ნინო ნეკერიშვილი: “მე ვიძინებ, ჩემი სული კი ისეირნებს მთავარ ქუჩებში”

ნინო ნეკერიშვილი: "მე ვიძინებ, ჩემი სული კი ისეირნებს მთავარ ქუჩებში"პოეტი და მთარგმნელი, 34 წლის ნინო ნეკერიშვილი, 2018 წლის 4 ოქტომბრის დილას საწოლში გარდაცვლილი ნახეს. ახალგაზრდა, ნიჭიერი ქალის გარდაცვალებამ ყველა, ვინც მას იცნობდა, შოკში ჩააგდო.

ნინო ნეკერიშვილს საზოგადოება ნინა სტარკ-ნეკერის სახელით იცნობდა. მისი ცნობილი თარგმანებია: ჯონ ბოინის “ბიჭი ზოლიან პიჟამაში”, კასანდრა კლერის “მექანიკური პრინცესა”, “ზეციური ცეცხლის ქალაქი”… ნინო ნეკერიშვილის ლექსები შესულია რამდენიმე პოეტურ კრებულში.

საოცრად სევდიან ლექსებს წერდა. ყველა ამჩნევდა, რომ გულში დიდ დარდს ატარებდა, მაგრამ გარშემომყოფთათვის ის მუდამ მხიარული იყო.

თამუნა ნაცვლიშვილი სევდიანი ლექსების ავტორ მეგობარს “სარკესთან” იხსენებს:

– უზომოდ დადებითი, კეთილი, თბილი, მეგობრული, მოსიყვარულე და იუმორით სავსე პიროვნება იყო. ნეკერა სიყვარულს აფრქვევდა, ნამდვილი სიყვარულის “მატარებელი” იყო. ვინც ამ “მატარებელში” მოვხვდით, ყველა მადლობას ვუხდით მას, რომ მოგვცა უფლება, მასთან ერთად გვემოგზაურა.

უზომოდ გვაწყენინა და გვატკინა გული, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მას ეს არ უნდოდა. ამ უნიჭიერეს და უჭკვიანეს ოქროს გოგოს ბევრი გეგმა დარჩა განსახორციელებელი.

– რა ოცნებები გაჰყვა თან?

– მაგისტრატურა ახლა დაამთავრა, ძალიან ბედნიერი იყო. წელს კი ილიაუნიში ჩააბარა, მასწავლებელი უნდა გავხდეო, უხაროდა. აინტერესებდა განათლების სფეროში მიმდინარე მოვლენები და სიახლეები. თავის აზრს ყოველთვის ყველგან აფიქსირებდა.

ნინას ყველა უყვარდა, მას ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავდა. ნინას პანაშვიდზე მისული მისი, ერთმანეთისთვის უცხო მეგობრები ერთიმეორეს სიყვარულით ვხვდებოდით. ნინას მეშვეობით ერთმანეთზე ყველას გვქონდა წარმოდგენა შექმნილი. უყვარდა, რომ თავის მეგობრებს ერთმანეთთან აკავშირებდა.

– გამაოგნებელია ასე უცებ გარდაცვალება. რას ამბობენ მისი ახლობლები?

– როგორც ყოველთვის, მაგ დღესაც თავს კარგად გრძნობდა და რა მოხდა, ეს მხოლოდ ღმერთმა იცის. ანგელოზი იყო და ღმერთს უნდოდა, თავისთან ჰყოლოდა. ჰოდა, წაიყვანა… “გვიყვარხარ, ნეკერ” –  ყველასგან მხოლოდ ეს სიტყვები ისმის, მაგრამ მასზე უზომოდ ბევრი შეიძლება ითქვას.

– ოჯახში ვინ ჰყავდა?

– მშობლებთან და დაოჯახებულ ძმასთან ერთად ცხოვრობდა, რომლებიც ძალიან უყვარდა.

– საკმაოდ სევდიანი ლექსები აქვს. აწუხებდა რაიმე დარდი, სევდა? მოწყენილი უფრო იყო თუ მხიარული?

– მხიარული იყო, მიუხედავად მისი სევდიანი ლექსებისა. ძალიან პოზიტიური იყო, ყველას კარგ განწყობას უქმნიდა. ცდილობდა, ყველა გაემხიარულებინა.

