,,სისხლისგან ვიცლებოდი, მეუღლეს ვეხვეწებოდი, ერთად ვიბრძოლოთ, რომ გადავრჩე-მეთქი” – ხატია თებიძე

,,სისხლისგან ვიცლებოდი, მეუღლეს ვეხვეწებოდი, ერთად ვიბრძოლოთ, რომ გადავრჩე-მეთქი" - ხატია თებიძე27 წლის ბათუმელი ხატია თებიძე მაგალითია იმის, როგორ არ უნდა შეუშინდე გაუსაძლის ტკივილებს – სულიერს თუ ფიზიკურს, როგორ უნდა დადგე ფეხზე, როგორ უნდა იბრძოლო სიცოცხლისთვის და როგორ უნდა აავსო ადამიანები იმედით, რწმენით, რომ ყველაფერი კარგად იქნება. შემთხვევას, რომელიც 1 წლის წინ მოხდა, ხატია ,,გზასთან” იხსენებს.

-დილით სამსახურში მივდიოდი. უკრაინაში ჩასვლის დღიდან, როცა დავინახე ტრამვაი, ზიზღი გამიჩნდა, მაგრამ ვერ ვხდებოდი, რატომ. რელსების დანახვაზეც კი ვიძაბებოდი. რატომღაც მეგონა, თუ რელსზე ფეხს დავადგამდი ან ტრამვაიში ჩავჯდებოდი, რაღაც შემემთხვეოდა და ეს რაღაც სიკვდილი იყო… შიში და ზიზღი ტყუილად არ მქონია.

ტაქსიში ვჯდებოდი, უკვე კარს ვაღებდი, სიგნალის ხმა რომ გავიგონე. მოვბრუნდი და გავიფიქრე, ოღონდაც არ დამარტყას-მეთქი და იმავე წამებში მარჯვენა მხრიდან დამეჯახა. უფრო სწორად, სიგნალზე ისე შემეშინდა, რომ ფაქტობრივად, მე თვითონ შევუვარდი. არ ვიცი, როგორ მოვახერხე და როგორ შევძელი, რომ დავარდნის დროს თავი ზემოთ ამეწია. არ მინდოდა, თავი მომყოლოდა ბორბლებში. წავიქეცი და ორი ბრუნი გავაკეთე. ფეხები ბორბლებში გამეჭედა.

ხალხი ჩამოიცალა ტრამვაიდან. ყველა შოკში იყო, ვერავინ მეკარებოდა. როცა დახმარებას ვითხოვდი, ვერ მიახლოვდებოდნენ. მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია. ერთმა ქალმა ჩემს მეუღლეს დაურეკა და უთხრა, რომ ტრამვაის ქვეშ მოვყევი და სასწრაფოდ უნდა მოსულიყო. ამ წუთიდან უკვე დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ როგორ გამოვსულიყავი, როგორ დამეხსნა თავი ბორბლებიდან. არანაირი ტკივილის გრძნობა არ მქონდა, თვალი წამითაც არ დამიხუჭავს…

როგორც იქნა, შევძელი და მარცხენა ფეხი გადმოვიღე. მოწყვეტილი არ მქონია და მიწაზე დავდე. აი, მარჯვენა კი არ ჩანდა. აღმოჩნდა, რომ მუხრუჭს ეჭირა ტერფი და ისე ვაწვალე საკუთარი თავი, რომ შიდა მყესები და კუნთები დავიზიანე. ამ დროს მოვიდა ჩემი მეუღლე, უკვე სისხლისგან ვიცლებოდი. ვეხვეწებოდი, ერთად ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ გადავრჩე. მელაპარაკე, რომ თვალები არ დავხუჭო და გონება არ დავკარგო-მეთქი.

