თამრი ბზიავა: “ბევრჯერ ვიდექი არჩევანის წინაშე, შემექმნა ოჯახი, მაგრამ მზად არ ვიყავი” – ქეთი დოლიძე საქართველოდან მიდის

თამრი ბზიავა: "ბევრჯერ ვიდექი არჩევანის წინაშე, შემექმნა ოჯახი, მაგრამ მზად არ ვიყავი" - ქეთი დოლიძე საქართველოდან მიდისცნობილ ოჯახში დაბადება თავისთავად კარგია, რადგან ცხოვრების დასაწყებად წინაპართა მიერ დაგროვილი კაპიტალი, ანუ სახელი, უკვე გაქვს, მაგრამ ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ ყურადღების ცენტრში ხარ. თუ პროფესიაც საზოგადო, ამ შემთხვევაში მსახიობობა, აირჩიე, ნიჭთან ერთად უდიდესი შრომისმოყვარეობა გმართებს, რომ წარმატება შენი ცნობილი ოჯახის მიღწევად კი არა, შენს პირად მიღწევად ჩაითვალოს.

მსახიობი თამრი ბზიავა რეჟისორ ქეთი დოლიძის ქალიშვილია, ანუ დიდი რეჟისორის, სიკო დოლიძის, შვილიშვილი. თამრი და მისი ძმა, თორნიკე, ბავშვობიდან შეეჩვივნენ თეატრის კულისებს და ფილმის გადასაღებ მოედანს. გოგონას ყველაზე ფანტასტიკურ, ზღაპრულ ნივთად კინოკამერა მიაჩნდა და ოცნებობდა, წითლად აბრიალებული კამერის თვალს კინოფირზე მისი თამაშიც აღებეჭდა.

დრო გავიდა. ეს მისტიკური დამოკიდებულება კინოსადმი მისთვის არ შეცვლილა. ახლაც თვლის, რომ ყველაზე იდუმალი, რომანტიკული, საოცარი სამყარო კინოსამყაროა.

“სარკეს” მსახიობი იმ დიდ და თბილ სახლში ესაუბრა, რომელიც წლების შემდეგ დედამისმა, ქეთი დოლიძემ, პირად საკუთრებაში დაიბრუნა.

– თამრი, მსახიობი რომ არ გამხდარიყავით, რა პროფესიას აირჩევდით?

– ისევ მსახიობობას. ჩემთვის არ არსებობდა სხვა პროფესია. ვსწავლობდი კონსერვატორიის ათწლედში. ჩემი პედაგოგები მთხოვდნენ, გავყოლოდი ამ გზას, მაგრამ არა! თეატრალურში სამსახრიობო-სარეჟისორო ფაკულტეტზე ჩავაბარე. დედასაც ეს ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, არის თეატრის და კინოს რეჟისორი, ამავე დროს – მსახიობი. სტუდენტობისას მიშა თუმანიშვილი ხშირად აკავებდა საკვანძო როლებზე. ეს არის ძალიან საინტერესო და საჭირო ფაკულტეტი.

– სწავლობდით უცხოეთშიც. გაიხსენეთ ის პერიოდი.

– მიუხედავად იმისა, რომ ვისწავლე ინგლისში, ამერიკაში, მყავდნენ საუკეთესო პედაგოგები, ვთვლი, რომ ქალბატონი ნანა კვასხვაძის შედარება არავისთან შეიძლება.

2003 წელს დედა მიიწვიეს ამერიკაში, ჯულიარდის სკოლაში კითხულობდა დრამის კურსს. მე და ჩემი ძმა თავისუფალ მსმენელებად ვიყავით ამ სკოლაში. შემდეგ იყო ინგლისი და ნიუ იორკის კინოს აკადემია, რომელსაც ბევრგან აქვს სკოლები. მე ავარჩიე ლოს ანჯელესის სკოლა, რადგან მთელი კინოინდუსტრია იქ არის თავმოყრილი.

ჩემი პედაგოგები იყვნენ ჰოლივუდის უმსხვილესი აგენტები.ეს საუკეთესო სკოლაა დამწყები მსახიობებისთვის, მაგრამ ჩვენი, ქართული სკოლა, სადაც სწავლება სტანისლავსკის მეთოდით მიმდინარეობს, განუმეორებელია.

