ანა მიქაძე: ,,ჩემი შვილი ავად იმიტომ გახდა, რომ სხვები გადავარჩინო” – ცნობილი მეყველის ცხოვრების საქმე და პირადი ტკივილი

ანა მიქაძე: ,,ჩემი შვილი ავად იმიტომ გახდა, რომ სხვები გადავარჩინო" - ცნობილი მეყველის ცხოვრების საქმე  და პირადი ტკივილი,,სარკე”, რუსუდან ადვაძე

,,ლუკას მდგომარეობა გართულდა. ვრეკავ, ჩვეულებრივ, მის ექიმთან და ვადგენ, არის თუ არა ადგილი კლინიკაში. ეს წესია, ისე სასწრაფოს და პატრულს ვერ გამოიძახებ. ყველაფერს ველოდი ამ პასუხის გარდა – არც ერთ კლინიკაში ადგილი არ არის, არც ერთში!

მთავრობავ, თბილ სავარძელში მოკალათებულო ჩინოსნებო… ისედაც უმძიმეს პირობებში მყოფი მენტალური პრობლემის მქონე ადამიანებისთვის კლინიკებში რომ ადგილი არ არის და გადავსებულია, რამე ტიპის პასუხისმგებლობას გრძნობთ? გიკვირთ ხომ კორპუსიდან ავტომატის ჯერით დახოცილი ადამიანები. ვინ მომცემს გარანტიას, რომ ჩემი სუიციდისტი შვილი უფრო არ დამძიმდება, რა ვუშველო? მე რომ ვერ ვპოულობ გამოსავალს, ჩემზე მორიდებული და დაუცველები რა დღეში არიან, გესმით?” – ეს ერთ-ერთი ფეისბუქსტატუსია ანა მიქაძის, რომელსაც ქართული ყველის დედოფლად მოიხსენიებენ ხოლმე.

ლუკა, რომელსაც მენტალური პრობლემები აქვს, ანა მიქაძის ვაჟია, 36 წლის. სამი ბიჭის დედა ამბობს, რომ პრობლემას, რომელზეც თავად ხმამაღლა საუბრობს, უამრავი ოჯახი მალავს.

ანა მიქაძე წლების განმავლობაში ყველის წარმოებაში იყოს ჩართული. მერე კი პარტნიორებთან ურთიერთობის გამო საწარმოდან წასვლა მოუხდა. როგორც “სარკეს” უყვება, დღეს ქვეყანაში ნამდვილი ყველი იშვიათი საშოვნელია, რაც ძალიან დიდი პრობლემაა ჯანმრთელობის თვალსაზრისით. ქალბატონ ანასთან საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყეთ.

– ქალბატონო ანა, ქვეყანაში ნატურალური ყველის ყიდვა ძალიან რთულია, ყველგან ძირითადად რძის ფხვნილით დამზადებული და ასევე მცენარეული ზეთის შემცველობის ყველი იყიდება., რაც სერიოზული პრობლემაა. როდესაც ყველის დამზადების პროცესებში ჩაერთეთ, მაშინაც მსგავსი სიტუაცია იყო?

– სამწუხაროდ, თითქმის ყველა აკეთებს ფხვნილით. ფხვნილისგან გაკეთებულ ღვინოს დალევთ ან მოგინდებათ, რომ დალიოთ? შეურაცხყოფილად იგრძნობთ თავს, ფხვნილისგან დამზადებული ღვინო რომ შემოგთავაზონ.

დედამიწის ზურგზე არსად, ყოფილი სსრკ-ის ქვეყნების გარდა, რძის ფხვნილით ყველს არავინ აკეთებს. რძემჟავა პროდუქტების დამზადება ფხვნილით სასურველიც კი არის, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ყველის! ყველი განსაკუთრებული პროდუქტია და მის გარეშე ბევრს ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. მე რომ ეს პროექტი დავიწყე, არ იყო ის მრავალფეროვნება, რომელიც ჩემი კვლევებით დავდე.

საბჭოთა კავშირის დროს საქართველოში დამკვიდრდა მხოლოდ 3 ტიპის ყველი – იმერული, სულუგუნი და ქარხნის. მაშინ მიზანმიმართულად ამოიღეს ყველა სხვა ყველი. ქარხნის ყველი საბჭოთა წლებში გამოიგონეს. ეს, იცით, როგორია? გუდის ყველი რომ შეაერთო იმერულთან. დიდი თავები გააკეთეს, იმერულის ტიპის, ოღონდ მიამსგავსეს გუდის ყველს და მიაჩეჩეს ქართველ მომხმარებელს.

