კახა ბასილია: ,,ჩემმა ნაგაზმა ბაირახტარმა დაბომბვას გადამარჩინა”

კახა ბასილია: ,,ჩემმა ნაგაზმა ბაირახტარმა დაბომბვას გადამარჩინა",,სარკე”, ნანა კობახიძე

საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაციის პრეზიდენტი, კახა ბასილია, 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრისთანავე, უკრაინის ქართულ ლეგიონში გაწევრდა და კიევის მცველთა რიგებში იბრძვის. ის ლეგიონის სპორტულ განყოფილებას უდგას სათავეში და იქ უცხოელ ინსტრუქტორებთან ერთად წვრთნის სამოქალაქო პირებს თავდაცვისა და პარტიზანული ბრძოლებისთვის. თავადვე არის პროექტის ხელმძღვანელი.

კახა ბასილია “სარკესთან” ამბობს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე 3 ათასზე მეტი მოქალაქე გადაამზადეს. მისი საქმიანობა ქართულ ლეგიონში უცხოეთის საინფორმაციო საშუალებებმა გააშუქეს. იგი თადარიგის პოლკოვნიკია, აფზახეთის და სამაჩაბლოს ომების მონაწილე, პირველი გვარდიელი.

უკრაინელებთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს. გასული საუკუნის 80-იან წლებში სტუდენტობა ლვოვში გაატარა, იქვე დააფუძნა კარატეს პირველი სექცია, გახდა უკრაინაში კარატეს ერთ-ერთი დამფუძნებელი, იყო ლვოვის ტრადიციული კარატე-დოს ფედერაციის პრეზიდენტი.

– იმხანად, ლვოვში ორგანიზაცია “უნა უნსოს” წევრებს ვასწავლიდი ხელჩართულ ბრძოლას და ქუჩაში შეტაკებების ტაქტიკას. ეს უკრაინის ყველაზე ცნობილი ნაციონალურ-პოლიტიკური ორგანიზაციაა, სწორედ მისი წევრები გვეხმარებოდნენ შემდგომ აფხაზეთის ომში, 100 მოხალისე იბრძოდა “არგოს” სახელით, – ამბობს კახა ბასილია.

ბატონო კახა, უკრაინაში გაემგზავრეთ თქვენს სფეროში, თავდაცვის სისტემაში, სემინარის ჩასატარებლად და ომმაც მოგისწროთ. გვიამბეთ, რატომ არჩიეთ უკრაინაში დარჩენა და ქართულ ლეგიონში როგორ მოხვდით.

თებერვლის დასაწყისში ხარკოვში ჩავატარე სემინარი, შემდეგ კიევში ჩავედი. 21 თებერვალს ვგეგმავდი გამგზავრებას ნიუ იორკში, ავიაბილეთი მქონდა აღებული. ბრუკლინში უნდა გამემართა ჩემი წიგნის თარგმანის წარდგინება.

კიევში უკვე იწყებოდა წინასაომარი მზადება ტერიტორიული თავდაცვისთვის. სპორტის დეპარტამენტში  ჩემს უკრაინელ მეგობრებთან ერთად დავესწარი პრესკონფერენციას ექსტრემალური სიტუაციებისთვის სამოქალაქო მომზადებასთან დაკავშირებით. სჭირდებოდათ ერთდროულად ორივე სფეროს – სპორტის და სამხედრო საქმის მცოდნე, ამიტომ მომმართეს.

ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მათ პროგრამაში შესწორებები შევიტანე ლოჯისტიკის და თემების მხრივ. მოიწონეს და მთხოვეს დახმარება – სემინარები ჩამეტარებინა და კონსულტაციები გამეწია, სანამ კიევში ვიქნებოდი. პირველივე სემინარის შემდეგ მთხოვეს კურატორობა ამ მიმართულებით.

დღითიდღე იზრდებოდა მოქალაქეთა რიცხვი, თავდაცვაში მომზადების მსურველი ასობით ადამიანი მოდიოდა. ქვეყანაში ომის სუნი ტრიალებდა. საქმეს და უკრაინელ მეგობრებს ვერ დავაღალატებდი, ზოგთან 30-40-წლიანი ურთიერთობა მაკავშირებს. ამიტომ ნიუ იორკში ფრენა გადავდე და კიევში დავრჩი.

