ქართული დეტექტივი „თოხთამიშის მახვილი“ – ავტორი მაია ბურჭულაძე
დეტექტიური რომანი ციკლიდან „დიმიტრი ძნელაძე კრიმინალისტიკის ლაბირინთებში“

ქართული დეტექტივი „თოხთამიშის მახვილი“ - ავტორი მაია ბურჭულაძე„სარკე“, დეტექტიური რომანი „თოხთამიშის მახვილი“ (ავტორი მაია ბურჭულაძე)

რომანის გაგრძელება (დასაწყისი იხილეთ აქ).

სოლომონ დვალი, იგივე სოლო, საკუთარ გალერეაში იჯდა და ყურადღებით უსმენდა ავთო გაბედავას, იგივე ჩიორას.

გალერეის ვიტრინიდან მოჩანდა ძველი თბილისის ვიწრო ქუჩა. ქუჩის გადაღმა, კაფეში, ახალგაზრდები კოქტეილს წრუპავდნენ, სიგარეტს აბოლებდნენ და უწმაწურ სიტყვებს ღეჭავდნენ. სოლომ მათ გვერდით თავისი ერთადერთი ქალიშვილი წარმოიდგინა და წინასწარ გაბრაზდა. საბედნიეროდ, მერიკო არ განეკუთვნება თავქარიანთა, უინტელექტოთა, უსახოთა პოპულაციას, ფერმის ქათმებივით ერთნაირებს, ამებასავით ერთუჯრედიანებს, ბოშის ქალებივით ჯინჯილასხმულებს. მერიკო მამასავით წიგნის ჭია გახლდათ.

მაკა, სოლოს ცხონებული ცოლი, მარტო გასართობ ჟურნალებს კითხულობდა, რომ მიგესაჯა, სერიოზულ წიგნს ხელში ვერ დააჭერინებდი, პირველივე ფურცელზე ეყვინთებოდა. სამაგიეროდ, ლამაზი იყო, სუფთა, თეთრი პირისკანი ჰქონდა, ბრიჯიტ ბარდოს ვნებიანი ტუჩები. თავის დროზე სოლოს დიდი ძალისხმევა დასჭირდა მშვენიერი გოგონას გულის მოსაგებად, არაერთი თაყვანისმცემლის ადგილზე მოსმა მოუხდა. როცა „კაცური დალაპარაკება” არ ჭრიდა, საქმეში მუშტებს უშვებდა. სხვა საკითხია, რამდენად უღირდა თავის გამოდება ქალისთვის, რომელიც მოკლე ხანში ისეთივე უინტერესო გახდა მისთვის, როგორც შარშან დალეული ღვინო.

– მოკლედ, ყველაფერი ცვეტში გაკეთდა, როგორც შევთანხდით. დამცხა, ხომ იცი? – ჩიორამ ხაკისფერი ქურთუკი სკამზე გადაკიდა და შექების მოლოდინში სოლოს მიაჩერდა.

– ხომ არ იჩქარე?

– არა, არ იყო ეგ ბიჭი დათმობაზე წამომსვლელი. როცა ადამიანს ფული არ აინტერესებს, ძნელია შეთანხმების მიღწევა. ხვალ თუ არა ზეგ გადაცემას გააშვანშვალებდა. ხომ იცი ჟურნალისტების ამბავი, რომც არ იყო დამნაშავე, ისეთნაირად ააწყობენ სიუჟეტს, ძალაუნებურად ეჭვი შეგეპარება. ჩვენს შემთხვევაში საეჭვოც არაფერია, შავზე ვერავის ათქმევინებ, თეთრიაო. პროკურატურა მაშინვე დაინტერესდება გამქრალი ექსპონატით. რას ეტყვი, რითი იმართლებ თავს?

– ეგ შენი პრობლემა არ არის, – ცივად მოუჭრა სოლომ.

– შენი და ჩემი პრობლემა რამ გაყო? თუ მარტო „ჩისტილშჩიკის” პონტში გჭირდები? – ჩიორას სახეზე შელახული თავმოყვარეობისმაგვარი გამომეტყველება აისახა.

