82 წლის ქალი ჩამორთმეულ ბინაში ამწეთი შევიდა – ,,მას თავის დროზე პირადი ნივთების გატანის უფლებაც არ მისცეს”

82 წლის ქალი ჩამორთმეულ ბინაში ამწეთი შევიდა - ,,მას თავის დროზე პირადი ნივთების გატანის უფლებაც არ მისცეს"ბათუმელები მძიმე სცენის მომსწრენი გახდნენ. 82 წლის ალექსანდრა ტერუნი ამწეს დახმარებით შევიდა ჩამორთმეულ ბინაში. სახლის მეორე სართულის აივანზე გადავიდა, აივნიდან კი ბინაში შევიდა. ის 1983 წლიდან ამ სახლში ცხოვრობდა.

როგორც ,,ბათუმელები” წერს, ალექსანდრა ქუჩაში მას შემდეგ დარჩა, როცა მისმა შვილიშვილმა, წლების წინ სესხი აიღო და ბინა იპოთეკით დატვირთა. შვილიშვილი საზღვარგარეთ წავიდა, ბინა კი მეზობელმა იყიდა, ვისთანაც მოხუცს სასამართლოში დავა აქვს. მოხუცის თქმით, ის არაერთხელ გახდა ამ ოჯახისგან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი.

ალექსანდრა გასული წლის 25 დეკემბრიდან ქუჩაშია და ახლობლებს აფარებს თავს.

“ჩვენ არც ვიცოდით, თურმე კერძო კომპანიიდან ამწეკრანი დაუქირავებია და ისე ასულა აივანზე. აივნის კარი გახსნა და შევიდა ბინაში. მას თავის დროზე პირადი ნივთების გატანის უფლებაც არ მისცეს”, – მოუყვა ,,ბათუმელებს” ალექსანდრას ინტერესების დამცველმა ჟუჟუნა ჯიჯავაძემ.

მეზობელს, რომელიც ამ ბინის კანონიერი მესაკუთრეა, შესასვლელი კარი გადაჭედილი აქვს. ალექსანდრას ბინიდან გამოსვლის, ასევე სველი წერტილებით სარგებლობის საშუალება არ ექნება. ბინაში ამჟამად არც შუქია.

მოხუცის ახლობლები ყვებიან, რომ პოლიცია ამწეს წასვლამდე მივიდა და მოხუცის აივნიდან უკან გადმოყვანას უშედეგოდ ეცადა.

“პოლიციას ვუთხარი, რომ მოხუცი შესაძლოა გადმოყვანის დროს ცუდად გამხდარიყო. უცებ წასვლა გადაწყვიტეს,” – ამბობს ალექსანდრას ნაცნობი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით, რაც სხვის საკუთრებაში უკანონო შეღწევას გულისხმობს.

შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის უცნობია, როდის გამოასახლებს მოხუცს პოლიცია.

“აქედან მხოლოდ გამომასვენებთ, ისე აქედან ვერავინ გამიყვანს,” – აივნიდან უთხრა მოხუცმა ,,ბათუმელებს”.