ქეთი გომართელი: “ნიკა ხაჩიძე ჩემი პირველი სიყვარულია”

ქეთი გომართელი: "ნიკა ხაჩიძე ჩემი პირველი სიყვარულია"ირმა ჭკუასელი, სარკე

“ჩემი ცხოვრების მთავარი ადამიანი” – ასე უწოდებს მომღერალი ქეთი გომართელი ტელეპროდიუსერსა და ჟურნალისტს, ნიკა ხაჩიძეს. ერთმანეთთან იმდენად ახლოს არიან, რომ მათ ხშირად ეკითხებიან, თქვენ შორის რომანტიკული გრძნობები ხომ არ გაჩნდაო. ბოლო პერიოდში ამას საქმიანი ურთიერთობაც დაემატა. ახლახან ქეთიმ და ანდრია გველესიანმა ახალი სიმღერა წარუდგინეს მსმენელს, რომლის ჩაწერის იდეაც ნიკას ეკუთვნის. მათი მეგობრობა მრავალ წელს ითვლის, თუმცა, ვინც იცის, მომავალში რა იქნება. “სარკესთან” ორივემ აღნიშნა, რომ “შანსი ამქვეყნად ყველაფერს აქვს”.

– ნიკა, დავიწყოთ ძველი ლამაზი ჰიტით “ლამაზი დღე”, რომელიც ახლახან ქეთი გომართელმა და ანდრია გველესიანმა დუეტში ახლებურად შეასრულეს. როგორც ვიცით, ამ სიმღერის ჩაწერა თქვენი იდეა იყო.

ნიკა: იდეა იყო ძველი სიმღერების ახალი ვერსიების ჩაწერა, რასაც ქეთი ეტაპობრივად აკეთებს. მათ შორის ერთ-ერთი გახლდათ “ლამაზი დღე”. თავიდან სოლო ვერსიაზე ვფიქრობდით, მაგრამ სპონტანურად წამოვიდა იდეა, დუეტი ანდრიასთან ყოფილიყო. ანდრია გველესიანი ჩვენი მეგობარია. თანაც ხმები აცდენილია, მას ძლიერი ხმა აქვს და ქეთის – უფრო ნაზი და ქალური. კონტრასტული ხმები კი ერთმანეთს ძალიან მოუხდა.

– თქვენი და ქეთის მეგობრობის ამბავი ცნობილია. შეგიძლიათ გაიხსენოთ სულ პირველი შეხვედრა?

ნიკა: ქეთი ძალიან პატარა იყო, როცა მე უკვე ვიცნობდი მის დას და დედამისს. ქეთი მერე გავიცანი. ეს, სავარაუდოდ, მათ სახლში მოხდა, რადგან ხშირად მივდიოდი იქ. პირველი ინტერვიუ მე ჩავწერე ქეთისთან.

ერთ-ერთ კლუბში ვიყავით და მისმა დამ, თამუნამ, მთხოვა, თუ შეგიძლია ცოტა ხანი ჩემს დას ყურადღება მიაქციოო. რამდენიმე წუთით უნდა გასულიყო და არ უნდოდა, იმ სიტუაციაში ქეთი მარტო დარჩენილიყო, რადგან ძალიან პატარა იყო.

ქეთის ვკითხე, ხომ არ ვიცეკვოთ-მეთქი. ეს ცოტა დიდხანს გაგრძელდა, ამ ბავშვთან ცეკვა და გართობა ცოტა მომბეზრდა. ერთი სული მქონდა, თამუნა შემოსულიყო. მოკლედ, ბოლოს დავსვი მაგიდასთან და მთელი საღამო აღარ მიმიქცევია ყურადღება. ეს იყო ჩემთვის ერთი ჩვეულებრივი ამბავი, მაგრამ ქეთისთვის ასე არ ყოფილა.

ქეთი: ყველა ეტაპზე ხომ უკიდურესად სიმპათიური და ქარიზმატული იყო და გადავირიე. ერთხელ მთხოვა, ვიცეკვოთო, ორჯერ და ვიფიქრე, ბედი გამეხსნა-მეთქი! ცოტა ვეპრანჭებოდი. ძალიან მინდოდა, მისი ყურადღება დამემსახურებინა, მაგრამ არაფერი გამომივიდა.