მისი პრეტენზიები არც ისე შორს იყო ჭეშმარიტებისგან, თუმცა, ე წ. „ჩისტილშჩიკის” გარდა, შესანიშნავად ითავსებდა ე. წ. მოურავის პროფესიასაც. მაკას სიკვდილის შემდეგ ხომ შეუცვლელი გახდა. ბაზარში წასვლა, მერიკოს სკოლიდან გამოყვანა, გადასახადების გადახდა… – ყველაფერი ჩიორას ევალებოდა.

რაც შეეხება ჟურნალისტის მკვლელობას, სოლოს მხრიდან პირდაპირი მითითება არ ყოფილა, მაგრამ ჩიორას არ სჭირდებოდა წერილობითი დასტური, ისედაც კარგად ხვდებოდა, რა ვნებათაღელვები ტრიალებდა პატრონის გულში. ჰოდა, რომ ხვდებოდა, იმიტომაც გახდა შეუცვლელი, მართლა და მართლა, ბავშვობის მეგობარს ხომ არ დაავალებდა სოლომონ ბატონი პრინციპული ჟურნალისტის მოკვლას?!

– საწყენად არ მითქვამს, – კომპრომისზე წავიდა სოლო.

– ეგეთი სიტუაცია მეორედ ან გამეჩითებოდა, ან არა, – სოლოს მშვიდი ტონი ჩიორამ უკანდახევად აღიქვა და ლაპარაკის ხასიათზე მოვიდა, – კაციშვილმა არ იცოდა, ვისთან ერთად იყო წასული.

– რა უთხარი, კოჯორში რა მინდაო?

– ახალგორის ექსპედიციის ერთ-ერთ წევრს მივაკვლიე და საქმის გასარკვევად წავიდეთ-მეთქი. უნდა გენახა, როგორ გაუხარდა, ეგრევე ჩამიხტა მანქანაში.

– ტრასიდან ხომ არ დაუნახიხარ ვინმეს?

– მანქანა ისეთ ადგილას მივაყენე, შანსი არაა, ვინმეს დაენახა.

– სროლის ხმას ვერ გაიგებდნენ?

– ჩიტები – კი, სხვა – ვერავინ, – ჩაიცინა ჩიორამ.

– დარწმუნებული ხარ?

– პრინციპში, კი.

– „პრინციპში” რას ნიშნავს? – დადარაჯებული ხმით იკითხა სოლომ.

– ერთი პატარა ნიუანსი იყო, არც ვიცი, ღირს თუ არა ყურადღების გამახვილება.

– მაგას მე გადავწყვეტ. მოყევი!

– ხის ძირას, სადაც მივაფსით, ნაჭრის ჩანთა ეგდო. რაღაც ხარახურა ფესვები ეყარა შიგნით. ბაჩამ თქვა, ალბათ მხატვარს დარჩაო. დარჩა დარჩა, რა ჩემი საქმეა, ვის რა დარჩა, მაგრამ უკანა გზაზე ერთი აზრი ამეკვიატა – ვაიდა, იმ ჩანთის პატრონი სადმე ტყეში იმალებოდა და შორიდან მარიველირებდა? აგრევე მოვაბრუნე მანქანა, ტრასა გადავჭერი და ტყეს მეორე მხრიდან მოვუარე. მივდივარ, მივფორთხავ, სიჩუმეა, იმის დედა ვატირე!..

– მოკლედ მოყევი.

– მოკლედ ის არის, რომ აღარ დამხვდა ჩანთა ადგილზე, – ამოიოხრა ჩიორამ.

– გვამი?

– გვამი იყო. პოლიციაც მალე გაეძრო. როგორც სირენის ხმა გავიგე, მაშინვე მოვტყდი.

– მერე, ესაა „ნიუანსი”?! – დასჭექა სოლომ, – მე შენ გეკითხები, ესაა „ნიუანსი”?! – თავზე დაადგა შეცბუნებულ ჩიორას.

– რა გაყვირებს? – სკამიდან წამოიმართა ჩიორა, – შენ რამე ხომ არ გეშლება, სიმონ?! – გამოსცრა დაწვრილებული ტუჩებიდან.

სოლო შეეცადა, დაეშოშმინებინა მოულოდნელად გაღვიძებული მხეცი, რომელიც გადმოხტომას ლამობდა მისი ჩასისხლიანებული თვალებიდან, ერთ სიცოცხლედ უღირდა კიდურების დამორჩილება… მის ხელებს მოენატრა სხვის ლოყებზე ლაწუნით დაშვება, ფეხებს – სხვისი სხეულის ჩაწიხვლა, ენას – უწმაწური გინება, ყურებს – ამ ყველაფრის მოსმენა. ცდუნების დასაძლევად მაგრად მომუჭა ხელისგულები, იქამდე უჭერდა, სანამ ტკივილი არ იგრძნო. ტკივილმა რეალობაში დააბრუნა.

