“პანკისში სპეცოპერაცია დროულად ჩატარდა, მაგრამ რაღაც კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს”

“პანკისში სპეცოპერაცია დროულად ჩატარდა, მაგრამ რაღაც კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს”რა საფრთხეებია საქართველოს წინაშე, რის შეთავაზებას აპირებს მოსკოვი პროდასავლური ძალებისთვის, რას ნიშნავს კადიროვის მუქარა, ღირს თუ არა სომხეთის გამო აზერბაიჯანთან და თურქეთთან ურთიერთობის გაფუჭება? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება.

ზაალ კასრელიშვილი:

– პანკისის ხეობაში არსებული სიტუაცია საკმაოდ მძიმეა. ეს ტკივილი გასული წლიდან გადმოგვყვა. ერთი მხრივ, სამართალდამცავებმა კანონის დაცვით ჩაატარეს სპეცოპერაცია, მაგრამ მეორე მხრივ, სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის ბიჭი უმძიმეს მდგომარეობაშია.

ახმედ ჩატაევის შემოსვლამ საქართველოში რადიკალური ისლამის მიმართ დამოკიდებულება და მიდგომა შეცვალა. ამ რელიგიური მიმდინარეობის მიმართ დამოკიდებულება ჩატაევის შემოსვლამდეც შეცვლილი იყო. მას შემდეგ, რაც ისლამურმა სახელმწიფომ ერაყისა და სირიის ტერიტორიაზე სადამსჯელო ოპერაციები დაიწყო, მათ მიმართ განწყობა რადიკალურად შეიცვალა.

სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველო რაღაცა დოზით რადიკალური ისლამისტებისგან დაცული იყო. ლაფანყურის სპეცოპერაციის შემდეგ, ჩვენმა კავკასიელმა მეგობრებმა იზრუნეს იმაზე, რომ საქართველოს წინააღმდეგ არაფერი მოეწყოთ.

საქართველოს წინააღმდეგ მართლაც არაფერი მოუწყვიათ, სანამ ირაკლი ალასანია და მიხეილ სააკაშვილი ავღანეთში არ წავიდნენ.

– 2013 წლის ამბებს იხსენებთ?

– დიახ. ერთი ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყო, მეორე – თავდაცვის მინისტრი. ავღანეთში ისინი სხვადასხვა დროს ჩავიდნენ, მაგრამ ტელემარიაჟობაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. მათ იქ ჩვენი სამხედროები დააჯილდოვეს. ორივე ვიზიტის შემდეგ, ქართველ სამხედროებზე მოხდა თავდასხმა. ორივე თავდასხმა მსხვერპლით დასრულდა.

ჩვენი კავკასიელი მეგობრების დახმარებით, ამ თავდასხმების შემდეგ, რადიკალურმა ისლამისტებმა საქართველო სიიდან ამოიღეს.

– რა სიაზე საუბრობთ?

– ისლამურ სახელმწიფოს აქვს იმ ქვეყნების სია, სადაც ტერაქტები უნდა მოაწყონ. ამ სიაში 60 ქვეყანაა. საქართველო ამ სიიდან იქნა ამოღებული. მთელი ამ პერიოდის მანძილზე მეტ-ნაკლებად დაცული ვიყავით.

– ახლა აღარ ვართ დაცულები?

– ჩატაევის შემოსვლის შემდეგ, ეს ბალანსი დაირღვა. ჩვენი აზრით, ეს ადამიანი საქართველოში საკუთარი ინიციატივით შემოვიდა. მის წინააღმდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციას ისლამური სახელმწიფოს მხრიდან რადიკალური განცხადებები არ მოჰყოლია.

– ისლამური სახელმწიფოს მხრიდან არანაირი განცხადება არ ყოფილა, მაგრამ სამაგიეროდ იყო კადიროვის მუქარა. კადიროვი კი არანაკლები საფრთხეა.