ნიკა: აღმოჩნდა, რომ მისი პირველი სიყვარული იქვე დასრულდა კრახით.

ქეთი: კი, კი.

– მეგობრობა როდის დაიწყო?

ქეთი: მაშინვე დაიწყო, როცა გული გამიტეხა.

ნიკა: გული რომ გავუტეხე, ეს წლების მერე მითხრა. არც ვიცოდი, რომ ჩემ მიმართ სიმპათია ჰქონდა.

ქეთი: არადა ყოველდღიურად ვემზადებოდი, აი, ახლა ნიკა მოვა და ამას ჩავიცვამ…

– რა ეტაპები გაიარა ამ წლების განმავლობაში თქვენმა მეგობრობამ, იყო თუ არა პაუზა?

ნიკა: პაუზა, როგორც ასეთი, არ ყოფილა, მაგრამ იყო პერიოდები, როცა ხშირად არ ვხვდებოდით და ეს მხოლოდ და მხოლოდ სამსახურებრივი გრაფიკის გამო იყო ასე. ქეთი ისეთ ადგილებში მუშაობდა, ძალიან დაკავებული იყო და მეც ცხოვრების ყველა ეტაპზე სულ ორი და სამი სამხახური მაქვს.

ქეთი: მაგრამ ახლა ნახეთ, რა მოვიფიქრეთ – როცა ვამთავრებთ სამუშაოს, შემიძლია დავურეკო ღამის 12 საათზე, პირველზე, 2-ზე და ვეუბნები, თუ არ გეძინება, ამოვალ რაა, გთხოვ-მეთქი და მივდივარ.

ნიკა: წლებია, მარტო ვცხოვრობ და ჩემთან ბინაში უყვართ მეგობრებს დროის გატარება. აქ ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ კომფორტულად ვიგრძნოთ თავი.

ქეთი: ნიკა არის პირდაპირი ადამიანი, ყოველთვის ყველაფერს პირდაპირ გეუბნება. მე და თამუნა ძალიან ხშირად ვამბობთ, გაგვიმართლა, ნიკას რომ შევხვდით-თქო.

– როგორ გამოიცადა ამ წლების განმავლობაში თქვენი მეგობრობა. თუ გქონიათ რომელიმეს ისეთი განსაცდელი ან სიძნელე, როცა ერთიმეორისგან ძლიერი მხარდაჭერა იგრძენით?

ქეთი: ნიკასგან მხარდაჭერას ყოველწამიერად, ყოველწუთიერად ვგრძნობ ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე. ენდორფინები რომ გამოიყოფა სისხლში შოკოლადის ჭამის დროს, ჩემთვის ეს ენდორფინები ძალიან დიდი დოზით გამოიყოფა ნიკუშასთან ურთიერთობის დროს. მართლა, დედას გეფიცებით!

– რა მოგწონთ ერთმანეთში ყველაზე მეტად?

ნიკა: ქეთი ძალიან გულწრფელია. ზოგჯერ ნერვებიც მეშლება, იმდენად მიამიტობაში გადადის ეს, მაგრამ მაინც ძალიან მომწონს. სუფთაა, არასოდეს გეთამაშება და არ ცდილობს, თავი მოგაჩვენოს ან რაღაც იმისთვის გააკეთოს, რომ ვინმემ დაინახოს. კარგად იცის, რომ, როგორიც არის, ისეთი გვიყვარს ყველას, ვინც მის გარშემოა.

ქეთი: ნიკა შენი ადამიანია ბოლომდე. ხომ არის ხოლმე, ვიღაცებთან რაღაცებს ფილტრავ და ისე უყვები, რომ რამე ისე არ გაიგოს. ნიკა ყოველთვის ყველაფერს ისე იგებს, როგორც ვამბობ. ეს ადამიანი მართლა ცხოვრების საგანძური, დღესასწაულია. ახლა მე დავახასიათე ჩემი ცხოვრების მთავარი ადამიანი.

