ეკა კვესიტაძე: ,,ბებიაჩემი მენატრება და სასტიკად მეზარება მილოცვებზე პასუხის გაცემა”

ეკა კვესიტაძე: ,,ბებიაჩემი მენატრება და სასტიკად მეზარება მილოცვებზე პასუხის გაცემა” ტელეწამყვანი ეკა კვესიტაძე ფეისბუქით თავისი ოჯახის ისტორიასა 42 წლის წინანდელ ამბავს ყვება – დღეს ჟურნალისტი 42 წლის გახდა.

,,არსებობს ასეთი ლეგენდა – 1977 წლის 2 მარტის გვიანი საღამო იყო, უფრო სწორად, უკვე დაწყებული იყო 3 მარტი, რადგან დაახლოებით დილის 3 საათი იდგა.

ახალგამოღვიძებული ბებიაჩემი ტელეფონის ზარზე საპასუხოდ ადგა. წარმოსადეგი ქალი იყო, რკინის ხასიათით – ემოციებს ტყუილად არ ხარჯავდა. 6 წლის იყო, დედა, ნინა კაშია რომ მოუკვდა და მამისმა სკოლიდან გამოიყვანა, რომ თავისი უმცროსი და-ძმისთვის მოევლო. დედის მშობლები ცხოვრებაში არ უნახავს – კაშიების მდიდარმა ოჯახმა, რომლებიც ქუთაისში ცხოვრობდნენ, შვილს – ქალთა გიმზანია დამთავრებულ,  უცხო ენების მცოდნე ნინა კაშიას (რომელიც ჩემს წარმოდგენაში ულამაზესი ქალი იყო) არ აპატია, რომ გაიპარა და საზანოში ერთ უპოვარ გლეხს, სეფე გიორგაძეს მითხოვდა (ეს ვერც მე ვერადროს ვაპატიე ნინას).

ძაღლი სულში მიაკვდათ – ამ ფრაზას ბებიაჩემი მხოლოდ თავის უნახავ ბებია-ბაბუაზე ლაპარაკისას ხმარობდა. ერთხელ ბიძამისს საზანოდან თავისი მშობლების დაუკითხავად წაუყვანია ქუთაისში – ჩემს წარმოდგენაში ის სახლი, რომელსაც ბებიაჩემი აღწერდა, სამსართულიანი იყო, თეთრი, ლამაზი რიკულებით და ფართო ფაჯრებით. ბებიაჩემმა იმ ფანჯრებში მხოლოდ შეხედვა შეძლო და ჩემი აზრით, იმის შემდეგ კიდევ უფრო შეიძულა ისინი, რადგან იმის შემდეგ სულ თან სდევდა ბებია-ბაბუისგან მიტოვებული, დაობლებული ბავშვის სევდა.

სამაგიეროდ, იყვნენ ისეთებიც, ვის სულსაც ბებიაჩემი ყოველ სისხამ დილით ნათელში აგზავნიდა, დედამისის, ნინა კაშიას დაქალი და მისი ნათლია – ასათიანის ქალი და მისი შვილები – როგორც მახსოვს გენერლები, რომლებიც 1924 წელს ემიგრაციაში წავიდნენ.

სკოლიდან გამოყვანილმა წერა-კითხვა ნათლიის სახლში ისწავლა – როცა დაქირავებული მასწავლებელი ნათლიის შვილიშვილებს ამეცადინებდა. ჩამოჯდებოდა თურმე ახლომახლო და ასე სწავლობდა კითხვას და ასე იზეპირებდა იმ ლექსებსაც, რომელიც 80 წლის ასაკშიც თავიდან ბოლომდე ახსოვდა.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ პოპინე გიორგაძემ, რომელმაც აპოლონ კვესიტაძეზე გათხოვების შემდეგ, თავის ქმრის თხოვნით გუგულა დაირქვა, რომელმაც ეჭვიანობის გამო ქმარი ბაქოში უმაღლესი განათლების გასაგრძელებლად არ გაუშვა, სამაგიეროდ, ომის დროს ღამეებს თოფით ხელში გარეთ ათევდა, რომ საკუთარი ვენახი და სახლი ქურდებისგან დაეცვა, ხოლო მშვიდობინობის დროს მზად იყო, მეზობელ სოფელში გადასასვლელად შუაღამისას მგლებით სავსე სერი მარტო გადაევლო, რათა ქმრის ერთგულებაში (თუ ღალატში) დარწმუნებულიყო …

2 მარტის ღამეს სახლში აწკრილებული ტელეფონის ზარზე საპასუხოდ გაეშურა (ჩემს წარმოსახვაში ხალათის მოცმაც კი ვერ მოასწრო), იმაში დარწმუნებული, რომ მეოთხე შვილიშვილის სახით კვესიტაძეების გვარს კიდევ ერთი მემკვიდრე და გამგრძელებელი გამოუჩნდებოდა (ყველანაირი ხალხური გათვლებით ასე უნდა ყოფილიყო), ხოლო, როცა უთხრეს, რომ მშვენიერი, ჯანმრთელი გოგო დაიბადა, მახარობელს უკმეხად უპასუხა – მაგას ხომ ხვალ დილითაც გავიგებდი (ბებიაჩემი, რასაკვირველია, ამ ლეგენდას ყოველთვის უარყოფდა).
გრძელი პოსტი გამოვიდა, არადა დღეს, ჩემს დაბადების დღეზე მარტო იმის დაწერას ვაპირებდი, რომ, მე მგონი, მართლა დავბერდი, რადგან ბებიაჩემი მენატრება. სამაგიეროდ, სასტიკად მეზარება მილოცვებზე პასუხების გაცემა”.