– ხომ ვერ გამოყოფდით რომელიმე სპექტაკლს, რომელმაც განსაკუთრებული როლი შეასრულა თქვენს ცხოვრებაში?

– ჩემს ცხოვრებაში ორი ასეთი მნიშვნელოვანი სპექტაკლი იყო. ჩვენ ვიყავით 20-21 წლის. 2003 წელს თითქმის მთელი ჯგუფი – მე, ჩემი ძმა თორნიკე, ვანიკო თარხნიშვილი, გიორგი გიორგანაშვილი, იმედა არაბული, მარიამ ჭაჭუა, ირინა გიუნაშვილი აგვიყვანა 21-ე საუკუნის გამორჩეულმა რეჟისორმა მიხაილ მარმარინოსმა. მან ჩვენი მონაწილეობით დადგა სპექტაკლი “ეროვნული ჰიმნი”. ეს იყო შედევრი!

ინგლისში ცხოვრობს და მოღვაწეობს რეჟისორი ჰილარი ვუდი, რომელიც არის ქეთის მეგობარი, საქართველოს დიდი მოყვარული. იგი გასული საუკუნის 90-იან წლებში, როცა ჩვენთან საშინელი მდგომარეობა იყო, ჩამოვიდა საქართველოში და მარჯანიშვილის თეატრში დადგა სპექტაკლი “ანტონიოსი და კლეოპატრა”, სადაც გურანდა გაბუნია და ოთარ მეღვინეთუხუცესი თამაშობდნენ. აი, ამ ჰილარი ვუდმა, რომელიც ჩემთვის მეორე დედაა, თქვა: “მე მინდა, თამრისთვის დავდგა სპექტაკლი”.

სწორედ ამ დროს დრამატურგმა თამარ ბართაიამ დაწერა პიესა “კაბა”, რომელიც წავაკითხეთ ჰილარის და ძალიან მოეწონა. სწორედ ეს პიესა დაიდგა ინგლისურ ენაზე 2007 წელს ინგლისში, შემდეგ ჩამოვიტანეთ თბილისში და წარვუდგინეთ საზოგადოებას.

ედინბურგის ფესტივალზე კრიტიკოსებს შორის ყველაზე წონიანმა კრიტიკოსმა, ჯოის მაკმელანმა, ოთხი ვარსკვლავი მომანიჭა. გავლენიანმა კინოაგენტმა აირინ ისტმა მითხრა, ის, რაც ვნახე შენი მონაწილეობით, იყო აბსოლუტურად უნიკალურიო.

– ხართ ქეთი დოლიძის ქალიშვილი. ამან შეგიწყოთ თუ არა ხელი წინსვლაში? და კიდევ, თითქმის არ მონაწილეობთ პოპულარულ სატელევიზიო შოუებში, რატომ?

– ქეთი დოლიძის შვილობა ყოველთვის ბევრს გვავალდებულებდა მე და თორნიკეს. დედა ყოველთვის მკაცრი იყო ჩვენი შეფასებისას. თეატრში ჩემი ყველაზე დიდი კრიტიკოსი დედა იყო, ზოგჯერ ზედმეტიც კი მოსდიოდა. ასე რომ, ქეთის შვილობა ჩემთვის შემაფერხებელი უფრო იყო.

– როგორი იყო თქვენი და მშობლების ურთიერთდამოკიდებულება და როგორ ეგუება ხელოვანი და-ძმა ერთმანეთს?

– მამა, კოკა ბზიავა, იყო სრულიად განსხვავებული, ევროპული მენტალობის კაცი. ჯერ კიდევ მყარ კომუნისტურ ეპოქაში, როცა სული ეხუთებოდა დამყაყებული საბჭოთა რეჟიმისგან, მოახერხა, წავიდა პოლონეთში და იქ 20 წელი ცხოვრობდა. შემდეგ დაბრუნდა საქართველოში, შეხვდა ქეთის და შექმნა ოჯახი.

მამა გვასწავლიდა კაცთმოყვარეობას, მშვიდი და თბილი ადამიანი იყო. ჩვენ დიდ ოჯახად ვცხოვრობდით, დედ-მამა, ბებია (მამის დედა) და პაპიდები – სიკო დოლიძის სამი და. ბავშვებს ყველა გვეფერებოდა, თავს გვევლებოდა.

