ნათია სალაძე: ”ან თავი უნდა ჩამომეხრჩო, ან გადავრჩენილიყავი” – ქართველი ემიგრანტის ისტორია

ნათია სალაძე: ”ან თავი უნდა ჩამომეხრჩო, ან გადავრჩენილიყავი” - ქართველი ემიგრანტის ისტორია“ვუვლი მოხუცს, ვულაგებ, ვუსუფთავებ. მე არ მრცხვენია, ჩემი შრომით ვიშოვო ფული. 27 წლის ვხდები და 8 წელია არაფერს ვიკლებ, არც ჩემს ოჯახს და არა მარტო… ვმუშაობ იმიტომ, რომ არ ვთხოვო მშობლებს, არ დავჯდე მათ ხარჯზე, არ ვთხოვო სხვას, არ გავხდე მათხოვარი. დიახ, 7 წელი და თვეებია, ოჯახი არ მინახავს… ამ ტანჯული წლების მონაგარს ჩემს ოჯახს ვახმარ, რომ არ თქვან, აი, ნახეთ, ეს გოგო როგორ დაბეჩავდა, ქმარ-შვილი დაეღუპა და ოჯახის კისერზეაო. არ მინდა, ვინმემ შეცოდებით შემომხედოს…

მე 20 წლის გავხდი ემიგრანტი ქვრივი, შვილმკვდარი, განადგურებული. ვამბობდი, რად მინდა ცხოვრება. ის, რაც მიყვარს, დავკარგე, მეც უნდა მოვკვდე-მეთქი, თუმცა შევხედე ჩემს დედიკოს, მამიკოს თვალებში და მივხვდი, რომ ჯერ კიდევ ღირდა ცხოვრება და უნდა გამეგრძელებინა. მე ოჯახის კისერზე დაკიდებას, მათთვის ტვირთად დაჯდომას, გულგაგლეჯილმა ვარჩიე ემიგრანტობა უცხო ქვეყანაში, უცხო ხალხში, ჩემი დაიკოს ამარა. არ მრცხვენია, არ ჩავხრი თავს, არა! პირიქით, თავაწეული ვივლი. მეამაყება ჩემი წარსული, აწმყო და მომავალსაც არ შევირცხვენ”, – დაწერა სოციალურ ქსელში ნათია სალაძემ.

ნათია ამჟამად საბერძნეთში ცხოვრობს და ამავდროულად ინტერნეტტელევიზიას ხელმძღვანელობს, რომელსაც “ემიგრანტების ტვ” ჰქვია და ძირითადად ქართველი ემიგრანტების ცხოვრებასა და პრობლემებს აშუქებენ.

ნათია 4 თვის გათხოვილი იყო, როცა მის მეუღლეს, ირაკლი გამეზარდაშვილს, უკურნებელი სენის დიაგნოზი დაუსვეს. 9 თვე ლოგინად ჩავარდნილ მეუღლეს უვლიდა, დაკარგა შვილიც… ნათია სალაძე “სარკეს” მოუყვა, რა გადაიტანა სრულიად ახალგაზრდამ მაშინ, როცა ცხოვრება ყველაზე ლამაზი უნდა ყოფილიყო და როგორ გაუმკლავდა თავს დატეხილ უბედურებას.

ნათია სალაძე: ხარაგაულში, სოფელ ვარძიაში ვცხოვრობდი. 17 წლის გავთხოვდი თერჯოლაში, სოფელ ეწერში. თვენახევარიც არ იყო გასული, რომ ჩემს მეუღლეს ოფლისდენა და გულყრები დაეწყო. ქორწილი 3 თვის მერე გვქონდა და მაშინ გონება დაკარგა, რამდენიმე საათი გათიშული იყო. ვიფიქრეთ, რომ ქორწილის გამო ღელავდა და გულყრა ამან გამოიწვია. ცუდად კიდევ რომ გახდა, ექიმთან წავიყვანეთ და საშინელი დიაგნოზი დაუსვეს – თავის ტვინის სიმსივნის მეოთხე სტადია.

