ირაკლი წერეთელი სიკვდილს გადაურჩა – პოლიტიკოსი რთული ოპერაციის თანხის გადახდას არ აპირებს

ირაკლი წერეთელი სიკვდილს გადაურჩა - პოლიტიკოსი რთული ოპერაციის თანხის გადახდას არ აპირებსგასული საუკუნის 90-იანი წლებში საქართველოს ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა (სედპ) და საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრს, ირაკლი წერეთელს, რამდენიმე წელია მძიმე პერიოდი უდგას. საქმე ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება. მას რთული ოპერაციის გადატანაც მოუხდა.

— ბატონო ირაკლი, რატომ გახდით ავად და ახლა როგორ ხართ?

– ოპერაცია წარმატებით ჩატარდა, მაგრამ მაინც მაქვს ქრონიკული ანთებითი პროცესი და მედიკამენტოზური მკურნალობა უნდა დამინიშნოს ინფექციონისტმა.

ძალიან ცუდი და რთული ოპერაცია გამიკეთა ვანო წულეისკირმა. ჩემს დაავადებას ჰქვია ჩირქოვანი ანთება გულმკერდის არეში, შუასაყარში. ეს ადგილი ყელთან ახლოს არის და ძალიან რთულად მისადგომია. 10 აპრილს გამიკეთდა ოპერაცია და ახლა კიდევ მჭირდება მედიკამენტოზური მკურნალობა, რომ ანთება საბოლოოდ ჩაქრეს.

29 მარტს ვიგრძენი მხარის ტკივილი. ორი კვირა ექიმთან არ მივდიოდი, მხოლოდ გამაყუჩებლებს ვიღებდი და აღარ გამიარა. ამასობაში დაავადება გაძლიერდა. ისედაც დავიგვიანე და ცოტა კიდევ რომ დამეგვიანა, ალბათ ფატალურად დამთავრდებოდა ყველაფერი. ამ ადგილს მაშინ ჭრიან, როცა ადამიანს შუნტირებას უკეთებენ გულზე. მე კი ამ ადგილას ჩირქი ჩამიდგა.

— რამ გამოიწვია ეს ჩირქოვანი ანთება?

– ვერ დაადგინეს. რაღაც ბაცილა შევიდა და… მხრიდან გადავიდა მკერდში და მკერდიდან – შუასაყარში. სტრეპტოკოკური ინფექციაა.

სვანეთში წავიქეცი 22 ნოემბერს – კიბეზე დავგორდი, მაგრამ მაშინ ტკივილი არ მიგრძვნია. ისეთ კიბეზე წავიქეცი, ღმერთმა გადამარჩინა. ზოგი ექიმი ამბობს, რომ წაიქეცი, ალბათ მერე განვითარდა ეს დაავადებაო, მაგრამ მაშინ არც მტკიოდა. 29 მარტს ვიგრძენი პირველად ტკივილი, რომელიც აღარ მომეხსნა.

— თქვენი და წერდა, ექიმბაშებთან დადიოდა და თავისით მკურნალობდაო.

– არა, რა ექიმბაშები!.. არ მიმკურნალია, მხოლოდ გამაყუჩებლებს ვიღებდი. დავიგვიანე, თორემ თავის დროზე რომ მივსულიყავი, ალბათ ოპერაცია აღარ დამჭირდებოდა. მხარი მტკივა და გამივლის-მეთქი, ვფიქრობდი, მაგრამ თურმე ჩირქოვანი ანთება ყოფილა.

ოპერაციის მერე ექოსკოპია და კომპიუტერული ტომოგრაფია გადავიღე და ეს ნახა ჩირქოვანი დაავადებების ყველაზე ძლიერმა ქირურგმა. მითხრა, რომ ანტიბიოტიკური მკურნალობაღა მჭირდება.

საშინელი ტკივილი მაწუხებდა მარცხენა მხრის არეში. მერე გასივდა მხარი, ამოიბურცა და ვიკეთებდი გამაყუჩებელს, რომელიც ცოტა ხნით მშველოდა.

ოპერაცია რომ გამიკეთეს, მას მერე საავადმყოფოში ერთი თვე ვიწექი. ახლა ტკივილები ისევ მაქვს და მარცხენა ხელს ვერ ვამოძრავებ ისე, როგორც საჭიროა. ეს ტკივილები პოსტოპერაციული პერიოდის ბრალია და არა – მთლად ანთების. მწვავე ფაზა აღარაა, უფრო ქრონიკულში გადავიდა. პატარა წამკურნალება სჭირდება, რომ ესეც მომეხსნას.

