყურებს – რამხელა ხმა გაქვსო.

მოწევას თავი დავანებე – სამი თვეა ტესტებს ვიტარებ იმის დასამტკიცებლად, რომ აღარ ვეწევი და ახლა დამძახიან, ბოხი ხმა გაქვს და ბავშვს ტრავმას მიაყენებო.

– ანუ, ახლა აღარ ხართ მარიხუანის მომხმარებელი?

– არა. როგორც კი ბავშვი წაიყვანეს, რა აღარ გავაკეთე. ალკოჰოლსაც შევეშვი, მარიხუანასაც. ტესტში ერთადერთხელ ამომივარდა ლუდის დალევა. კვირაში სამჯერ დავდიოდი ტესტის ჩასაბარებლად. მითხრეს, აეროპორტამდე უნდა იარო და ეს არის ჩვენი მხრიდან შენზე ზრუნვაო. ამის მერე აღარ ჩამიბარებია. სასამართლოზე ითქვა, არის შანსი, კირვალიძემ ისევ მოწიოსო. ყველაფერზე ჩავიქნიე ხელი. ერთადერთი ის მინდა, რომ ამათ თავი დავაღწიო.

– ბავშვი სად არის ახლა?

– სხვადასხვა ოჯახებს იცვლის და არ გვიმხელენ, სად ჰყავთ. გვეუბნებიან, დიდი შანსია, რომ გაიტაცებთო. თავიდან კვირაში სამჯერ ვნახულობდით. ახლა მხოლოდ ჩემი ცოლი დადის მის სანახავად, მე ვეღარ შევძელი მისი ნახვა, რადგან ვხედავ, როგორ ცუდადაა უჩვენოდ.

აგრესიული საუბრის მანერა გაქვსო, ახლა ამას მედავებიან, წარმოგიდგენიათ?! მთელი მსოფლიო ეწევა და ყველას ბავშვს ართმევენ?! აქაური კანონით, ბავშვი რომ წყლის მოსატანად გააგზავნო, ძალადობაა. ოჯახში თუ დომინანტი კაცია, ესეც ძალადობააო. რაშიც ჩემი ცოლია უფრო ძლიერი, იმ გადაწყვეტილებას ის იღებს და რასაც მე ვთვლი საჭიროდ, იმას – მე და რა, ოჯახს არ გვაქვს უფლება, რაც გვინდა, ის ვაკეთოთ?! ისიც კი უნდოდათ, ცოლი რომ დაეშორებინათ ჩემთვის.

– ამ ხნის განმავლობაში შვედეთის სახელმწიფოს დახმარებით ცხოვრობთ, ხომ?

– დიახ. რადგან ჩავბარდით, დახმარება გვეკუთვნის. მინდოდა, ჩემს შვილს ისეთ ქვეყანაში ეცხოვრა, სადაც მონად არ ჩათვლიდნენ – როგორც მე ვითვლებოდი ჩემს სამშობლოში. მე ციხიდან არ გამომაყოფინეს თავი. ახლა კი საქართველოს ვნატრობთ.

– საქართველოში რომ დაბრუნდეთ, არც ამ შემთხვევაში დაგიბრუნებენ ბავშვს?

– გვეუბნებოდნენ, თუ წახვალთ, ბავშვს დაგიბრუნებთო, მაგრამ ახლა ამბობენ, თქვენ თუ გინდათ, წადით, ბავშვს ვერ გაგატანთო.

– ბავშვი შვედეთის მოქალაქედ ითვლება?

– არა და იმიტომაც უნდა დაებრუნებინათ, რომ შვედეთის მოქალაქედ არ ითვლებოდა. ახლა ავიღე საბუთი, სადაც საქართველოს მოქალაქე წერია, მაგრამ ჯერ ეს სტატუსი არ აქვს მინიჭებული. ამ საბუთით შევძლებ საზღვარზე მასთან ერთად გადასვლას.

უნდათ, საჩვენებლად დაგვსაჯონ – დეპორტით გამოგვიშვან. 2 წელია აქ ვართ და ამ ხნის განმავლობაში ან პოლიტიკურად დევნილის სტატუსი უნდა მოეცათ, ან დეპორტი გაეკეთებინათ. არავის აქვს უფლება, საქართველოს მოქალაქეს ასე მოექცეს, არ გაითვალისწინოს მისი კულტურული ნიშან-თვისებები, ის, რომ მაღალი ხმა გვაქვს და ა.შ. შვედებივით ცხოვრება მოგვთხოვეს. მოდი და დამიჭირე, თუ ასეთი მაღალი ხმა მაქვს და ხალხს ვაშინებ, მაგრამ ბავშვს რას ერჩი?!

წერენ, დედამ ვერ იზრუნა, რომ ბავშვი მამისგან გაერიდებინაო. ჩემს ცოლს ბავშვი ბუნებრივ კვებაზე ჰყავდა და ამის გამო მკერდის ტკივილი და პრობლემები დაეწყო. არაფერი გაითვალისწინეს.

მოვწევ თუ დავლევ, მაინც კარგ ხასიათზე ვარ, ბავშვს ვეთამაშები… არასდროს არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია. საქართველოში, მაქსიმუმი, მე დამსაჯონ. აქ კი ჩემს ცოლს და შვილს სჯიან. ყველაფერზე თანახმა ვარ, ოღონდ ბავშვი დავიბრუნო. თუ დეპორტით, ჯორზე შესმულს გამოგვიშვებენ, მაშინ ბავშვსაც გამოგვატანენ. თუ ჩვენი ნებით წამოვალთ, არ გვატანენ. თანახმა ვარ, დეპორტით გამოგვიშვან, ოღონდ შვილი დავიბრუნოთ. მთავარი მისი გადარჩენაა, თუნდაც მერე აღარცერთ ქვეყანაში შეგვიშვან.

– საქართველოს საელჩოს არ მიმართეთ ამდენი ხნის განმავლობაში?

– საელჩოსთვის რომ მიმემართა, მაშინვე დეპორტს ჩაგვირტყამდნენ. ახლა კი ზუსტად ეგ მინდა – დეპორტი დამიჩქარონ და ბავშვი დავიბრუნო.

– მარიხუანის მოხმარებას სამუდამოდ დაანებეთ თავი?

– იძულებით დავანებე. ასე 6 წელი მქონდა დანებებული საქართველოში, ციხეში ყოფნის დროს. მანდ მეუბნებოდნენ, შენზე ვზრუნავთ, რომ არ მოწიო და იმიტომ გაპატიმრებთ, სარდაფში იმიტომ გამწყვდევთო. შესაბამისად, არც ესაა თავის დანებება. თუმცა ვაღიარებ, მართალია, რომ, როცა ბავშვი გყავს, დღეში 5-ჯერ არ უნდა მოწიო.

 რუსუდან ადვაძე, სარკე