“ჩემმა რძალმა იმდენი ირბინა აქეთ-იქით, რომ მუცელი მოეშალა”

"ჩემმა რძალმა იმდენი ირბინა აქეთ-იქით, რომ მუცელი მოეშალა"ახალგაზრდები, სანამ ცხვირს არ წაიმტვრევენ, არაფერს გვიჯერებენ. თუმცა არც მერე იკლავენ დიდად თავს, რომ შენი რჩევა გაითვალისწინონ და სასიკეთოდ გამოიყენონ.

რძლები ძალიან ცდებიან, როცა დედამთილებს მტრებად აღიქვამენ. როგორ შეიძლება საკუთარი შვილის ცოლი მტრად მიიღო?! შეიძლება ასეთი რაღაცები კი ხდება, მაგრამ, ჩემი აზრით, იშვიათად. მგონია, რომ კონფლიქტების წამოწყებაში დიდი წვლილი სწორედ ახალგაზრდებს, ამ შემთხვევაში რძლებს მიუძღვით. ყოველ შემთხვევაში, ჩემ გარშემო ამის უამრავი მაგალითია. ახლახან კი მეც შევეჩეხე ამ პრობლემას და სწორედ ამაზე მინდა, გიამბოთ.

ჩემი ბიჭის ცოლი 23 წლის გოგოა. მასზე პატარა ვიყავი, როცა ოჯახი შევქმენი. მის შეცდომებს ამიტომაც ვერ ვამართლებ და ვერ ვამბობ, რომ ბევრი რამ ასაკის გამო ეშლება. ძალიან დიდი სიხარულით შევხვდი ჩვენს ოჯახში მის შემოსვლას. მართალია, ჩემი შვილისთვის უკეთესი გოგო მემეტებოდა, მაგრამ მის არჩევანს პატივი ვეცი.

ხომ შეგხვედრიათ უმადური ადამიანები? ჩემი რძალი სწორედ ასეთია. სიკეთე ვერაფრით დავანახე. არ დამიჯერებთ, მაგრამ არ მახსოვს, ჩემთვის უბრალო მადლობა ეთქვა. უამრავი რამ მივეცი – ოქროს სამკაულები, ქურქი (გრძელიც და მოკლეც), ძვირფასი ჭურჭელიც კი. ყველაფერზე მეუბნებოდა: “რა კარგია”. სულ ეს იყო, არანაირი “გმადლობთ” ან “რატომ შეწუხდით!”. ზრდილობის გამო ხომ მაინც უნდა თქვა ადამიანმა, მაგრამ ჩემს რძალს ეს იოტისოდენა ზრდილობაც არ აღმოაჩნდა.

ახლა რომ ვფიქრობ, მისი ასეთი საქციელი დიდად არც უნდა მიკვირდეს, ისეთი დედის გაზრდილია. მე და ჩემს ქმარს დედამისი ისე გვავალდებულებს, მის შვილს ყველაფერი გავუკეთოთ, თითქოს ჩვენ მოვიყვანეთ ცოლად. კარგად იცოდა, ჩემს ბიჭს რისი შესაძლებლობებიც ჰქონდა და მანამდე აეწონ-დაეწონათ ყველაფერი.

მოკლედ, ეს ყველაფერი ცალკე სალაპარაკო თემაა, ახლა ჩემს დიდ გულისტკივილზე უნდა გითხრათ. 6 თვის წინ მე და ჩემი ქმარი სიხარულით ცაში დავფრინავდით, რადგან ჩვენმა ერთადერთმა შვილმა გვითხრა, რომ მისი ცოლი ორსულად იყო.

რძალს ისე დავფოფინებდი, რომ იტყვიან, ცივ ნიავს არ ვაკარებდი. საუზმე და ხილის წვენი საწოლში მიმქონდა. ჩემს ასეთ საქციელს ძალიან სასაცილოდ იფერებდა, ყოველგვარი მადლობის გარეშე იღებდა ამ ყველაფერს, მაგრამ ამაზე არ ვფიქრობდი. მთავარი იყო, რომ მუცლით ჩემს შვილიშვილს ატარებდა. ის პატარა არსება იმ წამიდან შემიყვარდა, რაც გავიგე, რომ უნდა დაბადებულიყო.

