ნუკრი კაპანაძე მანქანამ გინებას შეაჩვია – ”ფარები სულ ანთებული მრჩება და მანქანა – დაქოქილი”

ნუკრი კაპანაძე მანქანამ გინებას შეაჩვია - ”ფარები სულ ანთებული მრჩება და მანქანა - დაქოქილი”მომღერალი ნუკრი კაპანაძე 10 წელია, რაც მანქანას ატარებს. მართვა მექანიკაზე ისწავლა და ნამდვილ მძღოლადაც თავს სწორედ მაშინ გრძნობდა. ახლა კი “სუძუკი” ჰყავს, რომელსაც გაბარიტების გამო მიანიჭა უპირატესობა, მისი პარკირება ადვილია, პლუს ნაკლებ საწვავსაც წვავს.

– ნუკრი, რა პრინციპით შეარჩიეთ თქვენი მანქანა, როცა ყიდულობდით?

– იაპონური, წითელი “სუძუკი” მყავს, რომელსაც აქვს ძალიან დაბალი ძრავი და, რაც ყველაზე მთავარია, ცოტას წვავს. ადრე მყავდა სპორტული, ძალიან გრძელი მანქანა, მძიმე იყო და თან მექანიკა. იმ მანქანაზე ვისწავლე ტარება და იმასთან შედარებით ეს არის პეპელა. მინდოდა, ჩემი მანქანა ყოფილიყო მცირე გაბარიტების, მოხერხებული, კომფორტული, რომ პატარა ადგილზეც შემძლებოდა მისი ჩაყენება. ეს სწორედ ასეთია.

– მექანიკიდან ავტომატიკაზე ადვილად გადახვედით?

– ახლაც მგონია, რომ უნდა გადავრთო სიჩქარეებში და ხელი გამირბის. ავტომატიკა მარტივი და კომფორტულია, მაგრამ მე მაინც “მძღოლური” მანქანა მიყვარს – მექანიკა, სიჩქარეები.

– მექანიკა რატომ არ იყიდეთ მეორედაც?

– უცებ ჩამივარდა ხელმისაწვდომ ფასად. თან მექანიკას დღეს ნაკლებად ყიდულობენ. ამის გაყიდვა რომ მომიწიოს, გავყიდი და არ დამრჩება ისე.

– აპირებთ მანქანის შეცვლას?

– ჯერჯერობით – არა. ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც გიჟდებიან ახალ მანქანებზე, ახალ ტელეფონებზე, მე კი ასეთი არ გახლავართ. როგორც ჩემთვის სიმღერაა თვითმიზანი და მუდამ ძიებაში ვარ, ისეა ის ახალი მანქანაც სხვისთვის. ჩემთვის მთავარია, მოწესრიგებული ავტომობილი მყავდეს, რომელიც გადამიყვანს ერთი ადგილიდან მეორეზე. ჩემთვის ბოლო “მოდელი” მუსიკა, სიმღერაა, დანარჩენი არ მაინტერესებს.

– საცობებზე როგორ რეაგირებთ?

– პიკის საათებში მანქანით გასვლას ვერიდები. ვცდილობ, გარკვეულ მონაკვეთებზე ფეხით ვიარო, მაგალითად, კეკელიძიდან ვაკის პარკამდე ან თუნდაც წავიდე საბურთალოზე. ერთი მხრივ, ფეხით სიარული ძალიან კარგია, მაგრამ, მეორე მხრივ, ბევრ გამონაბოლქვს სუნთქავ.

– თქვენი მანქანა რითია საინტერესო?

– ჩემს გაბარიტებს უხდება. ხომ გინახავთ ჯიპში პატარა, გამხდარი გოგო, რომელიც იმ მანქანაში ძალიან სასაცილოდ ჩანს ან პირიქით – დიდი ადამიანი პატარა მანქანაში რომ ზის, ჩემი ავტომობილი კი მე მგავს და ამითაა საინტერესო.

