„სარკე“, ლიკა ოსაძე
აბანოების უბანი, ანუ აბანოთუბანი, ვახტანგ გორგასლის მოედნის ოდნავ ქვემოთ იწყება და ვრცელდება წავკისწყლის ხეობის ბოლომდე, თაბორის მთის კალთის მცირე მონაკვეთზე. გოგირდის ცხელი წყალი სათავეს თაბორის მთიდან იღებს. წყაროების ტემპერატურა 24-27 გრადუსამდე მერყეობს. საუკუნეების განმავლობაში ბუნების ეს უშრეტი სიმდიდრე მოყვარესაც და მტერსაც ერთნაირად აცვიფრებდა. „აქ წყალი უცეცხლოდ დუღს”, – წერდა მე-10 საუკუნის არაბი გეოგრაფი. მე-12 საუკუნის მეორე ნახევრის არაბი ისტორიკოსი, აჯიბ ჰამანდანელი, თბილისზე წერდა: “თბილისი დიდი და სიკეთით აღსავსე ქალაქია, ორი მაგარი ციხე-გალავანი აქვს, შიგ ქალაქში კი 40 აბანოა, სადაც წყალი ბუნებრივად არის ცხელი”.
ეს ისტორიული წყაროებია, ხოლო მითებსა და ქალაქურ ლეგენდებზე ძველი თაობის თანამშრომელმა „სარკეს“ უამბო:
– ძველ თაობას სჯეროდა, რომ აბანოებში მოჩვენებები ცხოვრობდნენ. ზოგიერთი ამტკიცებდა, რომ საკუთარი თვალით ნახეს ისინი. ერთი ქალი, რომელიც ჩვენთან მექისედ მუშაობდა, ყვებოდა, რომ მოჩვენება ნახა. მას ვიღაცამ ნომრიდან დაუძახა, რომ ქისა უნდოდა. მასაც აუღია თავისი სათლი და საჭირო ნივთები და იმ ნომერში შესულა. გასახდელში არავინ ყოფილა, არც გარდერობში ყოფილა რაიმე ნივთი. შიგნით რომ შესულა, ტახტზე მწოლიარე გრძელთმიანი ქალი დაუნახავს, რომელსაც ფეხების მაგივრად თევზის კუდი ჰქონია, როგორც ქალთევზას. ეს ქალი შეშინებული გამოვარდნილა ნომრიდან. მეორე თანამშრომელს უთქვამს, სად მიდიოდი, იქ არავინ იყო და შენთვის არავის დაუძახიაო.
– 1956 წელს ამ აბანოში დიდი ტრაგედია დატრიალდა. ამის შესახებაც მოგვიყევით.
– 1956 წელს დიდი წვიმების შედეგად ბოტანიკური ბაღიდან მომდინარე წავკისის წყალი ადიდდა, გვირაბი გადაიკეტა და კალაპოტიდან ამოვარდა. წყალი მხოლოდ N5 აბანოში შემოვარდა, რადგან ყველაზე დაბალია. ხუთი ადამიანი დაიხრჩო, ხუთივე ქალი იყო. იმიტომ დაიღუპნენ, რომ სირცხვილის გამო შიშვლები ვერ გავიდნენ გარეთ. ზოგიერთი გავარდა გარეთ, ზოგი თოკებით ამოიყვანეს, ისინი კი არ გამოვიდნენ. მაშინ ითქვა, რომ საპატარძლო ბანაობდა, მეორე დღეს ქორწილი ჰქონდა და ამიტომ არ იკადრა გარეთ შიშველი გასვლა.
დღესაც არის ეს წესი, ქორწილის წინა დღეს საპატარძლო აბანოში მოდის და მექისე საქორწილოდ ასუფთავებს.
