ქეთი ხუციშვილის წითელი ბორშჩის და შვრიის ღომის საიდუმლო – ,,ჩემმა შვილმა წვნიანი აუცილებლად უნდა შეჭამოს”

ქეთი ხუციშვილის წითელი ბორშჩის და შვრიის ღომის საიდუმლო - ,,ჩემმა შვილმა წვნიანი აუცილებლად უნდა შეჭამოს"პროფესიით იურისტი ქეთი ხუციშვილი, რომელიც საზოგადოებამ სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებით” გაიცნო ლუნას როლით, ერთი წელია, რაც ვარჯიშობს და მისთვის პრიორიტეტი ჯანსაღი კვებაა, რათა სხეული ფორმაში ჰქონდეს. ერთადერთ შვილს, გიორგისაც აჩვევს სწორ კვებას და, თინეიჯერებისთვის საყვარელი ბურგერები გარეთ რომ არ ჭამოს, სახლში საკუთარი ხელით უმზადებს. მით უმეტეს, კულინარია ეხერხება. სკოლის ასაკიდან ისწავლა კერძების მომზადება და აბსოლუტურად ყველანაირი ქართული კერძის გაკეთებაც იცის.

– ქეთი, რა ასაკიდან დაიწყეთ სამზარეულოში ფუსფუსი?

– ძალიან პატარა არ ვიყავი. სკოლის პერიოდიდან დამოუკიდებლად დავიწყე საჭმელების კეთება, მაგრამ რომ გითხრათ, სამზარეულო ჩავიბარე-მეთქი, ასე არ იყო. დედას ვუყურებდი და მისგან ვსწავლობდი. რომ გავთხოვდი, არ გამძნელებია საჭმელების მომზადება. დედა კარგი კულინარია, ჩვენს ოჯახში ხშირად იშლებოდა სუფრა.

– ახლაც გაქვთ სტუმრიანობა და სუფრები?

– არა. მე და ჩემი შვილი ძალიან წყნარად და მშვიდად ვცხოვრობთ. არც მცალია ამისთვის, სულ გასული ვარ სახლიდან და სტუმრების მიღება-გამასპინძლებას ვერ ვახერხებ.

– საერთოდ გიყვართ საჭმელების კეთება თუ მოვალეობა გაიძულებთ?

– ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მიყვარს და ვერც იმას ვიტყვი, რომ არ მიყვარს და მეზარება. მოზარდი შვილი მყავს და ვალდებული ვარ, შინ გაკეთებული სადილ-ვახშამი ვაჭამო. მისთვის აკრძალული მაქვს სწრაფი კვების ობიექტებში ნაყიდი პროდუქტების ჭამა.

კვებას დიდ ყურადღებას ვაქცევ. როგორც კი საჭმელი თავდება, ახალს ვამზადებ. ყველა კერძის მომზადება ვიცი, მაგრამ ცომეულისა და საკონდიტრო ნაწარმის კეთებით თავს ვერ მოვიწონებ. სიმართლე გითხრათ, არანაირი ინტერესი არ მაქვს, რომ ნამცხვრების ცხობა ვიცოდე. ჩემთვის მთავარია, ჯანსაღი პროდუქტით მოვამზადო საკვები. თავს ზედმეტად არ ვიწუხებ.

ჩემს სახლში ყოველთვის არის წვნიანი, ქათმის ხორცი, საქონლის ხორცი. ჩემს შვილს გატარებული ხორცი უყვარს, ამიტომ ან კატლეტს ვამზადებ, ან გუფთას. ხშირად ვაკეთებ სალათებს, ოღონდ მაიონეზის გარეშე. ერთადერთი სალათი, რომლის მომზადების დროსაც მაიონეზს ვიყენებ, ცეზარია. ერთხელ არაჟნით ვცადე, სულ სხვა გემო ჰქონდა და მთელი ჯამი გადავყარე. მოკლედ, სანამ შემიძლია გავაკონტროლო ჩემი შვილის კვება, ვაკონტროლებ.

– ცეზარს როგორ ამზადებთ?

– ქათმის ფილე ჩემს მაცივარში ყოველთვისაა. გამოვიღებ, მოვხარშავ ხუთ ნაჭერს, ჩანგლით ავჩეჩავ, ერთ კონა მწვანე ხახვს, ერთ კონა დაკუწულ სალათის ფურცელსა და ორცხობილას კუბიკებს ვუმატებ. ცეზარისთვის სპეციალურ ყველს ვყიდულობ. ბოლოს მაიონეზს ვასხამ და ვურევ.

ყოველთვის იმ რაოდენობის სალათს ვამზადებ, ერთ ჭამაზე რომ გვეყოს. სალათი მაცივარში არ უნდა შეინახო, მომზადებისთანავე უნდა შეჭამო.

