“მარიშკა ჯავახაძემ ნეკნი მოიტეხა და მისი შეცვლა გახდა საჭირო” – როგორ გახდა ახალი ბარბარიკა თაკო კორინთელი

"მარიშკა ჯავახაძემ ნეკნი მოიტეხა და მისი შეცვლა გახდა საჭირო" - როგორ გახდა ახალი ბარბარიკა თაკო კორინთელიტელეწამყვანი თაკო კორინთელი, შეიძლება ითქვას, რომ კულინარიული გადაცემიდან, რომელიც ტელეკომპანია “პალიტრა ტვ”-ზე მიჰყავს, პირდაპირ სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” გადასაღებ მოედანზე აღმოჩნდა. ამის მიზეზი ბარბარიკას როლის შემსრულებლის, მარიშკა ჯავახაძის, ტრავმა გახდა. მას ექიმებმა წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს, ამიტომ მისი როლისთვის სასწრაფოდ შემცვლელის პოვნა გახდა საჭირო. ასე გამოჩნდა ეკრანზე “ახალი” ბარბარიკა მანტკავა.

მართალია, თაკო კორინთელი მსახიობი არ არის, მაგრამ კამერებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. წლების განმავლობაში მას ტელეკომპანია “მაესტროში” საინფორმაციო გადაცემა მიჰყავდა. შარშან ერთ-ერთი ინტერნეტგამოკითხვით ის ყველაზე ლამაზ ტელეწამყვანად დაასახელეს.

როგორ მიიღო თაკომ სრულიად მოულოდნელი გამოწვევა მის ცხოვრებაში, რაზე ნერვიულობს ყველაზე მეტად და კიდევ სხვა თემებზე, ის “სარკესთან” საუბრობს.

– თაკო, “ჩემი ცოლის დაქალებში” ბარბარიკას როლით გამოჩნდით. მარიშკა ჯავახაძე რატომ აღარ თამაშობს?

– როგორც გავიგე, მარიშკას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, ნეკნი მოიტეხა, ექიმებმა წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს და ვერ ახერხებდა გადაღებებზე მისვლას. სწორედ ამიტომ რეჟისორი და სერიალის გუნდი იძულებული გახდა, მისი შემცვლელი ეპოვათ. სასწრაფოდ ეძებდნენ მსახიობს, რომელიც ბარბარიკას როლს შეასრულებდა.

– როგორ გიპოვეს, იცოდნენ თქვენ შესახებ?

– მე საერთოდ არ მქონდა წარმოდგენა, მარიშკა ჯავახაძის შემცვლელს თუ ეძებდნენ. ჩემს დაქალს კასტინგზე ჩემი ფოტოები გადაუგზავნია. დამირეკეს და მითხრეს, რომ ღამის 11 საათზე კასტინგზე მივსულიყავი. სასწრაფოდ წავედი მარჯანიშვილის თეატრში, სადაც დამხვდა მსახიობი ეკა მჟავანაძე, რომელიც სერიალში სხვადასხვა როლებზე ამტკიცებს მსახიობებს. მომცა ტექსტი, რაღაც წავიკითხე, შემდეგ მოქმედებები შევასრულე, ამის შემდეგ დავემშვიდობე და წამოვედი.

რამდენიმე საათში, ღამის 2 საათზე დამირეკეს და მითხრეს, ამ როლზე დაგამტკიცეთ და ხვალ დილით გადაღებაზე მოდითო. ვერ გადმოგცემთ, რა დამემართა! ძალიან ბედნიერი ვიყავი.

– როგორ ფიქრობთ, მოახერხებთ, მაყურებელს ისე შეაყვაროთ თავი, როგორც მარიშკა უყვარდათ?

– სერიალის ფეისბუქგვერდზე და ასევე ვებგვერდზეც ვკითხულობ კომენტარებს, ზოგი ნეგატიურად განეწყო ჩემ მიმართ, ზოგი – პოზიტიურად. რა თქმა უნდა, ვნერვიულობ და განვიცდი, როგორ მიმიღებს მაყურებელი. მათი რეაქციები, ბუნებრივია, ფსიქოლოგიურადაც იმოქმედებს ჩემზე.

დარწმუნებული არ ვარ, რომ მაყურებელი მიმიღებს და შემიყვარებს, თუმცა იმედი მაქვს, რომ შეწყდება ნეგატიური კომენტარები და მეც ისე შემიყვარებენ, როგორც მარიშკა ჯავახაძე უყვარდათ.

