რა ვაჭამოთ ბავშვს ერთი წლის ასაკიდან

რა ვაჭამოთ ბავშვს ერთი წლის ასაკიდან,,სარკე”, ნათია ტოტიკაშვილი

ბევრი ფიქრობს, რომ ბავშვის ზრდასთან ერთად საზრუნავი მცირდება. რეალურად კი, რაც უფრო იზრდება პატარა, მით მეტი საფიქრალი აქვს მშობელს. კვება მათ შორის ერთ-ერთი განსაკუთრებულია. წლამდე ბავშვის კვებაში დიდი ნაწილი რძესა და ფაფას უკავია, წლიდან კი ის ბევრად უფრო მრავალფეროვანი და სრულყოფილი უნდა იყოს. აუცილებელია კვების რეჟიმის დაცვა და საათობრივი კვებაც.

1 წლის შემდეგ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის საჭმლის მომნელებელი უნარი იზრდება, იხვეწება გემოვნებითი შეგრძნებებიც. ბავშვს კბილები უკვე ამოსული აქვს, საღეჭი კუნთებიც განვითარებულია. ასე რომ, მიეცით მას ყველაფერი ჯანსაღი და სასარგებლო, თხიერი და ნახევრად თხიერი საკვები მკვრივით შეცვალეთ.

1 წლის და უფროსი ასაკის ბავშვის მენიუ უნდა შეიცავდეს სხვადასხვა ხარისხის პურს, ყველანაირ ბურღულეულს, მარცვლეულს, ბოსტნეულს, ხილს, მწვანილს, ხორცს, თევზს, კვერცხს, რძესა და რძის პროდუქტებს. რძე კვლავ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკვებად რჩება, რომელსაც ვერც ხორცი შეცვლის და ვერც ცილებით მდიდარი სხვა პროდუქტი, თუმცა აუცილებელია ზომიერების დაცვა.

სასარგებლოა ხაჭო, ყველი, ნადუღი, მაწონი. მაწონს ბაქტერიოციდული თვისებები აქვს და კუჭ-ნაწლავის მუშაობას აწესრიგებს. ცხიმად ამ ასაკში მიზანშეწონილია ნაღების კარაქის გამოყენება.

ბავშვის რაციონში უხვად უნდა ჩართოთ ხილი და ბოსტნეული, მათ შორის სტაფილო, ჭარხალი, კომბოსტო, კარტოფილი, კიტრი, სალათა. აუცილებელია მწვანილიც (ხახვი, ოხრახუში, კამა), რომელიც, გარდა იმისა, რომ მდიდარია ვიტამინებითა და მიკროელემენტებით, გემოვნებითი თვისებების განვითარებისთვისაც აუცილებელია. ხილი და კენკრა უმჯობესია უმი მისცეთ, არანაკლებ სასარგებლოა ჩირი, კომპოტი, კისელი.

ზემოთ აღნიშნულ რაციონზე გადასვლის პროცესში არ უნდა დაგავიწყდეთ ფაფა, რომელიც ბავშვის სრულყოფილი ზრდა-განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

1 წლიდან მშობლებისთვის ძალიან აქტუალური ხდება კითხვა “რამდენი უნდა ჭამოს ბავშვმა?”. 1 წლისთვის კვება ხუთჯერადია, თუმცა ნელ-ნელა ის უნდა გადაიყვანოთ ოთხჯერად კვებაზე. კვების საათები ზუსტად უნდა დაიცვათ, რადგან არარეგულარული კვებისას კუჭის წვენის სეკრეციის რიტმი ირღვევა, საჭმლის მომნელებელი წვენების რაოდენობა და თვისებები იცვლება, ეს ყოველივე კი გავლენას ახდენს ბავშვის მადაზე.

სადღეღამისო რაციონი რაოდენობრივად ასე გადაანაწილეთ: საუზმე – 25%, სადილი – 35-40%, სამხარი – 10-15%, ვახშამი – 25%. ყურადღება მიაქციეთ პროდუქტების გადანაწილებასაც: ცილით მდიდარი საკვები უმჯობესია დღის პირველ ნახევარში მისცეთ, ასეთი პროდუქტი კუჭში დიდხანს ყოვნდება და გადასამუშავებლადაც მეტ საჭმლის მომნელებელ წვენს მოითხოვს. ღამის ძილის დროს მონელების პროცესები ნელდება, ამიტომ დღის მეორე ნახევარში უმჯობესია შვილს ადვილად ასათვისებელი საკვები – ფაფები, ბოსტნეული, რძე, ხაჭო, მაწონი, ყველი შესთავაზოთ.

ზოგიერთი პროდუქტი – პური, მარცვლეულის ფაფა, კარაქი, რძე, ხორცი, ბოსტნეული – ბავშვმა ყოველდღიურად უნდა მიიღოს, ზოგი კი – არაჟანი, თევზი, ხაჭო – კვირაში 1-2 დღე.

თუ ბავშვი პერიოდულად უარს ამბობს სხვადასხვა საკვებზე, ნუ დააძალებთ და ნუ ინერვიულებთ. ამ დროს ის შეისწავლის სხვადასხვა კერძს და განსაზღვრავს, რა მოსწონს და რა – არა. პედიატრები მშობლებს ურჩევენ, ბავშვს მიენდონ. მიეცით ნება, ჭამოს ის, რაც სურს. ნუ შეშინდებით, თუ თქვენი პატარა რომელიმე პროდუქტს ჩვეულებრივზე ბევრს მიირთმევს ან პირიქით, საერთოდ უარს ამბობს მასზე. თუ ბავშვმა უცებ შეწყვიტა იმ ბოსტნეულის ჭამა, რომელსაც წინა კვირას სიამოვნებით მიირთმევდა, ძალას ნუ დაატანთ. ძალდატანებით მხოლოდ იმას მიაღწევთ, რომ დროებითი უარი მუდმივ სიძულვილად გადაექცევა.

თუ ბავშვმა ზედიზედ ორჯერ თქვა უარი რომელიმე კერძზე, ორი კვირის განმავლობაში ნუღარ აჭმევთ. თუ ზოგიერთი სახეობის ბოსტნეული უყვარს, ზოგს კი ვერ იტანს, მიეცით ის, რომელიც უყვარს.

რაც შეეხება წყალს, მისი მოთხოვნილება 1-დან 3 წლამდე 1 კგ-ზე 80-100 მლ-ია. წყალი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს და არავითარ შემთხვევაში- დამტკბარი.