იმედა არაბული: ,,ამერიკაში შეყვარებულთან ერთად ვცხოვრობ”

იმედა არაბული: ,,ამერიკაში შეყვარებულთან ერთად ვცხოვრობ"მსახიობმა იმედა არაბულმა რამდენიმე თვის წინ საკმაოდ მტკივნეული გადაწყვეტილება მიიღო და სხვა ასიათასობით ქართველის მსგავსად, ემიგრანტულ გზას დაადგა. ახლა ამერიკაშია და ყველაფრის ნულიდან დაწყება უწევს. აქ წარმატებული სამსახიობო კარიერა ჰქონდა, თამაშობდა თეატრებში, სერიალებში, ბევრი გულშემატკივარიც ჰყავდა შემოკრებილი, მაგრამ ყველაფრის დატოვება მოუხდა. ნანობს თუ არა? ამბობს, რომ ამას დრო უჩვენებს.

– იმედა, რატომ დატოვეთ საქართველო?

– ყველაფერმა დამღალა – პოლიტიზირებულმა საზოგადოებამ, არჩევნებიდან არჩევნებამდე ცხოვრებამ. საქართველოში წინსვლა არაფერშია, ყველაფერი ძვირდება, შემოსავალი კი არ გეზრდება და ბოლოს ხვდები, რომ მხოლოდ ენთუზიაზმზე ხარ. საკუთარ თავს ვუთხარი, რამე შეცვალე-მეთქი. ავდექი და წამოვედი. სწორად მოვიქეცი თუ არა, ამას დრო მაჩვენებს.

– როგორია უცხო ქვეყანაში ცხოვრება, რა სირთულეების გადატანა გიწევთ?

– აქაური ცხოვრება არ არის ადვილი. ყველაფერი გენატრება, რაც დატოვე – შენი ქვეყანა, სადაც დაიბადე, გაიზარდე, შენი ქალაქი, ახლობლები, ძმაკაცები, მეგობრები, ოჯახის წევრები, საყვარელი საქმე და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გადატანა ძალიან ძნელია. ამერიკული ცხოვრება შორიდან როგორიც ჩანს, ისეთი ნამდვილად არ არის, ძალიან რთულია, თუმცა ეს ქვეყანა გაძლევს შესაძლებლობებს, რომ რაღაც გააკეთო.

საქართველოში კარგად იცით, რაც ხდება. ადამიანი, რომელსაც ორი წიგნი არ წაუკითხავს, სწორედ იმიტომ, რომ ვიღაცის “ვიღაცა” არის, უფრო კარგ საქმეშია და შენზე მეტი აქვს. ეს უკან გხევს და გიკლავს სურვილს, რაღაც გააკეთო. ამან დამღალა, თორემ მშიერი არ ვიყავი, ორ თეატრში ვთამაშობდი ერთდროულად, გადაღებები მქონდა სერიალებში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მყოფნიდა ის 1000 ლარი. არ მყოფნიდა.

არ შემეძლო და ვერც დავიწყებდი ჩემს ხელფასზე წუწუნს, როცა ვიღაც 300 ლარზე მუშაობდა. მე ცოლ-შვილი არ მყავდა სარჩენი, ის ვიღაცა კი 300 ლარით ოჯახს არჩენს და ამიტომ ვერ ვიკადრებდი და ვერ ვიწუწუნებდი.

– ფინანსური მდგომარეობა იყო წასვლის მთავარი მიზეზი?

– ანუ თავზე არ გადამდიოდა, მაგრამ არც მშიერი ვიყავი. ხომ გეუბნებით, დამღალა ყველაფერმა – იმისტები და ამისტები, ნაცი, ქოცი… ჩემი წარსულით ვამაყობ, არასოდეს არავის სახელი არ მიყვირია. დაგვღუპა ფანატიზმმა. მთელი ცხოვრება გვესმის – მიშა, ზვიადი, გრიშა, ბიძინა, ედუარდი… სწორედ ეს გვღუპავს ქართველებს. საზოგადოება ორადაა გაყოფილი და ვერ ვვითარდებით.

– დღეს თუ ადევნებთ თვალს პოლიტიკურ ცხოვრებას საქართველოში?

– საშინელებაა სულ პოლიტიკა ყველაფერში. დამღლელია, მე ძალიან დავიღალე… არ ვარ პოლიტიკაში ჩართული, მაგრამ აქტიურად ვადევნებ თვალს. პოლიტიკა არ მაინტერესებსო, რომ ამბობენ, რა შუაშია? მე სულ მაინტერესებს, ჩემს ქვეყანაში რა ხდება. კარგი თუ ხდება, მივესალმები, ცუდი თუ ხდება, ყოველთვის გავაპროტესტებ.

– გული არ გწყდებათ, რომ თქვენს საქმეს ვეღარ აკეთებთ? ხელოვანი ადამიანები განსაკუთრებულად განიცდიან, როცა რადიკალური ცვლილებებია მათ ცხოვრებაში.