არ შეიძლებოდა ჩიორას გალახვა. ჯერ ერთი – ვერ მოერეოდა, მეორეც – ჩიორა მაკა არ იყო, სახეზე ხელების აფარებით მოეგერიებინა გამძვინვარებული ქმარი. ჩიორა ხელს შეუბრუნებს, შეიძლება გაასაღოს კიდეც, გულცივია და დაუნდობელი, როგორც მამალი ლეოპარდი. ორი საათის წინ კაცი გაასაღა, სახეზე კი ნაკვთიც არ შერხევია, აქეთაა შარზე.

– ჰო, კარგი, კარგი, ცოტა გავცხარდი, – სოლომ მოწოლილი რისხვა უკან გააბრუნა და გაღიმებას შეეცადა, – შენი ნათქვამიდან ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება – ვიღაცამ შეატყობინა პოლიციას მკვლელობის შესახებ და იმ ვიღაცას სრულიად შესაძლებელია, დაენახა შენი, უფრო სწორად, ჩემი მანქანის ნომერი. მართალია თუ არა?

– კი, – უხალისოდ დაეთანხმა ჩიორა.

– მაგაშია საქმე, შენ კი – „რა გაყვირებსო”… ყვირილი კი არა, მოსაკლავი ხარ.

– იმედია, არ გამიმეტებ.

– ვითომ რატომ? – ნიადაგი მოსინჯა სოლომ.

– ჩემზე ერთგული კაცი არ გეგულება და იმიტომ.

ეს ფრაზა ნიშნისმოგებით არ იყო ნათქვამი. ჩიორას, სოლოსგან განსხვავებით, უშუალოდ ლაპარაკის უნარი გააჩნდა, რაც უადვილებდა კონტაქტს სხვადასხვა სოციალური ფენის ადამიანებთან. ობლობაში გაზრდილი ბიჭის ეს თვისება სოლოში მოწონებასთან ერთად ფარულ ბოღმას იწვევდა. მას, ცხოვრებისეული გამოცდილებით სავსე ინტელექტუალურ პიროვნებას, უმაღლესდამთავრებულსა და თანამდებობაზე ნამუშევარს, როგორ შეიძლება რამეში ჯობდეს ცხრაკლასდამთავრებული, ნაციხარი, გაურკვეველი წარმოშობის ჩიორა?!

– ამ საქმის თავის ნებაზე მიშვება არ ივარგებს, რამე უნდა მოვიფიქროთ, – თქვა სოლომ.

– ის ქალი უნდა ვიპოვოთ.

– ვინ ქალი?

– მოწმე.

– რა იცი, რომ ქალია, ნახე?

– შენ წარმოიდგინე, სახელიც ვიცი. სესილი ჰქვია.

– ნუ გადამრიე, საიდან იცი?!

– ჩანთაზე იყო ამოქარგული. ეს – რაც შეეხება სახელს… ეს კი ნივთმტკიცებაა, – ამ სიტყვებით ჩიორამ ქურთუკის ჯიბიდან დასაკეცი დანა ამოიღო.

– საიდან დაასკვენი, რომ დანა სწორედ იმ ქალს ეკუთვნის, იქნებ ადრეც იქ ეგდო? – სოლომ ყურადღებით დაათვალიერა შინდისფერტარიანი ჯაყვა.

– დავიჯერო, ფეხებთან დაგდებულ, გახსნილ დანას ვერ დავინახავდი? – საკუთარ თავს დაეკითხა ჩიორა, – პონტია, დავინახავდი, – დააყოლა დამაჯერებლად.

– სესილი, არა?

– ჰო, სესილი. ჩანთაზე ეს სახელი იყო ამოქარგული.

– ხეზე იჯდებოდა.

– რომელ ხეზე?

– რომლის ქვეშაც შენ და აწ გარდაცვლილმა ბაჩა ქორქიამ მოშარდეთ.

– ე?! – ყურის უკან მოიფხანა ჩიორამ.