– კადიროვი ძალიან გახარებული ჩანს იმ ფაქტით, რომ საქართველოში ჩატაევი გამოჩნდა. ამტკიცებს, რომ საქართველოში ტერორისტები არიან. ახლა კადიროვისთვის პანკისის თემის და ვაჰაბიტების გააქტიურება ძალიან მნიშვნელოვანია. რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის თვალში, მას ამ თემებით შეუძლია გაცოცხლება.

– თქვენი აზრით, კადიროვი პოლიტიკურად მკვდარია?

– რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში ის დიდ როლს არ თამაშობს. ის ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის ჟანდარმია. რამდენადაც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მან კრემლშიც დაკარგა ნდობა. ამის მიუხედავად, ის ჯერ ისევ საჭირო კაცია – სხვა ჩეჩნეთში რუსეთის სასარგებლოდ ისე არ იმოქმედებდა, როგორც ამან იმოქმედა.

კადიროვი პანკისზე და საქართველოში ტერორისტების ყოფნაზე კიდევ ბევრს ილაპარაკებს.

– საქართველოში ტერორისტების შესაძლო ყოფნაზე რუსეთის ხელისუფლება ხმას არ იღებს. მათ ჩატაევის ამბავიც კი გაატარეს. ადრე ამაზე დიდ ხმაურს ატეხდნენ. ახლა რა ხდება, რას მივაწეროთ მათი დუმილი?

– ეს მოსკოვის ახალი სტილია. ის მოსალოდნელ საფრთხეებზე არ ილაპარაკებს და შეეცდება, ეს ლოკალურ პრობლემად აქციოს. ამიტომაც ამ მიმართულებით მხოლოდ კადიროვი ილაპარაკებს.

– მარტო ილაპარაკებს თუ იმოქმედებს კიდეც? რუსულ მედიასთან საუბარში თქვა, საქართველოში მყოფ ტერორისტებთან საბრძოლველად მზად ვართო.

– ის იმოქმედებს კიდევაც, მაგრამ საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოიჭრება. მან ხაზგასმით თქვა, თუ ტერორისტები საქართველოდან გადმოსვლას შეეცდებიან, მათ გავანადგურებთო.

იმ შემთხვევაში თუ აქედან ვინმე მიადგება რუსეთის საზღვარს და იქ გადასვლას შეეცდება, კადიროვი მათთან ბრძოლას დაიწყებს და ბრძოლის დროს შეეცდება საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას. ომში და ბრძოლაში სხვის ტერიტორიაზე შეჭრა მაგათთვის ჩვეული ამბავია. რუსეთი უპრობლემოდ დახატავს ისეთ სურათს, რომ საქართველოში ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარება და ტერორისტების ბაზების განადგურება აუცილებელია.

ამ პროვოკაციების თავიდან აცილებაში პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციაც დაგვეხმარება. ეს ღონისძიება დროული იყო.

– ალბათ ისიც არ უნდა იყოს შემთხვევითი, რომ პანკისში სპეცოპერაცია კადიროვის მიერ გაკეთებული განცხადებიდან 2 დღეში ჩატარდა.

– შესაძლოა, ეს დამთხვევა იყო, მაგრამ სპეცოპერაცია დროული იყო. 19 წლის ბიჭის დაჭრა რომ არა, ეს სპეცოპერაცია ასე არ გახმაურდებოდა. თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის ფაქტს პროკურატურა იძიებს. ეს ძალიან კარგია, რადგანაც ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი.

– პანკისში არაერთხელ ჩატარებულა სპეცოპერაცია, მაგრამ იქაური უხუცესები ყოველთვის სახელმწიფოს მხარეს იდგნენ. ახლა მათ სახელმწიფოსგან განმარტებები მოითხოვეს.

– უხუცესები ყოველთვის სახელმწიფოებრივად აზროვნებდნენ. ისინი ძალიან დიდი ხანია საუბრობენ იმ საფრთხეებზე, რაც პანკისში რადიკალური ისლამის მიმდევრების მომრავლებას შეიძლება მოჰყოლოდა.