.,,

ისტორიკოსი ბუბა კუდავა ნინო ნეკერიშვილზე იხსენებს:

“ჩემი სტუდენტი იყო. შემდეგ მეგობარი, ნასტუდენტარი. თბილი, ბუნჩულა, სულ ღიმილიანი, დინჯი, ხალისიანი, მშვიდობისმოყვარე და სიყვარულისმოყვარე.

სულ-სულ პირველი კადრი, რაც გონებამ შემოინახა, ჯერაც კარგად გაცნობამდე, დაახლოებამდე, შემოთამამებამდე და დამეგობრებამდე, ასეთი იყო:

უშველებელ აუდიტორიაში უამრავი სტუდენტი ზის. ტესტს ვაწერინებ. მაშინ სად იყო ტესტები და არც ამდენი სწავლაზე ორიენტირებული სტუდენტი იყო და ახალგაზრდების დიდი ნაწილიც თანაკურსელების იმედად შემოდიოდა. შენიშვნებით რომ ვერაფერი გავაწყვე, ბოლოს ესღა მოვიფიქრე, ერთი გადალაპარაკება და ტესტს ჩამოგართმევთ-მეთქი.

შევამჩნიე, ამ გოგომ გვერდით გადაულაპარაკა. ახლავე ჩამაბარე ნაწერი-მეთქი. შეცბა. ადგა, წამოწითლდა, ხმა არ ამოუღია. დაუსრულებელი ტესტი დამიტოვა და უხმაუროდ გავიდა.

მეუცნაურა. ჟურნალისტიკაზე უფრო თამამები სწავლობდნენ და ხშირად მეკამათებოდნენ და მებუზღუნებოდნენ. ან მთხოვდნენ, ან მპირდებოდნენ, რომ მეტს აღარ იზამდნენ. ეს კი როგორ უჩვეულოდ უჩუმრად გავიდა, გამიკვირდა.

დამამახსოვრდა და მივხვდი, რომ რაღაც ისე არ იყო. გული ჩამწყდა, როცა მოგვიანებით გავიგე, რომ თურმე აქეთ გადმოულაპარაკეს და იქით ეხმარებოდა. ვინც დახმარება სთხოვა, ის გაიტრუნა, ეს კი ადგა და გავიდა. მას მერე განსაკუთრებულად შემიყვარდა…

ნეკერ, ვერაფრით ვიჯერებ. სად წახვედი, როგორ უჩვეულოდ და უჩუმრად წახვედი”.

ნინო ნეკერიშვილის ლექსს “ტაოს დატირებას” მისი თაობის რექვიემი უწოდეს, რომელზეც პროფესორი თამარელა წოწორია წერს: “როგორი ტკივილი იგრძნობა ყველა სიტყვაში. ალბათ უნდა შევხიდებოდით ამ ტკივილის დათმენაში პოეტს, თუმცა ასეთი ერთი ლექსისთვის, რომელსაც “ტაოს დატირება” ჰქვია, კმარა პოეტად დაბადება”.

ნინო ნეკერიშვილმა, რომელიც კვირადღეს დაასაფლავეს, 2008 წელს დაწერილ ლექსში “კვირის სიზმარი” თითქოს საკუთარი გარდაცვალება იწინასწარმეტყველა:

ხვალ კვირაა ნეკერქალაქში.

სიმშვიდის ნიშნად

მწვანე დროშებს აფრიალებენ ხეები,

სხვა დროს გულგრილნი რომ რჩებიან ხოლმე.

განთიადიდან საკმევლის სუნი მოეფრქვევა

ეკლესიებს და მიმდებარე ტერიტორიებს,

მე კი, როგორც უღმერთოდ დაღლილს

მარჯვენა ლოყა შიშველ მკლავზე მშვიდად მედება.

მე ვიძინებ, ჩემი სული კი ისეირნებს მთავარ ქუჩებში.

აჟივჟივებულ პატარების თვალებს გავყვები

და ზეცაში კუდმოქნეულ ფრანად ვიქცევი…

ნეკერქალაქში – სიზმარეთის მთავარ ჭიშკართან

ხვალ პაემანი დავუნიშნე ლამაზ მომავალს…

რუსუდან ადვაძე, სარკე