ბავშვობაში მაქვს გაკეთებული გლანდების და ბრმანაწლავის ოპერაციები. მაშინ ადვილად გადავიტანე, მაგრამ ახლა, ასაკში რომ ვარ… დამაძინეს და ოპერაციის დროს არაფერი მიგრძვნია, მაგრამ მერე ტკივილები და სისუსტე მქონდა.

კიდევ კარგი, მაშინდელი საშინელი ნარკოზი აღარაა ახლა. სასიამოვნო ნარკოზია – წამალს სვამ, გეძინება და მერე შეჰყავთ ცხვირსა და პირში “დრენაჟები” და რაღაცები. მაშინ კი რაღაც უბედურება იყო, რაღაცას გადებდნენ, რომელსაც საშინელი სუნი ჰქონდა.

— ამ ეტაპზე რას საქმიანობთ, რითი ხართ დაკავებული?

– ბოლო პერიოდში აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას აღარ ვეწევი. ძირითადად ეკოლოგიური პრობლემების კუთხით ვმუშაობ რაჭაში, სვანეთში, რომ ეს საზიზღარი ჰესები არ აშენდეს. ვწუხვარ, რომ ბოლო თვეებია ვეღარ ვაქტიურობ. მანამდე კი ამ აქციების აქტიური მონაწილე ვიყავი.

20 მაისს მაინც ჩავედი აქციისთვის სვანეთში, მაგრამ არ ჩავატარეთ, რადგან იქ ერთი ღირსეული კაცი გარდაიცვალა და სანამ ის არ დაიკრძალება, აქციების გამართვა უხერხულია. გერმანიაში გარდაიცვალა და ჯერ არ ჩამოუსვენებიათ. ეს გახლავთ ავთანდილ კვანჭიანი, რომელიც ლეიკემიით იყო დაავადებული.

კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ისეთი მშენებლობების, რომლებიც იწვევს საქართველოს ბუნების გაპარტახებასა და განადგურებას. ეკოლოგიური კლიმატი იცვლება და მხოლოდ ის შედეგი მოაქვს, რომ ორმა მუჭა ნაძირალა ადამიანმა ფული გააკეთოს – გაყიდონ ელექტროენერგია და გახდნენ მილიონრები. დამოუკიდებლობისათვის იმიტომ ხომ არ ვიბრძოდით, რომ ვიღაცები გამდიდრებულიყვნენ და უმეტესობას გაჭირვებაში ეცხოვრა?!

— სვანეთში აქციაზე ჩასული წაიქეცით?

– არა, მაშინ პირად საქმეზე ვიყავი ჩასული და ღამე ვის სახლშიც გავათენეთ, იქ დავგორდი კიბეზე. ძალიან ბნელოდა. მანამდე ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ერეკლე გოცაძემ ფეხის ცერა თითებზე გამიკეთა ოპერაცია – დანეკროზებული ქსოვილები მომაშორა.

— როგორც ვიცით, დიაბეტი გაწუხებთ.

– დიახ და ამ დაავადებას, რომელიც ფეხებზე მქონდა, დიაბეტი ხელს უწყობს, მაგრამ ალბათ არამხოლოდ დიაბეტის გამო დამემართა. მეორე ტიპის დიაბეტი მაქვს.

— ანუ ინსულინზე არ ხართ დამოკიდებული?

– ინსულინს ხან ვიკეთებ, ხან – არა. ოპერაციის შემდეგ კი გახდა საჭირო ინსულინი და დროებით ვიკეთებ. შაქარმა პირველად 2000 წელს ამიწია, მაგრამ არ ვაქცევდი ყურადღებას. მერე კი კანი ავიგლიჯე და ინფექცია შევიდა. ექიმთან არ მივედი. ამან გამოიწვია დანეკროზება და ოპერაცია დამჭირდა. თითების მოკვეთას გადავრჩი.

— გულმკერდის შუასაყარში ჩირქის ჩადგომა და გართულებაც შეიძლება გარკვეულწილად დიაბეტს უკავშირდებოდეს.

– დიაბეტი ნებისმიერი დაავადების გართულებას უწყობს ხელს. აფუჭებს სისხლძარღვებს, რაც ბევრ რამეს აზიანებს. ალბათ ჩემს დაავადებასაც შეუწყო ხელი.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ექიმებს – ვანო წულეისკირს, ირაკლი კოპაძეს. ასევე, მადლობა სოსო დუშაშვილს და ქალბატონ ნინო ნიშნიანიძეს, ვისი ზეწოლითაც მივედი ექიმებთან. არ ვაპირებდი წასვლას, ვფიქრობდი, გამივლიდა, მაგრამ ამათ მაიძულეს, თორემ შეიძლებრდა ვეღარც გადავრჩენილიყავი. რომ იტყვიან, სულზე მივუსწარი. დიდი სოლიდარობა გამომიცხადეს კონსტანტინე გამსახურდიამ, ვაჟა ადამიამ და ბევრმა ჩემმა მეგობარმა.