– ჰო, ჰო… თუ ფესვები იყო იმ ჩანთაში, ცხადია, რასაც ეძებდა ხეზე – ტოტებს, ფოთლებს, ლოკოკინებს, გირჩებს…

– გირჩა რა ჩემ ფეხებად უნდოდა?!

– უყურადღებო კაცი ხარ შენ, ჩიორა, ამდენი წელია, ჩემზე მუშაობ და ხელოვნების გაგებაში არა ხარ, – უსაყვედურა სოლომ.

– ეხლა არ მითხრა, ლოკოკინა რაღაც შეხებაშია ხელოვნებასთანო, – ჩიორა ხაკის ქურთუკთან დაიხარა და ტარიანი პაპიროსი გააძრო, – მოვწევ რა? – შეეხვეწა სოლოს.

– მოწიე, ჯანდაბას შენი თავი… თუ კაიფის გარეშე აზროვნება არ შეგიძლია, მოწიე.

– გაიხარე, – ჩიორამ საქმიანად მოუკიდა ტარიანს, ღრმა ნაფაზი დაარტყა და სკამის საზურგეზე გადაწვა. გალერეაში ანაშის სპეციფიკური სურნელი დატრიალდა. – ახლა კარგ ხასიათზე ვარ. შეგვიძლია ხელოვნებაზეც ვიმასლაათოთ. ჰა, ჰა! არა, მართლა, ძალიან მაინტერესებს – რა შეხებაშია ლოკოკინა ხელოვნებასთან?

– ხელოვნებასთან შეხებაშია ყველაფერი, რაც ხელოვანს, ამ შემთხვევაში მხატვარს, თავში მოუვა. შეხედე ამ ნამუშევარს, შენი აზრით, ეს რა არის? – სოლომ საყოფაცხოვრებო ნივთებით შემკულ მართკუთხა სტენდზე მიანიშნა. სტენდს ამშვენებდა ძველი გაზეთის ნაგლეჯი, აკვარელით შესრულებული მამაკაცის ტორსი, მავთულის ხვია, თოჯინის მარცხენა ფეხი, ნახევრადმოწეული სიგარა… და ავტორის ფრთიანი ხელმოწერა.

– მარაზმი, – ჩიორამ ბოლქვებად გამოუშვა ბოლი ცხვირის ორთავ ნესტოდან.

– ხალხი ყიდულობს ამ „მარაზმს”, ოღონდ სხვა რამეს ეძახის – ავანგარდისტულ ხელოვნებას.

– ხალხი პოჩინოკის განავალსაც ყიდულობს.

– ჰმ, შენ რა იცი, ვინ არის პოჩინოკი?! – გაკვირვებული სახე მიიღო სოლომ.

– არც ისეთი უვიცი ვარ, შენ რომ გგონია, მთელი მასმედია აალაპარაკა მაგ პოჩინოკის მოსკოვურმა გამოფენებმა. მხატვარი რომ სხვადასხვა ზომის ქილებში საკუთარი განავალს მოხუფავს და გასაყიდად გაიტანს, არ არის მარაზმი?

– კი, – ღიმილით დაეთანხმა სოლო, – ეგ ნაღდად მარაზმია. კიდევ უფრო დიდი მარაზმია, მყიდველი რომ ჰყავს ამ საზიზღრობას.

– აღარ მიბრაზდები? – ჩიორას დაბინდული მზერა სოლოს ასიმეტრიული წარბების გასაყარზე შეჩერდა.

– აღარ გაგიბრაზდები, თუკი იმ სესილის კოორდინატებს დამიდგენ. პირველ რიგში, სამხატვრო სალონებს დაივლი, იქ ყიდიან ხოლმე მსგავს კომპოზიციებს, თუ მხატვარია, ეცოდინებათ.

– იქნებ სხვას ჰქონდა მაგ სესილის ჩანთა?

– ეს დანა რისთვისაა? – სოლომ გახსნილ ხელისგულზე შეათამაშა დაკეცილი დანა, – გაიცნობ, დანას დაანახებ, რეაქციას დააკვირდები და იმის მიხედვით იმოქმედებ. გასაგებია?

ჩიორამ მრავალმნიშვნელოვნად დააქნია თავი და ანაშის კვამლში გაეხვია.

