,,უფსკრულში გადაჩეხის წინ პიკზე შევჩერდი, ღმერთმა გადამარჩინა” – გიო ხუციშვილის ცხოვრების უცნობი დეტალები

,,უფსკრულში გადაჩეხის წინ პიკზე შევჩერდი, ღმერთმა გადამარჩინა" - გიო ხუციშვილის ცხოვრების უცნობი დეტალები4 თვე გავიდა მომღერალ გიო ხუციშვილის გარდაიცვალებიდან. ის ისევ მოუშუშებელ ჭრილობად რჩება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ის უყვარდათ, ასეთი კი უამრავი იყო.

გიო ხუციშვილის ცხოვრება დიდი განსაცდელებით იყო სავსე. სამწუხაროდ, ბოლო განსაცდელს ვეღარ გაუძლო, ის 56 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა.

გიო ,,სარკის” ხშირი სტუმარი იყო. ერთ-ერთ ინტერვიუში ის თავისი ცხოვრების ქარტეხილებზე საუბრობს. 2 წლის წინ მან გაიხსენა ეპიზოდები, რომლებიც მანამდე არსად მოუყოლია.

გიო ხუციშვილი:

– თქვენ პირველი ხართ, ვისთანაც ასე გულახდილად ვსაუბრობ აფხაზეთის ომზე. აქამდე სულ რამდენიმე ისტორია მაქვს მოყოლილი. ისიც კი არავისთვის მითქვამს, რომ მხედრული მამაცობისთვის დამაჯილდოვეს. ეს ჯილდო გაგრაში ერთ-ერთი ოპერაციის ჩატარების გამო გადმომცეს. ეს ისტორია ძალიან ძნელი და რთული მოსაყოლია, 20-ზე მეტი ახალგაზრდა კურსანტი სადისტურად მოკლეს. გარდაცვლილი ბიჭები ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოგვყავდა, მათი გამოყვანის დროს ძალიან ბევრი დაიღუპა, მეც ფეხში დავიჭერი (აფხაზეთის ომში ორჯერ დავიჭერი).

ომში ადამიანი სიკვდილს ეგუება. თუ მანამდე სიკვდილის გეშინია, მერე ეს შიში ქრება, წამებში იღებ გადაწყვეტილებას და ამბობ, რომ ყველაფერი დამთავრდა, რომ ყველაფერს წერტილი დაესვა. წამებში გაგახსენდება შვილი და სხვა ახლობელი ადამიანები, რომლებიც შენთვის ძვირფასები არიან. იმ მომენტში ეგუები სიკვდილს, რადგან არაფრის გაკეთება შეგიძლია, მერე კი, უფლის წყალობით, ყველაფერი იცვლება, ცხოვრებაში მეორე შანსი გეძლევა.

დღესაც, როდესაც აფხაზეთის თემაზე ფილმებს აჩვენებენ ან რაიმე გადაცემაა, ვერ ვუყურებ. მაშინვე კოშმარები მახსენდება, რაც ძალიან ცუდად მხდის. თუმცა ომში სულ იუმორით ვცხოვრობდი, იუმორი რომ არა, შეიძლებოდა ადამიანი გაგიჟებულიყო.

,,უფსკრულში გადაჩეხის წინ პიკზე შევჩერდი, ღმერთმა გადამარჩინა" - გიო ხუციშვილის ცხოვრების უცნობი დეტალები– აფხაზეთის ომში თქვენი თაობიდან, თქვენი წრიდან ყველა არ წასულა. თქვენ რატომ მიიღეთ ასეთი გადაწყვეტილება?

– მაშინ მჯეროდა, რომ ჩემს სამშობლოს დახმარება სჭირდებოდა და, როგორც რიგით მამულიშვილს, ვალი უნდა მომეხადა. მე ცხოვრების ბევრი ეტაპი გავიარე. ერთი პერიოდი ბოჰემურად ვცხოვრობდი – გიტარა, ღვინო… მერე გიტარა გვერდით გადავდე და მეგობრებთან ერთად ომში წავედი. მაშინ ჩემი უმცროსი შვილი, ზუკა, თვეების იყო. თილისმად მისი თეთრი ზეწარი გავიკეთე ყელზე. წელიწადნახევარი ვიბრძოდი და ამ ხნის განმავლობაში ბევრი ტრაგიკული მომენტის მომსწრე გავხდი.

– როგორც ვიცი, თქვენც არაერთხელ გადაურჩით სიკვდილს.

– კი, უფლის წყალობით, ბევრჯერ გადავრჩი. გაგრაში მთაზე გადასვლის დროს ჩეჩნების ჯგუფს გადავაწყდით, გადასვლა ვეღარ მოვასწარით და ხელჩართულ ბრძოლაში მოვყევით. ასეთ ბრძოლიდან ცოცხალი რომ გამოხვალ, სასწაულია.

