ირაკლი კობახიძე – როკერი, გიტარისტი, სპორტული ჟურნალისტი – რას უყვებოდა პარლამენტის მომავალი თავმჯდომარის დედა, თამარ ზაალიშვილი, “სარკეს” 19 წლის წინ

ირაკლი კობახიძე - როკერი, გიტარისტი, სპორტული ჟურნალისტი - რას უყვებოდა პარლამენტის მომავალი თავმჯდომარის დედა, თამარ ზაალიშვილი, "სარკეს" 19 წლის წინჟურნალმა “სარკემ” 20 წლის განმავლობაში დაგროვილი არქივის გამოქვეყნება დაიწყო. რამდენიმე კვირის წინ ჟურნალში დაიბეჭდა ინტერვიუ, რომელიც 19 წლის წინ პარლამენტის ამჟამინდელი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დედასთან, თამარ ზაალიშვილთან არის ჩაწერილი. მაშინ მისი მეუღლე, ეროვნულ-დემოკრატი გიორგი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გახლდათ. ქალბატონი თამარი კი ფინანსთა სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა.

თამარ ზაალიშვილი:

– ჩემი ოჯახი ხუთი წევრისგან შედგება, მეუღლე გიორგი კობახიძე, ვაჟი ირაკლი, ქალიშვილი ქეთუსი, დედაჩემი შურა გველესიანი, მამაჩემი მალხაზ – ზაალიშვილი.

მე მეცნიერთა ოჯახიდან ვარ. მამა აკადემიკოსია – მალხაზ ზაალიშვილი, გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი. დღესაც აქტიურ სამეცნიერო მოღვაწეობას ეწევა. დედა უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანი იყო დიდი ხნის განმავლობაში. ჩემი მშობლების დამახასიათებელი თვისებები ალბათ ის არის, რომ, ოჯახის გარდა, უპირველესი ინტერესი და ცხოვრების წესი სამეცნიერო საქმიანობა გახლდათ.

ასეთ ატმოსფეროში აღვიზარდე, ფაქტობრივად ჩვენს ოჯახში იყო განათლებისა და მეცნიერების კულტი.

მყავს ძმა – თენგიზი, მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი, ბიოქიმიკოსი.

— თქვენ რა სპეციალობის ბრძანდებით?

– მე ორჯერ დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯერ ფიზიკის ფაკულტეტი ბიოფიზიკის სპეციალობით, ხოლო შემდეგ ეკონომიკის ფაკულტეტი ფინანსისტის სპეციალობით. ახლანდელი ძირითადი საქმიანობა გახლავთ ფინანსთა სამინისტროში მოღვაწეობა. მაქვს კანდიდატის ხარისხი.

— დარწმუნებული ვარ, ბევრი თაყვანისმცემელი გყავდათ. როგორ გაიცანით თქვენი მეუღლე?

– ნამდვილად არსებობს ერთი ნახვით შეყვარება. პირველი ნახვისას საოცრად მომხიბლა გიორგის არაჩვეულებრივმა ღიმილმა. იმ დროს არამარტო ასაკით ვიყავი ბავშვი, 18 წლის გახლდით, არამედ ბავშვი ჩემი ცნობიერებითაც. ჩვენი თაობა სხვანაირი იყო, ახლა სხვანაირი თაობაა.

მე განსხვავებული ვიყავი, ბიჭებს საერთოდ არ ვუყურებდი. ყოველთვის კარგად ვსწავლობდი, ვეუფლებოდი ფორტეპიანოს, ძალიან დატვირთული რეჟიმი მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად ნაზი ვჩანდი.

გიორგი და მე ერთ კორპუსში ვსწავლობდით, იგი ორი კურსით წინ იყო. მეორე კორპუსიდან პირველ კორპუსში გადმოვდიოდი, ერთ მომენტში მომხიბლა მართლაც შესანიშნავი გარეგნობისა და ღიმილის მქონე ახალგაზრდამ – აქედან დაიწყო ჩვენი სიყვარული.