ვოვა აზნაუროვი მანქანაში იჯდა და ობიექტის გამოჩენას ელოდა. ამასობაში მოუსმინა სამ უცხოურ სიმღერას, დაღეჭა და გადააგდო საღეჭი რეზინი „ორბიტი”, მოწია ორი ღერი სიგარეტი „ვინსტონი”.

ოთხის თხუთმეტ წუთზე ობიექტი გამოჩნდა. ეს იყო მინიატურული აღნაგობის ახალგაზრდა ქალი, ბიჭურად შეჭრილი წაბლისფერი თმით და გაკვირვებული წარბებით. სულ არ ჰგავდა პარტიულ მუშაკს, განსაკუთრებით – ჩაცმის სტილით. ბოტასები, ჯინსები, თურქული ფესის მაგვარი ორნამენტებიანი ქუდი… – რა საერთო უნდა ყოფილიყო მუდამ გამოწკეპილ შეფსა და ამ მოხიპო გოგოს შორის? ÔÑÁ-ს შპიონი თუა… – გაიფიქრა მოწიწებით და საკუთარი მიხვედრილობით კმაყოფილმა მანქანა დაქოქა.

კონსპირაციის მიზნით ვოვა თავისი „ჟიგულით” გადაადგილდებოდა, შეფმა საწვავის ფული ჩაუთვალა და ყოველდღიური ანგარიში მოსთხოვა. „ჟიგული” ძველი იყო, ვოვას მამის ხელში გამოვლილი, მარჯვენა გვერდს კრემისფერი „შპაკლი” უმშვენებდა, მარცხენას – კაკლისხელა შეჭყლეტილობა. გოგრასავით გადაპრიალებული საბურავები დროგამოშვებით იჩუტებოდა. „შენი ლისი დედა!..” – იგინებოდა ვოვა, მაგრამ საბურავი თავისას არ იშლიდა.

მოკლედ, „ლისი” საბურავებითა და შტირლიცის ამბიციებით შეიარაღებული ვოვა ეზოდან გასრიალდა. ამასობაში ობიექტი სამარშრუტო ტაქსში ჩაჯდა და სანაპიროზე, სიონის ტაძრის მახლობლად ჩამოვიდა. „შარდენზე მიდის”, – მიხვდა ვოვა. თავისი წინაისტორიული „ჟიგული” იქვე, მოედანზე შეაყენა და თავპირისმტვრევით მიჰყვა უკან.

ვიწრო ქუჩაზე არ იყო ხალხმრავლობა, აქაურობა საღამოობით ცოცხლდებოდა, როცა ჯიბესქელი უცხოელები გალერეებში დასუნსულებდნენ იაფფასიანი ნაკეთობის ძებნაში, კაფეები კი ახალგაზრდობით ივსებოდა. ობიექტი ერთ-ერთი სალონის ვიტრინასთან შედგა, სადაც კრთოდნენ თექის პალტოებში გამოწყობილი მანეკენები. ვოვამაც დაამუხრუჭა. გვერდზე წელში მოკაკულმა მამაკაცმა ჩამოუარა, ფიროსმანის მეეზოვეს ჰგავდა. უკან მისდევდა შავთვალა და შავცხვირა პეკინესი.

ობიექტი დიდხანს არ შეჩერებულა ვიტრინასთან, ათიოდე ნაბიჯი გაიარა და ჩინური რესტორნის მოპირდაპირე მხარეს, შემინულ კარში გაუჩინარდა. ვოვამაც დააპირა შეყოლა, მაგრამ კარის მიღმა სახელოსნო აღმოჩნდა, იქ დამთვალიერებელს არაფერი ესაქმებოდა. ქალი ტაბურეტზე ჩამოჯდა და ტყავის წინსაფარში გამოწყობილ წვერებიან მამაკაცს ლაპარაკი გაუბა.

ვოვამ ერთხანს უაზროდ ტკეპნა ქვაფენილი. სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, ქუჩის გადაღმა, სამხატვრო გალერეაში შეეხეტა. გალერეაში სურნელოვანი სანთლის და სიგარეტის სუნი იდგა. სიგარეტს ორი ახალგაზრდა ქალი ეწეოდა, რკალისებურ სადგამში ღვიოდა ოპიუმის წვრილი სანთელი. სადგამი გრძელფეხა მაგიდაზე იდო, ქალები – ფანჯრის რაფაზე ისხდნენ, ჭორიკანა ყვავებივით.

