გუგული მაღრაძე სიძეს მზითევში ერგო – როგორ სახლში ცხოვრობს დეპუტატი

გუგული მაღრაძე სიძეს მზითევში ერგო - როგორ სახლში ცხოვრობს დეპუტატიპარლამენტის დეპუტატმა “ქართული ოცნებიდან”, გუგული მაღრაძემ, ,,სარკეს” სიძისა და ქალიშვილის სახლში უმასპინძლა – თბილისში, ფიქრის გორაზე, სოფიკო ჭიაურელის ქუჩაზე, დუპლექსის ტიპის ბინაში. მარტოობა არ უყვარს, ამიტომ მისი ბინა თბილისში, პეტრიაშვილის ქუჩაზე, ხან გაქირავებულია, ხან კი უბრალოდ დაკეტილი.

წყალტუბოში დაიბადა, სკოლა ზესტაფონში დაამთავრა. შემდეგ თბილისში, ბებიის და პაპის სახლში ცხოვრობდა. მერე წლები ქმართან ერთად მოსკოვში გაატარა. ახლა კი ერთადერთ ქალიშვილთან, სიძესთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობს.

– ქალბატონო გუგული, დიდ ოჯახთან ერთად ცხოვრება თქვენი არჩევანია?

– კი, მარტო ყოფნა არ მიყვარს, სახლში ვისვენებ.

– მიუხედავად ხალხმრავლობისა?

გუგული მაღრაძე სიძეს მზითევში ერგო - როგორ სახლში ცხოვრობს დეპუტატი– იცით, რა? ჩვენს სახლში ყველას თავ-თავისი საქმე აქვს, ბავშვები თავიანთ ოთახებში არიან. მე, ჩემი ქალიშვილი და სიძე გვიანობამდე ვმუშაობთ. ერთად ყოფნის შესაძლებლობა საღამოს, 2-3 საათით გვაქვს.

ჩემმა ქალიშვილმა ბავშვობაში დაწერა თემა (მაშინ დიდუბეში ვცხოვრობდით), საღამოობით ოჯახის ყველა წევრს სხვადასხვა არხის ყურება სურს, ამიტომ გაუთავებლად ისმის, არა, ამ არხს ვუყუროთ, არა, იმ არხსო. ჩემმა ძმამ ყველა ოთახში დადგა ტელევიზორი, მაგრამ, ამის მიუხედავად, მაინც ყველა დიდ ტელევიზორთან ვიკრიბებოდით, ერთად ყოფნა გვინდოდა.

მარტოობა არ მიყვარს. ერთხელ ჩემები ბაკურიანში წავიდნენ. ერთი დღე არა მიშავდა, მეორე დღეს კი უკვე ცუდად გავხდი, წნევა ამეწია. დავურეკე, მოვდივარ-მეთქი.

– რამდენი წელია, რაც ამ სახლში ცხოვრობთ?

– 2003 წლიდან. ძალიან კომფორტული სახლია. ორიენტირებული ვართ კომფორტზე და არა – ფუფუნებაზე. ჩვენს სახლში ვერ ნახავთ ნივთებს, რომლებსაც დანიშნულება არ აქვს.

არ მიყვარს სტუმრად მისვლა, მეჩვენება, რომ სხვის სახლს კომფორტი აკლია. მირჩევნია, ჩვენთან მოვიდნენ, თუმცა ყოველდღე სტუმრიანობა არ გვაქვს. ტრადიციულ, სტუმრიან ოჯახში გავიზარდე, მაგრამ მიჩვეული ვიყავი, რომ სტუმარი გაუფრთხილებლად არ უნდა მოსულიყო. გაუფრთხილებლად არასდროს არავისთან მივდივარ.

– მანამდე სად ცხოვრობდით?

– აქვე – ვერაზე, მანამდე კი დიდუბეში, სადაც ახლა ჩემი ძმა ცხოვრობს.

გუგული მაღრაძე სიძეს მზითევში ერგო - როგორ სახლში ცხოვრობს დეპუტატი– ეს სახლი თქვენი შეძენილია?

– ჩემი სიძის სახლია. მე პეტრიაშვილის ქუჩაზე მაქვს ბინა, მაგრამ მარტო ყოფნა არ შემიძლია და ამიტომ აქ ვცხოვრობ. იმ სახლს ხან ვაქირავებ, ხან დაკეტილი მაქვს.

