,,წამალი საერთოდ არ მიმიღია, არც ექიმთან ვყოფილვარ” – 88 წლის ქართველი მხატვრის დღეგრძელობის საიდუმლო

,,წამალი საერთოდ არ მიმიღია, არც ექიმთან ვყოფილვარ” - 88 წლის ქართველი მხატვრის დღეგრძელობის საიდუმლო88 წლის მხატვარი, ალექსანდრე (შურა) ციხელაშვილი სალამურზე უკრავს, მღერის, დიდი ხანია, იოგითაა დაკავებული, მოგზაურობს… კითხვაძე, ბოლოს მაღალმა წნევამ როდის შეგაწუხათო, პასუხობს, ეგ რა არის, საერთოდ არ ვიციო.

– ბატონო ალექსანდრე, პირველ რიგში ცხოვრების სტილზე მიამბეთ. აქტიური ხართ 88 წლის ასაკში. ბევრს დადიხართ, ხატავთ და ამავდროულად, იოგით ხართ დაკავებული. რამდენი წელია, ვარჯიშობთ?
– ხატვა ისე გიტაცებს, ვერ გრძნობ, როგორ გადის საათები და ვერ ხვდები, რომ უნდა ადგე და შეისვენო. ხშირად დილიდან საღამომდე შეუსვენებლად მიხატია და ზოგჯერ სადილობაც არ გამხსენებია. რამდენიმე საათს გაუნძრევლად ჯდომისას, ხერხემალი და წელი იტვირთებოდა, არასწორი კვებისა და ძილის რეჟიმის გამო, 3-საათიანი ხატვის შემდეგ, ხატვას ვეღარ ვახერხებდი.

მაშინ 40 წლისაც არ ვიყავი და მივხვდი, რაღაც უნდა შემეცვალა, მემოქმედა.  დავიწყე იოგის ბროშურის მიხედვით ვარჯიში და ნელ-ნელა შედეგიც მივიღე. ვიგრძენი სილაღე, ხატვის დროს ტკივილები მომეხსნა. დღეს შემიძლია ვიტრაბახო: ჩემი ასაკის ხალხს უჭირთ სიარული, ნაწილი დიდი ხანია, ამქვეყნადაც აღარ არის. წამალი საერთოდ არ მიმიღია და არც ექიმთან ვყოფილვარ. შემიძლია, ყინვაში წყალში ჩავხტე და ამოვიდე, არ გავცივდები.
– როგორც ვიცი, მხოლოდ ვარჯიში არ არის მთავარი, კვებითაც ხელშეწყობაა საჭირო…
– აბსოლუტურად მართალია. ვარჯიშს არანაირი შედეგი არ ექნება, თუ კვებისა და ძილის რეჟიმიც არ იქნება მოწესრიგებული. არასწორი კვების შედეგად ხდება ადამიანი ავად. ზომიერება უნდა დავიცვათ. ავადმყოფობა მგელი არ არის, რომ შემოგივარდეს, მას ჩვენ ვუწყობთ ხელს და შეგვიძლია თავის განკურნებაც. ამ ასაკში შემიძლია წავიდე მთაში, წავიღო წყალი და ეს საკმარისია. წლების განმავლობაში უკვე ვიცი ჩემი კვების რაციონის ზომა-წონა, ასეთ ცხოვრებას ეჩვევი და ფაქტობრივად, შენი ორგანიზმის მბრძანებელი ხდები. დღეს რომ ვხატავ, ვერანაირ დაღლას ვერ ვგრძნობ, პირიქით, მედიტაციას განვიცდი. ზოგჯერ ქეიფიც მიწევს და ნაბახუსებზე არ ვვარჯიშობ, ორგანიზმს 2-3 დღე ვასვენებ, ეს აუცილებელია და მერე ისევ ჩვეულ რეჟიმში ვდგები.

ხაშურის რაიონის სოფელ სავანისუბანში დაიბადა. დედა კარგად ქარგავდა, მღეროდა, ხატავდა, მუსიკალური ნიჭი ჰქონდა მამასაც – სალამურსა და დოლზე უკრავდა. ოჯახის მეშვიდე შვილმა, ალექსანდრემ ხატვის ნიჭი ბავშვობიდან გამოავლინა. ზოგჯერ არც ქაღალდი ჰქონდა და არც ფანქარი, მაგრამ, როცა ამის საშუალება მიეცემოდა, ხატავდა ყველაფერს, რასაც ხედავდა.
ქართული მითოლოგია და ბერძნული ერთნაირად იტაცებს და ამის საწყისი ჯერ კიდევ ბავშვობაში სოფლის ბიბლიოთეკაში აღმოჩენილი წიგნები იყო. მას შემდეგ ამ თემაზე ბევრს კითხულობს და პარალელურად მუშაობს ილუსტრაციებზე, რაც მისთვისაც განსაკუთრებით სასიამოვნოა.
იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელი, სამხატვრო აკადემია.

-ვეფხისტყაოსნის” ილუსტრაციებზე ვიმუშავე და ის ნამუშევრები ძალიან მიყვარს. თუმცა, ახლა რომ თავიდან ვიწყებდე ხატვას, მგონია, უკეთესად გავაკეთებ. შოთა რუსთაველს რაც ეკადრება, იმ დონეზე უნდა შესრულდეს ყველაფერი. რაც მთავარია, ამ ნაწარმოების დასურათებისას უნდა იგრძნობოდეს ქართული სული და ეროვნული მოტივები. სხვაგვარად ეს შეუძლებელია.
ანა კალანდაძე, გზა