– მარიშკას ხომ არ ელაპარაკეთ?

– დიახ და მგულშემატკივრობს. ერთი სატელეფონო ზარის შემდეგ შემიძლია გითხრათ, რომ ის ძალიან საყვარელი გოგოა. წარმატებები მისურვა. მის მიმართ მეც პოზიტიურად განვეწყვე.

– როგორ შეხვედით სერიალის გუნდში, უცხოობა არ იგრძენით?

– თავიდან ძალიან ვნერვიულობდი, აღელვებული მივედი, თუმცა იმდენად კარგი ხალხია და იმდენად პოზიტიურები არიან, რომ ნერვიულობა მაშინვე გამიქრა. ყველამ კარგად მიმიღო. განსაკუთრებით დოჩის როლის შემსრულებელს, ნანუკა გულუას, გამოვყოფ, მისგან განსაკუთრებული სითბო ვიგრძენი.

– წლების განმავლობაში საზოგადოება სხვა ამპლუაში გხედავდათ, საინფორმაციო გამოშვება მიგყავდათ, ახლა კულინარიულ რჩევებს აძლევთ მაყურებელს. რომელი უფრო რთულია – გადასაღებ მოედანზე მუშაობა თუ ტელესტუდიაში?

– კამერა ბავშვობიდან მიყვარდა და ობიექტივთან ურთიერთობა ყოველთვის მსიამოვნებდა. კამერასთან ურთიერთობის ხელოვნებას ვფლობ, თუმცა წამყვანი მობილიზებულია ობიექტივის წინ, სერიალში კი კამერები უნდა დაივიწყო და მოიქცე ისე, როგორც ცხოვრებაში სხვადასხვა ადგილას იქცევი. აი, ეს განსხვავებაა და ეს დილემაა ჩემ წინაშე, რომელსაც აუცილებლად გადავლახავ.

– ბარბარიკას ხასიათი უკვე გამოკვეთილია, მაყურებელმა ის კარგად გაიცნო. ჰგავხართ რაიმე თვისებით ამ გმირს?

– არა, ჩემი პიროვნებისგან შორს არის. ჯერ უცებ, ერთი კოცნის შემდეგ რომ გათხოვდები და მერე უცებ მეორე კაცზე დაქორწინდები, ჩემთვის მიუღებელია, თუმცა ალბათ ბარბარიკას სხვა გზა არ ჰქონდა და იძულებული იყო, ასე მოქცეულიყო, რადგან მის წინ იდგა ოჯახი და საყვარელი და მომთხოვნი კვაზი ბაბუ.

ბარბარიკა არის გათამამებული გოგო, რომელიც ხელისგულზე გაზარდეს და ყველა მის ბრძანებას ასრულებს. მე ასეთი არ ვარ.

– თქვენ არ განებივრებდნენ ოჯახში?

– როგორც ყველა ოჯახშია, ჩემებიც ცდილობდნენ, ბავშვობაში ყველაფერი მქონოდა. როცა გავიზარდე და სრულწლოვანი გავხდი, მერჩივნა, ჩემით მიმეღწია დასახული მიზნებისთვის. მსურს, ოცნებები ჩემით ავისრულო.

– ერთი წლის წინ ყველაზე ლამაზ ტელეწამყვანად დაგასახელეს. ლამაზი ქალის გვერდით დგას მამაკაცი, როგორია თქვენი პირადი ცხოვრება?

– ამ ეტაპზე პირადზე არ ვისაუბრებ და თქვენს კითხვას უპასუხოდ დავტოვებ.

.

სერიალის პრომოში თაკო კორინთელის გამოჩენის შემდეგ მარიშკა ჯავახაძემ სოციალურ ქსელში დაწერა:

“მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო “ფორმულა კრეატივს” იმ საოცარი გამოცდილებისთვის, რომელიც ამ წლების განმავლობაში შემძინა. უღრმესი მადლობა, რომ მომეცით საშუალება, ჩემი პატარა წვლილი შემეტანა ამ მართლა ისტორიულ პროექტში. უღრმესი მადლობა მსახიობებს და განსაკუთრებით გიორგი მახარაძეს, რომ არა ის, გადაღების პირველი დღეები ძალიან რთული იქნებოდა.

ყველაზე დიდი მადლობა მაყურებელს და ჩვენს გულშემატკივრებს. ახალი ბარბარიკა კიდევ უფრო პრინცესული და მშვენიერია”.

ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018