დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს განცხადებას, რომ ხელისუფლებამ მისი შანტაჟი დაიწყო პირადი ცხოვრებით, რათა გაჩუმდეს და შოვის ტრაგედიასა და კიდევ ბევრ პრობლემურ საკითხზე აღარ ილაპარაკოს.,,საზოგადოებისა და ჟურნალისტების საყურადღებოდ! ,,რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სამართლებრივ ასპექტებზე მიმართეთ ჩემს ადვოკატებს – ლიკა ბითაძესა და ორგანიზაცია ,,საფარის” იურისტს, ნინო ანდრიაშვილს.
ეს საკითხი ეხება ჩემს პირად ცხოვრებას და ძლიან მძიმეა ჩემთვის. 2022 წლის 7 აპრილს, ღამით, ადგილი ჰქონდა ყოფილი პარტნიორისაგან ჩემზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, რის გამოც 2022 წლის აპრილის თვიდან გავდიოდი მკურნალობას. ამ ეტაპზე საქმე სასამართლოშია.
რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ეხება 2 წლის წინ მომხდარ შემთხვევაზე დაფუძნებულ შეთითხნილ ბრალდებას.
ჩემმა ყოფილმა პარტიორმა, თეიმურაზ შერგელაშვილმა, რომელიც ამჟამად ბრალდებულია ჩემ მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ფაქტთან დაკავშირებით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, შეთითხნა ცრუ ბრალდებები მტკიცებულებების გარეშე, პროვოკაციის მოწყობის მიზნით.
მისი გასაჯაროებით ხელისუფლება ცდილობს, გამაჩუმოს, რომ აღარ ვილაპარაკო შოვში მომხდარ ტრაგედიაზე და სხვა საფრთხეებზე. ასე იყო 2021 წელს, ნამოხვანის დროსაც. მაშინაც ააგორეს კამპანია ჩემ წინააღმდეგ, ამიტომ ცხადია, რომ ეს ყველაფრი უკავშირდება შოვის, ჭიათურის და ზოგადად მშენებელობების თემებთან მიმართებაში გაკეთებულ ჩემს განცხადებებსა და პოზიციას. ჩემი შანტაჟი პირადი ცხოვრებით არ გამოგივათ! არ გავჩუმდები! ნუ ცდილობთ ჩემს გაშავებას და ყურადღების გადმოტანას ჩემზე. უპასუხეთ ხალხს! არ გავჩუმდები! ქალზე ძალადობის „გაპრავებაც“ და საქმის მოტრიალებაც არ გამოვა! ყველა დაჩაგრული ქალის ინტერესს დავიცავ!”, – დაწერა თეა
გოდოლაძემ.
საქმე ეხება ,,რუსთავი 2″-ში გასულ სიუჟეტს, სადაც საუბარია, თითქოს თეა გოდოლაძე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობაშია ბრალდებული. კერძოდ კი, პროკურატურამ მას ბრალი წარუდგინა 126-ე პრიმა მუხლით, არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის გამო და 2 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ხოლო საქმე სასამართლოში განიხილება.თეა გოდოლაძემ ,,კურიერთან” სატელეფონო საუბრისასაც განაცხადა, რომ ძალადობის მსხვერპლი თავად იყო.
-იყო ჩემზე ძალადობა და შეტრიალებული თემაა. როგორ გგონიათ, 17 წლის ბიჭს მე ვცემდი, თუ როგორ არის საქმე? როგორ ფიქრობთ, მე მოვერეოდი მამა-შვილს? კაცებს მე მოვერეოდი? – ამბობს თეა გოდოლაძე ,,რუსთავი 2″-თან სატელეფონო საუბრისას.