ისინი ახლაც იცავენ სახელმწიფო ინტერესებს, მაგრამ ითხოვენ განმარტებებს. მათ არსად არ უთქვიათ, რომ სპეცოპერაცია არ უნდა ჩატარებულიყო. უხუცესები იმის გარკვევას ითხოვენ, თუ რა მოხდა.

იმედია, სპეცსამსახურები მათ კითხვებს პასუხს გასცემენ. ახლა პანკისში დაძაბულობა არაფრით არ შეიძლება. ამ ეტაპზე რუსეთისგან შემოჭრის საფრთხე არ არის, მაგრამ როგორც კი პანკისში ტემპერატურა აიწევს, ამაზე აუცილებლად დაფიქრდებიან.

შემოჭრას ამ შემთხვევაშიც მოერიდებიან. მუქარის და მუშტის ქნევის ნაცვლად თანამშრომლობას შემოგვთავაზებენ.

– ამ თანამშრომლობას დიდი ხანია გვთავაზობენ და ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნას გვირჩევენ.

– მაგის გაკეთება დიდი ხანია, რაც უნდათ, მაგრამ საქართველო ამას არ უნდა დათანხმდეს. მინდა თქვენმა მკითხველმა ისიც იცოდეს, რომ საქართველოში ჩატარებულ სპეცოპერაციას შედეგად მოჰყვა ის, რომ თურქეთის ტერიტორიაზე ტერორისტების ქსელი გამოააშკარავეს.

ტერორისტებთან კავშირში ჯერ საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს. ახალი წლის წინა დღეებში ამ ბრალდებით 100 ადამიანი იქნა დაკავებული. ეს ძალიან კარგია და ამაში ჩვენს სპეცსამსახურებსაც მიუძღვით წვლილი. ამის მიუხედავად, პანკისში მომხდარი ინციდენტი აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული. ვნახოთ, რა დასკვნებს დადებს გამოძიება. მერე უკვე თამამად შეგვეძლება იმის თქმა, რა საფრთხეები იდგა საქართველოს წინაშე, რა ავიცილეთ თავიდან და რას უნდა ველოდოთ მომავალში.

ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე სპეცსამსახურები ყველაფერს არ იტყვიან, მაგრამ რისი გასაჯაროებაც შეიძლება, ის აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს.

– თქვენ გჯერათ, რომ გაასაჯაროებენ? ლაფანყურის საქმე გამოძიებული აქვთ, მაგრამ არ ასაჯაროებენ.

– გასაჯაროებას ვინ ჩივის, ეგ თემა საერთოდ დახურეს. ლაფანყურის საქმე რომ დაიხურა, სხვა ყველაფერი მაგიტომაც მოხდა. საუბარია როგორც პანკისში ვაჰაბიზმის გავრცელებაზე, ასევე ჩატაევის შემოსვლაზე. თავის დროზე ლაფანყურის საქმე რომ გაესაჯაროებინათ, 26 დეკემბერს პანკისში სპეცოპერაცია საჭირო აღარ იქნებოდა.

აქ მარტო გასაჯაროება არ უშველიდა საქმეს. საჭირო იყო მისი გაანალიზება, საფრთხეების შესწავლა და სწორი აქცენტების გაკეთება. ავადმყოფს სწორი დიაგნოზი თუ არ დაუსვი, რაც არ უნდა კარგად უმკურნალო, შედეგს ვერ მიაღწევ.

– ამბობთ, რომ საფრთხეები არ შეისწავლეს და არ გააანალიზესო. ამ მხრივ როკის გვირაბის გახსნაზე როგორ არის საქმე, გაანალიზებული გვაქვს ყველა შესაძლო საფრთხე?

– მე არ ვიცი, რამდენად კარგად აქვთ ჩვენს სპეცსამსახურებს ეს საკითხი შესწავლილი. ჩვენ ის შეგვიძლია გითხრათ, რომ როკის გვირაბის გახსნით საფრთხეები გაათმაგდება.

