„სარკე“, მაია ბურჭულაძე, დეტექტიური რომანი ციკლიდან „დიმიტრი ძნელაძე კრიმინალისტიკის ლაბირინთებში
ვოვა აზნაუროვი მანქანაში იჯდა და შეფს ელოდა. შეფი ქალთან იყო. ქალი რვასართულიანი სახლის მეორე სართულზე ცხოვრობდა, მწვანეფარდებიან ბინაში. ადრე ვოვა ფიქრობდა, რომ ლამაზი ქალის ყურებას არაფერი სჯობდა, მაგრამ რაც შეფის საყვარელი გაიცნო, აზრი შეიცვალა. თურმე ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ლამაზი სახე, მაგრამ მაინც ტროპიკული უდაბნოს კაქტუსს ჰგავდეს.
ქალს ბუსუსა და ხიჭვიანი გამოხედვა ჰქონდა, თითქოს ეკლებს ისროდა თვალებიდან. კონკრეტულად კი არ ისროდა, ზოგადად, სრულიად კაცობრიობის მისამართით. ხომ არიან ადამიანები, ვისაც გულწფელად მიაჩნია, რომ კაცობრიობა ვალშია მის წინაშე. შეფის საყვარელიც მათ რიცხვს ეკუთვნოდა. პირადად ვოვას ცხოვრებაში ვალი არ ჰქონია, მაგრამ როცა იმ ქალს ხედავდა, ხელი ჯიბისკენ გაურბოდა.
„მარჯანიშვილზე დამტოვე, გეთაყვა…”, „კინოს სახლთან გამიჩერე, გეთაყვა…”, „ვერაზე ჩამომსვი, გეთაყვა…” – ქედმაღლურად ისროდა მანქანაში ჩაჯდომისთანავე. მორიგი „გეთაყვას” გაგონებაზე ვოვას ენის წვერზე ცუდი სიტყვების სხვადასხვა ვარიაციები ადგებოდა, მაგრამ ხმას როგორ ამოიღებდა, კეფაში გრძნობდა კაქტუსისებრი მანდილოსნის მედიდურ ამონასუნთქს, თითქოს წინასწარ აფრთხილებდა – შენი ადგილი იცოდე, ტილო, თორემ სამსახურს დაკარგავო. არადა ვოვას უყვარდა ლაპარაკი – ამინდზე, პოლიტიკაზე, შვილებზე…
ერთი რამ უკვირდა – შეფი ყოველთვის ცუდ ხასიათზე გამოდიოდა იმ ქალის სახლიდან. ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს დაკონსერვებული ბადრიჯანი შეჭამა, ახლა კი ყურს უგდებს საკუთარ ორგანიზმს – მაწყენს თუ შემრჩებაო.
ვოვას აზრით, თუ გულით ჭამ – შეგრჩება, თუ არა – ფაღარათი გარანტირებული გაქვს. დალოცვილო, ამ საქმეში დაძალება სადაური წესია?! გაკვეთილი კი არაა, გინდა თუ არა, ზეპირად დაისწავლო! ქალების მეტი რაა, რომელი ერთი გეტყვის უარს?! პარლამენტარი შენ ხარ, ახალგაზრდა პროფესორი შენ ხარ, მანქანა შენ გემსახურება… სათვალის გულისთვის არავინ დაგიწუნებს. პირიქით, სათვალიანი კაცი უფრო ინტელიგენტურად გამოიყურება, ვიდრე უსათვალო. მაგალითად, ვოვას მამას, პროფესიით მესაათეს, სიბერეში ისე მოუხდა სათვალე, ცხვირიდან აღარ იხსნის. ჩემს ფრანგ მოგვარეს, შარლ აზნავურს ვგავარო – გაიძახის.
შეფი ზუსტად დათქმულ დროს გამოვიდა სადარბაზოდან, ისეთივე მჟავე გამომეტყველებით, როგორსაც ვოვა ვარაუდობდა.
– პარლამენტში! – ისროლა მანქანაში ჩაჯდომისთანავე.
გმირთა მოედნამდე ჩუმად იყვნენ. როგორც კი ზოოპარკს გასცდნენ, შეფმა ხმა ამოიღო, მეტიც, თხოვნით მიმართა მძღოლს, რომელთანაც აქამდე გარკვეული დისტანციის დაცვას ამჯობინებდა.
– გისმენთ, – სრული მზადყოფნა გამოხატა ვოვამ.