გარკვეული პერიოდი ეს ურთიერთობა ყალიბდებოდა სიტყვების გარეშე. როგორც გიორგი ამბობს, უჭირდა ჩემთან პირველად მოსვლა. ეს მოხდა მეორე კორპუსის მეორე სართულზე, იგი პირდაპირ მოვიდა, რაღაც სხვანაირი იყო – ძალზე თბილი.

ირაკლი კობახიძე - როკერი, გიტარისტი, სპორტული ჟურნალისტი - რას უყვებოდა პარლამენტის მომავალი თავმჯდომარის დედა, თამარ ზაალიშვილი, "სარკეს" 19 წლის წინ— მეუღლის თვალით დანახული გიორგი კობახიძე.

– მისი ყველაზე მნიშვნელოვნი თვისებაა თავმდაბლობა. კრიტიკულად რომ ვუყურებ ჩემს თავს, რაღაც პერიოდში შეიძლება ეს მაკლდა. გიორგისთან ურთიერთობამ ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. იშვიათია ასეთი ხალხი, იგი ავმეხსიერი არ არის.

გიორგი აგრეთვე ძალიან მიმნდობია. ბევრჯერ მიფიქრია, რომ ეს კარგი თვისებაა პოლიტიკური მოღვაწისთვის. იცით, რატომ? როდესაც ადამიანი მიმნდობი არ არის, ჩნდება ეჭვის ფაქტორი. ეს კი ყოველთვის იწვევს წინასწარ სუბიექტურ დამოკიდებულებებს. როგორც ყველა რაჭველი, გიორგი ძალიან ნელია, ვფიქრობ, ეს მისთვის კარგია და სხვებისთვის – რა მოგახსენოთ (იღიმება).

— თქვენ გაქვთ ოცწლიანი ბედნიერი ოჯახური ცხოვრების გამოცდილება, რა პრინციპებით არეგულირებთ თქვენს ურთიერთობას?

– ურთიერთობის ფორმა, რომელიც ყალიბდება ცოლ-ქმარს შორის, ორივეზეა დამოკიდებული. მთავარი ის არის, რომ ჩვენ ნაკლებად ვუქმნით პრობლემებს ერთმანეთს. პოლიტიკური შეხედულებებიც კი ერთნაირი გვაქვს. რთულ სიტუაციაში მოგვიწია ცხოვრებამ. გიორგი ყველა პოლიტიკური პროცესის მონაწილე იყო. მე მისი აქტიური მხარდამჭერი ვიყავი.

წინააღმდეგი ვარ, როდესაც ცოლ-ქმარი ერთად მოღვაწეობს პოლიტიკაში. გიორგი რომ არ ყოფილიყო პოლიტიკოსი, როგორც ბუნებით აქტიური ადამიანი, მე ვიქნებოდი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შორის არსებობს შინაგანი ჰარმონია, რამაც გაგვაერთიანა თავის დროზე…

— ერევით თუ არა თქვენი მეუღლის საქმიანობაში?

– სახელმწიფოებრივი და ოჯახური საქმიანობა აუცილებლად უნდა იყოს გამიჯნული. საერთოდ, პოლიტიკაში არსებობს ცოლის ინსტიტუტი. ცოლებს ეძლევათ საშუალება, გარკვეულწილად გავლენა მოახდინონ მეუღლის გადაწყვეტილებებზე. მიმაჩნია, რომ ქალმა ნაკლებად უნდა ისარგებლოს ამ უფლებით. თუმცა მე, როგორც თანამდებობის პირს, შემიძლია მქონდეს პრეტენზია ამაზე.

ირაკლი კობახიძე - როკერი, გიტარისტი, სპორტული ჟურნალისტი - რას უყვებოდა პარლამენტის მომავალი თავმჯდომარის დედა, თამარ ზაალიშვილი, "სარკეს" 19 წლის წინ— რას იტყოდით თქვენი ქალ-ვაჟის შესახებ?