ვოვა პატივისცემით მიაჩერდა კედელზე გაკრულ ფერადოვან პანოებს, მართალია, ვერაფერი გაიგო, მაგრამ მაინც სასიამოვნოდ აებურძგლა კანი, განსაკუთრებით ფოთლისხელება ქალიშვილმა მოხიბლა – დიდი, ცრემლიანი თვალებითა და პატარა, მუჭისხელა ძუძუებით. ვოვას ცხოვრებაში ერთხელ გაიელვა ასეთმა ქალმა, სამი წლის წინ მოხდა ეს ამბავი, მაშინ ტაქსზე მუშაობდა…

პირველად ჩვეულებრივი მგზავრი ეგონა, ვერც წარმოიდგენდა, კვერნის ქურქში გახვეული მანდილოსანი მძღოლს თუ იკადრებდა. ქალმა ლისის ტბაზე ააყვანინა თავი, ნაპირზე ჩამოჯდა და გულამოკვნესით ატირდა. ვოვა ჯერ შორიდან ადევნებდა თვალს, მერე დასაწყნარებლად გადავიდა. იმან, არც აცხელა, არც აცივა, ძვირფასი ქურქი გადაიღეღა და ვამპირივით დააცხრა გაოგნებულ მამაკაცს. კიდევ კარგი, ბინდბუნდი იყო და არავინ ხედავდა. ერთი პირობა ვოვამ წინააღმდეგობის გაწევა სცადა, მაგრამ ქალი ისე გემრიელად კბენდა, ისე აქტიურად ირჯებოდა, ცხოვრებაში პირველად იფიქრა – რა სასიამოვნოა ქალად ყოფნაო.

უკანა გზაზე ქალი-ვამპირი პირგამეხებული იჯდა, აღარც ტიროდა, აღარც ინძრეოდა, თითქოს ზეზეულად მოკვდა. მანქანიდან გადმოსვლისას ორმოცდაათდოლარიანი კუპიურა დააგდო წინა სკამზე, არც სახელი უთქვამს, არც ხელმეორედ შეხვედრის სურვილი გამოუთქვამს. ვოვას არ უნდოდა ფულის აღება (წესით, აქეთ უნდა მიეცა), მაგრამ იმან ყურიც არ ათხოვა, კარი გამოიჯახუნა და ხალხის ნაკადს შეერია. ნეტავ ის ხომ არ ხატია ამ ნახატზე?

ვოვა დაიხარა და დამარცვლით შეუდგა სათაურის კითხვას. „დაფნა” – ეწერა ვიწრო ფურცელზე. დაფნაო?! დაფნის ფოთოლი გაუგია ვოვას, მოხარშულ თევზს უხდება, მჟავე კომბოსტოსაც… ქალის სახელი თუ იყო, არც იცოდა… ან ამ კაცისთავიანი ცხენის დახატვა რამ მოაფიქრათ? არ ჯობდა, პირდაპირ ცხენი დაეხატათ? ან სულაც კაცი – მშვილდ-ისრით, პოინტერებით, რამე… ვითომც სანადიროდ მიდის. რომ აჩუქონ, ამისთანა სისულელეს სახლში არ დაიკიდებს.

შეუმჩნევლად გადაადგილდა გალერეის ვიტრინასთან. აქედან კარგად ჩანდა სახელოსნოს კარი და ჩინური რესტორნის წინ გამოდგმული მაგიდები, სადაც ერთი ხაკისქურთუკიანი კაცი ყავას მიირთმევდა. კაცს პატარა, კაუჭა ცხვირი და წაგრძელებული ნიკაპი ჰქონდა. პროფილში ჩიტს ჰგავდა.

გავიდა ათი წუთი. შეიძლება – მეტიც. ვოვამ თავი უხერხულად იგრძნო, გალერეის თანამშრომელი მანდილოსანი დედალ ტურასავით შორიახლოს უტრიალებდა და, როგორც ვოვას მოეჩვენა, ეჭვის თვალით უყურებდა. ალბათ ვერ ამოიცნო უბრალოდ ჩაცმულ, მშრომელ კაცში პოტენციური მყიდველი. არც მაღალი ხელოვნების ტრფიალს ჰგავდა ავლაბრელი ვოვა.