– დედის ნახელავიდან თქვენს შვილს ყველაზე მეტად რომელი კერძი უყვარს?

– ჩემი გაკეთებული თითქმის ყველა კერძი უყვარს, მაგრამ განსაკუთრებით ბუტერბროდები. ქუჩაში არ ჭამს ბურგერებს, ამიტომ სახლში ვუმზადებ. ვყიდულობ ბურგერების პურს, სალათის ფურცელს და ხან ძეხვით, ხან შემწვარი ქათმის ფილეთი ვუმზადებ. მოზარდია და ასეთი საჭმელები მისთვის ყველაზე გემრიელია.

ჯანმრთელობისთვის სასარგებლო კერძსაც ჭამს, მაგრამ სახეზე ეტყობა, რომ კმაყოფილი არ არის. გიორგი ჩემი პირველი შემფასებელია. პრეტენზიული მჭამელია, ამიტომ ვცდილობ, ისეთი მოვუმზადო, რაც უყვარს. ბორშჩი და ბულიონი აუცილებლად უნდა მიიღოს.

– ვარჯიშობთ, ჯანსაღად იკვებებით. რამდენი წელია, რაც ასე ცხოვრება წესად გექცათ?

– ერთი წელია ვვარჯიშობ. ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია სწორი კვება. წლები მემატება და მინდა, რომ ლამაზად გამოვიყურებოდე. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სხეულის ფორმები. მაკიაჟი და ჩაცმა არ არის პრიორიტეტი. სალონში იშვიათად დავდივარ, სამოსის ამოჩემება ვიცი. შეიძლება ორი ლუქი ამოვიჩემო და მორიგეობით ჩავიცვა.

-დავუბრუნდეთ სამზარეულოს. გიყვართ ექსპერიმენტები?

– არა. ინტერნეტში არ ვიქექები, რომ რაიმე განსხვავებული ვისწავლო, თუმცა მყავს მეგობრები, რომლებიც უცხო კერძების კეთებას სწავლობენ.

-თქვენი რომელიმე “საფირმო” კერძის რეცეპტი ჩაგვაწერინეთ.

– ძალიან მაგარი ბორშჩის კეთება ვიცი და მისი მომზადების საიდუმლოს გაგიმხელთ: ვჭრი ნახევარ თავ კომბოსტოს, მარილს დავაყრი და ვაჩერებ 20 წუთი. შემდეგ კომბოსტოს გავწურავ, გავხეხავ ერთ თავ სტაფილოს, რამდენიმე კარტოფილს შუაზე ვჭრი და ამ ყველაფერს წყალთან ერთად ვხარშავ.

სანამ ქვაბს ქურიდან გადმოვდგამ, ვუმატებ 2 თავ გახეხილ ჭარხალს, წვრილად დაჭრილ თითო-თითო წითელსა და მწვანე ბულგარულ წიწაკას, წითელი კომბოსტოს მწნილს, თითო-თითო კონა ქინძსა და ოხრახუშს. რასაკვირველია, მარილს გემოვნებით ვუშვრები. მთავარი საიდუმლო ის არის, რომ ცოცხალ კომბოსტოს მჟავე კომბოსტო უნდა ჭარბობდეს. გამოდის ძალიან წითელი, არომატული და ხრაშუნა ბორჩში. სცადეთ და არ ინანებთ.

ძალიან მიყვარს შვრიის ფაფა, რომელსაც ღომივით ვამზადებ, ვხარშავ და თეფშზე რომ ამოვიღებ, შიგ დაჭრილ ყველს ვალაგებ. ცოტა რომ შეგრილდება, მერე ვჭამ.ფაფას არც მარილს ვუშვრები და არც ცხიმს. უგემრიელესი გამოდის.

– გურმანი არ ხართ?

– არა, მარტო მაშინ ვჭამ, როცა მშივდება. ხომ არიან, რომ ისადილებენ, დესერტს აყოლებენ, აცილებლად უნდა მიირთვან ტკბილეული, მე ასე არ ვარ. მომშივდა? მოვიხარშავ წიწიბურას და დავნაყრდები, ეს არის და ეს.

არ მიყვარს ნოყიერი საჭმელები – ქათამი შქმერულად, კეცზე შემწვარი გულ-ღვიძლი, ქაბაბი… ასეთ მძიმე საჭმელებს ალბათ წელიწადში ერთხელ თუ გავსინჯავ. რაც უნდა მშიოდეს, ქუჩაში არ შევჭამ, მოვითმენ და, შინ რომ მივალ, რამეს მოვიმზადებ.

ლანა კიკნაძე, სარკე