,,ბაგით დავწვდი დოქის ბაგეს, ბაგე გადავიბადაგე…” – რას წერს გიორგი ლობჟანიძე ორ გენიალურ მთარგმნელზე

,,ბაგით დავწვდი დოქის ბაგეს, ბაგე გადავიბადაგე..." - რას წერს გიორგი ლობჟანიძე ორ გენიალურ მთარგმნელზეპოეტი, მთარგმნელი, აღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობჟანიძე ფეისბუქში ორი გენიალური მთარგმნელის საოცარ ისტორიას წერს:

,,მეცა მქონდა თარგმნილი, მაგრამ ვახომ რომ თარგმნა, მერე აღარ გამომიქვეყნებიაო! – მითხრა ერთხელ ზეზვა ძიამ, გენიალურმა კაცმა და შეუდარებელმა ქართველმა მთარგმნელმა ზეზვა მედულაშვილმა. ვლაპარაკობდით ომარ ხაიამის ერთ რობაიზე, რომელმაც, ვახუშტი კოტეტიშვილის ბრწყინვალე თარგმანის წყალობით, საქართველოში არნახული პოპულარობა მოიპოვა. თუ თარგმანის ხელოვნებაში, უფრო სწორად, თარგმანის ესთეტიკაში რაღაც ,,ჭერი” ივარაუდება, ვახუშტი კოტეტიშვილის ეს თარგმანი თავს ურტყამს ამ ჭერს და ძალზე ძნელია მისი საყოველთაო კრიტერიუმებით შეფასება, რადგან ის უკვე თანამედროვე ქართული ლიტერატურის ორგანული ნაწილია ისევე, როგორც მისი დედანი – კლასიკური სპარსული მწერლობისა.

ლაბ ბარ ლაბე ქუზე ბორდამ აზ ყაიათე აზ
თა ზუ თალაბამ ვასათეიეი ომრე დერაზ,
ქუზე ლაბ ბე ლაბამ ბორდ ო მიგოფთ ბე რაზ,
მეი ნუშ ქე ბედინ ჯაჰან ნემიაი ბაზ.

პწკარედი:
ბაგე წავიღე დოქის ტუჩისაკენ ტკივილის უკიდურესობისა გამო,
რათა მისგან მეთხოვა ხანგრძლივი ცხოვრების სახსარი,
დოქმა ტუჩი ჩემს ბაგესთან მოიტანა და მეუბნებოდა საიდუმლოდ,
ღვინო დალიე, რადგან ამ ქვეყნად აღარ მოხვალ ისევ.

აი, ეს წერია სპარსულად ზუსტად იმ ოთხ სტრიქონში, რომელიც ვახუშტი კოტეტიშვილის ნიჭმა და ცოდნამ ქართულად ასე დაუვიწყარად ააელვარა:

ბაგით დავწვდი დოქის ბაგეს, ბაგე გადავიბადაგე,
დღეგრძელობას ვეძიებდი, ჟამთა სრბოლით დავიდაგე,
დოქმა მითხრა საიდუმლოდ: მომაგებე ბაგეს ბაგე,
განა ქვეყნად კიდევ მოხვალ, დალიეო, რას ქადაგებ?!

მთარგმნელის ხელოვნება, როგორც გითხარით, ამაზე შორს ალბათ, ვეღარასდროს წავა. თუმცა, აქვე, შეიძლება, ვინმეს ეხამუშოს ის, რომ დედნის ბოლო სტრიქონში, პრაქტიკულად, საპირისპირო რამე წერია: ომარ ხაიამს ღვინის დოქი ურჩევს: ღვინო დალიე,თორემ განა ქვეყნად ისევ მოხვალო. ვახუშტი კოტეტიშვილის თარგმანი კი სარითმო წყვილმა სხვა აზრისაკენ გადააქანა. მაგრამ აქ აზრობრივი აცდენის საპირწონე, ჩემი აზრით, მაინც არის, ესთეტიკური სიზუსტე, რაც ნებისმიერი თარგმანის ფასდაუდებელ საყრდენს წარმოადგენს.
ეს თარგმანი, რომელიც ბავშვობიდან ზეპირად ვიცი, ამ დღეებში კიდევ ერთხელ გამახსენა ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის” ,,ელექტროლიტზე” შადიმან შამანაძის მიერ გამოქვეყნებულმა ზეზვა მედულაშვილის თარგმანებმა, რომლებიც სავარაუდოდ, ოჯახის წევრებმა ძია ზეზვას არქივში მოიძიეს. ამ თარგმანებში კი სწორედ აღნიშნული რობაის თარგმანიც აღმოჩნდა, რაც თავის დროზე ძია ზეზვამ გაკვრით ახსენა ჩემთან საუბარში.
აი, ისიც:

მძაფრი წყურვილით ხელადისა დავტუჩე ტუჩი,
რათა ნიადაგ ნეტარება მქონოდა ყუჩი,
ხელადაც ჩამიტუჩიტუჩდა და ჩამჩურჩულა:
– ერთხელ მოსულხარ, სვი, საწუთრო არისო ფუჭი!

ვახუშტის კოტეტიშვილის ბრწყინვალე თარგმანის შემდგომ ადამიანს, წესით, ვეღარაფერი მოეწონება, მაგრამ… ესეც, ზეზვა ძიას ეს თარგმანიც, ასევე ბრწყინავლეა! ვახუშტის მერე რომ იყოს შესრულებული, ვიტყოდი, ტოლს არ უდებს-მეთქი, მაგრამ ეს უფრო ადრინდელია, უბრალოდ, სხვა ხალხი იყო: მთარგმნელთან ერთად, ორივე დიდებული კაცი და მეგობარი, და ერთმა მეორეს არ აკადრა, მის თარგმანის მერე საკუთარი თარგმანიც გამოექვეყნებინა და დაეჟინებინა, ჩემი სჯობსო, ან თუნდაც, ვინმესათვის ამ ორი ნამუშევრის შედარების საშუალება მიენიჭებინა! ამიტომ, არც მე ვადარებ: ორივე ბრწყინვალეა! თანაბარმნიშვნელოვანი და დიდებული.
კვლევა კი შეიძლებოდა იმ კუთხით გაგრძელებულიყო, რა შეაქვს დედნის ტექსტში ამა თუ იმ მთარგმნელს საკუთარი და რამდენად არის ეს ,,საკუთარი” თარგმანისათვის მნიშვნელოვანი. ამ ორი თარგმანის შედარებიდან სრულიად აშკრაა, რომ მნიშვნელოვანი კი არა, გადამწყვეტი სწორედ ეგ არის – მისი უდიდებულესობა მთარგმნელი, რომელიც ტექსტს მხოლოდ და მხოლოდ თავისი შინაგანი წყობის, ადამიანური გამოცდილების, ესთეტიკური ღირებულებისა და, რა თქმა უნდა, ცოდნის სინათლეზე წაიკითხავს.