ერთხელ ცოცხალი რომ გადავრჩენილიყავი, ჩემი პროფესია, მსახიობობა გამოვიყენე. მანქანით მივდიოდით. ჩემ წინ, ავტომობილში ჩაცხრილეს ლადო ტატიშვილი (ფილმ “კუკარაჩაში” თამაზის როლის შემსრულებელი), ჩემს მანქანას სამოცამდე ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. ჩვენ სროლას ვერ ვასწრებდით, ამიტომ თავი მოვიმკვდარუნეთ. მათაც იფიქრეს, მკვდრები არიანო და აღარ გვესროლეს.

ერთხელ ოჩამჩირეში დამწვარ, დანგრეულ სახლში შევედით, სადაც როიალის გარდა არაფერი დაგვხვდა, ყველაფერი განადგურებული იყო. როიალის დანახვაზე განმუხტვა გადავწყვიტეთ. ჩემმა მეგობარმა, მიშკა ჭაბუკიანმა, დაუკრა, მე ვიმღერე, ბიჭებიც ამყვნენ და სიმღერა სამ ხმაში გავშალეთ. მერე პატარა მიხომ (ასე ვეძახდით იმ ბიჭს, გვარი არ მახსოვს) იცეკვა, ყველა გავმხიარულდით და რაღაც მომენტში ომი გადაგვავიწყდა. ჩვენ რომ ვმხიარულობდით, მეორე სახლში აფხაზები იყვნენ ჩასაფრებული, მუსიკის ხმა და ჩვენი სიმღერა რომ გაიგონეს, გაჩუმდნენ. ირგვლივ სიჩუმემ დაისადგურა, ერთი ტყვიაც კი არ გვესროლეს. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მუსიკამ დაგვაკავშირა ერთმანეთს.

– ისეთი ისტორია თუ გახსენდებათ, რომელიც იმედს გაძლევთ, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის ხიდის აღდგენა შეიძლება და, რომ ყველაფერი არ არის დაკარგული?

– რაც უნდა გასაკვირი იყოს, სოხუმში აფხაზმა ქალმა შეგვიფარა და ბიჭები მასთან ვცხოვრობდით, გვპატრონობდა. მეც ვიცავდი და დედასავით ვექცეოდი. იმ ქალმა თავიდან გვითხრა, ჩემი შვილები რუსეთში ცხოვრობენო, მაგრამ, ჩემი აზრით, მისი ბიჭები ომში იბრძოდნენ. ეს ქალი გვირეცხავდა, გვაჭმევდა. რაღაც რომ მომხდარიყო, ისიც ჩვენთან ერთად დაიღუპებოდა.

მეორედ სად და როგორ დაიჭერით?

– ნაღმის ნამსხვრევები მომხვდა ზურგში ორ ადგილას. მაშინაც სასწაულად გადავრჩი. სწორედ იმ მომენტში მივხვდი, რომ ცხოვრება მხოლოდ ერთი წამი იყო. როდესაც გარდაცვლილი კურსანტები გამომყავდა და ფეხში დავიჭერი, ოპერაცია ტკივილგამაყუჩებლის გარეშე გამიკეთეს, რადგან წამალი არ ჰქონდათ. ერთი წამში მთელი ცხოვრება გამახსენდა. სულ ბავშვებზე ვფიქრობდი. როგორ მინდოდა, მოვსწრებოდი მათ სკოლის დამთავრებას, მენახა მათი ოჯახები, შვილიშვილები.

,,უფსკრულში გადაჩეხის წინ პიკზე შევჩერდი, ღმერთმა გადამარჩინა" - გიო ხუციშვილის ცხოვრების უცნობი დეტალებიმინდოდა, გადავრჩენილიყავი და მათთან დავბრუნებულიყავი. განსაკუთრებით კი ელენეზე მქონდა გართულება, უმამოდ დარჩენილი გოგონა არ დაეჩაგრათ… დღეს ელენესგან 9 თვის შვილიშვილი მყავს – კატო.

– ომში თქვენ თვალწინაც ალბათ ბევრი გმირობა მოხდა.

– მართლაც ბევრი საოცარი ვაჟკაცობის მომსწრე გავხდი. ოჩამჩირის შტაბში პავლე იოსელიანმა ტყვე რომ შემოათრია, “ლიმონკა” მოძვრა და ძირს დაუვარდა. ხელყუმბარის გარეთ გადაგდებას კი მოასწრებდა, მაგრამ იქ ხალხი იდგა, ამიტომ წამებში გაიაზრა, სხვებისთვის რომ არაფერი ევნო, თავად გადაეფარა “ლიმონკას” და ზედ აფეთქდა. ასე იხსნა მეგობრები სიკვდილისგან.