გავიდა ძალიან ბევრი წელი და, სამწუხაროდ, ჩვენი რეცეპტორებიც ამ რამდენიმე ყველზე გადაერთო. გუდის ყველი ერთადერთია, რომელსაც მთაში მაინც აწარმოებდნენ, ზოგ რეგიონში კი სხვა ყველის წარმოებაც შეინარჩუნეს.

საცოდაობა და უსამართლობა იქნებოდა დამბალხაჭოს, ნარჩვის, წყალდასხმულას დაკარგვა და დახლებზე არდაბრუნება. პანდემიამ დაკეტა რესტორნები, სასტუმროები, ტურიზმი შეაფერხა და ახლა აღარ არის ამ ყველეულზე მოთხოვნა. არადა მანამდე ისე იყო გაზრდილი, ადამიანები ფერმებს აკეთებდნენ. თხის, კამეჩის ფერმების წარმოება იწყებოდა, რაც ახლა მომსპარია.

არადა, მე რომ ეს პროექტი დავიწყე, ჩვენ დავაბრუნეთ ეს თითქმის გამქრალი ყველეული დახლებზე. ფესტივალებზე გაგვქონდა, ჩვენ ვაარსებდით ფესტივალებს და ა.შ. მალევე გადავიქეცით ყველის მწარმოებელ ქვეყანად და ამ მხრივ მსოფლიოს ქვეყნების ათეულშიც მოვხვდით.

11 წელია, ყველის ფესტივალი და სხვადასხვა ტიპის დეგუსტაციები წელიწადში რამდენჯერმე ტარდება. იმდენი ვიხმაურეთ, რომ “ნიუ იორკ თაიმსის” ყურადღება მივიქციეთ, სადაც ჩვენზე სტატიაც დაიბეჭდა და მოვხვდით 53 აუცილებელ სანახაობათა შორის მსოფლის მასშტაბით. “ბიბისი”-ზე დიდი რეპორტაჟი გაკეთდა ქართულ ყველზე და ჩემზეც. შვედურ გამოცემაშიც მოვხვდით და ა.შ.

ახლა კი, როდესაც მსოფლიო ელოდებოდა ჩვენგან, რომ ბაზარზე გავიტანდით, მაგალითად, ტენილს და ა.შ. სრული სიჩუმეა, რადგან აღარავის სჭირდება მრავალფეროვანი ყველი. კი არ დაიწყო ფერმების განვითარება, ფერმები დაიხურა, საქონელი გაყიდეს.

დღევანდელი მთელი ქართული ბაზარი ფხვნილის ყველმა წალეკა. საბედნიეროდ, ირანული რძე, რომელიც არ არის ყველისთვუის განკუთვნილი ნედლეული, გავიდა ქართული ბაზრიდან. ყოველ შემთხვევაში, ღიად არ მოძრაობს და შეიძლება მხოლოდ იატაქვეშ აკეთებს ვიღაც ირანული რძისგან ყველს, თუმცა რისკია, რადგან თუ გაიგეს, თაღლითობაში ამხელენ და პატიმრობას მიუსჯიან, რადგან ისჯება ამ ტიპის ქმედება. რძის ფხვნილს კი ეს არ ეხება, რადგან ის არ არის ისეთი საზიანო, როგორიც ირანული რძეა. ფხვნილი არის უბრალოდ ჩალა, რომელსაც სიკეთე და სარგებელი არ მოაქვს, რაც ყველმა უნდა მოიტანოს. თუ მასში ტრანსცხიმების ზედოზირება არ გააკეთე, არაფერს გავნებს.

მწარმოებელი თუ კეთილსინდისიერია და დააწერა პროდუქტს, რომ შეიცავს საღ რძეს თუ აღდგენილ რძეს, რომელიც არ არის ნედლი, ასეთი ყველი არ არის საზიანო, მაგრამ სარგებელი არ მოაქვს. მთავარია, ტრანსცხიმებს არ შეიცავდეს. ჩვენ, ქართველები, დიდი დოზით ვიღებთ ყველს, ჩვენი ძირითადი საკვებია და ამ დოზით არ შეიძლება, ტრანსცხიმები მივიღოთ. ასეთი ყველი საშიშია. ამიტომაც არის, რომ გაახალგაზრდავდა სიმსივნეები, სხვადასხვა სერიოზული დაავადებები.