– ზოგი სიძე უარს ეტყოდა სიდედრს, რომ საცხოვრებლად მის სახლში გადასულიყო.

– სიძესთან კარგი ურთიერთობა მაქვს, თან ერთი შვილი მყავს და სადაც ჩემი შვილი იქნება, მეც იქ ვიქნები. რაც ჩემი ქალიშვილი გათხოვდა, რამდენიმე თვე იყვნენ უჩემოდ, მერე აქ გადმოვედი. სიძეს ვეუბნები ხოლმე, დედისერთას რომ თხოულობდი, ხომ იცოდი, რომ სიდედრი მზითევში გამოგყვებოდა-მეთქი.

– რა ფართი აქვს ამ სახლს?

– 180 კვადრატული მეტრია.

გუგული მაღრაძე სიძეს მზითევში ერგო - როგორ სახლში ცხოვრობს დეპუტატი– ინტერიერის მოწყობაში მიიღეთ მონაწილეობა?

– ჩემმა ქალიშვილმა მოაწყო. სახლიც, ფერებიც მისი არჩეულია. მაქვს ჩემი ოთახი, სადაც ის ნივთები მიწყვია, რაც მინდა.

– როგორც ვხვდები, ანტიკვარიატის მოყვარული არ ხართ.

– არ ვარ და არც გვაქვს. ჩემს ოჯახში არის ბებია-ბაბუის დროინდელი რამდენიმე ნივთი, მაგალითად, პატარა მრგვალი მაგიდა, რამდენიმე ლარნაკი, ლამპა… ჩემი სახლიდან მხოლოდ კუზნეცოვის ჩაის სერვიზი წამოვიღე აქ.

დედაჩემს არ უყვარდა ანტიკვარიატი, ვიღაცის ნაქონი ნივთები, მასიური ავეჯი. არც მე მიყვარს. ძალიან მიკვირს იმ ხალხის, ვისაც სახლში კომფორტი არ აქვთ, მოწესრიგებული არ აქვთ გათბობის სისტემა, მაგრამ უკიდიათ ძვირფასი ფარდები. კიკეთში სახლი გვაქვს, სადაც ინტერნეტიც გვაქვს, ცივი წყალიც და ცხელიც. ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩუქურთმები.

– ბევრი დიასახლისისთვის ნივთების შეძენა სასიამოვნო პროცესია. თქვენთვის – არა?

გუგული მაღრაძე სიძეს მზითევში ერგო - როგორ სახლში ცხოვრობს დეპუტატი– სახლის ნივთების – კი, უცხოეთიდან მომაქვს მაგიდის გადასაფარებლები. ეს ჭრელი ვაზა წლების წინ იაპონიიდან ჩამოვიტანე. ახლობლები სიცილით კვდებოდნენ, ხალხი იაპონიაში მანქანების საყიდლად ჩადის, გუგულიმ კი ვაზა ჩამოიტანაო.

– კედლებზე რომ ნახატები კიდია, ვისი შეძენილია?

– ჩემმა ქალიშვილმა შეიძინა. არ ვარ მხატვრობის მოყვარული, მხოლოდ იმპრესიონისტები მიყვარს. ერთი ნახატი 1988 წელს ვლადივოსტოკში ვიყიდე. ერთი გემი ქართველები ვიყავით, ხალხმა ტანსაცმელი წამოიღო, მე – ნახატი.

ჩემს შვილს ძალიან უნდოდა დიზაინერობა, მაგრამ ვუთხარი, რას ლაპარაკობ, მხატვრები შიმშილით კვდებიან-მეთქი. ამიტომ დაამთავრა იურიდიული, ეკონომიკური ფაკულტეტები, ისწავლა უცხო ენები. ამის მიუხედავად, დღემდე მსაყვედურობს, რომ შევეწინააღმდეგე. მეუბნება, ჩემგან კარგი დიზაინერი გამოვიდოდაო და მართალიც არის. ზემოთ ჩემი ქალიშვილის პორტრეტი კიდია.

– თქვენ არ გაქვთ პორტრეტი?

– ჩემი? არა, რას ამბობთ!

