,,გულთამპყრობელის ვიზიტი” – დეტექტივი

,,გულთამპყრობელის ვიზიტი" - დეტექტივიგულთამპყრობელის ვიზიტი

გენადი დოროგოვი (,,სარკისთვის” თარგმნა გურამ ჩხეტიანმა)

ზაფხულის თბილ დღეს ბინების ქურდი იგორ დვორიანცევი, მეტსახელად გრაფი, გრძელ სკამზე იჯდა და ყურადღებით ისმენდა, რასაც კოლკა შტირი ეუბნებოდა. მოპირდაპირე სახლში მათ ერთი მდიდარი ბინა შეარჩიეს და აი, ახლა გრაფი თავისი მაცნესგან უკანასკნელ ინფორმაციას იღებდა.

შტირის თქმით, ბინის დიასახლისი, ახალგაზრდა ქალი მარტო ცხოვრობდა. დაახლოებით ერთი წლის წინ ქმარს, მდიდარ მეწარმეს გაეყარა, რომელმაც მას ავეჯით სავსე ბინაც დაუტოვა და, რა გასაკვირიც უნდა ყოფილიყო, ყოფილ ცოლს დღემდე ფინანსურადაც ეხმარებოდა. ასე რომ, რამეს გამორჩენა ალბათ შეიძლებოდა. როგორც შტირმა თქვა, ყოველ მეორე შაბათს, დღის პირველ ნახევარში, ქალი სადღაც მიემგზავრებოდა, უკან კი კვირას, ნასადილევს ბრუნდებოდა.

ანაზდად ეზოში მაღალი, ლამაზი, კარგად ჩაცმული ქალი შემოვიდა და იმ სახლისკენ გაემართა, რომელზეც შეთქმულები ლაპარაკობდნენ.

– გრაფ, ისაა, – თქვა შტირმა ხმადაბლა.

– უჰ! – გრაფმა ენა გააწკლაპუნა, – მაგარი ქალი ყოფილა. აქ დამიცადე, კოლია.

ის წამოდგა, ქალისკენ წავიდა და როცა მათი გზები თითქმის გადაიკვეთა, თავაზიანად მიმართა:

– უკაცრავად… მითხარით, თუ შეიძლება, რომელი საათია?

ქალმა დრო დაუსახელა, მერე კი უცებ ჰკითხა:

– მე რატომ მეკითხებით? საათი ხომ თქვენც გიკეთიათ!

– მადამ, როცა თქვენ დაგინახეთ, ჩემს გულთან ერთად საათიც გაჩერდა.

– თუ ჩემი გაცნობის იმედი გაქვთ, დროს ტყუილად კარგავთ, – ცივად მიუგო დამამ, – იმათთაგანი არ ვარ, იოლად რომ უახლოვდებიან.

– არც მე ვარ იმათთაგანი, იოლად რომ შორდებიან. ჩემთან საქმის დაჭერა ახლა არ გსურთ, მაგრამ, დამიჯერეთ, გაივლის ცოტა დრო და, ჩემი სულიერი სილამაზით მოხიბლული, შესძახებთ: “ღმერთო ჩემო, თურმე რა ბრმა ვიყავი!”. რომ იცოდეთ, რამდენ ქალს წამოუძახია ეს.

გრაფი კარგი არტისტი იყო. ქალის მიუკარებლობა ცნობისმოყვარეობამ შეცვალა:

– ანუ… ლოველასი ხართ?

– ჩემი აზრით, ეს არც ისე კარგი განსაზღვრებაა და არც შემეფერება. მე გულთამპყრობელი ვარ. თუ ქალი მომეწონა, მისი გული აუცილებლად ჩემი გახდება.

– ვნახოთ, ვნახოთ, – დამა უკვე იღიმებოდა, – აბა, კარგად, გულთამპყრობელო! წარმატებას გისურვებ.

ქალი წავიდა თუ არა, იქვე შტირი გაჩნდა:

– შენ რა, გასულელდი?! რა სიყვარულობანა აგიტყდა?

– კოლია, ჩვენ ჩვენს კლიენტებს ცოტა ყურადღებას ვუთმობთ, – გრაფი კარგ გუნებაზე დადგა, – უსულო საგნების მიღმა ცოცხალ ადამიანებს ვერ ვხედავთ.

– მგონი, მართლა გააფრინე! ზონა ხომ არ მოგენატრა, შერეკილო?

– კოლკა, ენა დაიმოკლე, თორემ გავბრაზდები, – გააფრთხილა გრაფმა, მერე კი დაამატა, – კარგი. ახლა ისევ საქმეზე გადავიდეთ. მაშ, შენ ამბობ, რომ შაბათს ის სახლში არ იქნება?