მაშინ უკვე ფეხმძიმედ ვიყავი და არავინ მითხრა, რა სჭირდა რეალურად. მითხრეს, რომ პატარა კისტა იყო, რომელსაც ამოკვეთდნენ და კარგად იქნებოდა. ოპერაცია რომ გაუკეთეს და გამოწერეს, მესამე დღეს ისევ ცუდად გახდა. თავიდან სითხესავით რაღაც გადმოსდიოდა. კიდევ გავუკეთეთ ოპერაცია და მაშინ შემთხვევით მოვისმინე ექიმის ნათქვამი. მახსოვს, კიბეზე ჩამოვდიოდი და დავეცი. მაშინ არაფერი დამემართა, მაგრამ მერე, სტრესის გამო, ნაადრევი მშობიარობა დამეწყო. 6 თვის ფეხმძიმემ ვიმშობიარე. ბავშვი გარდაიცვალა…

არ ვიმჩნევდი, რა ცუდად ვიყავი და ვეუბნებოდი, არა უშავს, შვილი კიდევ გვეყოლება-მეთქი. არ შეიძლებოდა ენერვიულა ან ძალიან გახარებოდა რამე, რადგან მაშინვე ცუდად ხდებოდა. სხვა ოთახში ან ტუალეტში ვტიროდი.

9 თვე ლოგინად იყო ჩავარდნილი და მე ვუვლიდი. 192 სანტიმეტრი სიმაღლის იყო და უნდა გადაგებრუნებინ-გადმოგებრუნებინა. დედამთილ-მამამთილიც მეხმარებოდა, მაგრამ მე მთელ ღამეებს ვათენებდი. საშინელება გამოვიარე. წიგნს ვწერ ამ ამბავზე და დედაჩემს ვეკითხები ხოლმე, მართლა გადავიტანე ეს ყველაფერი, თუ ჩემი ფანტაზიის ნაყოფია-მეთქი.

17-18 წლის ბავშვი ვიყავი. დედაჩემს ვურეკავდი, რომ არ დამძინებოდა. მეშინოდა, ჩემი ქმარი კრუნჩხვებში არ ჩავარდნილიყო. ერთხელ 2 დღე არ ვიყავი სახლში, სუნთქვის პრობლემების გამო ცხვირის ოპერაცია გავიკეთე და შინ რომ დავბრუნდი, სახე გალურჯებული ჰქონდა. ღამე კრუნჩხვა დამართნია და ლოგინიდან გადმოვარდნილა. ამის მერე ვეღარ ვიძინებდი, სულ ვფხიზლობდი.

ირაკლი ბავშვობაში დაცემულა, ჰემატომა განვითარებულა. თერჯოლელი ზაზა ექიმი ამბობდა, როგორ შეიძლებოდა 15 წელი ჰემატომა ისე გაზრდილიყო, ვერ მიმხვდარიყავით, ეს გოგოც გააუბედურეთო…

7 წლის ასაკში მეორე სართულიდან გადმოვარდნილა. 10-11 წლის ასაკიდან ცუდად ხდებოდა. რესტორანში მუშაობდა და რამდენჯერმე იქაც გამხდარა ცუდად. ხან კბილს დააბრალეს, ხან – გადაღლას. მისმა მშობლებმაც ვერ წარმოიდგინეს, ასეთი რამ თუ მოხდებოდა. ექიმთან არც მისულა.

– გრძნობდა, რომ სიცოცხლის უკანასკნელ თვეებს ითვლიდა?

– არ უფიქრია, რომ რამე დაემართებოდა. ცუფას მეძახდა და მეუბნებოდა, ნუ გეშინია, ცუფა, კარგად ვიქნებიო. ბოლომდე გონებაზე იყო.

– სიყვარულით გათხოვდით?

– დიახ. ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. ტელეფონით გავიცანი. როცა პირველად შევხვდი, ძალიან წვიმდა, სულ დასველდა. პირველად ეკლესიაში ვნახეთ ერთმანეთი, სადაც სასაფლაოც არის. ეს ადგილი საშინლად მაქვს გონებაში ჩარჩენილი – ისაა ჩვენი შეხვედრისა და განშორების ადგილი.

საოცრად თბილი და კარგი ადამიანი იყო. როგორც კი დავინახე, მინდოდა, ჩავხუტებოდი და სულ ჩემი ყოფილიყო. ჩემი და მაშინ საბერძნეთში იყო და მეუბნებოდა, შენც ჩამოდიო. ირაკლი მთხოვდა, არ წავსულიყავი. მერე გადავწყვიტეთ, რომ გავპარულიყავით. ღამის 4 საათზე გავიპარე სახლიდან. მარტი იყო.

– როდესმე გინანიათ, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეთ?