სახელოსნოდან გამოსულმა ობიექტმა სულზე მიუსწრო ვოვას გაჭირვებას. ქალს შეშინებული სახე ჰქონდა, თითქოს ფეხქვეშ ვირთხა გაუძვრა. შორიდანაც ჩანდა, როგორ უხტოდა ზევით ქვევით მოშვილდული წარბები. რამდენიმე წამს გაშტერებული იდგა კიბის საფეხურზე, გულზე მიხუტებული ჩანთით, მერე მარჯვნივ მიტრიალდა და თავჩაღუნული გაემართა სიონის ტაძრისკენ.

ვოვამ გამოსამშვიდობებელი ღიმილით დააჯილდოვა გალერეის თანაშრომელი (რაზეც იმან ნიკაპის მედიდური აწევით უპასუხა) და საპატიო მანძილზე გაჰყვა დაწინაურებულ ობიექტს. სულ მალე აღმოაჩინა, რომ ის არ იყო ერთადერთი ადამიანი, ვინც ქალს უთვალთვალებდა. ხაკისქურთუკიანი მამაკაცი, რომელიც წეღან ყავას მიირთმევდა ჩინური რესტორნის წინ, გამოზომილი ნაბიჯით მიაბიჯებდა ვოვას და ობიექტს შორის. პირველად უბრალო დამთხვევა ეგონა, მაგრამ როცა ტაძრიდან გამოსულ ობიექტს უცნობი კვლავინდებურად აედევნა, ვოვა დარწმუნდა საკუთარი ვერსიის სისწორეში.

დაახლოებით ნახევარი საათი სამივენი ერთმანეთს მისდევდნენ, ქალმა რამდენჯერმე მოიხედა, თითქოს გუმანით გრძნობდა უკან ადევნებულ კუდს, ხაკისქურთუკიანმა არ შეიმჩნია, არ შეიმჩნია ჯაჭვის ბოლოში მიმავალმა ვოვამაც. ლესელიძის აღმართზე ქალმა სამარშრუტო ტაქსს ხელი აუქნია, ვოვა აღარ დალოდებია, რას მოიმოქმედებდა ხაკისქურთუკიანი, სასწრაფოდ მოცოცხა თავისი მანქანიკენ.

თხუთმეტ წუთში ხილიანის ქუჩაზე, ობიექტის სახლთან დასცა კარავი. ეზოში იდგა ავტოფარეხების გრძელი რიგი. ერთ-ერთში მაღაზია გაეხსნათ, რასაც მოწმობდა კარნიზზე ჩამოკიდებული ორი ცალი გამხმარი „ვობლა” და არანაკლებ გამხმარი შოთის პური. ვოვამ ძრავი გამორთო და საწერკალამი მოიმარჯვა. შეფმა დაწვრილებით მოსთხოვა ქალის გადაადგილების გრაფიკი, ფსიქოლოგიური მდგომარეობის აღწერა არ ამოუთხოვია, მაგრამ ვოვამ ინიციატივა გამოიჩინა და შარდენის ქუჩის გასწვრივ ახსნა-განმარტების სახით მიაწერა: „შეშინებული”.

ის იყო, ხაკისქურთუკიანის აღწერას შეუდგა, რომ თაღის მხრიდან ობიექტი დაეძრო. მხრებაწურული მოაბიჯებდა, გვერდზე მოქცეული ქუდით, რამდენჯერმე ფეხი წამოკრა რაღაცას, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია. „რაღაც მოხდა იმ სახელოსნოში, – თავში გაუელვა ვოვას, – სახლიდან ჩვეულებრივ ხასიათზე გამოვიდა, ახლა დარეტიანებული ქათამივით მიირწევა”… აზრის დასრულება ვერ მოასწრო, თაღის ჩრდილიდან ხაკისქურთუკიანის ხმელი სილუეტი ამოიწვერა.

ვოვა თავის პიჯაკში ჩაიმალა, მარტო თვალები უჩანდა – დიდი, შავი, გაკვირვებული, როგორც იმ პეკინესს. უცნობი კისერწაგრძელებული შესცქეროდა სადარბაზოს კიბეზე ამავალ ქალს, მაგრამ შიგნით არ შეჰყოლია, ჯიბეებში ხელი ჩაიწყო და ხმადაბალი სტვენით წამოვიდა ვოვას მიმართულებით.

(გაგრძელება იქნება, დაიდება სარკის ფეისბუქგვერდზე)