– გული როგორ არ მწყდება, ჩემი საყვარელი საქმე დავტოვე და რა ვიცი… 20 წელია ამ პროფესიაში ვარ და როგორ ვთქვა, არა-მეთქი! რა თქმა უნდა, გული მწყდება. არ არის ადვილი აქ ცხოვრება, რთულია.

არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ ვწუწუნებ, პირიქით… ცხოვრებაში ჩაქუჩი არ მჭერია ხელში, არ დამჭირვებია და აქ მომიწია ისეთ სამსახურებში მუშაობა, რაზეც არასდროს მიფიქრია. უკადრებელი არაფერია, პატიოსანი და წესიერი შრომა არ “მიტყდება”. საქართველოშიც მიმუშავია სხვა საქმეებზე, როცა დამჭირვებია, მაგრამ აქ უფრო მეტი შრომა და რთული რაღაცების გაკეთება მომიწია.

სულ რომ ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავი იყო, პროფესიონალი შენს საქმეში, არ აინტერესებთ, ვინ იყავი შენს ქვეყანაში და გეუბნებიან, ჯერ აქ გააკეთე და მერე დაგიფასებთ, დაგვიმტკიცე, ვინ ხარ და რა შეგიძლიაო. რა თქმა უნდა, სწორი მიდგომაა და ამიტომ გიწევს ყველაფრის ნულიდან დაწყება.

– ამ სიძნელეებს როგორ უმკლავდებით? ახლა რასაც ყვებით, არ არის მარტივი.

– მოთმინება და ნებისყოფაა საჭირო. ეტაპები უნდა გაიარო, პირველ რიგში, უნდა გააკეთო საბუთები, იცხოვრო ლეგალურად, რომ სერიოზულ საქმეზე იფიქრო. ინგლისური ენა თუ არ იცი, ცოტა მაინც უნდა ისწავლო. თუ ცოტა იცი, კარგად უნდა ისწავლო. ბევრი ქართველი ლანძღავს ამ ქვეყანას და არ მესმის, რატომ… ავიწყდებათ, რომ ამერიკამ ბევრს გადაურჩინა ოჯახი. უმადური არ უნდა იყო. ეს ქვეყანა ყველანაირ შესაძლებლობას გაძლევს. ოღონდ შენ რაღაც გააკეთე, დაუნახავი არაფერი დარჩება.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მეოთხედ ვარ ამ ქვეყანაში და ამ მეოთხე ჩამოსვლაზე გადავწყვიტე დარჩენა. ვნანობ, რომ პირველივე ჯერზე არ დავრჩი. აქ ისეთი ცხოვრება გავიარე, როგორც ყველა ქართველმა ემიგრანტმა ბრუკლინსა და ნიუ იორკში. ბრაიტონზე ვიცხოვრე 4 თვე, ვიმუშავე მშენებლობაზე, მოკლედ ყველგან, სადაც ქართველები მუშაობენ.

– ახლა სად მუშაობთ?

– ახლა ვმუშაობ ქართულ კომპანიაში “გზავნილი”, სადაც ქართველები ფულს და ამანათებს აგზავნიან საქართველოში. არამხოლოდ ქართველებს ვემსახურებით, სხვადასხვა ქვეყანაში ვაგზავნით გზავნილებს. ჩემ გვერდით არის გიორგი ბარდაველიძე, რომელსაც მინდა, მადლობა გადავუხადო. შემთხვევით დავურეკე და გვერდით დამიდგა. ასევე თქვენი ჟურნალის საშუალებით მადლობას ვუხდი კოტე მაღლაკელიძეს და ნატო მგელაძეს, რომლებიც ამ კომპანიის დამფუძნებლები არიან.

– როგორც ამბობენ, ამერიკაში ოცნებები სრულდება და იქნებ ერთ დღეს თქვენც გიხილოთ მსოფლიო კინემატოგრაფიაში, წითელ ხალიჩებზე მსოფლიო ვარსკვლავების გვერდით.

– ამერიკაში ოცნებებით წამოსვლა არ არის კარგი, რადგან რაღაც ეტაპები უნდა გაიარო. შეიძლება ქუჩაში უცებ ვიღაცას მოეწონო და გითხრას, შენ დამაინტერესე, კასტინგებზე უნდა იარო, პორტფოლიო გააკეთო, გააგზავნო, გამოაგზავნოო. მთელი ამბავია. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ 100%-იანი ფორმულა არ არსებობს.

– უცხოეთში წარმატების სანაცვლოდ უარს იტყოდით თქვენს ღირებულებებზე?

– ჩემი ფასეულობები, ღირებულებები და პრინციპები გამაჩნია. არაფრის დიდებით გავაკეთებ უკადრებელს, რადგან ვთვლი, რომ ფასეულობების, ღირსებისა და პრინციპების გარეშე ვერ იქნები ადამიანი.

– ამბობენ, რომ ამერიკაში მცხოვრებმა ქალმა წაგიყვანათ და ის გეხმარებათ საბუთების გაკეთებაში.

