ბედნიერების ელჩი 2018 წლიდან – პროფესორი არსენ გვენეტაძე! მისი რეგალიები მრავალმხრივი და მრავალფეროვანია – პროფესიით ექიმი, გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი, ლაპარასკოპიული ქირურგიის ერთ-ერთი პიონერი, ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის ხელმძღვანელი, ,,კოგნიტურ-ვიზუალური ხელოვნების“ დამფუძნებელი საქართველოში, სერთიფიცირებული ,,მომავლის ასტრონავტი’’, მხატვარი, 21 გამოფენის ავტორი, პოეტი, მეტალ-არტის კომპოზიციების შემქმნელი, ,,ბედნიერების ჩუქების დღის’’ დამაარსებელი.
არსენ გვენეტაძემ ზუსტად იცის, რაში მდგომარეობს სიცოცხლის აზრი და თავისი დანიშნულება ამ ცხოვრებაში. მან შეძლო და იპოვა ბედნიერების ფორმულა.
,,ქართული ბრენდის დღის” დაჯილდოებაზე, რომელიც ბათუმში ჩატარდა, ჯილდო და წოდება „ბედნიერების ბრენდი“ მიენიჭა პროფესორ არსენ გვენეტაძეს.
– ბატონო არსენ, აქამდე საზოგადოება გიცნობდათ, როგორც ბედნიერების ელჩს, ახლა ბედნიერების ბრენდის ტიტულიც მოგენიჭათ, როგორია ემოციები?
– თქვენი ჟურნალი, როგორც ყოველთვის, ლამაზად ფუთავს ყველაფერს. მშვენიერია ყველა აღიარება. ბედნიერება ყველანაირად ბედნიერებაა. ჩემთვის ძალიან ემოციური იყო ბათუმში ამ ჯილდოს აღება, რადგან 13 წლის წინ ზუსტად ამ დარბაზში მქონდა ჩემი დოკუმენტური ფილმის ,,სკოლა ცხოვრებისა” ჩვენება. 13 წლის წინ მე კიბოს დამარცხების იდეით ვიყავი აღფრთოვანებული. ბედნიერების ელჩი ვიყავი ამ დარბაზში და მივხვდი, რომ ამ 13 წლის განმავლობაში ბევრი რამის გაკეთება მოვახერხე.
ჯილდოს სანამ ავიღებდი, კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი შევიტყვე. მომივიდა შეტყობინება, რომ ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციულმა კლინიკამ, რომელსაც ვხელმძღვანელობ, უკვე მეოთხედ წარმატებით გაიარა საერთაშორისო სერთიფიცირება. ამ 13 წლის განმავლობაში 4 ათასზე მეტი სიცოცხლე შევქმენით. როდესაც გაქვთ ისეთი საქმე, როდესაც სამ ახალ სიცოცხლეს მოავლენ ქვეყანას, უამრავი ადამიანის ბედნიერება იბადება, ვითარდება ჩვენს ხელში.
ჩემი დარჩენილი სიცოცხლის მიზანია, რომ სიყვარულის, ბედნიერების და პატივისცემის ცენტრი შევქმნა, სადაც მომავალი მშობლების მომზადება მოხდება. ეს იქნება საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაეხმარება ორსულობისას მშობლებს, რომ მათი შვილები მაქსიმალურად თავისუფალ და სიყვარულით სავსე გარემოში დაიბადონ და გაიზარდონ.
მადლობა ორგანიზატორებს იმ ემოციებისთვის, რაც მოგვანიჭეს. როდესაც ბედნიერების ჩუქების დღე დავაწესე, მთავარი სლოგანი იყო, რომ ბედნიერება გაზიარებით იბადება. დღეს კი ეს ბედნიერება ყველამ ერთმანეთს გავუზიარეთ.