სამწუხაროდ, მეურნეობებშიც დაიწყეს ფხვნილის გამოყენება. გლეხს, ანუ საოჯახო მეურნეობას ტრანსცხიმის გამოყენება არ შეუძლია, რადგან ამას სპეციალური დანადგარი სჭირდება. ისინი ცდილობენ, გადაურიონ ფხვნილი ნედლ რძეში და ასე გააბევრონ. ნედლი რძის ხარჯზე ნაწილდება ცხიმი, ნაკლებცხიმიანი გამოდის და საზიანო არ არის, თუმცა სხვა პრობლემები იჩენს თავს – პასტერიზაცია გაუკეთდა თუ არა ნედლ რძეს, ჯანმრთელია თუ არა ძროხა და ა.შ.

– ამ სიტუაციაში რა რჩევა გექნებოდათ, როგორ მივხვდეთ, რომელია უვნებელი ყველი?

– მადლობა ამ შეკითხვისთვის. იძულებულები ვართ, ვენდოთ მეწარმეს, რომელიც გვიწერს ეტიკეტზე, რას შეიცავს ყველი. სურსათის უვნებლობის სამსახურს არ ჰყავს იმ რაოდენობის თანამშრომელი, რომელიც ყველა რძის საწარმოში შევიდოდა. ბევრმა საწარმომ იატაქვეშ გადაინაცვლა, არადა ადამიანების სიცოცხლესთან არის დაკავშირებული და ფრთხილი მოქმედებაა საჭირო სახელმწიფოს მხრიდან.

ძალიან რთულია, გაარჩიო ფხვნილზე დამზადებული ყველი და ნატურალური. საგემოვნო თვისებები მხოლოდ ძველ თაობასღა ახსოვს – ტკბილი გემო ქართული, ნედლ რძეზე დამზადებული ყველისა და ის არ შეცდება, მაგრამ ადამიანები ეჩვევიან ახალ გემოს და ავიწყდებათ ნამდვილი ყველის გემო. არც იციან, როგორი იყო ბებიის ყველი.

– თქვენი საწარმო როგორ მუშაობს?

– მე წამოვედი საწარმოდან. სასამართლო პროცესებიც მქონდა ამის გამო. მოვიგე 4 სასამართლო, რის შემდეგაც გარკვეული თანხა დამიბრუნეს და დავემშვიდობე ჩემს პარტნიორებს. ეს ყველაფერი პარტნიორების გამო მოხდა, ბევრ რამეზე ვერ შევთანხმდით.

– ახლა რას საქმიანობთ?

– კვლევებს ვაგრძელებ. ექსპედიციებში დავდივარ და ვეძებ ისევ ახალ-ახალ ყველს. ასევე ვმუშაობ წიგნზე “ამბავი ყველზე”. გამოვუშვი ასევე კატალოგი რძესა და რძის პროდუქტებზე. ვმუშაობ ახალ პროექტზე “ქარხანა ბორბლებზე”.

– თქვენს ვაჟზე წერდით, რომ დახმარება სჭირდებოდა და კლინიკებში ადგილი არ იყო. შეგიძლიათ, გვიამბოთ ამ პრობლემაზე?

– იცით, გერმანიაში და სხვა ქვეყნებში, სადაც ჯანდაცვა მაღალ დონეზეა და ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა უმთავრესია, ფსიქიატრია ნომერი პირველი თემაა, რადგან ეს არის 21-ე საუკუნის დაავადება. მე-20 საუკუნის ბოლოს უკვე სერიოზულად ამბობდნენ, რომ 21-ე საუკუნეში ადამიანების დიდი პროცენტი დაავადდებოდა ფსიქიკური აშლილობით, რადგან ბევრია სტრესი. ტექნოლოგიური პროცესები მიდის, რომელსაც ადამიანი ვერ ეწევა თავისი გონებით, იზრდება უმუშევრობა, რობოტები შემოდიან, პანდემიები, ათასნაირი დაავადება იჩენს თავს…

ჩვენთან პრევენცია საერთოდ არ არსებობს. რომელიმე დაწესებულებაში შეგხვედრიათ ფსიქოლოგი, რომელთანაც შეიძლება მიხვიდე და დაელაპარაკო? არა. ეს არის პრევენცია. მეორე საფეხური არის კლინიკაში მოთავსება, მესამე კი – ის, მე რომ კლინიკაში დამაბეს საწოლზე, ნემსები მიკეთეს და იქიდან რომ გამოვედი ვითომ დამშვიდებული და ჩემი ავადმყოფობის ბოდვითი ნაწილი ალაგდა, მერე რა უნდა გავაკეთო, სად წავიდე. მთელი მსოფლიო რეაბილიტაციაზე ხარჯავს უფრო მეტ ფულს, ვიდრე მკურნალობაზე.

