ეკა ჯანელიძე: “ხატი მევედრებოდა: “სულ სველი ვარ, არ გეცოდები? წამიყვანე შენთან, სახლში” – რა სასწაული ხდება საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ოჯახში

ეკა ჯანელიძე: "ხატი მევედრებოდა: "სულ სველი ვარ, არ გეცოდები? წამიყვანე შენთან, სახლში" - რა სასწაული ხდება საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ოჯახშითბილისში, ჯანელიძეების ოჯახში, მე-19 საუკუნეში დაწერილი ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი ინახება. ამ საშუალო ზომის მოვერცხლილ ხატს ეკა ჯანელიძემ 4 წლის წინ, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მიაკვლია. პეტრეპავლობის ღამეს გამოცხადების მსგავსი, უჩვეულო სიზმარი ნახა. მეორე დღეს კი მოვლენები საოცარი თანმიმდევრობით განვითარდა და სასწაული მოხდა – ეკა სწორედ იმ ხატთან მოხვდა, რომელიც ესიზმრა.

საქართველოში ჩამობრძანების შემდეგ ღვთისმშობლის ხატი გაბრწყინდა – დროდადრო ფერებს იცვლის. სასწაულმოქმედი ხატი ჯანელიძეების ოჯახის მთავარ სიწმინდედ და ფასეულობად ითვლება.

ეკა იურისტ მინდია ჯანელიძის (საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი) მეუღლეა. ჰყავთ სამი შვილი – თემური, მარიამი და მათე. ეკა პროფესიით ექიმია, ამჟამად აქვს საკუთარი ტურისტული კომპანია, რომელსაც თავად უძღვება.

ხატის პოვნის უჩვეულო ამბავს უემოციოდ ვერ იხსენებს, ამიტომ მასზე საუბარს თავს არიდებს ხოლმე, თუმცა გამონაკლისი დაუშვა და ჩვენს მკითხველებს ამ სასწაულზე უამბო.

ეკა ჯანელიძე:

– 2014 წლის ივნისში ჩემს დედამთილს, რუსუდან ყანჩაველს, დაუსვეს დიაგნოზი – ხოჯკინის ლიმფომა, ლიმფური კვანძების ავთვისებიანი სიმსივნე. პროცესი დაწყებული იყო შუასაყარზე, რომელიც მდებარეობს გულმკერდის ღრუში, ფილტვებს შორის. პირველადი გამოკვლევის შედეგები გადაიგზავნა ავსტრიაში მოღვაწე ქართველ პროფესორ სოსო ნანობაშვილთან. დიაგნოზი დაადასტურეს.

ქიმიოთერაპია რომ დაგვეწყო, საჭირო იყო სიმსივნის სტადიის განსაზღვრა ბიოფსიით. რამდენადაც ლიმფომა იყო შუასაყარზე, კვლევისთვის მიუდგომელ ადგილას, ნიმუშის ამოსაღებად უნდა ჩატარებულიყო ურთულესი ოპერაცია – შუაზე გაეკვეთათ გულმკერდი, რასაც შეიძლებოდა პაციენტის სიცოცხლისთვის საფრთხე შეექმნა. საქართველოში კვლევის მასალას სხვაგვარად ვერ ამოიღებდნენ. ავსტრიაში კი ამ პროცედურას ლაპარასკოპიით აკეთებენ. ამიტომ გავემგზავრეთ ავსტრიის დედაქალაქ ვენაში.

ჩემი მეუღლე დაკავებული იყო, რუსუდანს მე და დედაჩემი წავყევით. რუსიკო უკეთილშობილესი ადამიანია, 15 წელია,  მისი რძალი ვარ და ერთი ხმამაღალი სიტყვაც არ მახსოვს მისგან, დედაშვილური ურთიერთობა გვაქვს…

ლაპარასკოპიამ ნორმალურად ჩაიარა. დიაგნოზში ეჭვიც არავის შეჰპარვია. პროფესორის რჩევით, პაციენტისთვის აუცილებელი იყო დიდხანს სეირნობა სუფთა ჰაერზე. ამიტომ ვცდილობდით, ავსტრიის ქუჩებში რაც შეიძლება მეტ ხანს გვევლო.

– და სწორედ ავსტრიაში ყოფნის დროს უჩვეულო სიზმარი ნახეთ, რასაც შეიძლება გამოცხადება ეწოდოს… ეს როგორ მოხდა?