— ოპერაცია დაგიფინანსათ სახელმწიფომ?

– ოპერაცია დაჯდა 12 500 ლარი. აქედან საყოველთაო დაზღვევამ დამიფინანსა 7 000 ლარით. სახელმწიფომ, დედაქალაქის მერიამ 1500 ლარზე მეტი ვერ გაიმეტა. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს კი არაფერი გადმოურიცხავს.

3000 ლარი ისევ დასაფარია. სახელმწიფო ვალდებულია, დამიფაროს ეს თანხა, რადგან დღეს რომ ქვეყანა დამოუკიდებელია, ცოცხალ ადამიანებში ყველაზე მეტი დამსახურება მე მიმიძღვის. ამიტომ არ გადავიხდი, სახელმწიფომ გადამიხადოს, პრინციპის ამბავია! დამოუკიდებელ საქართველოში მე სახელმწიფოსგან განსაკუთრებული პატივისცემა მეკუთვნის.

— თუ არ დაგიფარეს?

– ალბათ მეგობრები გადამიხდიან. ეს ხელისუფლება ნაციონალების ხელისუფლებას ბევრად სჯობია, მაგრამ მაინც უნდა შეიცვალოს!

სამწუხაროდ, დიდი შეცდომა იყო, რომ ჩემი გავლენა და პოპულარობა არ გამოვიყენე ჩემი ფინანსური გაძლიერებისთვის. პოლიტიკის წარმოება ფინანსების გარეშე წარმოუდგენელია და ამაზე უნდა მეფიქრა, მაგრამ ქართველი ერის კეთილშობილების იმედი მქონდა და დარწმუნებული ვიყავი, ერი ღირსეულად დააფასებდა ჩემს თავდადებას, მაგრამ, სამწუხაროდ, ქართველების უმრავლესობა ფულზე გაყიდული მონა აღმოჩნდა.

მე შიმშილით არ ვკვდები, არც ღატაკი ვარ, რადგან მშობლებმაც რაღაც დამიტოვეს და რაღაც მეც ვიშოვე, თუმცა ეს ძალიან ცოტაა იმისათვის, რომ დიდი პოლიტიკა აწარმოო.

— რა მოთხოვნები გაქვთ და აპირებთ თუ არა პოლიტიკურ გააქტიურებას?

– ახლა ლამის გადაატრიალონ ქვეყანა სარალიძის მკვლელობის გამო. ყველა შვილმოკლულ ადამიანს სოლიდარობას ვუცხადებ და კატეგორიულად მოვითხოვ ყველა მკვლელობის გამოძიებას.

მთავრობა უნდა გადადგეს ყველა იმ ბოროტებისათვის, რაც ჩაიდინა. მხოლოდ მკვლელობები ხომ არაა?! ჰესებს აშენებენ, საქართველოს ბუნებას ანადგურებენ, კორუფციის ჭაობში არიან ჩაძირული და რუსეთთან დიდი პოლიტიკური დიალოგი აქვთ გამართული… სარალიძეზე რომ აქვთ ატეხილი ამბავი, ტატუნაშვილი, რუსებისგან მოკლული რატომ დაავიწყდათ?! ის უფრო დიდი ტრაგედია არ არის?!

სხვა უამრავი ბიჭია მოკლული, რომლებიც თავის დროზე რუსეთის იმპერიას იარაღით ხელში ებრძოდნენ. ეს ყველა მკვლელობა გამოსაძიებელია, ისევე, როგორც სარალიძის.

ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს, მაგრამ ზაფხულში ძნელია დიდი გამოსვლების ორგანიზება. შემოდგომიდან კი ქუჩაში დიდი მღელვარების ორგანიზებას გავაკეთებ.

— ვისთან ერთად მოაწყობთ ამ მღელვარებას?

– ქართველ ხალხთან ერთად. ცალკე აღებულ არც ერთ პარტიას დავუდგები გვერდით, რადგან ყველა სახელგატეხილია. დღეს საქართველოს სჭირდება მესამე ძალა. არსებული ოპოზიცია კი ღირსეული არ არის და ვერ გაიმარჯვებს!

რუსუდან ადვაძე, სარკე