– ჭორი და ტყუილია! არ მიკვირს, ენას ძვალი არ აქვს… წაყვანა რაში მჭირდებოდა? მეოთხედ ვარ ამ ქვეყანაში ჩამოსული. ვიღაცას რომ ეგრე, მზამზარეულზე წამოვეყვანე, დამიჯერეთ, იმას არ გამოვივლიდი, რაც გავიარე – ფიზიკური შრომა, დაღლა, გადაღლა… ვის რაში სჭირდება ასეთი ტყუილები, ესეც არ მესმის. ეგრე რომ ყოფილიყო, რატომ დავმალავდი? საჯაროდ გადავუხდიდი მადლობას.

საბუთებსაც ეგრე აკეთებსო, მეც მომივიდა ეგ ჭორი. არა! ჩემით ვაკეთებ ყველაფერს. ადვოკატი მყავს დაქირავებული, ძალიან კარგი ადამიანი და მეხმარება, რაშიც გარკვეულ თანხას ვუხდი ჩემი შრომით. აქ რომ ვწვალობ, იმ ფულით ვაკეთებ. ასე რომ, არავის წავუყვანივარ. არასოდეს არავის ხარჯზე მიცხოვრია და არც ახლა ვცხოვრობ, მით უმეტეს, ათწლიანი ვიზა მქონდა 2013 წლიდან.

– ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, რომ 20-21 წლის ასაკში თქვენზე გაცილებით უფროსი ქალები მოგწონდათ.

– არ ვიცი, ეტყობა, პატარებს გვქონდა ეს ინტერესი. პატარა რომ ხარ, გამოცდილზე ფიქრობ, რადგან შენზე მეტი იცის ცხოვრებაში. ეს უფრო გხიბლავს, რადგან გგონია, რომ მეტ გამოცდილებას მიიღებ მისგან. დღეს მომწონებია ჩემზე 10 წლით უმცროსიც და 10 წლით უფროსიც. კონკრეტულად ვერ გეტყვით, ახლა ასე მომწონს და ისე აღარ-მეთქი.

– ოჯახის წევრები, მეგობრები არ გეკითხებიან, ცოლი როდის მოგყავსო?

– ჩემებმა იციან, რომ ეგ კითხვა არ მიყვარს და არ მაწუხებენ. ჩემთვის ოჯახის შექმნა არ არის – “მოდი, კარტოფილი შევწვათ”. სიჭაბუკის ასაკში რატომ არ მოვიყვანე ცოლი? იმიტომ, რომ დღეს ის ოჯახი აღარ მექნებოდა შენარჩუნებული. პატარა რომ ხარ, ფსიქოლოგიურად, მორალურად, ფინანსურად მზად არ ხარ და დედაჩემის და მამაჩემის ხარჯზე ცოლს ვერ მოვიყვანდი.

– როგორია თქვენთვის იდეალური ქალი, რომელთან ერთადაც იცხოვრებდით?

– ცოტა რომ დავღვინდი, მივხვდი, არ უნდა ეძებო იდეალური ადამიანი. არ არსებობენ. უბრალოდ, ვიღაცები ძალიან ცდილობენ, მაქსიმალურად მიუახლოვდნენ იდეალურს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ადამიანს უგებდე და ერთნაირი ღირებულებები გქონდეთ. ერთმანეთს ყველაფერში ვეთანხმებოდეთ და ერთი აზრი გვქონდეს, ასეთი არც იქნება საინტერესო.

ძალიან მიყვარს ჭკვიანი ქალები. არსებობს სტერეოტიპი, რომ კაცებს არ უყვართ ჭკვიანი ქალები და მესმის, რატომაც, რადგან თუ აღმოაჩენს, თავისზე ჭკვიანია მისი ცოლი თუ პარტნიორი, შეიძლება კონკურენტად აღიქვას. მე კი, როცა მეკითხებიან, როგორი ქალი მოგწონსო, ვპასუხობ, ჭკვიანი და ლამაზი-მეთქი. უტვინო და უჭკუო ქალს რა დალევს, ბევრია.

– ამბობენ, რომ რთული ხასიათი გაქვთ.

– ეს უკვე ცოტა პირადულისკენ კითხვაა, მაგრამ მაინც გეტყვით, არ მაქვს მარტივი ხასიათი. კანფეტი არ ვარ, მაგრამ არც ურჩხული გახლავართ. არ უარვყოფ, ნამდვილად არ ვარ მარტივი, მაგრამ ეგრეც არ არის, კაცო, ნუ გამომიყვანთ საშინელებას.

ამერიკაში ვისთან ერთად ცხოვრობთ? ჩემი ინფორმაციით, თქვენს ცხოვრებაში არსებობს გოგონა, რომელთანაც სერიოზულად ფიქრობთ ოჯახის შექმნას.

– შემდეგი კითხვა…

– ანუ არ ცხოვრობთ მარტო?

– შეყვარებული მყავს და ერთად ვცხოვრობთ. კარგი ადამიანია და ძალიან მიყვარს… ამ თემაზე მეტს არაფერს ვიტყვი.

 ლევან ქემოკლიძე, ჟურნალი სარკე