– ყველაფრის მიუხედავად, ბედნიერი ვარ, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი. ხომ იცით, ნამდვილი სიყვარული და ბედნიერება დიდხანს არ გრძელდება. სულ წელიწადი და 9 თვე ვიყავით ერთად და აქედან 9 თვე მწოლიარე იყო. 2009 წლის 25 დეკემბერს გარდაიცვალა. მისგან ვისწავლე სიყვარული, ტკივილი, მონატრება, ცრემლიც, სიხარულიც… ბოლოს ისე ცუდად იყო, რომ სუნთქავდა, თავი ტკიოდა. მორფს ჩემი ხელით ვუკეთებდი.

უკვე უჭირდა სიარული. ცალ ხელს და ფეხს კარგად ვერ ხმარობდა, როცა მოვიდა და ცალი ხელით გამიკეთა მაკიაჟი – ნუ ხარ მოწყენილი, მუდამ ლამაზი უნდა იყოო. იმ საღამოს გავისეირნეთ და ეს იყო ჩვენი უკანასკნელი გასეირნება. რომ გარდაიცვალა, ისეთ დღეში ჩავვარდი, ყველას ეგონა, გონზე ვეღარ მოვიდოდი.

იმდენად კარგი ადამიანი იყო, რომ მცოდნოდა, რა სჭირდა, ცოლად მაინც გავყვებოდი. მისი გარდაცვალებიდან 40 დღე არ იყო გასული, კისტის ოპერაცია რომ გავიკეთე. ოპერაციის დროს აშკარად ჩემ გვერდით იყო. ჩვეულებრივად ველაპარაკებოდი. როცა უნდა გამოვფხიზლებულიყავი, ვგრძნობდი, ჩემგან მიდიოდა და ვკიოდი, ირაკლი, არ წახვიდე-მეთქი. ჩემს მშობლებს და დედამთილ-მამათილს ეგონათ, რომ ჭკუიდან შევიშალე.

ექიმმა თქვა, მსგავსი შემთხვევები გვქონია, როცა ნარკოზში მყოფებს ახალგარდაცვლილი ახლობლები ესიზმრებათ, რომელთა სიკვდილიდან 40 დღე არ არის გასულიო. ახლაც ხშირად ვხედავ სიზმარში.

– მისი გარდაცვალებიდან მალევე წახვედით ემიგრაციაში?

– 9 თვის მერე. ძალიან მიჭირდა იმ სახლში გაჩერება, რადგან ყველაფერი მას მაგონებდა. ან თავი უნდა ჩამომეხრჩო, ან უნდა გადავრჩენილიყავი. საშინელებაა, როცა მარტო დადიხარ იმ ადგილას, სადაც ცოტა ხნის წინ მასთან ერთად დადიოდი. დედაჩემს ცალი მკერდი მოკვეთილი აქვს სიმსივნის გამო და მას სჭირდებოდა დახმარება, ძვირადღირებული წამლები. ამიტომაც გადავწყვიტე, ემიგრაციაში წავსულიყავი, რომ დედისთვის მაინც მიმეხედა და ის ოცნება მარტოს მაინც ამეხდინა, რაც მე და იკუნას გვქონდა.

– რა ოცნება გქონდათ?

– გვინდოდა, ერთი ოთახი მაინც გვეყიდა ჩვენთვის, რომელიც სავსე იქნებოდა ჩვენი და ჩვენი შვილების სურათებით. საბერძნეთში დეიდა, მამიდა და უფროსი და მყავდა, რომლის გაზრდილიც ვარ ნახევრად და მათთან წამოვედი. საქართველოში ვეღარ ვძლებდი. ვიფიქრე, 1-2 წელი ვიქნები იქ, იქნებ დავმშვიდდე და მერე ჩამოვალ-მეთქი. 9 წელი შემოვრჩი. მოხუცთან დავიწყე მუშაობა.

– ეს უფრო დამთრგუნველი არ იყო?

– დიახ, მაგრამ ასე მინდოდა – სახლში გამოკეტვა და არავის დანახვა. არ მინდოდა, ვინმეს რამე ეკითხა. გამოფენილი მქონდა ჩემი და ჩემი ქმრის ფოტოები და ვეფერებოდი. ვიდეოებს ვაჩერებდი, ფოტოებს ვუღებდი… ირაკლის სასაფლაოს ფოტოებიც მაქვს და აქედან ვეფერები, რადგან 9 წელია იქ არ ვყოფილვარ. ასე დავტირი.