საჭირო იყო საწვრთნელი ბაზა, დავუკავშირდი ქართული ლეგიონის ხელმძღვანელს, მამუკა მამულაშვილს, რომელიც სიამოვნებით დამთანხმდა. დავიწყეთ მოქალაქეების მზადება თავდაცვისთვის. ბაზაზე დავიხმარე მათი უცხოელი ინსტრუქტორები: ფრანგი, ინგლისელი, ამერიკელი პროფესიონალები. მთლიანობაში 3 ათასზე მეტი ადამიანი გადავამზადეთ, სხვადასხვა ასაკის და სქესის.

კიევი კი ემზადებოდა თავდაცვისთვის, თუმცა წინასაომარ პერიოდში ქვეყანაში უჩვეულო სიმშვიდე სუფევდა. სტაბილიზაციის შენარჩუნების მიზნით უკრაინის მაუწყებლობა ცდილობდა, მოსახლეობა მძიმე ცნობებით არ დაეტვირთა მაშინ, როდესაც ქართულ მასმედიას განგაში ჰქონდა ატეხილი უკრაინაზე რუსეთის მოსალოდნელ თავდასხმასთან დაკავშირებით. როგორც თვითმხილველს, გკითხავთ, კიეველებს სჯეროდათ, რომ ომი დაიწყებოდა?

ჩემს ნაცნობ უკრაინელებს ბოლომდე არ სჯეროდათ ამის. იარაღს და სამხედრო ფორმებს ყიდულობდნენ ყოველი შემთხვევისთვის, რუსეთის მხრიდან პროვოკაციებს ელოდნენ დონბასში, ასეთ ფართომასშტაბიან ომს – არა. ამბობდნენ, რუსები სულელები არ არიან, ომი დაიწყონო. მართალი გითხრათ, ფართომასშტაბიან ომს არც მე ველოდი.

ერთადერთი, ვისაც სჯეროდა, რომ ომი დაიწყებოდა, იყო ქართული ლეგიონი. მისი ხელმძღვანელი ყველა ინტერვიუში აღნიშნავდა ამას და მოუწოდებდა მზადყოფნისკენ.

– თქვენი თვალსაწიერით დანახულ ომზე, პირადად განცდილ ყველაზე რთულ, სახიფათო მომენტზე გვესაუბრეთ.

– ჩვენთან არიან რაზმები, რომლებიც დაზვერვას ახორციელებენ, წინა ხაზზე იბრძვიან. მე ძირითადად მაბარია ხალხის მომზადება, უშუალოდ საბრძოლო შეტაკებებში არ ვმონაწილეობ. ზოგჯერ ვუერთდები ჩვენს მებრძოლებს, რომ ვიცოდე საერთო სურათი. დრო და დრო მიწევს ოპერაციებზე გასვლა, ყოველდღიურ საომარ რეჟიმში ჩართული არ ვარ.

თავდაპირველად ვიყავი ჩართული, როდესაც კიევზე შემოტევის საშიშროება გვემუქრებოდა. იყო დიდი საფრთხე და წინაპირობა, რომ რუსები ორ დღეში შემოვიდოდნენ კიევში, რუსული ჯარი 10 კილომეტრში იდგა. მთელი ლეგიონის ბაზის დაცვა მებარა.

მაშინ ცოტა ადამიანი მყავდა, 40-მდე გამოუცდელი მებრძოლი, 18-19 წლის ბიჭები, სხვადასხვა ეროვნების. მწყობრში რომ დავაყენე, ვუთხარი, რა საშიშროებაც გველოდა – მე არავის ვაკავებ, ვისაც გინდათ, დღის განმავლობაში დატოვეთ ბაზა, მაგრამ ვინც დარჩებით, ბოლომდე უნდა ვიდგეთ-მეთქი. საღამოს მწყობრში უკვე 15 ბიჭი მაკლდა, უკრაინელები, სახლებში გაიქცნენ. ახალგაზრდებს არ განვიკითხავ.