– თქვენ მიერ შემუშავებული კანონიდან გამომდინარე, ალბათ არავის აძლევთ უფლებას, სახლში სიგარეტი მოწიოს.

– ცხადია – არა. ჩემს ოჯახში არავინ ეწეოდა, არც მამა, არც დედა და არც ბაბუა.

– თქვენც არასდროს გაგისინჯავთ?

– არასდროს, იმდენად ცუდად მოქმედებს, სადღაც რომ ეწევიან, ცუდად ვხდები. არც ჩემს ქალიშვილს გაუსინჯავს.

გუგული მაღრაძე სიძეს მზითევში ერგო - როგორ სახლში ცხოვრობს დეპუტატი– ლამაზი სამზარეულო გაქვთ, საიდანაც თბილისის ხედი ჩანს. გიყვართ კულინარობა?

– არა. დედაჩემი იმერელი ქალი იყო, უგემრიელეს კერძებს აკეთებდა. შვილი მსაყვედურობს, მისგან რატომ არ ისწავლეო.

ჩემი შვილიშვილი დედამისთან ერთად უკვე ამზადებს, მე კი არასდროს მქონია სურვილი, დედის გვერდით დავმდგარიყავი და რამე გამეკეთებინა. კარგ ტონად ითვლება, როცა პოლიტიკაში, მეცნიერებაში ხარ და პლუს შეგიძლია კარგი დიასახლისობა. ამით ბევრი იწონებს თავს, მე კი სამზარეულო არ მიყვარს. დალაგება – კი, ბატონო, არეულ სახლში არაფრით გავჩერდები.

– გურმანი ხართ?

– ვერ ვიტყვი. იშვიათად ვამბობ, რა გემრიელი კერძია-მეთქი.

უცხოეთში ერთ ელჩთან ვიყავი სტუმრად და თევზთან ერთად მოგვართვა თაფლსა და შავ ღვინოში მოხარშული მსხალი. უგემრიელესი იყო. ჩვენთან პატარ-პატარა “რესტორანჩიკები” რომ გახსნეს, შეიძლება მსგავსი საჭმელი მიირთვა, მაგრამ ზუსტად ისეთი – არა.

– რას საქმიანობენ სიძე და ქალიშვილი?

– ჩემი ქალიშვილი, მაგდა, ფონდ “ათასწლეულის გამოწვევის” აღმასრულებელი დირექტორია. 1 წელი გერმანიაში ისწავლა, მერე ამერიკული გაცვლითი პროგრამით ამერიკაში დაამთავრა “ჰაი სქული”. როგორც კი იქიდან დაბრუნდა, მაშინვე შესთავაზეს სამსახური და 16 წლიდან სულ მუშაობს.

ჩემი სიძე, ირაკლი ღურჭუმელია, ბიზნესშია. გააკეთა ქარხანა, სადაც ბიო ჩაი მზადდება. ირაკლის მამა, ალიოშა ღურჭუმელია, პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ფიზიკის კათედრის გამგე გახლდათ, დედა, ქალბატონი ნორა, რუსული ენის სპეციალისტია.

– სიძესთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

– ძალიან კარგი, შეხუმრებულები ვართ ერთმანეთთან. 2012 წლის 1 ოქტომბერს რომ გავიმარჯვეთ და პარლამენტის წევრი გავხდი, შტაბის წინ მთელი ღამე ზეიმი იყო. სახლში დილით დავბრუნდი. 2 საათის ჩაძინებული ვიყავი, მომიკაკუნა საძინებლის კარზე და მკითხა: “რა ვქნათ, რომელი ჩემოდანი ჩაგილაგოთ?”. ვკითხე, რა ჩემოდანი-მეთქი. მიპასუხა: “ხომ მიდიხართ ქუთაისში”.

გუგული მაღრაძე სიძეს მზითევში ერგო - როგორ სახლში ცხოვრობს დეპუტატივხუმრობ ხოლმე, მარტო ჩემს სიძეს უხარია, რომ პარლამენტი ქუთაისშია, მისი სიდედრი კვირაში რამდენიმე დღე მაინც არ არის სახლში-მეთქი. ნუ, ახლა სიდედრი მთლად ადვილი ასატანი არ არის, მაგრამ… ცუდი ხასიათი არ მაქვს, თუმცა კრიტიკული ვარ, ვიცი ხოლმე გაკენწვლა.