ნიკა: ეგ ერთ-ერთ ინტერვიუში უკვე თქვა და მეორე დღეს მეკითხებოდნენ, ერთად ხართო. ერთად ვართ, მაგრამ შეყვარებულები არ ვართ, ანუ ახლო მეგობრები ვართ. მიუხედავად იმისა, რომ დიდად არ გვიყვარს პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი, რამე რომ ყოფილიყო ოდესმე, მაგასაც ვიტყოდით. ჩვენს ცხოვრებაში საინტერესო რაღაცები ცალ-ცალკე ხდება.

– ანუ სხვა ობიექტები არსებობენ თქვენს ცხოვრებაში?

ნიკა: კი.

ქეთი: კი, ბატონო!

– იმის თქმა გინდათ, რომ თქვენს ურთიერთობას შანსი არ აქვს?

ნიკა: იცით, რა, შანსი ყველაფერს აქვს ამ ცხოვრებაში.

ქეთი: თავიდან მცდელობა არ დავაკელი, მაგრამ მაშინ ბედმა არ გამიღიმა და ახლა ვნახოთ, რა იქნება.

ნიკა: ვერასოდეს იტყვი, რა იქნება ხვალ და ზეგ. მაგრამ იმდენად მართლა ერთად ვართ გაზრდილები და იმდენად ვიცნობთ ერთმანეთს, რამე რომ მდომოდა, აქამდეც იქნებოდა. მე ასე მგონია.

– როგორი ადამიანები წარმოგიდგენიათ თქვენს მეორე ნახევრებად?

ნიკა: ვიზუალს აქვს მნიშვნელობა და მგონია, რომ ყველა იტყუება, ვინც ამბობს, მთავარი ეს არ არისო. შეიძლება არ იყოს ლამაზი, მაგრამ იყოს ძალიან შარმიანი. თავისი სტილი უნდა ჰქონდეს. რაღაცნაირად ისე გესაუბრებოდეს, რომ თავიდანვე მოგხიბლოს.

უნდა იყოს ზომიერი, უნდა იცოდეს, სად როგორ თქვას. ამ სიყვარულობაში ისე უნდა ჩაგითრიოს, რომ სხვასთან წასვლის სურვილი არ გაგიჩნდეს, სხვაზე არ იფიქრო, გვერდით არ გაიხედო. რაც მთავარია, იუმორის გრძნობა უნდა ჰქონდეს, სხვანაირად გამორიცხულია, ჩემ გვერდით ქალი ვერ გაჩერდება.

ქეთი: ვიზუალურ მხარეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რაც ნიკამ თქვა, ერთს დავამატებდი – ადამიანი, რომელიც ჩემ გვერდით იქნება, არ უნდა იყოს “დაგრუზული” ცხოვრებაზე, ყველაფრის მიმართ ნეგატიური განწყობა არ უნდა ჰქონდეს.

– რას ნიშნავს თქვენთვის მეგობრობა?

ნიკა: ჩემთვის ჰაერს ნიშნავს, რადგან ყველაზე დიდ დროს ამ ადამიანებთან ვატარებ. სამწუხაროდ, ოჯახის წევრებთან ცოტა შეხება მაქვს, რადგან ჩემი და და ძმა ცალკე ცხოვრობენ, მშობლები – ცალკე და მე – ცალკე. მეგობრებთან კი 24 საათს ვატარებ, დღეა თუ ღამე, არ აქვს მნიშვნელობა. ოჯახის წევრების გარდა თუ ვინმეზე შემიძლია ვიზრუნო და 24 საათიან რეჟიმში მზად ვიყო იმისთვის, რომ ავდგე, ჩავიცვა და გავიდე, რა ხასიათზეც უნდა ვიყო, ეს არის მეგობარი და ამიტომაა ჩემთვის ჰაერი. როგორც უჟანგბადოდ ვერ გავჩერდები, ისე ვერ ვჩერდები მეგობრების გარეშე.

ქეთი: ახლა უნდა ჩამომეთვალა, რა არის ჩემთვის მეგობრობა – ის, რომ ჩემი ნაწილია; ის, რომ ამის გარეშე არ შემიძლია, მაგრამ, ისე თქვა ნიკამ, ჰაერი არისო, რომლის გარეშე ვერ იარსებებ, ვერ ისუნთქებ, უკვე აღარ ვიცი, რა დავამატო.