– ჰო, ასეა.

– ანუ, ასე და ამგვარად, ზეგ საქმეს შევუდგებით.

YYY

გრაფმა საკმაოდ სწრაფად შეაღწია გამიზნულ ბინაში, გაწაფული მზერა მოავლო ინტერიერს და სამოქმედო გეგმაც წარმოიდგინა.

გრაფი ყოველთვის სწრაფად და აკურატულად იქცეოდა – გაქურდული ბინა საწყის მდგომარეობაში მოჰყავდა, პატრონები დაუპატიჟებელი სტუმრის ვიზიტის შესახებ უცებ რომ არ მიმხვდარიყვნენ.

ნივთებს, რომელთა არყოფნა თვალშისაცემი იქნებოდა, ხელს არ ახლებდა, ძირითადად კი ფული და ძვირფასეულობა აინტერესებდა. რაღაც ნადავლი ჯიბეში უკვე ედო, მთავარი სამუშაო კი ჯერ წინ ელოდა.

უეცრად შემოსასვლელის მხრიდან გაჩხაკუნების ხმა მოესმა. გრაფი გაისუსა და სმენად იქცა. არა, არ შემცდარა – ბინაში ვიღაცა შემოვიდა.

ის ფანჯარას ეცა და გრძელ ფარდებს ამოეფარა, თან ისე, რომ მათ შორის მცირე ღიობიდან დაენახა, რა მოხდებოდა.

ოთახში ბინის დიასახლისი შემოვიდა. გრაფს იმედი ჰქონდა, რომ ქალს რაღაც დარჩა და მის წასაღებად შემობრუნდა, მაგრამ არა – ქალი მეზობელ ოთახში შევიდა, იქიდან კი საშინაო ხალათით გამოვიდა. მან გაწეულ ფარდებს შეხედა და ფანჯრისკენ დაიძრა. გრაფს სუნთქვა შეეკრა და მხოლოდ ის გაიფიქრა, რა დღეს დააყრიდა შტირს, აქედან თუ გააღწევდა.

ანაზდად კარზე ზარის ხმა მოისმა. ფანჯარასთან არმისული დიასახლისი შეტრიალდა და გასაღებად წავიდა. შემოსასვლელიდან მამაკაცის სასიამოვნო ხმა მოისმა:

– მაპატიეთ, ელენა ვასილევნა… თქვენთან თქვენი ყოფილი მეუღლის ევგენი პეტროვიჩის დავალებით მოვედი…

– რა გნებავთ?

– მთხოვა, თქვენთვის ფული გადმომეცა.

– კი მაგრამ, მისგან ახლახან მივიღე დახმარება, – მიუგო ქალმა და უცებ შეშინებული ხმით შესძახა, – რას შვრებით?! კარს რატომ კეტავთ?

გრაფმა დაინახა, როგორ შემოვიდა ოთახში დიასახლისი უკანსვლით, მას კი, ასე, ორმოცდაათი წლის ინტელიგენტური გარეგნობის მამაკაცი შემოჰყვა. ის მაღალი იყო და ძლიერი აღნაგობის, ხელები კი ისე გაეშვირა წინ, თითქოს ქალს ამშვიდებდა.

– დაწყნარდით, – თქვა უცნობმა რბილი, ძილისმომგვრელი ხმით, – ასე რამ აგაღელვათ?

და უცებ, მოკრივის მკვეთრი მოძრაობით, მზის წნულში დარტყმა მიაყენა. ქალმა შეჰკივლა და წელში მოიხარა. მომდევნო სცენა კოშმარულ სიზმარს ჰგავდა: ვიზიტიორმა ქალი სავარძელში ჩასვა, ჯიბიდან სკოჩი ამოიღო და სწრაფი მოძრაობით პირიც აუკრა და ხელ-ფეხიც გაუკავა.

მოვლენათა ამგვარი განვითარებით გაშტერებულმა გრაფმა კინაღამ დაუსტვინა, როგორც ეს ამ კატეგორიის ტიპებს სჩვევიათ ხოლმე. ის მიხვდა, ხათაბალაში რომ გაება და რომ ამ ყველაფრის გამო შტირს მართლა მაგრად მოხვდებოდა.

დარტყმის შემდეგ გონსმოსული ქალი ჯერ სკოჩისგან თავის გათავისუფლებას შეეცადა, მერე კი, ღონემიხდილი, სავარძელში მიესვენა და თვალებიდან ცრემლები ღაპაღუპით წამოსცვივდა.

