ნანა შონია შინაბერა დოშკას როლში: “მეგრელის თამაშმა აღარ მომიწია, რადგან მეგრელი ვარ!”

ნანა შონია შინაბერა დოშკას როლში: "მეგრელის თამაშმა აღარ მომიწია, რადგან მეგრელი ვარ!"პოპულარულ სერიალში “ჩემი ცოლის დაქალები” ახალი პერსონაჟები თითქმის ყოველ სერიაში ჩნდებიან. ამჯერად, დოშკა ოჩიგავაზე შევჩერდებით, რომელიც კვაზი მანტკავას საცოლედ შეურჩიეს, მაგრამ ოჩიგავებთან ხელის სათხოვნელად მისული სასიძო, შინაბერა დოშკამ უარით გაისტუმრა, რის გამოც გავლენიანი ბიზნესმენის განრისხება დაიმსახურა…
დოშკას როლს მსახიობი ნანა შონია ასრულებს. მისი ნამუშევარი მაყურებელმა უკვე მოიწონა. რას ფიქრობს ნანა შონია საკუთარ პერსონაჟზე და რა დაეხმარა მას დოშკას როლის შექმნაში, ამაზე თავად გვესაუბრება.
– როდესაც სცენარი წავიკითხე და ჩემს გმირს გავყევი, გამართული ხაზი იყო, მსახიობისთვის მნიშვნელობა აქვს, როდესაც პერსონაჟი საშუალებას იძლევა, აქამდე “ხელოვნურ სუნთქვაში” მიღებდნენ, ამით იმის თქმა მინდა, რომ სერიალში მუშაობის გამოცდილება მქონდა. ვერც იმას ვიტყვი, რომ ეს ჟანრი კინოზე, ან თეატრზე რამით ნაკლებია. სერიოზული სამუშაოა, ამასთან, ბევრი მაყურებელი ჰყავს, რის გამოც პასუხისმგებლობა დიდია. 

– რეჟისორი მუშაობისას თავისუფლებას გაძლევთ?
– კი, გიორგი ლიფონავასთან მუშაობით ვისიამოვნე, ასევე მეორე რეჟისორიც მომეწონა, თუმცა პირველი სცენები გიორგისთან მქონდა, ის თავისუფლებას გაძლევს, მაგრამ გაკონტროლებს კიდეც. ამიტომ სულ ვეკითხები – ნამუშევარი ვარგა თუ არა, ისიც თავის აზრს მეუბნება და მიმართულებას მაძლევს, – მჯერა მისი. ამის გარეშე არ შეიძლება. მოკლედ, საინტერესო იყო ამ ადამიანებთან საქმიანობა… ადვილი არ არის, როცა ამდენი წლის სერიალში შედიხარ, არსებობს საფრთხე, რომ ამოვარდე. მოკლედ, ბევრი ნიუანსია. იმასაც ვიტყვი, რომ თავიდან დავიძაბე, ჩემი ვიზუალიდან და სტატუსიდან გამომდინარე, არ ვიცოდი, რამდენად შევძლებდი ამოცანის შესრულებას…
– მოკლედ, მთავარი ის არის, რომ თქვენი დოშკა მაყურებელმა მიიღო.
– კი და ამისთვის ყველას დიდი მადლობა. ბევრს მწერენ, ბევრი მეუბნება, რომ მასში საკუთარი თავი დაინახა, რა კარგია, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ, თურმე მარტო არ ვყოფილვარო… უცებ აიტაცა ხალხმა და დადებითად მხვდებიან. კი, დიდი მნიშვნელობა აქვს შეფასებას. შექება, კომპლიმენტები სასიამოვნოა, მაგრამ ამ დროს დაძაბულობა ჩნდება და პასუხისმგებლობა მატულობს.
– თქვენ მეგრულ ძირებსა და წარმომავლობაზეც ვისაუბროთ, ვფიქრობ, ამ ყველაფერში გადამწყვეტი როლი ამანაც ითამაშა.
– რა თქმა უნდა, დამეხმარა, ეს მართლა გადამწყვეტი იყო, მეგრელის თამაშმა აღარ მომიწია, რადგანაც მეგრელი ვარ! წარმოშობით ზუგდიდიდან ვარ, ზაფხულობით, ბავშვობაში სულ იქ ვიყავი, ახალ წელსაც ხშირად შევხვედრივარ იქ. სამეგრელოსთან ბევრი რამ მაკავშირებს – ნათესავები, ახლობლები, სახლი, სადაც ახლაც ჩავდივარ… ბებიაც, თბილისში, ჩვენთან რომ ჩამოდიოდა, მეგრულად გველაპარაკებოდა, ენა კარგად ვიცი…
– თქვენი მეგრელი ქალის როლი კიდევ ფილმიდან “გაიღიმეთ” მახსოვს.
– კი, დოშკა არ არის ჩემი ერთადერთი მეგრელი ქალი. მეგრელი მაგ ფილმში მაქვს ნათამაშევი, თუმცა მაგ როლში სხვა უნდა ყოფილიყო და მერე მე მომიწია. მგონი, ეს არც რეჟისორს უნანია. იმ როლითაც დიდი სიამოვნება მივიღე. გეტყვით, რომ თეატრშიც მითამაშია, ერთ-ერთი დასამახსოვრებელი სპექტაკლში, დუმბაძის “ჰელადოს” და მეგრელი ლტოლვილი ვიყავი. იყო ასევე დუმბაძის მოთხრობის “ჩიტის მოტანილი ამბავი” მიხედვით შექმნილი სპექტაკლი და ასევე მეგრელი ექთანი გახლდით. სოხუმში, ზღვის სანაპიროზე, მედპუნქტში მუშაობდა, მეგრულად ლაპარაკობდა და კომიკური, მოაფერისტო პერსონაჟი იყო. ძალიან მიყვარდა და გული მწყდება, რომ ეს სპექტაკლი მოიხსნა.
– ამდენი მეგრელი პერსონაჟის თამაშის შემდეგ, რას იტყვით ამ კუთხის ქალბატონებზე? რითი არიან ისინი გამორჩეული?
– ხასიათიანი ადამიანები არიან, ძლიერები, ლიდერის თვისებები აქვთ, მიზანმიმართულები, მშრომელები ოჯახშიც და ტრადიციების მიმდევრები, უსაქმური და არხეინი მეგრელი ქალი არ შემხვედრია. ასე რომ, დოშკა ოჩიგავას ვუსურვებ, ისევე სწორად იცხოვროს, როგორც აქამდე უცხოვრია, თავის პრინციპებს არ უღალატოს, საჭირო იყოს გარშემომყოფებისთვის და კიდევ ერთხლე წარმოაჩინოს საკუთარი ხასიათი.
ლალი ფაცია, ამბები.გე