იმედი მაქვს, ჩემი შვილი იმიტომ გახდა ავად, რომ ბევრს დავეხმარო. ვოცნებობ, იდეაფიქსივით მაქვს, აუცილებლად ვაიძულოთ სახელმწიფო, მდიდარი ადამიანები, რეაბილიტაციის ცენტრი გახსნან. მდიდარი და ცნობილი ადამიანების შვილებსაც აქვთ ასეთი პრობლემები. უამრავი ადამიანი ვიცი, რომელიც მალავს თავისი შვილის, მამის, დედის, ძმის მდგომარეობას, რადგან, სამწუხაროდ, ყველაზე დიდი სტიგმა ახლავს ფსიქიკურ აშლილობას და არ უნდათ ამის გამხელა, ესირცხვილებათ.

გერმანიაში, რომელიც თვალსაჩინო მაგალითად მყავს წარმოდგენილი, არის უზარმაზარი კლინიკები, რომლებიც შემოსაზღვრულია და აქვთ საკუთარი ფერმა. ბევრს წერენ იმაზე, რომ ძროხის ფუნა ძალიან კარგად მოქმედებს ადამიანის ტვინის ქერქზე და განკურნებაში მონაწილეობს. როდესაც სარეაბილიტაციო ცენტრი გაკეთდება, მე იქ არსებულ ფერმაზე დავიწყებ სერიოზულად მუშაობას. ფერმაში ძალიან კარგად გრძნობენ ადამიანები თავს. ჰყავთ თხები, ძროხები და კარგ შედეგებსაც აღწევენ ფსიქიატრები.

– როგორია თქვენი შვილის ამბავი, რა არის მიზეზი, რომ მას მენტალური პრობლემები განუვითარდა?

– ლუკას მდგომარეობა თავიდან ბოლომდე სომატურია, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არ არის გამოწვეული რაიმე სტრესით, ნარკოტიკებით, ალკოჰოლით თუ მიუღწეველი წარმატებით. ლუკას აქვს უშაქრო დიაბეტი. უშაქრო დიაბეტი პირდაპირ მოქმედებს ტვინის ქერქზე. ამ დაავადებას შაქრიან დიაბეტთან კავშირი არ აქვს და ეს ექიმებსაც კი ეშლებათ. სასწრაფოს ექიმს რომ ვუთხარი, უშაქრო დიაბეტი აქვს-მეთქი, მკითხა, ინსულინზეაო. ექიმმაც არ იცის, რომ უშაქრო დიაბეტი ინსულინთან კავშირში არ არის…

ეს არის ჰიპოთალამუსის სისტემის მოშლა ტვინის ქერქში, რომელიც იწვევს გონების დაქვეითებას. ლუკას ამ დაავადების ფონზე განუვითარდა ეს პრობლემა. ამას კი დაერთო სუიციდისკენ მიდრეკილება, რადგან ხმები ესმოდა, არ იყო კარგად და თავის მოკვლა უნდოდა. სუიციდისტად ჩამოყალიბდა, რამდენჯერმე სცადა თავის მოკვლა.

სუიციდის თემა გააქტიურებულია და სახელმწიფომ ამას სხვაგვარად უნდა შეხედოს, რადგან ეს არ არის მარტივი დაავადება – ადამიანი ერჩის საკუთარ თავს, შეიძლება ერჩოდეს სხვას. ხომ ნახეთ, საგარეჯოში კაცმა 5 ადამიანი მოკლა, აგერ გორში სიდედრი და ცოლი მოკლა…

ძალიან მალე წავალ ფრანკფურტში, გადავიღებ ამ ტიპის კლინიკებს და ვაიძულებ სახელმწიფოს, ამაზე ფიქრი დაიწყოს.