ამასობაში ვიზიტიორი ქალის დამამცირებელ, უწმაწურ ხუმრობებს აფრქვევდა, რომ დაეთრგუნა და შეეშინებინა. ის ტაკიმასხარასავით იქცეოდა, იგრიხებოდა და იმანჭებოდა. მანიაკი, როგორც ჩანს, თავისი მსხვერპლის ტანჯვით ტკბობისთვის ემზადებოდა, მანამდე კი მისი სასოწარკვეთა ხიბლავდა. სახე, რამდენიმე წუთის წინ ინტელიგენტურს რომ ჩამოჰგავდა, გამხეცებული არაკაცის სიფათად იქცა.

ფარდის უკან მდგარი გრაფი გამალებით ფიქრობდა, რა ექნა. მოვლენებში არჩარევა, ბოლომდე დაცდა, მერე კი წასვლა არ შეიძლებოდა – ეს საშინელი დანაშაული შეეძლოთ, მისთვის აეკიდებინათ. ბრძოლაში ჩართვაც უაზრობა იყო – ფიზიკურად აშკარად მანიაკი აჯობებდა.

თავისი თავშესაფრიდან გრაფი ოთახს ყურადღებით ათვალიერებდა, რამე საგანი რომ დაენახა, რომელსაც იარაღად გამოიყენებდა, მაგრამ ამგვარი ვერაფერი შენიშნა. თავისუფლების აღკვეთის ადგილებში ბუნებით არააგრესიული გრაფი ამგვარ საზიზღარ ტიპებს უკიდურესად სასტიკად ეპყრობოდა.

გრაფი ფიქრობდა, მანიაკი კი თავის მონოლოგს აგრძელებდა:

– როცა გართობას მოვრჩებით, გულს გამოგაცლი, შევწვავ და შევჭამ, გულისმჭამელი ვარ და იმიტომ! – მოსულელო ხმით გაწელა მან.

ქალს თავი გვერდზე მოექცა.

– არა, არა, ასე არ ვარგა, – დატუქსა დაუპატიჟებელმა სტუმარმა, – ნარკოზის ქვეშ არ ვაპერირებ.

რაღაც პერიოდის მანძილზე ის მხედველობის ზონიდან გაქრა, მერე კი ისევ გამოჩნდა ყვავილებიანი ლარნაკით ხელში. ყვავილები გვერდზე მოისროლა, წყალი სახეზე დაასხა ქალს, ლარნაკი კი ჟურნალის მაგიდაზე დადგა. ეს ერთ-ერთი იმ ლარნაკთაგანი იყო, რომელთა მასიური ფსკერიც მათ წონასწორობას უზრუნველყოფდა.

დიასახლისი წამოიწია და თვალები გაახილა. ის საოცრად უსუსური და საბრალო ჩანდა. გრაფმა უცებ მძაფრად იგრძნო მისი მდგომარეობის მთელი საშინელება და ბრაზი მოერია. ციხეში გატარებული წლების მანძილზე არაერთხელ გამხდარა იმის მოწმე, თუ როგორ უსახიჩრებდნენ იქაური “ძმაკაცები” ცხოვრებას გისოსებს მიღმა შემთხვევით თუ საკუთარი სიბრიყვით მოხვედრილ ადამიანებს, ამ მანიაკის მსგავს ნაძირლებს კი ცალ-ცალკე კამერებში სვამდნენ და ისე დარაჯობდნენ, როგორც პრეზიდენტებს. მერე იწყებოდა იდიოტური დავა სიკვდილით დასჯის თაობაზე. სულ ზედმეტი იყო ეს დავა! ჩაესვათ “პრეზიდენტები” საერთო კამერაში და მორჩა! იქ მათ განაჩენსაც გამოუტანდნენ და აღასრულებდნენ კიდეც.

გამოფხიზლებული მსხვერპლის დანახვაზე მანიაკმა თქვა:

– ასე ჯობია. ჯერ შენ აქ მარტო იქნები, მე კი სამზარეულოში გავალ: გაზქურას ავანთებ და დანას შევარჩევ.

ის გავიდა. გრაფი თავისი სამალავიდან გამოხტა, ლარნაკს ხელი დასტაცა და სამზარეულოს კართან დადგა.

როცა მანიაკი დაბრუნდა, მძლავრად მოქნეული ლარნაკის მასიური ფსკერი თავში მოხვდა და ძირს დასცა, მის ირგვლივ კი სისხლის მოზრდილი გუბე გაჩნდა: “ინტელიგენტი” მანიაკი მკვდარი იყო.

YYY

ელენა ვასილევნას ფართოდ გახელილი თვალები ახლა შიშზე მეტად გაოცებას გამოხატავდა. გრაფი მასთან მივიდა:

– მისმინეთ. ახლა გაგათავისუფლებთ, ოღონდ შემპირდით, რომ არც ყვირილს დაიწყებთ და არც ისტერიკას ატეხავთ.