40 წუთი ველოდებოდით ამწეებს, რომ ტრამვაის ქვემოდან გამოვეყვანე. როცა მოვიდნენ, კიდევ ვერ შეძლო ხალხმა დახმარება. მწარედ მახსოვს ეგ წუთები. ისევ მე და ჩემმა მეუღლემ ვიმარჯვეთ. როგორც იქნა, საკაცეზე გადამიყვანეს და “სასწრაფოს” მანქანაში ენით უთქმელი ტკივილი დამეწყო. საავადმყოფოში მისვლისთანავე გავითიშე. როცა მიმიყვანეს, დაკარგული მქონდა 5 ლიტრამდე სისხლი ანუ საერთოდ აღარ მქონდა. პირველ დღეს გამიკეთეს მარცხენა ფეხის ამპუტაცია, მეორე დღეს კი – მარჯვენის. ცდილობდნენ შენარჩუნებას, მაგრამ არ მოხერხდა, დაგლეჯილი მქონდა.
– იქ ალბათ ბევრს არავის იცნობდით, ვინმე თუ გეხმარებოდათ?
,,სისხლისგან ვიცლებოდი, მეუღლეს ვეხვეწებოდი, ერთად ვიბრძოლოთ, რომ გადავრჩე-მეთქი" - ხატია თებიძე– იმ წუთიდან, როცა მიმიყვანეს, საავადმყოფოს ეზო გაივსო როგორც ქართველებით, ასევე იქაური მცხოვრებლებით, ჩემთვის უცნობი ადამიანებით. დაუჯერებელია, მაგრამ ისინიც ერთი თვე ათენებდნენ ღამეებს. სისხლი გადამისხეს სრულიად უცნობებმა, 14 ადამიანის სისხლი მაქვს დღეს. ყველას მოჰქონდა რაღაც: ეს იყო ფული თუ საკვები ჩემი ოჯახის წევრებისთვის.
– და როცა გონზე მოხვედი და გაიაზრე შენი მდგომარეობა?
– პირველად რომ გავახილე თვალები, მაშინვე ზეწარი გადავიხადე და დავინახე, რომ ფეხები არ მქონდა. მშვიდად გადავიფარე და დაველოდე, როდის შემოვიდოდა მეუღლე. ვკითხე, იცოდა თუ არა ჩემი მდგომარეობა. დამშვიდება დამიწყო, მაგრამ რეაქცია არ მქონია. ალბათ იმიტომაც, რომ ყოველდღე მიკეთდებოდა ნარკოზი, შეხვევების დროსაც კი. როცა უკვე ლაპარაკიც შევძელი, ვთქვი, – რაც მთავარია, მიწაში არ ვარ-მეთქი. არ ვიცი, როგორ შევძელი, მაგრამ წამითაც არ მიფიქრია იმაზე, რომ ჯობდა, მოვმკვდარიყავი ან ეს მაინცდამაინც მე რატომ დამემართა-მეთქი. ზუსტად ვიცი, იმიტომ ამირჩია ღმერთმა, რომ დარწმუნებული იყო ჩემში; დარწმუნებული იყო, მე შევძლებდი და ამ ყველაფერზე გავიმარჯვებდი! უმიზეზოდ ხომ არაფერი ხდება? ხომ გადავრჩი ისეთ დიდ უბედურებას, რასაც სიკვდილი ჰქვია? რომ მოვმკვდარიყავი, ხომ ვეღარ დავინახავდი ჩემს მეუღლეს, მშობლებს, ძმას, იმ ხალხს, რომლებზეც სიგიჟემდე ვარ შეყვარებული.
– როგორ გგონია, რამ მოგცა ძალა ამ ყველაფრის გასაძლებად?
– ეს ყველაფერი მეუღლის არსებობამ გადამატანინა. ის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია. ასევე, დღემდე თავს დამტრიალებენ ნათესავები, მშობლები, ძმა, მეგობრები, რაც სასიამოვნოა. ვიდრე ეს ამბავი მოხდებოდა, იქამდეც მიყვარდა სიცოცხლე. ვინმე თუ მომენატრებოდა, არ შემეძლო არ დამერეკა და არ მეთქვა ორი სიტყვით, თუ როგორ მიყვარდა და მენატრებოდა. მიყვარდა დღესასწაულები, განსაკუთრებით ჩემი დაბადების დღე. რომ იცოდეთ, როგორ ველოდებოდი და ახლა გაასმაგებულად მიყვარს… ბევრი ვერ ხვდება, რას ნიშნავს დანაკარგი. ვერც ის გაუგიათ, რატომ არ უნდა გაატარო სიცოცხლე უქმად, ძილში.
– ახლა როგორ ცხოვრობ?
– თვითონ ვუვლი ჩემს თავს, სადილსაც ვამზადებ, შემიძლია დამოუკიდებლად ტაქსით ვიმგზავრო, დავალაგო ჩემი ოთახი, გავრეცხო და ა.შ. არ ვფიქრობ, რომ რაკი ეტლში ვზივარ, სხვამ უნდა გამიკეთოს საქმე. უმეტესად მარტო ვარ სახლში, ყველას ვუთხარი, იმუშავეთ, თვითონ შევძლებ საკუთარ თავზე ზრუნვას-მეთქი. ვიცი, მალე ისევ დავდგები ფეხზე! ისიც ვიცი, ძველებური ხატია ვეღარ ვიქნები, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მივიღო ის, რაც დღეს მაკლია და მენატრება. ჯერ პროთეზებისთვის საჭირო თანხა არ მაქვს, მაგრამ როდესაც ამ საკითხსაც მოვაგვარებ, აუცილებლად დავიწყებ მუშაობას, კვლავ სამზარეულოს დავუბრუნდები და ჩვეული ტემპით გავაგრძელებ ცხოვრებას…

გზა