– ცოტა დელიკატური საქმეა, არც ვიცი, საიდან დავიწყო. ერთი ადამიანის თვალთვალი უნდა დაგავალო. მოახერხებ?
– მაგაზე ადვილი რა არის?! – თვალები გაუბრწყინდა ვოვას.
შეფის ლოდინში „მახათის გაყრას” თვალთვალი ერჩია. ნაღდი, კაცური საქმეა, ვითომც კაგებეს შპიონი ხარ. ვოვას ძალიან უყვარდა ბავშვობაში შპიონობანას თამაში, შტირლიცზე ხომ ჭკუა ეკეტებოდა.
– არც ისე ადვილია, შენ რომ გგონია, არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეგნიშნოს.
– თუ შემნიშნა, მა რა თვალთვალი გამოვა?! – მისი სიტყვები ვარაზისხევის ქვაფენილმა შთანთქა.
– საიდუმლოს შენახვა თუ იცი?
– კაცს თუ სიტყვა მივეცი, რო ფეხებით დამკიდონ, არ გავთქვამ.
– იმედია, ფეხით არავინ დაგკიდებს, სათვალთვალო ობიექტი ქალია.
– ვა, ქალი?!
– ჰო, ახალგაზრდა ქალი, ასე ოცდაათი წლის.
– პარტიული მუშაკი? – პატივისცემით იკითხა ვოვამ.
– პრინციპში, კი, – ყოყმანით დაეთანხმა არჩილი.
– თქვენს სამსახურში მიგულეთ, შეფ, რასაც დამავალებთ, ხუთიანზე გავაკეთებ.
– აგერ, ამ „ბეემვეს” უკან გააჩერე და ყველაფერს ზედმიწევნით აგიხსნი.
ოც წუთში შეფი მანქანიდან გადმოვიდა და პარლამენტის შენობაში გაუჩინარდა. ვოვას კი ხვალინდელი დღის წარმოდგენაზე სასიამოვნოდ აებურძგლა კანი.
…
სამს თხუთმეტი აკლდა, როცა სესილ არჩაბაძე დასასვენებლად ჩამოჯდა. მიწაზე დაფენილ ფოთლებს ჯერ კიდევ შერჩენოდათ შემოდგომის მზის სითბო და სურნელი, სიმძიმის ქვეშ გაისმა მათი სასიამოვნო შრაშუნი. წლის ამ დროს ტყეში ხეტიალს არაფერი სჯობდა, რომ არა ტრასიდან წამოსული მანქანების გუგუნი, იფიქრებდი, წითელ-ყვითელ-ნარინჯისფერ ზღაპარში მოვხვდიო.
ამჟამად სესილის სამიზნე კოჯრის ტყე იყო, სადაც მასალას აგროვებდა თავისი ფიგურებისთვის. სამსაათიანი ძებნის შემდეგ ნაჭრის მოზრდილი ჩანთა სანახევროდ გაავსო. მიწაზე დაყარა მთელი დღის „ნაალაფარი” და ხელმეორედ დააკვირდა. იმის წარმოდგენა, რომელი ფიგურისგან რას გააკეთებდა, იყო ყველაზე სასიამოვნო პროცესი მის შემოქმედებაში.
დასრულებული ნამუშევარი აღარ წარმოადგენდა ინტერესს, მაგრამ გასაყიდად მაინც არ ემეტებოდა. მეორე მხრივ, თუ არ გაყიდდა, არც ახლის გაკეთებით შეიწუხებდა თავს, კომბლესავით ჭერში ხომ არ შემოაწყობდა?
როდის გადაიზარდა უბრალო გატაცება სერიოზულ პროფესიაში, სესილს არ ახსოვს. ორიგინალურ ფიგურებს პირველად თავისთვის ჩორკნიდა და ნაცნობ-მეგობრებსაც ასაჩუქრებდა. მოგვიანებით ეს უპრეტენზიო საქმიანობა ბიზნესში გადაიზარდა. ეს მოხდა სამი წლის წინ, როცა სესილის ფიგურებით უცხოელებიც დაინტერესდნენ.
