თეა გოდოლაძე: “ახლო მომავალში კავკასიაში ძლიერი მიწისძვრებია მოსალოდნელი”

თეა გოდოლაძე: "ახლო მომავალში კავკასიაში ძლიერი მიწისძვრებია მოსალოდნელი"საქართველოში, მისი სპეციფიკური მდებარეობიდან გამომდინარე, ხშირად ხდება ფართომასშტაბიანი ბუნებრივი თუ ადამიანური ფაქტორით გამოწვეული ეკოლოგიური კატასტროფები – მიწისძვრები, წყალდიდობები, მეწყერები, ზვავები, სეტყვა, გვალვა, გრიგალი, ტყის ხანძრები და ა.შ. დანაკარგები დიდი და აუნაზღაურებელია – ადამიანური მსხვერპლი, იძულებით გადაადგილებული მოსახლეობა, განადგურებული ინფრასტრუქტურა და მძიმე დარტყმები ქვეყნის ეკონომიკასა და განვითარებაზე. მარტო 2015 წელს ქვეყნისთვის გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენებით მიყენებულმა ზარალმა 389 მილიონი ლარი შეადგინა.

გარდა ამ ბუნებრივი უარყოფითი მოვლენებისა, ადამიანებს ემუქრებათ ტექნოგენური ანდა ინდუსტრიული პირობებისაგან წარმოშობილი საფრთხეები სიცოცხლის მოსპობით ან ჯანმრთელობის დაზიანებით, სხვადასხვა ეკონომიკური და ეკოლოგიური ზარალით, ინფრასტრუქტურის მოშლით. მათ მიეკუთვნება ინდუსტრიული ავარიები, სახიფათო საწარმოო პროცესები, ანუ ადამიანის უარყოფითი ზემოქმედებით გამოწვეული საფრთხეები (ტყეების გაჩეხვა, დაუდევრობები გარემოზე ზემოქმედებისას თუ სხვა საქმიანობისას).

სამწუხაროდ, მთლიანად დედამიწის მასშტაბითაც ბოლო ათწლეულში საგრძნობლად გახშირდა კატასტროფული მოვლენები. მაგალითად, 2016 წელს მსოფლიოში დაფიქსირდა 342 მასშტაბური კატასტროფა, რამაც 8733 კაცის სიცოცხლე შეიწირა, სხვადასხვა ზიანი მიადგა 569,4 მილიონ ადამიანს, 2018 წლის მონაცემებით, ადამიანური დანაკრაგი კიდევ უფრო გაიზარდა.

გამომწვევ მიზეზებს შორის სახელდება კლიმატის გლობალური ცვლილებები, რასაც ხელს უწყობს ჭარბი ურბანიზაცია, საცხოვრებელი სახლების აშენება სახიფათო ზონებში, კატასტროფის რისკის შესახებ ცნობიერების დაბალი დონე და გააქტიურებული სტიქიური მოვლენები.

გაერო-ს მონაცემებით, მსოფლიოში ყოველწლიურად 600-მდე სტიქიური უბედურება ხდება. საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზით, კლიმატის ცვლილების გამო ემიგრანტთა რაოდენობამ 2050 წლისთვის შეიძლება 200 მილიონს მიაღწიოს.

ბუნებრივი კატასტროფებიდან ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ზარალის მომტანია მიწისძვრები. რა განაპირობებს მათ ზოგადად და კონკრეტულად საქართველოში? ამ თემაზე “სარკესთან” ილიას უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი, ქალბატონი თეა გოდოლაძე საუბრობს.

თეა გოდოლაძე:

– მიწისძვრების სიძლიერით და თანმდევი შედეგებით საქართველოს ტერიტორია ერთ-ერთ ურთულეს გეოდინამიკურ რეგიონს მიეკუთვნება, რომლის სეისმური აქტივობა ფართო დიაპაზონში ცვალებადობს. მიწისძვრების მაღალი აქტივობით გამოირჩევა ჯავახეთის ვულკანური მთიანეთი და დიდი კავკასიონის რღვევა. მეტნაკლებად არასეისმური ბლოკები საქართველოში არ გვხვდება. ამას ადასტურებს ისტორიული და თანამედროვე მონაცემები, მაგალითად, თმოგვის 8 მაგნიტუდიანი მიწისძვრა 1088 წელს, ალავერდის – 1530 და 1742 წლების მიწისძვრები 7 და 8 მაგნიტუდით, დაბოლოს – რაჭა-იმერეთის 7 მაგნიტუდიანი მიწისძვრა 1991 წელს და ბევრი სხვა ძლიერი მიწისძვრები.