გამაოგნებელი იყო თემურ (თიო) გაბუნიას ვაჟკაცობა. თიოს ყველა მეგობარი დაუხოცეს, მარტო ის გადარჩა. ტყვედ რომ უნდა აეყვანათ, თავი აიფეთქა და მტრებიდან ყველა თან გაიყოლა. ძალიან ბევრი ადამიანი იყო, რომლებსაც ისეთი გმირობები აქვთ ჩადენილი, რომ წიგნები დაიწერება.

– თქვენ რომელ ბატალიონში იბრძოდით?

– ჩვენ სულ მხედრიონელებთან ერთად ვიბრძოდით, მხედველობაში მყავს “მხედრიონის” პირველი წევრები. მერე იმდენი “მხედრიონის” საბუთი დარიგდა, მართლა რომ ვყოფილიყავით იმდენი, აფხაზეთი არ დაიკარგებოდა. “მხედრიონის” სახელით ძალიან ბევრი ცუდ საქმეს ჩადიოდა. “მხედრიონიდან” აფხაზეთის ომში 800 ადამიანი დაიღუპა. თბილისში ჩამოვედი თუ არა, იარაღი მაშინვე ჩავაბარე. იარაღს რომ ვხედავდი, ცუდად ვხდებოდი, პროტესტი მიჩნდებოდა.

– ომის შემდეგ მშვიდობიან ცხოვრებაში დაბრუნება კიდევ ერთი განსაცდელია. როგორ გაიარეთ ეს პერიოდი?

– აფხაზეთიდან რომ ჩამოვედი, ერთი პერიოდი სმა დავიწყე. ნარკოტიკს არ გავეკარე და ამით გადავრჩი. ბევრმა იქვე დაიწყო ნარკოტიკის მოხმარება, რომ რეალობა დროებით დაევიწყებინა, შიში დაეძლია, მერე ის ბიჭები დაიღუპნენ. ძალიან რთული პერიოდები მქონდა ცხოვრებაში, მაგრამ ღმერთმა ყოველთვის გადამარჩინა. სავსებით შესაძლებელი იყო, ცხოვრების დინებიდან ამოვვარდნილიყავი, მაგრამ რაღაც ხმა სულ მაფრთხილებდა. არის მომენტი, ან უნდა გადაიჩეხო უფსკრულში, ან უნდა გაჩერდე და სულ სხვა მხარეს წაიყვანო შენი ცხოვრება. მეც რაღაც პიკზე შევჩერდი. სასწაულია, როცა ამ სტრესიდან გამოდიხარ. ამაში კი რაღაც ამოუცნობი ძალა გეხმარება, რომელიც გეუბნება, გეყოფა, ცხოვრება უნდა შეცვალოო.

,,უფსკრულში გადაჩეხის წინ პიკზე შევჩერდი, ღმერთმა გადამარჩინა" - გიო ხუციშვილის ცხოვრების უცნობი დეტალებიჩემმა მეუღლემ, მაიკომ, ბევრ რამეს გაუძლო. სულ ვეუბნები, რომ შეიძლებოდეს, ორდენს მოგცემდი-მეთქი. გვერდში მედგა, ჩემს ნევროზულ აკვიატებებს, სიგიჟეებს ითმენდა. დროის შეგრძნებაც რთულად გადავლახე. ღვინის სმის დროს მეგონა, რომ აფხაზეთში ვომობდი, მერე ვერკვეოდი, რომ ოჯახში ვიყავი. გაორება მქონდა. ასეთ მომენტში ადამიანი საშიშია. მაიკოს ზუკა პატარა ჰყავდა, მაგრამ ერთი წამითაც არ მივუტოვებივარ. ახლაც ცუდად მძინავს, რადგან მეხსიერებაში ყველაფერი რჩება.

ამერიკაში იმ ადამიანებისთვის, ვინც ვიეტნამში იბრძოდნენ, რეაბილიტაციის ცენტრები დღესაც არსებობს, მაგრამ აქ ამ ბიჭებისთვის არაფერი იყო, ბევრმა ვერ მიაგნო საჭირო დახმარებას და დაიკარგა. ჩვენ ძალიან ნიჭიერი თაობა ვიყავით, მაგრამ მხოლოდ რამდენიმემ გადაირჩინა თავი, მხოლოდ რამდენიმემ თქვა თავისი სათქმელი.

,,უფსკრულში გადაჩეხის წინ პიკზე შევჩერდი, ღმერთმა გადამარჩინა" - გიო ხუციშვილის ცხოვრების უცნობი დეტალები