თავიდან ყველაფერი კარგად იყო, რადგან თავს ცოტა სუსტად გრძნობდა და რასაც ექიმი გვეუბნებოდა, აკეთებდა. როგორც კი თვალებიდან გამოიხედა და დისკომფორტი მოეხსნა, აქეთ-იქით დაიწყო სიარული. ვაფრთხილებდი, რომ მისთვის ეს არ შეიძლებოდა, მაგრამ არაფერს მიჯერებდა.

დედამისი აქეთ მარიგებდა ჭკუას, ორსულობა ავადმყოფობა არ არის, ჩვეულებრივად უნდა იცხოვროსო. ძალიან კარგად ვიცი, რომ ავადმყოფობა არ არის, მაგრამ, ორსული რომ თავს უნდა გაუფრთხილდეს, ამას ლაპარაკიც არ უნდა. დედამისი კი აქეთ-იქით დააწანწალებდა. არც ჩემი რძალი იკლებდა მეგობრებთან და ნათესავებთან ხეტიალს, მაგრამ დედამისს შორ მანძილზე ხშირად მიჰყავდა.

დასავლეთ საქართველოდან არიან, ნათესავები იქ ჰყავთ. არ გამოელიათ არც გასვენება, არც პანაშვიდი, არც ქორწილი, არც დაბადების დღე. ვაფრთხილებდი, რომ ორსულისთვის ამდენი მგზავრობა არ შეიძლებოდა. ერთხელ ერთ კვირაში ორჯერ წავიდნენ თბილისიდან დასავლეთ საქართველოში.

გადარეული ვიყავი. გული ცუდს მიგრძნობდა, ვეუბნებოდი, ბავშვს ამით ძალიან ავნებ-მეთქი. დედამისს ჰყავდა დაქალი გინეკოლოგი და სულ ამბობდა, ჩემი მეგობარი გადარეულია, ასეთი ჯანმრთელი და აქტიური ორსული არ მინახავსო. ამით მეუბნებოდა, ჩვენ უფრო ვიცით, შენ ხმა გაიკმინდეო.

ცუდი წინათგრძნობა ამიხდა. ჩემს რძალს 6 თვის მუცელი მოეშალა. ყველაზე მძიმე ის იყო, რომ ვერც თვითონ და ვერც მისმა სანაქებო ექიმმა ვერ გაიგეს, რომ ნაყოფი მკვდარი იყო. როცა მიხვდნენ, მდგომარეობა გართულებული იყო.

კარგად იცით, ასეთ დროს რა მძიმე პროცედურები ტარდება. ეს ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც არცთუ ადვილი გასაძლებია. თანაც ახლა სერიოზული მკურნალობა სჭირდება. ღმერთის დიდი წყალობა იქნება, მეორედაც თუ დაფეხმძიმდება.

მე და ჩემი ქმარი განადგურებულები ვართ. ისე ველოდებოდით ამ ბავშვს, რომ… ჩემი ქმარი უკვე 60 წელს არის გადაცილებული. შვილიშვილს რომ ვახსენებდით, სიხარულის ცრემლები სცვიოდა. ახლა ლანდივით დადის, საერთოდ აღარავის გველაპარაკება.

რძლისთვის არაფერი მითქვამს, მაგრამ დედამისს კი ვუსაყვედურე, ამ ხეტიალს ვერ მორჩით და, აი, რა შედეგი მივიღეთ-მეთქი. მან ურცხვად მიპასუხა, ყვავივით დაგვჩხაოდი, ჩემი შვილი შენ დათარსეო. შვილს თვითონ არ გაუფრთხილდა, აქეთ-იქით დაჰყავდა, არც საჭესთან ჯდომას უშლიდა და ახლა მე მაბრალებს, შენ დაგვთარსეო.

შეუგნებელ ადამიანებთან ცხოვრება ძალიან ძნელი ყოფილა. ამ ადამიანების უკვე დანახვაც კი აღარ შემიძლია.

“სარკის” ერთგული მკითხველი