– ირაკლი ძალიან კარგი ბავშვი იყო, დამჯერი. ქეთუსი უფრო სხვანაირია, რთული ხასიათისაა, თუმცა წყნარია. ორივე ისე გაიზარდა, სათამაშო და წიგნი არ გაუფუჭებიათ. ირაკლის ყოველთვის დიდის აზროვნება ჰქონდა. სწავლის პრობლემას თვითონ აგვარებდა. არ მახსოვს შემთხვევა, რაღაც ვერ გაეგო და დახმარება ეთხოვა. თავშეკავებულია, მშვიდი და სიტყვაძუნწიც.

ახლაც ძალიან დამოუკიდებელია, ოცი წლის არის, თქვენი კოლეგაა გარკვეული თვალსაზრისით. გამოგვიცხადა, ვიწყებ სპორტულ გაზეთ “11/11”-ში მუშაობასო. წარმატებით მოღვაწეობს ამ სფეროში. გამოაქვეყნა ორი დიდი სტატია, მათ შორის – ქართული ფეხბურთის ფსიქოლოგიაზე.

მომავალი იურისტია, უნივერსიტეტში მეოთხე კურსზე სწავლობს. უყვარს მუსიკა, ფორტეპიანოსა და გიტარაზე უკრავს. ბაჩი ქიტიაშვილთან მეცადინეობდა, ახლა მოყვარულთა ანსამბლიც ჩამოაყალიბა.

რაც შეეხება ქეთუსის, გერმანული გიმნაზიის მერვე კლასის მოსწავლეა. იგი 12 წლისაა და, როგორც ყველა გოგონას, მასაც ცეკვა უყვარს, ძალიან მუსიკალურია. დადის იამზე დოლაბერიძის ახალ ანსამბლ “მანდილში”. ამ ზაფხულს პირველი კონცერტი ჰქონდათ ფილარმონიაში. ასეთი სიამოვნება ბალანჩინის კონცერტზე მაქვს მხოლოდ მიღებული.

ირაკლი კობახიძე - როკერი, გიტარისტი, სპორტული ჟურნალისტი - რას უყვებოდა პარლამენტის მომავალი თავმჯდომარის დედა, თამარ ზაალიშვილი, "სარკეს" 19 წლის წინ— ყველასთვის საინტერესო იქნება, როგორია ბატონი გიორგი პოლიტიკის მიღმა, კერძოდ, მისი დამოკიდებულება შვილების მიმართ.

– ხშირად დავეჭვებულვარ, შეძლებს თუ არა ქეთუსი გათხოვებას. ადამიანს, რომელიც ირჩევს ცხოვრების თანამგზავრს, მის მიმართ რაღაც მოთხოვნები აქვს. როდესაც ქალიშვილსა და მამას შორის თბილი ურთიერთობაა, მისთვის ძნელი იქნება განსხვავებული ხასიათის მქონე მეუღლე.

მე რომ ასპირანტი ვიყავი, ხშირად მიხდებოდა გიორგისთვის ბავშვის დატოვება, იგი აბსოლუტურად ყველაფერს უკეთებდა ირაკლის, საჭმლის მომზადების ჩათვლით.

— თქვენ დიდი თანამდებობა გიკავიათ, დროის მხრივ ალბათ ძალიან შეზღუდული ხართ, იცლით თუ არა საოჯახო საქმიანობისთვის თუ ვინმე გეხმარებათ?

– მიუხედავად პროფესიისა და რანგისა, ქალისთვის უპირველესი ინტერესისა და საქმიანობის ობიექტი არის ოჯახი. ხშირია შემთხვევა, როცა ქალი ინტელექტუალურ საქმიანობას ეწევა და თავისი თავი მეტად განათლებულად მიაჩნია იმისთვის, რომ სადილი აკეთოს ან ოჯახს მოუაროს.

საქართველოში რატომღაც ბოლო წლებში მიღებულია საქმიანი ქალის პოზა, საოცრად მაღიზიანებენ ასეთი კატეგორიის ქალები. ხანდახან მეკითხებიან, როგორ ასწრებ ყველაფერსო. ვფიქრობ, ამის მიზეზი შრომის განაწილება და დაგეგმვაა.