– ლუკას მდგომარეობა პერიოდულად უმძიმდება?

– ზოგს რემისია 3 წელი აქვს, ზოგი შეიძლება 10 წელი იყოს მშვიდად და მე-11 წელს გაუმეოროს. ლუკას 10-თვიანი რემისიები აქვს – 10 თვე კარგად არის, 2 თვე მკურნალობა სჭირდება. ამ 10 თვის განმავლობაში, სამწუხაროდ, მედიკამენტებს არ იღებს. მე ვერ ვიპოვე ექიმი, რომელიც მიიყვანს იქამდე, რომ წამლები მიიღოს.

– ახლა, როდესაც შვილის კლინიკაში დაწვენა გინდოდათ და ადგილი არ იყო, რა მოიმოქმედეთ?

– 10 წელია, რაც ლუკას ეს პრობლემა აქვს და წელიწადში ერთხელ წვება ერთსა და იმავე კლინიკაში. კლინიკის გამოცვლა კიდევ დამატებითი პრობლემაა ამ დროს, თუმცა მაინც არსად იყო ადგილი. იმ კლინიკის დირექტორი, სადაც ლუკას ვაწვენდი, ლაშა კილაძე, ჩვენი ოჯახის ახლობელია, მისგან უამრავი სიკეთე მახსოვს.

მართლა არ იყო ადგილი კლინიკაში და ამ დროს ლუკა მიიწევდა სტამბულისკენ. ჩაალაგა ჩემოდანი და მიდიოდა. საზღვარზე ხომ ვერ ვიჭიდავებდი და იქ ხომ არ დავიწყებდი მესაზღვრეებთან ახსნას, რომ ფსიქიკური პრობლემები აქვს და მისი გაშვება სწორი არ იყო. სასწრაფოდ უნდა დაგვეწვინა კლინიკაში და ადგილი რომ ვერ ვიშოვე, ამიტომაც დამჭირდა სოციალურ ქსელში ამ სტატუსის გამოქვეყნება. სასწაული გამოხმაურება მოჰყვა და ნახევარ საათში ლუკა დააწვინეს კლინიკაში.

როდესაც დაავადება მძაფრდება, პირდაპირ გეტყვით – ეს არის ჯოჯოხეთი! უყურებ ადამიანს, რომელიც მხოლოდ სხეულით არის შენთან და მთელი გონებით – სადღაც სხვაგან. მაგალითად, გესაუბრება და უცებ გეტყვის, მე ხომ გითხარი, მარიამს არ დაურეკოო. იფიქრებ, რომ ვინმე მეგობარზეა საუბარი. ამ დროს კი ლაპარაკია ღვთისმშობელზე. თემები არეული აქვს, რაღაც ქვეცნობიერიდან ამოაქვს, რაღაც ახლო წარსულიდან ახსოვს, აბსურდულ აზრებს ერთმანეთთან აკავშირებს… მაგალითად, გაუჩერებლად ლაპარაკობს წყლის შექმნის თეორიაზე. ურთულესი მდგომარეობაა.

საბედნიეროდ, ლუკას სხვების მიმართ აგრესიული არასოდესაა, მაგრამ არ უნდა დაჯერება, რომ ფსიქიკური აშლილობა აქვს და ძალიან რთულია იმის დანახვა, როგორ გადაჰყავთ – აუცილებლად ხელბორკილი უნდა დაადონ, სხვაგვარად არ ემორჩილება პატრულს…

– საქართველოში ვერ ვნახეთ შესაბამისი ექიმი ლუკასთვისო, ამბობთ. საზღვარგარეთ არ გიცდიათ?

– საზღვარგარეთ კონსულტაციაც კი უსაშველოდ ძვირია. გერმანიას ვენდობი ამ სფეროში და ვოცნებობ, მალე მოვახერხო წასვლა იმ კლინიკაში, რომლის რეაბილიტაციის ცენტრის მოდელის ჩამოტანაც აქ მინდა. ამ ცენტრს საკმაოდ სერიოზული დაფინანსება სჭირდება და არის კიდეც რესურსი. თუ ამას დაწერთ და ვინმე დაინტერესდება, მე დავეხმარები. დამლაგებლად ვიმუშავებ იქ, ოღონდ გაკეთდეს რეაბილიტაციის ცენტრი, რომელიც იქნება ტყეში, სადაც იქნება მეურნეობა. ეს იქნება აგროთერაპია.