– პეტრეპავლობის ღამეს მესიზმრა: ხელში მეჭირა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც მევედრებოდა – “სულ სველი ვარ, ეკა, არ გეცოდები? წამიყვანე შენთან, სახლში”. რომ გავიღვიძე, შოკში ჩავვარდი, ცხადად მახსოვდა ხატის სახე, მოჭედილობა, სიტყვები… უემოციოდ ახლაც ვერ ვიხსენებ.

დედას და რუსიკოს ვუამბე სიზმარი. დედამ მითხრა, ალბათ რომელიმე ხატს უნდა შენთან, საქართველოში რომ დავბრუნდებით, ასურეთის ელესიიდან სახლში მოვაბრძანოთ და სიზმარი ამით აგიცხადდებაო (ასურეთში გავიზარდე ბებია-ბაბუასთან, ბებია მორწმუნე იყო, მისგან ვეზიარე რწმენას).

დილით ჩვეულებრივად გავედით სასეირნოდ. დედა იმ დღეებში მარხულობდა და რაკიღა ხსნილი იყო, ნაყინი მოინდომა. კვირადღე იყო, ყველგან ყველაფერი დაკეტილი იყო, გარდა ერთი მთავარი, საფეხმავლო ქუჩის დაწესებულებებისა. შევედით სანაყინეში, ვიყიდეთ ნაყინი და სეირნობა განვაგრძეთ.

ერთგან ყურადღება მივაქციე ბროშს – 5 ევრო ღირდა. არ ვიცი, რით მომეწონა, ბროშს საერთოდ არ ვიკეთებ. გადავწყვიტე, მეყიდა, ჩანთაში ხელი ჩავყავი და საფულე აღარ მედო. არადა საფულეში მქონდა 500 ევრო და მთელი ჩემი საბუთები. მღელვარებას არ ვიმჩნევდი, დედამთილს რომ არ ენერვიულა. დარწმუნებით ვამბობდი, ვიპოვით-მეთქი. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ასე უბრალოდ არსად არაფერი მრჩება.

დავბრუნდით იმ ადგილებში, სადაც მანამდე გზად შევჩერდით – მივადექით სანაყინეს. სხვა კაცი დაგვხვდა გამყიდველი. ვუთხარი, საფულე დამრჩა-მეთქი, უხეშად მიპასუხა – არა, არ დაგრჩა, ახლავე გადი აქედან, თორემ პოლიციას გამოვუძახებო. გავნერვიულდი, ვთხოვე, ოღონდ საბუთები დამიბრუნეთ და ფული არ მინდა, თქვენი იყოს-მეთქი. ღმერთს ვემუდარებოდი დახმარებას, ავტირდი. ბოლოს გამყიდველს შევეცოდე და მომცა მისამართი დისტრიბუტორ ნიკოლასი, ვისთანაც შეიძლებოდა მომეკითხა.

– დაიბრუნეთ საფულე?

– ნიკოლასთან წაგვყვა ჩვენი ახლობელი, მინდიას მეგობარი, ავსტრიაში მცხოვრები სოსო. ნიკოლამ გამომიტანა საფულე, სადაც ხელუხლებლად იდო ჩემი საბუთები და 500 ევრო. ფულის დაბრუნებას არ ველოდი და გახარებულმა ნიკოლას 50 ევრო ვაჩუქე. ჩავსხედით ტაქსიში. ისევ ავიჩემე ბროშის ყიდვა. ემოციისგან იმდენად დაღლილი ვიყავი, ჩემებმა წინააღმდეგობა ვერ გამიწიეს.

იმ ქუჩაზე დავბრუნდით, ბროში შევიძინე, ცოტაც გავიარე და უცებ ვხედავ – ჩვენს ახლობელ სოსოს რაღაც უჭირავს ხელში და მეტანიებს აკეთებს. ახლოს მივედი, დავინტერესდი. სოსომ მითხრა, ეკა, შეხედე, ივერიის ღვთისმშობლის ხატი, აქ საიდან მოხვდაო. ზუსტად ის ხატი იყო, მე რომ მესიზმრა და როგორიც აღვწერე.

ჩემმა დედამთილმა გულზე მიიკრა, ემოციისგან შეუძლოდ გახდა. იცით, რა ღირდა ხატი? რაც დავკარგე და რაც მაპოვნინა – 500 ევრო!

ეკა ჯანელიძე: "ხატი მევედრებოდა: "სულ სველი ვარ, არ გეცოდები? წამიყვანე შენთან, სახლში" - რა სასწაული ხდება საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ოჯახში– მართლაც საოცარი, წარმოუდგენელი ამბავი შეგემთხვათ. ავსტრიაში ივერიის ღვთისმშობლის ხატს ყიდდნენ, როგორც სუვენირს?

