„მე წინ გავუძღვები პრო-ევროპულ ფრონტს ამ არჩევნებზე, რომელიც გარკვეულწილად რეფერენდუმი იქნება – არა ჩემი პირდაპირი ჩართულობით არჩევნებში“ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ისაუბრა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს შეეხო.
-მეთოდები, რომლებსაც დღეს ქუჩებში ძალიან მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებენ, ძალიან რუსული მეთოდია, დაშინების მეთოდია, პროტესტის გაჩერების მეთოდია და იმის მეთოდია, რომ ხალხმა აღარ თქვას, რომ მათ ევროპული გზის დაბრუნება სურთ.
ვფიქრობ, რომ რუსეთი ამის გამო იყო შეშფოთებული და უფრო შეშფოთდა, როდესაც [ევროინტეგრაცია] სულ უფრო და უფრო ახლოვდება, ვინაიდან კანდიდატის სტატუსი უკვე გვაქვს და შეგვიძლია გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა. და მათ ეს ნამდვილად არ მოეწონებათ. თუმცა, მათ ასევე არ მოეწონათ სომხეთის ევოლუცია. მათ ასევე არ მოსწონთ აზერბაიჯანის ევოლუცია და თურქეთთან სიახლოვე. მათ ასევე არ მოსწონთ ის ფაქტი, რომ შავ ზღვას ვერ აკონტროლებენ ისე, როგორც სურთ. ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც რუსეთს სურს.
ჩვენ ერთგულნი ვართ. კი, ჩვენი ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, მაგრამ ამან საქართველოს მისი ევროპული გზიდან არ გადაახვევინა. ამან ერთი წამითაც არ გაგვაჩერა და მომავალშიც ვერ გაგვაჩერებს,
ძალიან მსგავსი მეთოდებია [უკრაინასთან], ვინაიდან, ასე იქცევა რუსეთი და ასე იქცევიან ის მთავრობები, რომლებიც რუსეთთან ახლოვდებიან, მაგრამ ძალიან განსხვავებულ ვითარებებში ვართ.
ჩვენი მაიდანი გაცილებით ადრე გავიარეთ, მსგავსი პროტესტები გავიარეთ, უფრო შორს ვართ გზაზე. აქ არის მოსახლეობა, რომელმაც ბევრი გამოსაცდელი გაიარა, და წინააღმდეგობა გაუწია ძალიან მშვიდობიანი დემონსტრაციით. გვაქვს არჩევნები, მე წინ გავუძღვები პრო-ევროპულ ფრონტს ამ არჩევნებზე, რომელიც გარკვეულწილად რეფერენდუმი იქნება – არა ჩემი პირდაპირი ჩართულობით არჩევნებში, არამედ ამ პრო-დასავლური და პრო-ევროპული პოლიტიკური პარტიების ფრონტისა და სამოქალაქო საზოგადოების გარანტორი ვიქნები. ვინაიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია – ჩვენ ძალიან ზრდასრული სამოქალაქო საზოგადოება გვყავს, ძალიან ჩამოყალიბებული ახალგაზრდა ხალხი გვყავს, რასაც სამი კვირის განმავლობაში აჩვენებენ – თუ რამდენად ზრდასრულია მოსახლეობა აქ და რამდენად ერთგულნი არიან შეინარჩუნონ თავიანთი ევროპული გზა, ფანჯრის გატეხის ან მანქანის დაწვის გარეშე, რაც ხშირად ხდება რიგ ქვეყნებში, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ამბები