პირველივე პერსონალურ გამოფენაზე ნამუშევრების ნახევარზე მეტი გაიყიდა, რამაც სტიმული მისცა, მეტი პასუხისმგებლობით მოკიდებოდა ახალ გატაცებას. თანაც ხელოვნებათმცოდნეობა არ წარმოადგენდა მხატვრობისგან შორს მდგარ პროფესიას. ბოლო დროს სტატიის დაწერის არც დრო ჰქონდა, არც სურვილი, მიზერული ჰონორარის გულისთვის თავის შეწუხება არ ღირდა,
მაინცდამაინც არც საზოგადოებას აინტერესებდა ხელოვნებათმცოდნის კომპეტენტური აზრი. საზოგადოების ინტერესის ვექტორი ჭორებზე გადიოდა – ვინ ვის ცოლთან იწვა, ვინ ვინ ჩაუშვა, ვინ რომელ ეგზოტიკურ საჭმელს ანიჭებდა უპირატესობას… ევფრატის წყლებში ჩაძირული ანტიკური ქალაქი ზოიგმა, თავისი უნიკალური, დედალოს-იკაროსიანი ფრესკებით, სესილის ყოფილ ქმარს და თითებზე ჩამოსათვლელ პროფესიონალს თუ აღელვებდა.
სესილმა ფრთხილად აიღო ხის დაკოჟრილი ფესვი. შორიდან გახედა. მოხუცის ვარიკოზით დაავადებულ ფეხს ჰგავდა. თავისუფლად წავიდოდა სპილოს ხორთუმად, ან საიგაკის რქად… სპირალივით დაკლაკნილი ტოტი ბოლოში გაფართოებული წამონაზარდებით კაპიუშონიან კობრას ჩამოჰგავს, გრძელტანიანი გამხმარი ფესვი – ქალღმერთ იშთარის ჭიშკარზე გამოსახულ ფანტასტიკურ ცხოველს, მარტო კუდი აკლია… თვალების ნაცვლად მალაქიტის ქვები წავა.
შორიდან აკივლებულმა სიგნალმა შეახსენა, რომ წასვლის დრო მოახლოვდა. ავტობუსმა თუ გაასწრო, ამაღამ ტყეში მოუწევს ღამის გათევა. პატარა ქოხი რომ ეგულებოდეს ახლომახლო, სიამოვნებით შეაფარებდა თავს, სულაც არ ეპიტნავებოდა დახუთულ თბილისში დაბრუნება, მით უმეტეს იქ, თბილისში, არავინ ელოდა. მამამისი, ინალ არჩაბაძე თორმეტი წლის წინ გარდაიცვალა, ზუსტად იმ დღეს, როცა ქართველებმა სოხუმი დატოვეს. ტელევიზორის ყურებისას მოუვიდა ინსულტი. ექვს თვეში ცოლიც მიჰყვა. სამხატვრო აკადემიის მესამე კურსის სტუდენტი სესილ არჩაბაძე მარტო დარჩა.
ის ახლაც მარტო იყო, ოცდაცხრა წლის ზრდასრული ქალი, თუმცა მარტოსული არასოდეს ყოფილა. ჯერ ერთი, ჰქონდა საყვარელი საქმე, რაც „ცხოვრებისეულ ამაოებაზე” დაფიქრების საშუალებას არ აძლევდა; თაყვანისმცემლები არ აკლდა, ყოფილი ქმარი (რომელსაც ერთი წლის წინ გასცილდა) ამ ბოლო დროს საეჭვოდ გააქტიურდა, რაც სესილის მხრიდან, მსუბუქი გაღიზიანების გარდა, ქალურ თვითკმაყოფილებას იწვევდა.
გამხმარი ფოთლების ნოხზე გადაწვა. მუხის ტოტებს შორის მოქცეული ცის ნაგლეჯი მთაში ჩაკარგულ ტბას ჰგავდა. ტბაზე მატყლის ძაფივით გამჭვირვალე ღრუბლის ნაფლეთები ლიცლიცებდნენ, ალბათ რა სასიამოვნოა იქ ძილი, დღეს ერთი კონტინენტის თავზე დაირწევი, ხვალ – მეორის…
უცებ სესილის პროფესიონალურმა მზერამ ორიგინალური ფორმის ტოტი დააფიქსირა – ვედრებით გაწვდილ ხელებს ჰგავდა. ფანტაზიამ წამში დახატა საინტერესო კომპოზიცია. დიდხანს არ უფიქრია, ჩანთიდან დანა ამოიღო და ხეზე მსვლელობას შეუდგა.
მოწონებულ ტოტამდე მიღწევა არც ისე მარტივი აღმოჩნდა, როგორც ქვევიდან წარმოედგინა. ხის სლიპინა ტანზე ბოტასები უცურდებოდა, თვალებში უძვრებოდა შემოდგომის მყიფე ფოთოლი, საყრდენის ძებნაში ცირკის აკრობატივით ლაყლაყებდა. როგორც იქნა, მიაღწია სასურველ სიმაღლეს, მყარად ჩამოჯდა ორკაპა ტოტზე და დანა მოიმარჯვა.