ომმა ქვეყანაში გამოავლინა როგორც დადებითი, ისე უარყოფითიც. ზოგადად ომი ბევრ სიბინძურეს აჩენს, ადამიანის სახე ვლინდება. იმედია, ცუდი დაიწმინდება. ამ ომმა უკრაინას ბევრ ცუდთან ერთად ბევრი კარგიც გაუკეთა – ქვეყანა გააერთიანა. ხარკოვში, ოდესასა და ზოგიერთ სხვა ქალაქში მეტწილად რუსულად ლაპარაკობდნენ, ახლა რუსულად მოსაუბრეს ვეღარ ნახავთ.

ადრე თუ უკრაინაში იყო განხეთქილება დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის – დასავლელები ბანდერელებად ითვლებოდნენ, ახლა ყველა ბანდერელი გახდა. უკრაინაში ერთიანი ერი ჩამოყალიბდა.

რუსებმა, თავის მხრივ, ბევრი შეცდომა დაუშვეს – რომ არ ჰქონოდათ კორუფცია და ნორმალურად დაეგეგმათ ომის სტრატეგია და ტაქტიკა, ახლა შესაძლოა აღებული ჰქონოდათ უკრაინა. ის, რომ რუსული ჯარი სიძლიერით მეორეა მსოფლიოში, აღმოჩნდა მითი. მისი სიძლიერე ზოგს, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ სჯერა საქართველოში. რუსეთის არმია აღმოჩნდა კორუფციაში გახვეული არაპროფესიონალების ბრბო.

– თუმცა,  ომის დანაშაულებებსა და სისასტიკეში რუსულ არმიას ბადალი არ ჰყავს. ვიცით, რომ ქართული ლეგიონი მონაწილეობდით ირპენის, ბუჩის, ბოროდიანკის, გოსტომელის და კიევის ოლქის სხვა დასახლებების ოკუპანტებისგან გათავისუფლებასა და წმენდაში. პირადად თქვენ რა სურათი დაგხვდათ ბუჩაში?

– საომარ რეგიონებში პირველი შედის სპეცრაზმი, რეგულარული არმია, შემდეგ შედიან რაზმები ტერიტორიის გასაწმენდად – ყველას თავისი ფუნქცია აქვს. ბუჩიდან მტრის განდევნაში მონაწილეობდნენ ქართული ლეგიონის სპეცნაწილები. მერე ჩვენ შევედით გაწმენდისთვის.

წმენდა სახიფათოა იმით, რომ მტერს დატოვებული აქვს უამრავი ნაღმი, “რასტიაშკა” (ნაღმის დეტონატორზე მიერთებული მავთული), არ იცი, სად დაგხვდება დამალული ოკუპანტი, რომელმაც ვერ შეძლო გაქცევა, შესაძლოა სნაიპერი ჩასაფრებული იყოს სახურავზე,  ოთახში…

ბუჩა პატარა, ლამაზი ქალაქია, წყნეთის მსგავსი, მდიდრული დასახლებებით. წმენდაზე რომ შევედით, დაგვხვდა უმძიმესი სურათი: მტრისგან გაძარცვული და განადგურებული სახლები, უმოწყალოდ ნაწამები და დახვრეტილი მშვიდობიანი მოქალაქეები, დახოცილი შინაური ცხოველები…

ერთ სარდაფში ჩემი თვალით ვნახე ოცამდე ადამიანი – ქალები, კაცები, მუხლებზე დაჩოქილი, უკან შეკრული ხელებით და თავში ნასროლი ტყვიით. უკვე გაშავებული იყვნენ  ცხედრები. ცხადია, რომ ნაწამები იყვნენ ხელებშეკრულები. წამების კვალს ექსპერტიზა დაადგენს.

ერთმა ადგილობრივმა მოხუცმა კაცმა მომიყვანა მეზობლის პატარა ბავშვი, არ ვიცი, რა ვუყო, ვის ჩავაბაროო. ბავშვის მამა რუსმა სამხედროებმა დახვრიტეს, დედა კარგახანს აწვალეს და მოკლეს, ბავშვი კარადაში იმალებოდა, მერე მეზობელმა შეიფარა. წარმოიდგინეთ, რა დღეში იქნება იმ ბავშვის ფსიქიკა! პოლიციას ჩავაბარეთ.