ყურადსაღებია, რომ კავკასიის მკვლევართა დასკვნებით, ახლო მომავალში კავკასიაში ძლიერი მიწისძვრებია მოსალოდნელი. ეს შემაშფოთებელია, რადგანაც მათი უარყოფითი ზეგავლენა გამოიხატება არამარტო უშუალოდ ადამიანებისა და კომუნიკაციებისათვის ზიანის მიყენებით, არამედ მიწისზედა გეოლოგიური მოვლენების პროვოცირებითაც.

1991-92 წლების რაჭა-იმერეთისა და ფასანაურ-ბარისახოს მიწისძვრებმა გამოიწვია 20 ათასამდე მეწყრულ-კლდეზვაური მოვლენის პროვოცირება, რომლის ზემოქმედების არეალში აღმოჩნდა 1500 დასახლებული პუნქტი. სამოსახლოდ უვარგისი გახდა 332 ათასამდე ჰექტარი მიწის ფართობი და იმსხვერპლა 100-მდე ადამიანი.

– რა კეთდება საქართველოში მოსალოდნელი მიწისძვრების ზემოქმედების შედეგების შერბილებისთვის?

– ჩვენი ქვეყნის მთელი ტერიტორია წარმოადგენს ალპურ-ჰიმალაის სარტყელის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ნაწილს. რეგიონის ტექტონიკური აგებულება განისაზღვრება ევრაზიულ და არაბეთის ფილაქნებს შორის მდებარეობით. საქართველოში არ არსებობს რეგიონი ტექტონიკური რღვევის გარეშე. მიუხედავად ამისა, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ენგურის თაღოვანი კაშხალი (სიმაღლით 271,5 მ) უშუალოდ ტექტონიკურ ნარღვევზე მდებარეობს. ასევე, საერთაშორისო ნავთობ და გაზსადენი (ბაქო-ჯეიჰანის და ბაქო-ერზრუმის) 140 კმ სეისმურად აქტიურ ზონაში გადის, სადაც რამდენიმე ტექტონიკური რღვევაა.

ამას იმიტომ ვამბობთ, რომ არსებობს საშუალებები მიწისძვრის მოვლენათა ზემოქმედების შესამცირებლად, მაგრამ ადამიანები შეგნებულად თუ შეუგნებლად (ეკონომიკური თუ სხვა ფაქტორის გამო), არ ერიდებიან ბუნებრივ კატასტროფებს და საფრთხეში აგდებენ როგორც საკუთარ, ისე სხვების სიცოცხლეს.

სეისმურ რეგიონებში სეისმომედეგობაზე გაანგარიშება ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია. არსებული სამშენებლო კოდების მიხედვით, მიწისძვრის ზემოქმედების შემთხვევაში შენობები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

1. კონსტრუქციულმა და არაკონსტრუქციულმა ელემენტებმა დაუზიანებლად უნდა გაუძლონ სუსტი მიწისძვრის ზემოქმედებას, რომელიც შენობის არსებობის მანძილზე ბევრჯერ არის მოსალოდნელი;

2. გაუძლოს იშვიათ მიწისძვრას, რომელიც შენობის არსებობის მანძილზე მხოლოდ ერთხელ არის მოსალოდნელი, კონსტრუქციული და არაკონსტრუქციული ელემენტების დაზიანებით, მაგრამ სიცოცხლის მნიშვნელოვანი დანაკარგების გარეშე (გამოწვეული დაზიანება შეიძლება ეკონომიკურად არ ექვემდებარებოდეს აღდგენას);

3. გაუძლოს უძლიერეს მოსალოდნელ მიწისძვრას ნგრევის ძალიან დაბალი ალბათობით კონსტრუქციული და არაკონსტრუქციული ელემენტების მნიშვნელოვანი დაზიანებით. აქვე აღვნიშნავთ, რომ მიწისძვრა 2 მაგნიტუდამდე ითვლება მიკრო მიწისძვრად, 4 მაგნიტუდამდე – მცირედ, 4-დან 5-მდე – მსუბუქად, 5-დან 6-მდე – საშუალოდ, 6-დან 7-მდე – ძლიერად, 7-დან 8-მდე – მნიშვნელოვნად ძლიერად, 8-ის ზემოთ კი – ძალიან ძლიერად.

– ცნობილია ე.წ. ფილაქანთა თეორია, რომელიც, მეცნიერთა დასკვნით, ამომწურავად ხსნის მიწისძვრის გამომწვევ მიზეზებს. თუ შეიძლება უფრო დეტალურად გვესაუბრეთ ამის შესახებ.

– ფილაქანთა თეორიის თანახმად, დედამიწის ლითოსფერო დანაწევრებულია რამდენიმე დიდი და მცირე ზომის ფილაქნებად, რომლებიც მოძრაობენ ერთმანეთის მიმართ და იწვევენ მათი სასაზღვრო ზოლის დეფორმაციას, რის გამოც ხდება დაძაბულობის დაგროვება.