ლაპარაკის ხმამ ხელგაშვერილი გააშეშა, გაფაციცებულმა ჩაიხედა ქვევით. ტყის სიღრმისკენ ორი მამაკაცი მოემართებოდა. სესილმა გაჩუმება ამჯობინა – ეშმაკმა უწყის, რა საქმეზე გამოისეირნა ტყეში ამ ორმა. იქნებ ტერორისტები არიან და ტროტილის დასამალად მოემართებიან, სულაც ცისფერები – სუფთა ჰაერზე გადაწყვიტეს ცოდვიანი სიყვარულით ტკბობა. ნებისმიერ შემთხვევაში შარია.
ბედის ირონიით, კაცები ზუსტად იმ ხესთან შეჩერდნენ, სადაც იდეებით სავსე სესილი შესკუპულიყო, ხვანჯარი გაიხსნეს და არც მეტი, არც ნაკლები მოშარდვა დაიწყეს. სესილმა თვალები დახუჭა, სუნთქვა შეიკრა, მაგრამ ყურებს ვერაფერი მოუხერხა. ხმელ ფოთლებზე აჩუხჩუხებული ოხშივარი პირდაპირ ნაზ ბარაბანზე ურტყამდა.
– ჩვენში დარჩეს, არ იქცევი პრაქტიკული კაცივით. შენს ადგილზე დავაშანტაჟებდი, ფულს გამოვძალავდი… – თქვა ერთმა, ხაკის ქურთუკში გამოწყობილმა მაღალმა მამაკაცმა.
ლაპარაკის ასეთი მანერა აქვთ ბიჭობაში ჩარჩენილ კაცებს ან პირიქით, ნაადრევად დაკაცებულ ბიჭებს – ოდნავ დამცინავი, ძალათ გაწელილი, თვალშისაცემად ყალბი.
– გამორიცხულია, არ შემერგება ეგ ფული, – უპასუხა მეორემ, ჯინსის პანამიანმა.
მისი ხმა სესილს ეცნო, მაგრამ თავზე ჩამოფხატული პანამის გამო სახის გარჩევა შეუძლებელი იყო.
– ისე შეგერგება, როგორც დაგიბარებია.
– არასოდეს წავალ კომპრომისზე საკუთარ სინდისთან, დამნაშავე უნდა დაისაჯოს, სამუზეუმო ექსპონატი მუზეუმში უნდა ინახებოდეს და არა – ვიღაც სოლომონ დვალის კერძო კოლექციაში.
– კომკავშირელივით ლაპარაკობ.
– წესიერი კაცივით, – პანამიანმა შარვალი შეიკრა და ხესთან დაგდებულ ჩანთას დააკვირდა, – ეს რა არის? – იკითხა ინტერესით.
– ნაღმი არ იყოს, ბიჭო, ხელი გაუშვი! – მკლავზე წაეპოტინა მაღალი.
– ნაღმს რა უნდა ამ უკაცრიელ ადგილას?! ტერაქტის მოწყობა თუ უნდა ვინმეს, მეტროში დადებდა ან თვითმფრინავში, ან სკოლაში… ვა, რა ლამაზი ფესვია! – პანამიანმა ნაჭრის ჩანთიდან სწორედ ის დაკოჟრილი ფესვი ამოაცოცა, რომელიც სესილმა მოხუცის ვარიკოზიან ფეხს შეადარა. – ეტყობა, მხატვარს დარჩა.
– რა ჩემ ფეხად უნდა მხატვარს ფესვი?!
– ასეთი რამეებისგან სხვადასხვა ფიგურას აკეთებენ, დაამუშავებენ, ლაქს წაუსვამენ და გამოფენაზე გააქვთ. მშვენიერი სანახავია.
სესილმა შეიფერა, სიამოვნებთ გამოეხმაურებოდა მისი ჩანთის შიგთავსის ქექვით გართულ მამრებს, რომ არა ერთი გარემოება – ორი წამიც არ იქნებოდა გასული, რაც უნებლიეთ გახდა მათი ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მოწმე. შემოდგომის მზომელასავით შეეზარდა ხეს, მარტო სმენა გაააქტიურა.
– ჩანთა ვინმე სესილს ეკუთვნის… – დაასკვნა მაღალმა და ხაკისქურთუკიანმა. – რა სახელია სესილი… რა დროს სესილია?
