
„სარკე“, ირინე მჭედლიძე, 2010 წელი
მსახიობმა ნინო ხომასურიძემ ძალიან ადრეულ ასაკში გაიგო, რა არის ქალის ბედნიერება, მაგრამ ასევე ადრე დაკარგა ყველა საყვარელი ადამიანი. დიდხანს იყო კარჩაკეტილი. უმძიმესი ავადმყოფობები გადაიტანა. დღეს კი ისევ მსახიობის ცხოვრებით ცხოვრობს და ამბობს: ,,რადგან ხალხში მიწევს ყოფნა, მე ასეთი უნდა ვიყო. ჩემი დარდი და ცრემლი არავინ უნდა ნახოს”.
–ღვთის მჯერა, მაგრამ მორწმუნე არ ვარ, თუმცა ვცდილობ, ისე ვიცხოვრო, როგორც უფლისთვისაა მისაღები. ჩემი ცხოვრება შეიძლება სამ ეტაპად დავყო. 13 წლამდე ბავშვური ცხოვრება მქონდა. 13 წლისა გავთხოვდი. 14 წლისას უკვე შვილი მყავდა. ბედნიერი ქალი ვიყავი. 40 წლისას კი აღარც ქმარი მყავდა, აღარც – შვილი და აღარც – დედა. ყველაზე ახლობელი ადამიანები გვერდით აღარ მყავდნენ.
აბსოლუტურად მარტო დავრჩი. დავკარგე ყველა და ყველაფერი, უმდიდრესი ქალი ბომჟად ვიქეცი…უბედურება ერთბაშად დამატყდა თავს. ხუთ წელიწადში ყველა ერთად დავკარგე. ზურა თავის დაბადების დღეზე მოულოდნელად თრომბით გარდაიცვალა. სახლში დიდი ტაშ-ფანდური გვქონდა. ზურა იჯდა და… იქვე გარდაიცვალა. რამდენიმე თვეში კი გოგა დაიკარგა. კაციშვილმა არ იცის, ჩემი შვილი ცოცხალია თუ მკვდარი. ამდენი წელი მის ძებნას შევალიე.
ზურას მოსკოვში დიდი ქარხანა ჰქონდა. გოგა გენერალური დირექტორი იყო. ამ ქარხანას შეეწირა კიდეც, ბიზნესინტერესების მსხვერპლი გახდა.
გოგას დიდი ძალა მოაკლდა. ზურა რომ ჰყოლოდა, მას ვერავინ მოერეოდა. მარტო დარჩა და ადვილად მოერივნენ. ამ ცოდვის ზიდვა მათ შვილებსა და შვილიშვილებს აუცილებლად მოუწევთ.
მიჭირს თუ მილხინს, ჩემს ტკივილს და სატარებელ ჯვარს არავის ავკიდებ. 11 წელი სახლიდან გარეთ არ გამოვსულვარ. გადავიტანე ინფარქტი, თავში ანევრიზმა გამისკდა. 11 წლის შემდეგ თითქოს თვალი გავახილე, ხალხში გამოვედი…
ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ „სარკეში“
