,,რა საჭიროა მეტროს მემანქანეები? აგერ, დუბაის მეტროში სულ არ არიან“ – კახაბერ გვარლიანი

,,რა საჭიროა მეტროს მემანქანეები?  აგერ, დუბაის მეტროში სულ არ არიან“ - კახაბერ გვარლიანისოციალურ ქსელში კახაბერ გვარლიანი დუბაის მეტროთი მგზავრობას ასე აღწერს: „აუცილებლად წადი და მეტრო ნახეო, მირჩიეს დუბაიში ყოფნის დროს.
ავდექი და ჩავუყევი მეტროს კიბეებს. ლიფტი რომ დავინახე თვალები ვჭყიტე, რა საჭიროა ლიფტი, ისედაც მოკლე კიბეებია მეთქი, თურმე შშმ პირებისთვის ყოფილა.

მერე მივედი სალაროში და ავიღე ბილეთი, მთელი დღე უფასოდ ვივლიდი.

მეტროს რუკას გავეცანი და ჩავჯექი ალ მუბარაქის თუ რაღაც მსგავსი სახელწოდების სადგურში. ვდგავარ ბაქანზე და წინ შუშებია აღმართული. თურმე, არა იმიტომ, რომ ვინმე არ ჩავარდეს ლიანდაგზე, არამედ იმიტომ, რომ შიგნით სიგრილე შენარჩუნდეს.

მოვიდა მატარებელი და ეს შუშაც გაიხსნა. სანტიმეტრებშია გათვლილი ეს საკითხი. სანამ ჩავსხდებოდით, ბაქანზე დამხვდა რამდენიმე რიგი. არ ვიცოდი, თურმე სხვადასხვა სტატუს-ბარათები დგებიან ამ რიგებში. არის დაბალი, საშუალო და მაღალი კლასები. მაღალი, იგივე გოლდ კლასი დგება პირველ ვაგონთან. შესაბამისად, დაბალი კლასი დგება ბოლო ვაგონთან.

მე ეს არ ვიცოდი. ვიცოდი მხოლოდ ის, რომ ვაგონს მემანქანე არ ჰყავდა და დავუმიზნე პირდაპირ პირველ ვაგონს, მინდოდა საკუთარი თვალი მენახა უმემანქანო ვაგონი.

მოვიდა, ჩავჯექი და ჰოი, საოცრებავ, მემანქანე მართლა არ ყოფილა! ეს მაშინ გავიაზრე, როცა წინ დავდექი და პირდაპირ ლიანდაგები დავინახე. მაგარი იყო.

ხელი ჩავჭიდე რაღაცას: მატარებლის დაძვრის დროს მოლოდინი მქონდა რომ წავიბორძიკებდი. ნურას უკაცრავად. ისე რბილად და უხმაუროდ დაიძრა მატარებელი, ხელის გაშვება სულ დამავიწყდა.

ვუყურებ გზას და ვტკბები. ამ დროს მოდის სტიუარდესასავით გოგონა, მაღალი, ტანადი, ზომიერი მაკიაჟით, ღიმილით და მთხოვს ბილეთს. ვაჩვენე ჩემი ბილეთი. ისევ ღიმილით: უკან გადაბრძანდით, აქ რომ იყოთ, გოლდ ბარათი გჭირდებათო.

კარგი, ახლა როგორ გადავალ, შემდეგ გაჩერებაზე ჩავალ და უკანა ვაგონში გადავჯდები-მეთქი. არა, ახლა გადადიო შემომიბღვირა და მანიშნა, გამომყევიო.

გავყევი და თვითონვე გამიხსნა შუშის კარი, რომლითაც აღმოვჩნდი უკანა ვაგონში.

სულ არ ჰგავდა თბილისელ კონტროლიორებს, არც შეშლილი სახე ჰქონდა, არც ოფლის სუნი ასდიოდა და არც აჯაჯულად ეცვა. მოკლედ, ვდგავარ ფეხზე და მაინც აღფრთოვანებული ვათვალიერებ დუბაის ხედებს.
ჰოდა, რატომ მოვყევი ახლა ეს. რა საჭიროა მემანქანეები?
აგერ, დუბაის მეტროში სულ არ არიან მემანქანეები და ყველაფერი დაპროგრამებულია. არც ვინმე მოგიცდის, არც ადრე დაიძვრება. ჩანთაც ვერ მოგყვება კარებში – სხვანაირად იკეტება. ახლა რომ გაჩნდა ჩვენს მეტროში ვიზუალური ეკრანები სადგურების დასახელებით, ასე იყო მაშინ დუბაიში. ეწერებოდა სად იმყოფებოდი და ყურში რომც არ გესმოდეს გამოცხადება, თვალებითაც დაინახავდი რომელი სადგურია და სად უნდა ჩახვიდე.
ეჰჰ, კარგი იყო დუბაის მეტრო“.