– ავსტრიაში მას ყიდდნენ არა როგორც ხატს, არამედ, როგორც ძველ ნივთს სხვა ანტიკვარებთან ერთად. მე-19 საუკუნის პირველი ნახევრისაა, დათარიღებულია 1830 წლით. დახლზე, ხატის თავზემოთ, თევზის სტატუეტი იყო განთავსებული. ამან გამახსენა სიზმარში ნათქვამი ღვთისმშობლის სიტყვები – სულ წყალში ვარო… ახლაც მბურძგლავს, რომ მახსენდება… არავინ იცის, როგორ მოხვდა იქ, რა გზა გაიარა. ნალოცი ხატია.

– ავსტრიის საზღვარზე ხატი უპრობლემოდ გადმოაბრძანეთ?

– მინდიამ მითხრა, თუ საზღვარზე ხატს არ გამოგატანენ, ფოსტით გამოვაგზავნინებო. საოცარია, რომ საზღვარზე რეგისტრაციისას ხატი არ გამოჩნდა. ხელჩანთაში, სადაც ხატი შევფუთე და მოვათავსე, მედო ბავშვის კედებიც. რეგისტრაციისას გამოჩნდა მხოლოდ კედების შესაკრავები, ხოლო ვერცხლის კარედში ჩასმული ვერცხლის ხატი არ დაფიქსირდა.

საქართველოში რომ ჩამოვაბრძანე, ხატი გაბრწყინდა – დღემდე ფერებს იცვლის.

– სასულიერო პირები ამ მოვლენას რით ხსნიან?

– თბილისში ღვთისმშობლის ხატი მოძღვარს ვაჩვენეთ, მან, როგორც წესი, პარაკლისი აღუვლინა. მოძღვრის რჩევით, ხატი ჩავსვით დახურულ ჩარჩოში – წინ შუშით, ძველი ნაკეთობაა და გარეფაქტორებისგან რომ დაგვეცვა. ხატთან მოსალოცად მობრძანდნენ მეუფეები, ყველამ აღნიშნა, დედა ღვთისაა თქვენთან სახლში შემოსულიო.

– მას შემდეგ, რაც ღვთისმშობლის ხატმა თქვენს ოჯახში დაივანა, გარდა იმისა, რომ ფერებს იცვლის, კიდევ რამე უჩვეულო თუ შეგინიშნავთ?

– ხატს ჩარჩოში ჩავატანე ვარდი, რომელიც ჩემმა დაქალმა მოართვა. 4 წლის განმავლობაში ვარდი აბსოლუტურად ისეთივე დარჩა, როგორიც თავიდან იყო, არ დაჭკნა, მუმიფიცირება განიცადა.

თუ რამე განსაცდელი გვაქვს ოჯახის წევრებს ან ახლობლებს, ხატი დაიბურება ხოლმე, ნიშანს გვაძლევს, შეგვეწევა. ამისთვის მადლიერი ვარ!

– ამ შემთხვევის შემდეგ ღვთის რწმენაც განგიმტკიცდებოდათ…

– მოკვდავ ადამიანს, მოაზროვნეს, მეტნაკლებად აქვს რაღაც ეჭვი, კითხვის ნიშნები რელიგიასთან დაკავშირებით. ბავშვობიდან მწამს ღმერთის, მაგრამ რაც ივერიის ღვთისმშობლის ხატი ჩემს ხელში მოხვდა, მას შემდეგ ეჭვის ნიშანწყალიც გამიქრა. არა მხოლოდ მე, არამედ ყველა ჩემს ახლობელს უკვე ეჭვი აღარ ეპარება ღვთის არსებობაში. უფალს ვმადლობ, რომ ამის ღირსი გამხადა. სიზმრად რომ არ მენახა, შეიძლებოდა არ შემეძინა.

– თქვენი დედამთილის ბიოფსიამ რა შედეგები აჩვენა?

– ერთ კვირაში მივიღეთ ბიოფსიის პასუხი – საბედნიეროდ, ხოჯკინის ლიმფომა არ დადგინდა, დიაგნოზი არ დადასტურდა. ექიმმა სოსო ნანობაშვილმა აღნიშნა – შოკირებული ვარ, მსგავსი რამ პრაქტიკაში არ მქონიაო. ავსტრიაში ხომ ლიმფომის სტადიის განსაზღვრისთვის ჩავედით, დიაგნოზში ეჭვი არავის შეჰპარვია. მადლობა უფალს ყველაფრისთვის!

ნანა კობახიძე, სარკე