ქალმა გამალებით დააქნია თავი, მერე კი, როცა გრაფმა სკოჩები შეხსნა, თვალები აუცრემლდა და მისუსტებული ხმით თქვა:

– თქვენ გადამარჩინეთ… თავად ღმერთმა გამოგგზავნათ…

– ქალბატონო, თქვენი სიტყვები მკრეხელობაა. ნუთუ ვერ ხვდებით, აქ რომ თქვენს გასაქურდად შემოვიპარე?

– წაიღეთ! ყველაფერი წაიღეთ, რაც გინდათ! არავის არაფერს ვეტყვი… – ქალს ლაპარაკი უჭირდა.

– გმადლობთ, მაგრამ ჩემი წასვლის დროა, თქვენთან კი ერთი თხოვნა მექნება.

– მთხოვეთ, რაც გინდათ.

– მე რომ წავალ, პოლიციაში ათი წუთის მერე დარეკეთ, კარგი?

– არა! – იყვირა ქალმა, – არ წახვიდეთ! ამ ურჩხულთან მარტო ვერ დავრჩები!

– ის ხომ მკვდარია…

– მერე რა? მაინც ურჩხულია! არ მიმატოვოთ… არ…

ქალს კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა, მაგრამ ვეღარ მოახერხა. გაფითრდა, სავარძელში გადაწვა და გონება დაკარგა.

– ჯანდაბას! – დაიღრინა გრაფმა, – გინდა-არგინდა, თავად უნდა დავრეკო!

YYY

გამომძიებელი არც ცდილობდა გაღიზიანების დაფარვას. ეს გაპრანჭული თოჯინა წონასწორობას აკარგვინებდა.

– ბოლოს და ბოლოს, რა გინდათ ჩემგან? – მტრული გამოხედვა მიაპყრო ქალს, – გავუშვა რეციდივისტი, რომელზეც ორი წელი ვნადირობდი? გამორიცხულია! და საერთოდ, მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს!

– კი მაგრამ, მან ხომ გადამარჩინა? საკუთარი თავისუფლების ფასად გადამარჩინა, არადა, შეეძლო უბრალოდ წასვლა…

– არ შეეძლო, არა! – ხმას აუწია გამომძიებელმა, – თქვენ, ზრდასრული ქალი, რაღაც ზღაპარს მიყვებით კეთილშობილ ქურდზე. ამ ადამიანებისათვის მხოლოდ ერთი კრიტერიუმი არსებობს, საკუთარი გამორჩენა და დვორიანცევი გამონაკლისი არ არის.

– ის ხომ მხოლოდ ქურდია. განა შეიძლება შევადაროთ…

– ეს თქვენთვისაა მხოლოდ ქურდი, – ისევ გააწყვეტინა გამომძიებელმა, – სხვებისთვის კი ნამდვილი ქურდია. თქვენი აზრი გასაგებია, რადგან გაჭირვება არასოდეს გამოგიცდიათ, მე კი ათასობით მაგალითის მოყვანა შემიძლია, როცა ადამიანები წელებზე ფეხს იდგამენ, ვალებში ვარდებიან, ყველაზე აუცილებელი რომ შეიძინონ, მერე კი რომელიმე “მხოლოდ ქურდი” გამოტყვრება და ცარიელზე დატოვებს. ზოგჯერ ეს გაუბედურებული ადამიანები თავსაც იკლავენ, თქვენ კი მეუბნებით, მხოლოდ ქურდიო.

– კარგი, კარგი, აღარ შეგაწუხებთ. მშვიდობით!

YYY

გამომძიებლიდან წამოსულმა ქალმა ტრამვაის გაჩერებას მიაშურა. იქ ორი გოგონას საუბარს მოჰკრა ყური.

– იცი, კოსტიას ტყუილად დაუმეგობრდი, – თქვა ერთმა, – არასანდო ტიპია. გაერთობა და მიგატოვებს. ტიპური გულთამპყრობელია.

– ნეტავ, სანდო ვინღაა? – იკითხა მეორემ.

– არც არავინ, – მიუგო პირველმა, – თუმცა… ვიცი ერთი, გრაფს ეძახიან. როგორც ამბობენ, კოსტიასთან მეგობრობდა და ერთადაც ქურდობდნენ თურმე. მერე კი გამოსწორებულა.

– ვინ, გრაფი?

– ჰო.

– არ მჯერა. არც ქურდები სწორდებიან, არც ლოთები და არც ნარკომანები.

აქ უკვე ქალი ჩაერთო:

– გულს ნუ გაიტეხთ, გოგონებო. ქვეყნად რა აღარ ხდება!