ეს დაძაბულობა შეიძლება უეცრად განიმუხტოს (ანუ სეისმურად) ან ნელა (ასეისმურად). იმის გამო, რომ დეფორმაცია ძირითადად ფილაქნების საზღვარზე ხდება, მიწისძვრების უმეტესობაც ამ საზღვრებთანაა კონცენტრირებული. ჩვენს რეგიონში არსებული სეისმურობა განპირობებულია იმით, რომ არაბეთის ფილაქანი მოძრაობს ჩრდილოეთით ევრაზიის უძრავი ფილაქნის მიმართულებით.

– რა აპარატურების მეშვეობით აკვირდებიან მკვლევრები სეისმურ აქტივობას ანუ როგორ წარმოებს სეისმოლოგიური საქმიანობის მენეჯმენტი?

– საქართველოში სეისმურ აქტივობაზე დაკვირვება წარმოებს სეისმოგრაფების საშუალებით, რომლებიც განლაგებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და შექმნილია დაკვირვების მთლიანი ქსელი. მათ მუშაობაზე პასუხისმგებელია ჩვენი ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის სამსახური.

ამჟამად საქართველოში 47 დაკვირვების წერტილია, აღჭურვილი თანამედროვე ციფრული სეისმოგრაფებით და ზომავს მიმდინარე სეისმურ ფონს. 10 სადგურიდან შესაბამისი მონაცემები მყისიერად გადმოეცემა თბილისში არსებულ ცენტრში თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით.

შემოსული ინფორმაციის კომპიუტერული სისტემის მეშვეობით დამუშავების საფუძველზე 24 საათში მიახლოებით განისაზღვრება მოსალოდნელი მიწისძვრის ძირითადი პარამეტრები და მაშინვე აისახება შესაბამის ვებგვერდზე. დღეისთვის მიწისძვრის მოკლევადიანი პროგნოზირება შეუძლებელია, სამაგიეროდ, კეთდება საშუალო ან გრძელვადიანი პროგნოზი. ამის საფუძველზე ხდება ტერიტორიის სეისმურ რაიონებად დაყოფა, დგება შესაბამისი სეისმოსაშიშროების რუკები, რითაც განისაზღვრება იქ მოსალოდნელი მიწისძვრის მოხდენის ალბათობა და მაქსიმალური სიძლიერე.

– გამოდის, რომ მიწისძვრის თავიდან აცილება შეუძლებელია, მაგრამ არსებობს მოსალოდნელი მსხვერპლის და ზარალის შემცირების საშუალებები. უფრო მარტივად რომ აგვიხსნათ, რა უნდა გაკეთდეს ამისათვის?

– უკვე გითხარით, რომ სეისმური საშიშროების ობიექტური შეფასების, სეისმომედეგი მშენებლობის სწორი ნორმებისა და სეისმური დაცვის სხვა სპეციალური ღონისძიებების საფუძველზე შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს მიწისძვრის მოსალოდნელი ზარალის მოცულობა. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, დანერგოს ევროკავშირში მოქმედი სამშენებლო სტანდარტი (ევრონორმები).

ამრიგად, კანონები, კანონქვემდებარე აქტები და სხვა სამართლებრივი ინსტრუქციები აყალიბებენ წესებს როგორც სახელმწიფო, ისე არასამთავრობო ორგანოების საქმიანობისათვის კატასტროფის რისკის შემცირების სფეროში.

სიცოცხლის დანაკარგებს შეიძლება გვერდი ავუაროთ საგანგებო დაგეგმარების, სათანადო განათლების შემოღებით და ისეთი შენობების აგებით, რომლებიც ირყევიან, მაგრამ არ ინგრევიან მიწისძვრის შედეგად.

ამ კუთხით მართებულად მიმაჩნია აზრი, რომ მიწისძვრები (ზოგადად კატასტროფები) შეიძლება განხილული იქნეს არა მარტო როგორც დამანგრეველი, არამედ როგორც დადებითი ცვლილებებისათვის შესაძლებლობების შემქმნელი მოვლენა. აქ იგულისხმება ადგილობრივი ინსტიტუციების გაძლიერება და პოლიტიკური ლიდერების და გადაწყვეტილებების მიმღებ პირთა ცნობიერების ამაღლება რისკისა და მოწყვლადობის შესახებ. ეს კი უზრუნველყოფს საზოგადოების მზადყოფნას, რომ სტიქიური მოვლენები აღარ გარდაიქმნას კატასტროფულ მოვლენად.

 გოდერძი ტაბატაძე, სარკე

დატოვეთ თქვენი კომენტარი