ბევრი საშინელება იყო. ჩემი ბიჭები შეხვდნენ 11 წლის მოზარდს ბუჩაში – ბიჭს, რომელიც რუსმა ჯარისკაცებმა გააუპატიურეს. რუსულმა ჯარებმა იქ ცოდვის კალო დაატრიალეს.

– რუსი აგრესორების ხელით ამდენი სისხლისღვრა, უდანაშაულო მსხვერპლი, განადგურებული ქალაქები მოსახლეობაში არ აჩენს პროტესტს პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ, რომ ჯობდა, რუსეთთან დათმობაზე წასულიყო და ომი აეცილებინა ქვეყნისთვის?

– მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს ზელენსკის და სრულებით ეთანხმება. 5-10%-ს შუალედური პოზიცია უკავია. 5-10% პროცენტი პრეზიდენტს ვერ იტანს. ვნახე ადამიანები, რომლებიც ზელენსკის მომხრეები იყვნენ, მაგრამ ომმა სხვა ტალღაზე დააყენა. ასევე ვნახე ადამიანები, რომლებიც ზელენსკის ვერ იტანდნენ და ომის პერიოდში შეუყვარდათ.

– სამწუხაროდ, ამ ომს რამდენიმე საუკეთესო ქართველი მეომრის სიცოცხლეც შეეწირა. უშუალოდ იცნობდით რომელიმეს?

– ბახვა ჩიქობავა თავის დროზე სენაკში ვარჯიშობდა კარატეში, ნუკრი ჩემიასთან, ჩვენს ფედერაციაში. ჩემთან ჩააბარა გამოცდა შავ ქამარზე. ძალიან წესიერი, ფიზიკურად მომზადებული, კარატეს ენაზე რომ ვთქვათ, კარგი მებრძოლი სპორტსმენი იყო.

ლომის წილი მიუძღოდა აზოვის ბატალიონის ჩამოყალიბებაში, რომელიც ყირიმის ანექსიის პერიოდში შეიქმნა. 24 თებერვლამდე, უკრაინაში ომის დაწყებამდე, სამხედრო ინსტრუქტორი იყო და აზოვის ბატალიონის ახალბედა წევრებს წვრთნიდა. ნათელი დაადგეს გმირებს!

როგორც ამბობენ, ქართველი ლეგიონერები უკრაინაში განსაკუთრებით უყვართ. გავრცელდა ვიდეო, სადაც მოხუცი უკრაინელი ქალი, თქვენ წინ მუხლებზე დამხობილი, მეტანიას აკეთებს და გლოცავთ, გემადლიერებათ დახმარებისთვის. რა სახის დახმარებას უწევთ მოსახლეობას?

– მოხუცი ქალი კიევის გარეუბანში ცხოვრობს, მის შესახებ შემთხვევით შევიტყვეთ. მისი ყველა ახლობელი წავიდა უცხოეთში, პენსიას ვერ იღებს, ვერაფერს ყიდულობს, მეზობლები არ ეხმარებიან, კარსაც არ მიღებენო, შემოგვჩივლა. სასოწარკვეთილი იყო, ქუჩის ურნაში ეძებდა საჭმელს.

დავტვირთეთ საკვები და დავადექით სახლში. გვითხრა, რომ არ მოსულიყავით, თავს არ ვიცოცხლებდი, სულზე მომისწარით, ამ გაჭირვებას ვერ ვუძლებო. მერე წამლებიც მივაწოდეთ.

ლეგიონს დახმარებას გვიწევენ ფონდები უცხოეთიდან, ჩვენი სპონსორები. საკვებს შეძლებისდაგვარად ვუნაწილებთ მათ, ვისაც ეს მეტად სჭირდება. საქართველოდანაც გვიგზავნიან ახლობლები, ჩვენი კარატეს ფედერაციიდან მივიღე ამანათები, მათ შორის თაფლი, ჩურჩხელა, სხვა პროდუქტები, სამედიცინო საშუალებები. მოსახლეობასაც ვუწილადეთ.