ჩემი სიძის სასახელოდ უნდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ცოლ-შვილი უყვარს, ოჯახის პატივისმცემელი, წესიერი, მშრომელი კაცია. მასზე კარგის მეტი არაფერი მეთქმის.

– შვილიშვილებზეც გვიამბეთ. როგორი ურთიერთობა გაქვთ ბავშვებთან?

– მყავს 11 წლის მარიამი და 14 წლის ლუკა ღურჭუმელიები, მაგრამ მეგრული მე უფრო ვიცი, ვიდრე მათ. ბებიას არ მეძახიან, ხანდახან გულიც მწყდება, პირდაპირ სახელით რომ მომმართავენ.

ვეთანხმები ჯეჯელავას (ალექსანდრე ჯეჯელავა, განათლების მინისტრი. ავტ.), ამდენი რაღაცის სწავლა არ არის საჭირო. მარიამი თვენახევარია “ხმელ წიფელს” სწავლობს. რად უნდა ამდენი კირკიტი “ხმელ წიფელს”?! მაგალითად, ბიოლოგიაში ისწავლეს განივი, გლუვი კუნთები… რად უნდა ამდენი რაღაცის ცოდნა ბავშვს?!

გუგული მაღრაძე სიძეს მზითევში ერგო - როგორ სახლში ცხოვრობს დეპუტატიმეცხრე კლასამდე უნდა იყოს ძირითადი საგნები, მერე – პროფილური სწავლება. ვისაც უნდა, რომ ბიოლოგი ან ექიმი გამოვიდეს, მეტად ისწავლოს ბიოლოგია, ვისაც მათემატიკოსობა უნდა, მათემატიკა და ა.შ. ასე რომ, ბავშვებს არ ვაძალებ ყველა საგნის სწავლას. მთავარია, კარგი კაცი და ქალი გაიზარდონ.

– როცა პენსიაში გახვალთ, არც მერე იცხოვრებთ მარტო?

– არა. მშვენივრად ვგრძნობ თავს აქ. როგორც გითხარით, კიკეთში გვაქვს აგარაკი, ქობულეთში, ზღვისპირას – პატარა ბინა.

– თქვენი ოცნების სახლი როგორია?

– საკუთარი სახლი ეზოთი, ოღონდ არ მიყვარს გარეუბნები. მინდა, ისეთ ადგილას მქონდეს, სადაც ახლა ვცხოვრობ.

– სად დაიბადეთ და გაიზარდეთ?

– წყალტუბოში დავიბადე, მერე რამდენიმე წელი ბებია-ბაბუასთან თბილისში ვცხოვრობდით. შემდეგ მამა წავიდა ზესტაფონში მთავარ ინჟინრად. სკოლა იქ დავამთავრე, მერე ისევ წამოვედით თბილისში, დიდუბეში, დედაჩემის სახლში.

– მეუღლე არ გიხსენებიათ…

– მეუღლე არ მყავს. ჩვენ მოსკოვში ვცხოვრობდით, მერე დავცილდით, ის დარჩა იქ, მე წამოვედი.

– რაზე ოცნებობთ?

– მინდა, ცოტა დავიკლო. როგორც წესი, მოდური ტანსაცმელი ჩემი ზომა არ არის. მოდა მთავრდება 42-ზე, მე 50 ზომის სამოსი მჭირდება.

იტალიაში მაღაზიის კართანვე ვკითხულობ: “გაქვთ ჩემი ზომები?”. რომ მპასუხობენ: “არა”, უკან ვბრუნდები. ისე კი, ჩემი ზომის მოდური ტანსაცმელი ბევრი რომ იყოს, ძალიან ბევრს შევიძენდი.

– ამას განიცდით?

– ძალიან – არა, მაგრამ ხანდახან ვშაყირობ ხოლმე. კვირაში სამჯერ ცურვაზე დავდივარ. კარგი იქნება, ცოტა გამხდარი რომ ვიყო, ეს ჯანმრთელობაზეც კარგად აისახებოდა.

 ლანა კიკნაძე, სარკე, 2017 წელი