– არც ავთოა მაინცადამაინც მოდაში.
– სანამ ქართველობა იარსებებს, ავთო და ტარიელი ყოველთვისაც მოდაში იქნება. საბა-ლუკა-ჯაბას დრო მალე გადავა, აგერ ნახავ.
– შენ, მგონი, ჩიორას გეძახიან, არა?
– ჰო, უბნის ბიჭებმა შემარქვეს, ბავშვობაში მობუზული სიარული ვიცოდი.
– წავედით. ექვსზე გადაღება მაქვს, დაგვიანება გამორიცხულია, – თქვა პანამიანმა.
„გადაღება აქვს… მსახიობი იქნება”, – დაასკვნა სესილმა. მსახიობებისა და მასწავლებლებისადმი ბავშვობაში იმდენად მოწიწებული დამოკიდებულება ჰქონდა, ვერც წარმოედგინა, ფეხსადგილში თუ დადიან.
– ექვსამდე ცხრაჯერ მოვასწრებთ, – ხაკისქურთუკიანმა ხელები დაიფერთხა და დაწინაურებულ ამხანაგს დაედევნა.
სესილმა თავისუფლად ამოისუნთქა. რას არ წააწყდება ადამიანი ტყეში ხეტიალისას?! ის იყო, ხელმეორედ წაეპოტინა აკვიატებულ ტოტს, გასროლის ხმა გაისმა, ჯერ – ერთი, მერე – მეორე.
ათრთოლებული თითებიდან გაცურებული დანა მიწას დაერჭო, ყვითელ ფოთლებზე ვერცხლისფრად გაბრწყინდა მისი გალესილი პირი. გათავისუფლებელი ხელი სესილმა ხის ტანს მოხვია და გაიტრუნა. უნდა შეერწყას ამ ტოტს, არ გაინძრეს, არ დაახველოს, ღმერთმა ნუ ქნას, დააცემინოს. თუ ორი მამაკაციდან ერთი მოკლულია, მას, როგორც ცოცხალ მოწმეს, არავინ გადაუსვამს თავზე ხელს.
ტოტებს შორის არაფერი ჩანდა ფოთლების მომწვანო-მოყვითალო საფარის გარდა. იქნებ არც იყო მკვლელობა, უბრალოდ, კაცებმა წაიმეტიჩრეს და ჰაერში ისროლეს? მაშინ რატომ არ ისმის მათი თავმომწონე შესახილები? ყურს მისწვდა მანქანის ძრავის ოდნავ შესამჩნევი ბღუილი. მერე სიჩუმე ჩამოწვა, როგორც გამოქვაბულში. თითქოს ყველაფერი გაქვავდა – ფოთოლიც, ცაც, ხეს ჩახუტებული სესილიც.
შოკიდან ფეხის ტკივილმა გამოიყვანა, დაბუჟებული კოჭი მოისრისა, რის ვაი-ვაგლახით დაეშვა მიწაზე. მექანიკურად გადაიკიდა მხარზე თავისი ნაჭრის ჩანთა და „ბოროტმოქმედების” ადგილისკენ გაემართა, იმ იმედით, რომ ეს ყველაფერი მოეჩვენა.
პანამიანი მამაკაცი პირქვე ეგდო ფოთლების მოყვითალო-ძოწისფერ ნოხზე. ერთი ტყვია ზურგში ჰქონდა მოხვედრილი, მეორე – სავარაუდოდ, საკონტროლო ტყვია – თავში. პირველი აზრი იყო გაქცევა, რომელიც იქვე უკუაგდო. რა ნამუსით უნდა მივიდეს სახლში, დაწვეს ლოგინში, დაიძინოს და დაივიწყოს?!..
ყოყმანით მიუახლოვდა მიწაზე განრთხმულს, მხარზე შეეხო აცახცახებული ხელით. ის ჯერ კიდევ თბილი იყო, მაგრამ სიცოცხლის ყოველგვარი ნიშანწყალის გარეშე. ფრთხილად გადაუწია ჯინსის პანამა და მიხვდა, რატომ ეცნობოდა პანამიანის ხმა. მოკლული მამაკაცი ჟურნალისტი ბაჩა ქორქია იყო. კვირაში ერთხელ მის საავტორო გადაცემას – „კრიმინალური ქრონიკა” – უყურებდა სრულიად საქართველო, მათ შორის – სესილ არჩაბაძე…
(გაგრძელება იქნება, დაიდება სარკის ფეისბუქგვერდზე)