ქართველმა ბიჭებმა ინგლისიდან ბლომად საკვები გამოგვიგზავნეს ჩვენი ნაგაზებისთვის, ამით ახლო რეგიონში სხვა ძაღლებიც მოვამარაგეთ.

– ქართულ ლეგიონში უპატრონოდ დარჩენილი რამდენიმე ჯიშიანი ძაღლი გყავთ შეფარებული, რომლებსაც პირადად უვლით. როგორც ვიცი, გერმანულმა ნაგაზმა განსაცდელისგანაც გიხსნათ. ეს როგორ მოხდა?

– ომის დაწყებიდან ქართულ ლეგიონში სამი გერმანული ნაგაზი შევიფარეთ. ერთს ბაირახტარი დავარქვი, მეორეს – ჯაველინი. ასევე, ბუჩიდან უპატრონოდ დარჩენილი რამდენიმე ჯიშიანი ძაღლი წამოვიყვანეთ, საშინლად იყვნენ დასტრესილები. სარდაფში ვიპოვეთ კანე კორსო შოკირებული. ექიმს ვაჩვენე, ვერ დაგვაიმედა, რომ გადარჩებოდა – გული ვერ გაუძლებსო. ისეთი შეშინებული იყო, ორი დღე არ გამოდიოდა ოთახიდან, მკურნალობა ჩავუტარეთ და მოვასულიერეთ. თანდათან მომჯობინდა და მოძლიერდა, ვეღარც იცნობთ. ლამაზი, ჭკვიანი ძაღლია, ბუჩა დავარქვი.

გერმანული ნაგაზი ბაირახტარი ჩემი ფრონტელი მეგობარია, განსაკუთრებით მიყვარს. სწრაფი და მაგარი ძაღლია, არ მშორდება, ღამით გვერდით მიწევს, მდარაჯობს. ერთ ღამეს სანგარში მეძინა, უცებ შუაღამით დამახტა თავზე. ასე არ იქცევა ხოლმე. ვიფიქრე, გასეირნება უნდა-მეთქი და სანგრიდან ამოვიყვანე. გავცდით სანგარს და 5 წუთში დაიბომბა ზუსტად ის ადგილი, სადაც ვიწექი. თვალებს არ ვუჯერებდი!.. ოთხფეხა მეგობრის ინტუიციამ გადამარჩინა.

– ბატონო კახა, ბევრი მეგობარი გყავთ რუსეთსა და ბელორუსში. მრავალი წლის წინ მოსკოვშიც ცხოვრობდით, რუსეთშიც დაიმკვიდრეთ თავი, როგორც კარატეს ლიდერმა, ხართ ავტორიტეტი თქვენს სფეროში. იქაური მეგობრები როგორ შეხვდნენ თქვენს არჩევანს და ფაქტს, რომ სენსეი კახა უკრაინის მხარეს იბრძვის?

– არაერთგვაროვნად შეხვდნენ. ბევრი მამტყუნებს, ეს მათი პრობლემაა. ზოგმა ამომშალა მეგობრობიდან. ზოგიც მხარს მიჭერს, ვისაც ჭკუა ეყო, საზღვარგარეთ გაიქცა. მათ ესმით, რომ ომი უკრაინის წინააღმდეგ ფსიქიკური პრობლემების მქონე, რუსეთის პრეზიდენტის არასწორი გადაწყვეტილებაა. ნორმალური რუსებისთვის ეს კატასტროფაა.

– ბრძოლას გააგრძელებთ თუ საქართველოში დაბრუნდებით?

–  ჩემი უკრაინელი მეგობრები მენდობიან, მეყრდნობიან. მათ ვჭირდები, ვერ მივატოვებ. თანაც ამ ომში საერთო საქმეს ვაკეთებთ – ეს ხომ მარტო უკრაინის გამარჯვება არ არის, მთელი ჯანსაღი სამყაროს გამარჯვებაა, მათ შორის საქართველოსიც. სანამ ომი არ დასრულდება, საქართველოში ვერ წამოვალ.

– დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, გისურვებთ გამარჯვებას და შინ უვნებლად დაბრუნებას მთელ ქართულ ლეგიონს,

ფოტო წლების წინ თბილისშია გადაღებული