– შუა ტრასაზე რომ გაგიფუჭდეთ მანქანა, დამოუკიდებლად რაიმეს მოუხერხებთ?

– ვერა. წინა მანქანამ ძალიან გამაწვალა. ერთხელ გორი-თბილისის ავტომაგისტრალზე გამიჩერდა. შუადღე იყო, ზაფხული, ცხელოდა. მანქანას ავტობანზე ბოლი აუვიდა. დავრეკე და ევაკუატორი მოვიდა. მანქანაში მიდევს ხელოსნის და ევაკუატორის ნომრები. ერთი ვიცი ზუსტად, რომ ზეთი უნდა გამოვცვალო.

– პროფილაქტიკას ხშირად სტუმრობთ?

– ზეთის შესაცვლელად ვსტუმრობ. მთავარია, რომ ძრავი არასდროს დაჯდეს და წყალი მუდამ იყოს მანქანაში, რომ თუ რამეა, ჩავამატო. უნდა გამოგიტყდეთ, რომ ფარები სულ ანთებული მრჩება და მანქანა – დაქოქილი. მერე სულ “პერემიჩკებს” ვეძებ.

– ქალ მძღოლებზე რასაც ამბობენ, ეთანხმებით?

– არა, რადგან იმავეს თქმა შეგვიძლია მამაკაცებზეც. ძალიან ბევრი კულტურული, მოწესრიგებული, კანონმორჩილი ქალი მძღოლი ვიცი, რომ მისაბაძები არიან.

– თქვენ თუ ხართ კანონმორჩილი მძღოლი?

– კანონმორჩილი ვარ, თუმცა, როგორც ცხოვრებაში რაღაცებს ვარღვევ, საჭესთანაც დამირღვევია. დარღვევის გარეშე ზოგადად არც ვცხოვრობ – არც სიმღერაში და არც ცხოვრებაში. მქონია სიტუაცია, როცა ჩავფიქრებულვარ შუქნიშანთან, შემდეგ გამომკიდებია პატრული და დავუჯარიმებივარ. ძალიან რთული იყო იმ წუთში 50 ლარის ამოღება საფულიდან, მაგრამ დავემორჩილე.

ამ ინციდენტმა უფრო ყურადღებიანი გამხადა. ალბათ რაღაც უნდა შეგეშალოს, რომ შემდეგ უფრო ყურადღებიანი გახდე.

– ნასვამი თუ დამჯდარხართ საჭესთან?

– ამის კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ და არც დავმჯდარვარ. მქონია შემთხვევა, როცა ნახევარი ჭიქა ღვინო მომიწრუპავს და დავმჯდარვარ, მაგრამ მაგას დალევას ვერ ვუწოდებ.

– საჭემ ბილწსიტყვაობას ხომ არ შეგაჩვიათ?

– უი, უი, ძალიან! მაგის გარეშე როგორ შეიძლება, მაგრამ ეგ ხომ არ ნიშნავს იმას, რომ მე კონკრეტულ ადამიანს ვაგინებ?! არა, ჩემთვის ეს არის ორთქლის გამოშვება. თუ ვიღაცები სხედან გვერდით და უცებ წამომცდება უწმაწური სიტყვა, უნდა ნახოთ, როგორები მიყურებენ. ამბობენ: “ნუთუ თქვენ იყავით ეს?!”. ვბრაზდები, როცა ჩემი გზაა და არ მითმობენ.

– საჭესთან ალბათ სულ მღერით ან ღიღინებთ.

– მანქანაში არ მიყვარს სიმღერა და არც რადიოს ვრთავ. სიჩუმე მომწონს. თუ ახალი სიმღერა ჩავწერე, მხოლოდ მას ვუსმენ იქამდე, სანამ არ მომბეზრდება. სხვის მანქანაშიც რომ ვზივარ, სულ ვეხვეწები, მუსიკა გამორთონ, რადგან სიჩუმე მირჩევნია.

გიორგი საკარული, სარკე