პირველი 6 თვე არც მიმუშავია, ძალიან ცუდად ვიყავი. როცა ოჯახში შემიშვეს სამუშაოდ, ცუდად გავხდი და მერე 6 თვე ისე ვიყავი. 45 კილომდე ჩამოვედი საბერძნეთში და მალე 41 კილო დავრჩი. ყველას ეგონა, მოვკვდებოდი, მაგრამ ექიმებისა და ჩემი დის დახმარებით გავუძელი.

მერე ძალიან საყვარელ მოხუცთან დავიწყე მუშაობა. სხვა მოხუცებიც კარგები იყვნენ. ბავშვებთან მუშაობა ვერ შევძელი. რთულია, ბავშვთან იმუშაო, როცა შენი დაკარგული გყავს. ახლა დედა-შვილთან ვმუშაობ და ცოტა დაძაბული ვარ, რადგან სახლში კამერებია.

– არ გენდობიან?

– სხვა ქალი ჰყავდათ, რომელიც თურმე მოხუცსაც ეჩხუბებოდა და მის შვილსაც, რომელიც უნარშეზღუდულია. კამერები ამიტომ დააყენეს. კარგიც არის, რომ ყველაფერს ხედავენ, მაგრამ ამას სტრესი მაინც ახლავს. გოგო ძალიან ნერვულია და რამე რომ მოხდეს, ყველაფერს ნახავენ და მე არ დამბრალდება.

– როგორც ვიცი, ლექსებსაც წერთ.

– დიახ. ცოტა ხნის წინ წიგნის წერა დავიწყე, სადაც ჩემს ამბავს ვყვები. ორ-სამ წინადადებას ვწერ და ვწყვეტ, რადგან უკვე ისეთ ადგილას ვარ, ტირილით ვიხრჩობი. ძალიან მინდა, გამოვცე წიგნი, რომელსაც “ნათიკუნანო” ერქმევა – ნათია, ირაკლი და… ჩვენი გოგოსთვის ანანო უნდა დაგვერქმია. გამომცემელს უკვე ვესაუბრე.

– ძალიან ახალგაზრდა ხართ. მომავალზე, სხვა სიყვარულზე ალბათ გიფიქრიათ…

– ისეთი ქმარი რომ გიკვდება, როგორიც ირაკლი იყო, ძნელია, კვლავ ოჯახის შექმნაზე იფიქრო. ოდესმე ალბათ რამე შეიცვლება, მაგრამ ეს სიყვარული და მონატრება მუდამ ჩემთან დარჩება. ხომ იცით, რომ ამბობენ, არასოდეს თქვა არასოდესო. ცხოვრებაა და ხან წაგართმევს, ხან მოგცემს.

– ინტერნეტტელევიზიაც გაქვთ. რა თემებს ეხებით?

– ემიგრანტებზე ვაკეთებ გადაცემებს, მათ ცხოვრებაზე, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ვყვებით, ვიღებთ ვიდეოებს… საქართველოში რომ ჩამოვალ, მინდა, სალონიც გავხსნა. ეს ხელობა ვიცი და არ მინდა, მანდ სხვის კისერზე ვიყო.

– საჯარო პოსტი დაწერეთ, არ მრცხვენია, ემიგრანტი რომ ვარ და მოხუცების მოვლით ვშოულობ ფულსო. ვის მიუძღვენით?

– ერთმა დაწერა ემიგრანტებზე, მოხუცის განავალში აქვთ ხელებიო და ა.შ. მე ნამდვილად არ მრცხვენია. 30 წლის ადამიანი რომ სახლში დაჯდები და სხვის ფულს დაითვლი, ის უფრო დიდი სირცხვილია. ფულს ჩემი შრომით ვშოულობ, დედას, ძმას ვეხმარები და სხვის კისერზე არ ვარ ჩამოკიდებული…

აქ ბაბუებთანაც მიმუშავია. ერთთან 17-18 დღე ვიმუშავე, მეტი ვერ გავძელი. გონება ჰქონდა არეული და ერთხელ ისე მხეთქა, რომ იტყვიან, თვალებიდან ნაპერწკლები ვყარე. ამიტომაც გამოვიქეცი. სხვები კი კარგები შემხვდნენ და დიდად არ გამჭირვებია აქ ყოფნა. ემიგრაციაში ყველაზე ძნელი მონატრებაა. ჩემი ორი დისშვილი არც მინახავს, მხოლოდ ფოტოებით ვიცნობ. მე და ჩემმა დამ ძმის ქორწილი სკაიპით ვნახეთ.

 რუსუდან ადვაძე, სარკე