ქეთი არის გულისხმიერი, ლაღი, მხიარული. ხშირად დავყავდით თეატრში, გადასაღებ მოედანზე, ყველაფერს ასწრებდა და ასწრებს – სამსახურს, დიასახლისობას, უყვარს ადამიანები, მიმტევებელია. წყენას გულში არ იდებს. უყვარს სახლის მოწყობა, სიურპრიზები, დღესასწაულები.

მე და თორნიკე მეგობრები ვართ, იგი 3 წლით უფროსია ჩემზე. ყოველთვის მქონდა მისი რიდი, თუმცა შიში – არასდროს. ერთმანეთს ვუყვებით პირად ამბებს, ვკამათობთ ბევრს და ხშირად – ძირითადად საქმის და პროფესიის გარშემო.

– როგორია სამომავლო ჩანაფიქრები?

– არის რაღაც სიახლეები, მაგრამ ჯერ არ მინდა ამაზე საუბარი. ქეთი ახლა ინგლისშია, საქმიან შეხვედრებზე. შეიძლება იქ გადავიდეს სამუშაოდ, მეც ვფიქრობ უცხოეთში წასვლაზე. დედას შემოთავაზებები ბევრი ქვეყნიდან აქვს, მათ შორის – რუსეთიდანაც.

ვიცი, ბევრი აქილიკებს რუსეთთან ქართველი ხელოვანების ურთიერთობებს. მინდა, მათ გასაგონად ვთქვა: ხელოვნებას არ აქვს საზღვრები და არც კავშირი დიდ პოლიტიკასთან. დიდი რუსი ხელოვანები ანდრეი კონჩალოვსკი, დიმიტრი კლიმოვი და სხვები არიან ის ადამიანები, რომლებიც თავიანთი ხელოვნებით ებრძვიან კრემლის რეჟიმს და ამკვიდრებენ დემოკრატიულ ატმოსფეროს.

– ახალგაზრდა მსახიობ ქალს პროფესიის ერთგული სიყვარულის პარალელურად პირად ცხოვრებაშიც ხომ სჭირდება სიყვარული, ოჯახი?

– ამ ეტაპზე პირად ურთიერთობებში აღსანიშნავი არაფერი მაქვს. უკვე 35 წლის ვარ. საქართველოში ეს ასაკი ქორწინებისთვის დაგვიანებულად ითვლება. მე კი ასე არ ვფიქრობ.

ბევრჯერ ვიდექი არჩევანის წინაშე, მიმეღო გადაწყვეტილება და შემექმნა ოჯახი, მაგრამ არ მინდოდა, არ ვიყავი მზად. შეყვარებულიც ვიყავი, პირადი ურთიერთობებიც მქონდა, მაგრამ მაინც ასე ვარჩიე. ასე რომ არ მოვქცეულიყავი, ამდენს ვერ მოვასწრებდი. ახლა უკვე მზად ვარ ოჯახის შესაქმნელად.

– ვინ იქნება თქვენი რჩეული?

– ასე კონკრეტულად არ ვიცი. ერთს კი ვფიქრობ, ქართველი კაცი თავისი მენტალობით ძალიან მძიმეა ჩემთვის. თუ ქართველ კაცს ძირეულად ჩაუღრმავდები, წარსულში მას ბევრი საუკეთესო თვისება ჰქონდა, რომლებიც ძირძველი ევროპული თვისებები იყო. ახლა ევროპაში სწორედ ეს თვისებები ფასობს – ქალის კულტი, ქალის პატივისცემა, ოჯახში დიასახლისის როლი, შვილების გაზრდა, კულინარიის ცოდნა და ამ ყველაფრის დაფასება მამაკაცის მიერ.

სწორედ ეს თვისებები დაკარგეს ქართველმა მამკაცებმა, ყველაფერი გაუკუღმართდა. დროც ცუდია და სოციალური სიდუხჭირეც თავის როლს თამაშობს, ქალები უფრო ამტანები გამოდგნენ, გზა გაიკვალეს.

ჩემი რჩეულის პროფესიას დიდი მნიშვნელობა არ ექნება, თუნდაც კარტოფილის გამყიდველი იყოს, მთავარია, ჩვენ საერთო ინტერესები გვქონდეს, მას ვუყვარდე და აფასებდეს ჩემს პროფესიას. კაცში ნიჭიერება მხიბლავს და მერე უკვე სხვა თვისებებს ვუკვირდები.

ია ქუთათელაძე, ჟურნალი “სარკე”