მიუხედავად იმისა, რომ ოროთახიან ბინაში ვცხოვრობთ, სახლი ყოველთვის დალაგებულია და სადილი ყოველდღიურად მზად არის. სადილის მომზადება, რეცხვა, მოწესრიგება ჩემს კისერზეა, ბაზარშიც მე დავდივარ, ერთადერთი დამხმარე ჩემი ვაჟია, სხვათა შორის, ეტყობა, კარგი მეოჯახე დადგება.

— გიფიქრიათ თუ არა, რომ თქვენი მეუღლე პოლიტიკაში ჩაებმებოდა?

– მე რელიგიური ვარ და მარჩიელების, ნათელმხილველების, ამგვარი რაღაცეების საერთოდ არ მჯერა, მაგრამ იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც დეიდაშვილმა მარჩიელთან წაყოლა მთხოვა. მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, რა მექნა, გავყევი. სადაც მიდიოდა, მკითხავი იქ არ აღმოჩნდა, სადღაც, პლეხანოვზე, ზემო უბანში შემთხვევით მივადექით ვიღაც ქალს, რომელიც ლობიოზე მარჩიელობდა.

საოცარი რამ იყო, ფანჯრიდან შემოდიოდა სხივი, ამ სხივის ფონზე იქმნებოდა სინათლისა და ჩრდილის მონაცვლეობა. მკითხავი “გურულა” ლობიოს, რომელსაც ნახაზები აქვს, იმას ანაწილებდა. ჩემს დეიდაშვილს რომ უმკითხავა, შემდეგ პირდაპირ ჩემზე გადმოვიდა.

უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი, მაგრამ ვერ შევეწინააღმდეგე. მითხრა, რომ გიორგის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა მომხდარიყო, ახსენა ეროვნული მოძრაობა. იქიდან გაოგნებული წამოვედი, იმ დროს ვინ ფიქრობდა ან ეროვნულ მოძრაობაზე, ან დამოუკიდებელ საქართველოზე.

მაშინ გიორგი გეოფიზიკის ინსტიტუტის ერთ-ერთი თანამშრომელი იყო. იმ წლებში “კანდიდატომანია”, “დოქტორომანია” იყო გამეფებული, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხელშეწყობა ჰქონდა, მას არასოდეს ჰქონია ამის სურვილი. მისი უპირველესი ინტერესი იყო ლიტერატურა და პოეზია. ამისთვის ახლა დრო აღარ რჩება, თუმცა ვფიქრობ, რომ კარგი პოეტი ან მწერალი იქნებოდა. მარჩიელის წინასწარმეტყველება გამართლდა.

— რამ განაპირობა თქვენი მეუღლის პოლიტიკური არჩევანი?

– ჩემი მეუღლის ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში შესვლა – ეს იყო მიმდინარე პროცესების ღრმა ანალიზის შედეგი.

— ვინ არის ბატონი გიორგის საყვარელი მწერალი?

– მისი საყვარელი მწერალი თანამედროვე ქართველი მწერლებიდან გურამ დოჩანაშვილია. გიორგის არაჩვეულებრივი თარგმანები აქვს. რუსული პოეზიიდან – გუმელიოვი, ასევე თარგმნა ბელა ახმადულინას ანა კალანდაძისადმი მიძღვნილი ლექსი, რომელმაც საფუძველი დაუდო ქალბატონ ანასთან მეგობრობას.

ლექსებსაც წერდა და მოთხრობებსაც. გამოქვეყნებული აქვს გარკვეული ნაწილი. ვფიქრობ, ქვეყანაში რომ არ დაწყებულიყო ასეთი ძირეული ცვლილებები, იგი ჩამოყალიბდებოდა, როგორც პროფესიონალი მწერალი.

თამარ ოთხმეზური, “სარკე”, N33, 1998 წელი