,,მითხრეს, შეგიძლიათ საფრანგეთში მასწავლებლად იმუშაოთო” – ქართველი ემიგრანტის დაუჯერებელი ისტორიის გაგრძელება

,,მითხრეს, შეგიძლიათ საფრანგეთში მასწავლებლად იმუშაოთო" - ქართველი ემიგრანტის დაუჯერებელი ისტორიის გაგრძელებასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი დიანა ჭანკოტაძე იმ ამბის გაგრძელებას ყვება, რომელმაც რამდენიმე თვის წინ სოციალური ქსელები მოიცვა. ფეისბუქში წერს:

,,მეგობრებო, ვისაც ახსოვს რამდენიმე თვის წინ როგორ ,,მომაკითხა” საფრანგეთის სახელმწიფო ორგანიზცია ,,პოლამპლუამ” იმ მიზნით, რომ პროფესიოულ გადამზადებაში დამეხმაროს, აი, გაგრძელება:

ალბათ გახსოვთ ერთ თავმოუწესრიგებელ ქალბატონზე ვწერდი, ბევრმა ვერ გამიგო, ვწერდი იმიტომ, რომ მეთქვა: როდესაც შენი საქმის პროფესიონალი ხარ და სახელმწიფო სამსახურში მუშაობ, შენი ვალია, ადამიანებს მართლაც სულში ჩაუძვრე, რომ მოემსახურო. ჩემი გამოცდილებით, სამწუხაროდ, საქართველოში სახელმწიფო სამსახურებში პოდიუმიდან ჩამოღებული გოგონები სხედან და თვალს უხარია, მაგრამ ხანდახან მხოლდ სხედან.

ერთი სიტყვით ქალბატონი ჟაკლინის შემოთავაზების შემდეგ, რომ ჩემი წვრილშვილობიდან გამომდინარე, შემეცვალა პროფესია და სკოლაში მასწავლებლის დამხმარე გავმხდარიყავი, ცოტა დრო გავიდა. თავიდან ვუთხარი, რომ მოვიფიქრებდი, სახლში დიდი განსჯების შემდეგ და დადებითი მხარეების გამარჯვებისას, ამ ქალბატონს წერილობით ვაცნობე, რომ თანახმა ვიყავი. ერთ დღეს დამირეკა, მიბრძანდით ამა და ამ მისამართზე, გადამზადების კურსებს გთავაზობთო. მივბრძანდი, იქაც ბედნიერად მიმიღეს და მითხრეს, რომ მე ჩემი ფრანგული დიპლომებით არა სკოლის მასწავლებლის დამხმარეობა, არამედ დაწყებითი კლასების მასწავლებლბა შემეძლო.

უცებ ძალიან გამიხარდა, მე ხომ ფრანგული მოქალაქეობის მიუხედავად მაინც ქართველი ვარ და თავში მომენტალურად ჩაერთო: ,,ვაა, რა მაგარია, ხელფასიც მეტი სადღაც 2000 ევრო თვეში, იგივე არდადეგები ანუ ყოველ ორ თვეში ორი კვირაც ჩემია, აქ ხომ სკოლები ოთხშაბათს არ სწავლობენ, ეგეც ჯიბეში მაქვს, ამას დამატებული მთელი ზაფხული საქართველოში წავსულვარ და ბოლოს, სახელმწიფო მოხელე ვხდები, რაც ნიშნავს გარანტირებულ მაღალ პენსიას, იუპიი “.

მითხრეს მოიფიქრეო, ორ წუთს შეისვენეთ ყავა დალიეთ და გვითხარით პასუხი, რომ იმ კონკურსისთვის მოგამზადოთ, რასაც აირჩევთო. დავფიქრდი და აქ შემეშინდა. მე ქართველი, რაოდენ საფრანგეთში 14 წლიანი ცხოვრებისა და რეიმსის სახელმწიფო უნივერსიტეტში 4 წლიანი საპროფესორო გამოცდილებით ვიყო, მაინც ქართულ სკოლადამთავრებული, შევძლებ ფრანგ ბავშვებს ფრანგული ანა-ბანა შევასწავლო? დიდი პასუხისმგებლობაა, ღმერთმანი, თუ როგორ ამბობდა ის კარგი ბიჭი – ,,ჩემმა მზემ”.

ბავშვი ყველაზე ძვირფასი და სათუთია, ასე არ არის? ჰოდა, შემატყვეს ყოყმანი, გავუზიარე ფიქრებიც, მადლობა გადამიხადეს და მითხრეს: ,,ჯერ ასე დაიწყეთ, გამოცდილებას შეიძენთ და მასწავლებელიც უფრო თავდაჯერებულად გახდებითო”. დღეს მომწერეს, სახელმწიფო არა მხოლოდ გიფინანსებს ამ მოსამზადებელ კურსებსა და კონკურსს, არამედ ვიცით, სამი შვილი გყავთ და თქვენ როცა გცალიათ, მაშინ ჩაგწერთო.
ის ვინც საფრანგეთშია, ოღონდ აუცილებლად ლეგალურად, ამავე დროს კი ფრანგული ენა კარგად იცის, ამ ქვეყანაში ნამუშევარიც აქვს, მიმართეთ ,,პოლამპლუას” არა მოთხოვნებით ,,ჩვენ ქართველებს გვეკუთვნისო”, არამედ თხოვნით და მოტივაციით, ისინი კი ყველაფერს გააკეთებენ თქვნეთვის.
მივდივარ მედიიდან სკოლაში, თუმცა დროებით, რადგანაც ჩემი გეგმების უდიდესი ნაწილი ისევ საქართველოს უკავშირდება. იქამდე კი როგორც ფრანგები იტყვიან: ,,მაცივარი კვირიდან კვირამდე გამოსავსებია და ამისთვის მხოლოდ მუშაობაა სავალდებულო”. ეს არის ევროპა და ასეთი გვინდა, გახდეს საქართველოც”.