პირდაპირ გეტყვით, რომ ამის გამო აზერბაიჯანთან სერიოზულად გაგვირთულდება ურთიერთობა. ამით არც თურქეთი იქნება კმაყოფილი. ანკარისთვის სომხეთის გაძლიერება კატეგორიულად მიუღებელია, მიუხედავად იმისა, რომ, ერევნის მსგავსად, რუსეთთან თავადაც კარგი ურთიერთობები აქვს.

– აზერბაიჯანიც და თურქეთიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან. იმისთვის, რომ სომხეთს ეამოს, გვიღირს მათი განაწყენება? ალბათ არც ის უნდა დავივიწყოთ, სომხეთი გაეროში არასდროს რომ არ უჭერს საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციებს მხარს და ეწინააღმდეგება დევნილების თავის სახლებში დაბრუნებას.

– საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების განაწყენება არაფერში არ სჭირდება. მაგის გარდა, ჩვენ ისიც უნდა ვიცოდეთ, რა მატერიალურ და მორალურ სარგებელს ვიღებთ, თუ როკის გვირაბის გახსნას დავთანხმდებით.

ისიც უნდა ვიცოდეთ, შევძლებთ თუ არა ჩვენს ტერიტორიაზე გამავალი ტვირთების შემადგენლობის და რაოდენობის გაკონტროლებას. თუ ამას ვერ გავაკეთებთ, როკის გვირაბი არ უნდა გავხსნათ.

ამ საკითხზე აუცილებლად უნდა ვკითხოთ აზრი ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. მათთან ერთად უნდა განვიხილოთ, რა პლუსები და მინუსები აქვს ამ მიმართულების გახსნას.

– ალბათ ისიც უნდა გავარკვიოთ, რატომ ითხოვს სომხეთი დაჟინებით ამ გზის გახსნას. გზის ეს მონაკვეთი სამხედრო გზაზე, რომლითაც ახლა სომხები სარგებლობენ, არანაკლებ რთულია და ისიც ხშირად იკეტება.

– სომხებზე მეტად ამ გზის გახსნა რუსებს სურთ. თავად ამას ვერ იტყვიან და ამიტომ აალაპარაკეს სომხები. იმასაც ვერ ვიტყვით, რომ სომხეთს არ სურს ამ გზის გახსნა. ამ გზით ისინი უფრო იოლად დაუკავშირდებიან სომხეთს. როკიდან სომხეთამდე უფრო მოკლე მანძილია.

ამ გზით სამხედრო ტვირთებიც იმოძრავებს, ყველაზე მეტი საფრთხის შემცველი სწორედ ასეთი სახის ტვირთია. ასეთ ტვირთებს, როგორც წესი, შეიარაღებული დაცვა დაჰყვება. იქ, სადაც იარაღია, პროვოკაციის ალბათობა მაღალია.

– პროვოკაციები ახსენეთ და ალბათ არ ღირს ჯავახეთის პრობლემის დავიწყება. რუსეთსა და სომხეთში არიან ძალები, რომლებსაც ამ რეგიონში არეულობის მოწყობა სურთ. ვართ ამისგან დაზღვეულები?

– როცა საქმე რუსეთს ეხება, როგორ შეიძლება რამისგან დაზღვეული იყო. მოსკოვი ყველა მიმართულებით შეეცდება პრობლემების შექმნას.

ეგენი ისეთი უნამუსოები არიან, საქართველოში არსებულ პროდასავლურ ძალებთანაც კი ითანამშრომლებენ. ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოში ორხელისუფლებიანობა დამყარდეს.

– პროდასავლური ძალები თუ დათანხმდებიან რუსეთს თანამშრომლობაზე?

– ყველა არა, მაგრამ ვიღაცები დათანხმდებიან. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ფინანსური სანქციები ძალიან სერიოზულ პრობლემებს უქმნის, ის ჩვენთვის მაინც მოიცლის. ახლა ყველაფერი ჩვენს კეთილგონიერებაზეა დამოკიდებული. გლობალური პროცესები ჩვენ სასარგებლოდ მიდის, მაგრამ ჩვენ ვართ ჯერჯერობით ეშმაკებისკენ.